სარჩევი
საქართველოს ნაკრები - არდასმული კითხვები | Setanta Sports
2023 სექ 12, 16:33 შშ
10 წუთის საკითხავი

საქართველოს ნაკრები – კითხვა ბევრია, თანაც უმეტესობა პირდაპირ ხელის გულზე დევს. ესპანეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია, ვილი სანიოლმა თხოვნით დაიწყო, არ დასმულიყო მედიისგან კითხვები.

მიზეზი მარტივად გასაგებია. ხასიათი და განწყობა. პრესკონფერენციაზევე ითქვა, რომ სამომავლოდ, შესაძლოა ამ არდასმულ, კითხვებზე დამატებითი შეხვედრა, განხილვა შედგეს.

ალბათ, იმ ფორმატში, რომელიც ტრადიციულად ვილი სანიოლსა და მედიას შორის მუდმივად იყო ოფიციალურ, თუ ამხანაგურ მატჩებამდე. გამონაკლისი, მხოლოდ ეს სექტემბერი აღმოჩნდა.

ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ალბათ, გვიყურებდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და, თუკი წარმოსახვის კარგი უნარი აქვს, აუდიტორიაში მსხდომთა თავს ზემოთ, ანიმირებულ კითხვის ნიშნებს ხედავდა. დაახლოებით, ისეთს, როგორიც ამ სტატიის ვიზუალშია.

რა თქვა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან მატჩამდე

კითხვა კი ბევრია, ყველა ნაწილში. მათი მცირე ნაწილი ნორვეგიასთან მატჩამდე ოსლოში გაჟღერებულა. რატომ გადაეწყო ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ 4-მცველიან განლაგებაზე, მთლიანად დაგეგმვაში იყო, თუ არა უკვე წაგებული მატჩი, საყრდენ ზონაში რა ხდება, ამ ციკლში, თამაშის ხარისხით რატომ გვაჯობა ყველა გუნდმა და ა.შ.

თუმცა ცხადია, ეს ის განხილვა ვერ იქნებოდა, რასაც შექმნილი ვითარება ითხოვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ კონკრეტული, ნორვეგიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია იყო, თანაც იმ ფონზე, რომ ესპანეთის შემდეგ კითხვები არ დასმულა.

ფრანგი მწვრთნელის სიტყვებს, უცვლელად გთავაზობთ, Nakrebi.ge-დან.

“ესპანეთთან თამაშზე საუბარი რთულია. დავმარცხდით და ამ მატჩში დავკარგეთ ყველაფერი, რამაც გასული 2 წლის განმავლობაში ძლიერ გუნდად გვაქცია.

არ გვქონდა დისციპლინა, ბრძოლისუნარიანობა და გუნდური სულისკვეთება. შეცდომები იყო თამაშის გეგმაშიც და ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ესპანეთთან 4-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა არ იყო მართებული და ზედმეტად ამბიციური გადაწყვეტილება იყო.

ფეხბურთი სწორედ ამიტომაა შესანიშნავი სპორტი, რადგან წარმატების შემდეგ, ყოველთვისაა შემდეგი მატჩი, სადაც უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები. როდესაც გაქვს დიდი იმედგაცრუება, როგორც ეს ესპანეთთან მოხდა, შემდეგ თამაშზე უნდა შეძლო ფოკუსირება.

ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ მიზეზების დასადგენად. ჩემთვის, ესპანეთთან მომხდარი არ იყო შემთხვევითობა. ეს ბოლო თვეების განმავლობაში დაგროვებული მცირე დეტალების შედეგია.

ფეხბურთი არასდროს გაპატიებს, თუ 100 პროცენტს არ გაიღებ და დაგსჯის ამის გამო. შევთანხმდით იმაზე, თუ რა უნდა ვაჩვენოთ ნორვეგიის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, განსხვავებულ გუნდს იხილავთ.

უკმაყოფილო ვარ ბოლო 2-3 თამაშით, გასული 2 წლის განმავლობაში კი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუმცა ეს ნორმალურია. ფეხბურთში არის სირთულეები და ჩვენი საქმეა, ყოველთვის ვიპოვოთ გამოსავალი.

ესპანეთთან მარცხი, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო, არა მხოლოდ ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს აღარ უნდა განმეორდეს.

ვფიქრობ, რომ ნორვეგიასთან მატჩი შანსია ჩვენთვის. ახლა უნდა ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც 3 დღის წინ ვერ შევძელით. მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელები ამას გააკეთებენ. თუ დავიბრუნებთ ჩვენს გუნდურ სულისკვეთებას, კვლავ რთული მეტოქეები ვიქნებით ოპონენტებისთვის. ეს წარმატების ერთადერთი გზაა”.

ვილი სანიოლი

გავიაზროთ, რა თქვა სანიოლმა. პირველი, და ერთ-ერთი მთავარი, პრობლემა ის არის, რომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ და ნორვეგიასთან შეხვედრამდე, ჯერ ფეხბურთელების მინუსები აღნიშნა და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმვისას დაშვებული შეცდომები.

ეს დიდი პრობლემაა. ჯერ ანალიზი და მისგან წარმოშობილი გეგმაა, მერე ტაქტიკა და ფორმაცია, მერე დავალებები და მხოლოდ ამის შემდეგაა უშუალოდ მინდორზე ფეხბურთელების პასუხისმგებლობის საკითხი – ასრულებენ თუ არა ისინი მწვრთნელის დავალებებს.

რატომ იყო ესპანეთთან მატჩის ტაქტიკა მცდარი?

აპრიორში, 3 ცენტრალური მცველით განლაგება უფრო დაცვითი რომ ჰგონიათ, ვიდრე 4-ით, უფრო ფანურ, ქომაგურ მიდგომასა და აღქმას ჰგავს, ვიდრე ფეხბურთთან ახლოს მყოფი ადამიანის ნააზრევს. თუმცა, ამჯერად საყოველთაო, მათ შორის ინტუიტიური ცოდნა და კარნახი, რომ სამწვრთნელო შტაბი დაგეგმვისას შეცდა – მართებული იყო.

ოღონდ საქმე მხოლოდ არითმეტიკაში არ იყო, უკან 4 იქნებოდა თუ 5, ერთსაც და მეორესაც შესაბამისი თამაშის გეგმა უნდა მოჰყოლოდა. საქმე არათანმიმდევრულობაში იყო.

მოდი დავიწყოთ ბოდიშით

“მოდი, დავიწყოთ ბოდიშით”, – ოდნავ სხვა სიტყვათწყობით, თუმცა იდენტური შინაარსით და ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ გაჟღერებულ ფრაზას ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ადრესატისგან გაგების გარეშე არ ჩაუვლია.

ანტისარეკორდო მარცხის შემდგომი, არმაზ ახვლედიანის სტატიის სათაურიც ამ პერიფრაზით იწყებოდა და სწორადაც.

ამ მობოდიშებას კი პრობლემა ჰქონდა და ეს პრობლემაც არათანმიმდევრულობაა, რომლის განმარტებისას, ფრანგმა კვლავ ჯერ ფეხბურთელებზე, გააკეთა აქცენტი, ამის შემდეგ კი გეგმაზე.

ტაქტიკას დავუბრუნდეთ. გაშიფრული 3-4-2-1 რომ უნდა გამრავალფეროვნებულიყო, ამაზე თითქმის ყველა თანხმდებოდა, თუმცა ეს არ გულისხმობდა, ცენტრის მორღვევას. შესაძლოა, განლაგება იდენტური დარჩენილიყო, თუმცა საყრდენ ზონასა და ინსაიდერების ადგილზე სხვა კოზირების ფეხბურთელები გვეხილა, განსხვავებული დავალებებით.

საქართველოს ნაკრები – ტაქტიკა, ფორმაცია, სათამაშო გეგმა

ამ დროს კი რა მოხდა? საქართველოს ნაკრები დადგა 4-2-3-1-ით. დაცვის ფლანგებზე უინგ ბექებით, ლატერალებით, რომლებიც ფლანგს 3-მცველიან განლაგებაში აკონტროლებენ და ლაკონურად რომ ვთქვათ, ორივე მათგანის უპირატესი უნარი შეტევაში ეფექტური ჩართვაა.

დაცვის ცენტრში არც თუ საუკეთესო ფორმაში მყოფი წყვილი მივიღეთ. თანაც არცერთი ცაცია. ეს წერილი, კონკრეტული ფეხბურთელების სანაკრებო პერსპექტივების განხილვას არ ემსახურება, თუ რას გვკარნახობს ამა თუ იმ მოთამაშის დღევანდელი კონდიცია.

საყრდენ ზონაში ვნახეთ ორი 8-იანი და თანაც ერთ ხაზზე. ჩამშლელის გარეშე რომ დაგვინახა ესპანეთმა, ფურია როხასთვის წესით, იმ თავითვე, ცხადი უნდა ყოფილიყო, რა წარმოდგენის დადმასაც შეძლებდნენ დინამო არენაზე. დადგეც კიდეც.

რა გამოვიდა – ესპანეთთან, რომელიც ხაზებს შორის პასის უმაღლესი კულტურითა და სიმარდითაა ცნობილი, იმ მომენტში ნაკრებში კონკრეტული გვარების ყოლის ან არყოლის მიუხედავად, ვეთამაშეთ დაცვისა და ნახევარდაცვის ცენტრების წყვილით, მათ შორის კი, ჩამშლელი, ღუზა არავინ იყო.

გახსოვთ პირველი გოლი? საბა კვერკველიას წინ აწევა არ მოუწევდა და მორატასთან პოზიციასაც აღარ წააგებდა, დიდი ალბათობით, არც მეორე სართულს, მაგ ორ ხაზს შორის ჩამშლელად ვინმე რომ გვყოლოდა. ბევრი ეპიზოდი იყო ასეთი.

განლაგება და შემადგენლობა თამამი იყო, თუმცა ბურთი არ გვქონდა. დაცვის ხაზი მაღალ ან საშუალო ბლოკს გვკარნახობდა, თუმცა ვითამაშეთ დაბალი ბლოკით, საჯარიმოს მიჯაჭვულებმა. ინდივიდუალურ პრესინგს ვცდილობდით ცენტრში, თუმცა მხოლოდ მეტოქის შეწუხება, ან პრესინგის ვალის მოხდა გამოგვდიოდა. არათანმიმდევრულობა!

მაგიტომაც იყო, კიტეიშვილმა ძალიან ბევრი რომ ირბინა და გაგვიმართლა, რომელიმე ტრავმის რეციდივი რომ არ მოუვიდა.

ორ რვიანს მძიმე დაცვის ცენტრის ფონზე ბურთის ამოტანაზე უნდა ეზრუნა, თუმცა ბურთი საერთოდ არ გვქონდა.

ესეც, ალბათ თეორიაში უნდა მომხდარიყო, პრაქტიკაში კი – მამარდაშვილისგან მაღალი პასი მიდიოდა მარცხნივ, კვარაცხელიაზე, რომელსაც დანი კარვახალთან სიმაღლეში უპირატესობა ჰქონდა.

ჩანდა, რომ ჩანაფიქრის მიხედვით, კვარას, იუვეს მანჯუკიჩის სტილში, კარვახალისთვის თავი უნდა მოეგო, დერეფანში ჟორჟი უნდა გახსნილიყო, რომელსაც ლე ნორმანთან სისწრაფეში უნდა ჰქონოდა უპირატესობა. მერე კი ჰორიზონტალზე ვარიანტებად უკვე, იგივე კვარა, კიტე და ლობჟანიძე იქნებოდნენ.

რაც გამოჩნდა, რომ ჩანაფიქრი იყო, არაფერმა იმუშავა. პირველი ასეთი ბურთი კვარაცხელიამ კარვახალს მეორე ტაიმში მოუგო.

სანიოლი რომ ახალმოსული იყოს, ლოგიკა გვიკარნახებდა, საკუთარი ფეხბურთელების შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასაო, თუმცა ვილი, ხომ 2 წელზე მეტია ჯვაროსნების მთავარი მწვრთნელია.

შესაბამისად, იმავე ლოგიკას თუ მივმართავთ, გვიკარნახებს, წინასწარ გაზომვადი, ხილული სიდიდეები და ნიშნები, ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის, შეუმჩნეველი დარჩა. ეს დაშვება კი მისი წევრების კვალიფიკაციასთან არა თუ უბრალოდ თანხვედრაში არ მოდის, მეტიც, უკიდურესი ორი პოლუსი გამოდის.

შესაბამისად, არსებობს კითხვა – რატომ? რატომ იყო ესპანეთთან მატჩის დაგეგმვის ნაწილში ამდენი, ზემოთ ჩამოთვლილი ურთიერთსაპირისპირო გადაწყვეტილება მიღებული?!

სამწვრთნელო შტაბიდან ვინმემ თუ იკითხა ფეხბურთელებთან, თუნდაც მათ ნაწილთან, რამდენად ეთანხმებოდნენ ისინი ამ ტაქტიკას.

ესპანეთის თამაში, რომელ მეტოქესთან მატჩებით გაანალიზეს. ლუის დე ლა ფუენტემ ხომ ნაკრებს საკუთარი იდნეტობა შესძინა.

ალბათ, დღემდე, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანური შეცდომის ფაქტორს არ ვაღიარებთ. ვცნობთ, მაგრამ არ ვაღიარებთ. გვერდიდან რთულად წარმოსადგენია, გქონდეს თვეები ანალიზისთვის, ფიქრისთვის, დაგეგმვისთვის და შემდეგ მაინც შეცდე.

ცხადია, არავის ვამართლებ, მეც ლოგიკური ახსნის ძიებაში ვარ. ეს კი პარადოქსები ლაბირინთში არც თუ მარტივია.

ერთიც არის, და მისი გააზრებაც უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ნაკრები ახალია, ჭყინტია. ის რომ ერთა ლიგის D და C ლიგების ჯგუფურები მოიგო გუნდმა, ის რომ კვარა სერია A-ს საუკეთესო გახდა, მამარდა კი ვალენსიას საკვანძო ფეხბურთელად იქცა, საქართველოს ნაკრებს ტოპ გუნდად არ აქცევს.

სულ რომ ყველაფერი თანმიმდევრულად, გეგმაზომიერად დაგეგმილიყო და შესრულებულიყო, მატჩი მოტივირებულ ესპანეთთან შეიძლება მაინც წაგვევო, თუმცა ცხადია, საქართველოს შანსები გაიზრდებოდა.

ნორვეგია vs საქართველო – რას უნდა ველოდოთ

“ბრძოლის მერე, მარცხის შემდეგ ყველა ბრძენიაო”, – დამაწევს, ალბათ, რომელიმე მკითხველი, რომელიც დიდი ალბათობით, პირველად ან მეორედ წაიკითხავს, იმას, რასაც მხოლოდ საქართველოს ნაკრების მიმართ უსაზღვრო გრძნობა და მიჯაჭვულობა მაწერინებს ხოლმე.

ცხადია, არა! ამის დასტურად კი ნორვეგიასთან მომავალ მატჩზე, ჩემი დილეტანტური, მოკრძალებული აზრით, რას უნდა ველოდოთ, მაგას მოგახსენებთ.

3-4-2-1-ზე დაბრუნება

იკითხება ვილი სანიოლის წარმატებულად ნაცად განლაგებაზე დაბრუნება. თუმცა კორექტივებით.

კორექტივებზე ხაზგასმა უსამართლო თამაშს ჰგავს, რადგან ცვლილებები გარდაუვალია. ესპანეთთან მატჩის შემდეგ ცვლილებებს არ ვგულისხმობ – ბოლო 1.5 წელში დამკვიდრებულ 3-4-2-1-ში ვგულისხმობ.

მეკარის უცვლელ, ურყევ პოზიციას თავი რომ დავანებოთ, მცველებით დავიწყოთ. გურამ კაშია, ამ მოცემულობაში, ჯერ კიდევ უალტერნატივოა და სამ მცველში, შუაში კაპიტანი უნდა იყოს.

მარჯვნივ, საბა საზონოვი იკითხება. აწ უკვე ტორინოს ცენტრალურმა მცველმა გუნდი ახლახანს შეიცვალა. თუ მისთვის სათამაშო დროის მიცემასა და მის გამოყენებას არ აპირებდა სანიოლი, მაშინ არ გამოიძახებდა. ლოგიკურია, არა?

შესაბამისად, საბა კვერკველიას ნაკლებად დამაჯერებელი თამაშის შემდეგ საზონოვი იკითხება. თანაც ფიზიკურად სათამაშო იქნება ერლინგ ჰოლანდთან. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მანჩესტერ სიტის დასვენებულ ფორვარდთან დუელში ფიზიკურობა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება, სადაც ცენტრალურ მცველებს 2-1-ზე სიტუაცია არაერხელ შეექმნებათ.

მარცხენა ცენტრალურ მცველად, თუ ვიფიქრებთ, რომ ცაცია ფეხბურთელი უნდა იყოს, ვარიანტი ორი გამოდის ლაშა დვალი და სანდრო კალანდაძე. ცაცია კი მარცხვნივ მდგომი მცელი იმიტომ უნდა იყოს, რომ ბურთის მიღებისას დამატებითი ბრუნი არ დასჭირდეს, ბურთი კომფორტულად მიიღოს და ნორვეგიელების პრესინგს ჯანმრთელი პირველი პასი დაახვედროს.

პასის აუცილებლობა კალანდაძის შანსებს ზრდის, თუმცა მეტი გამოცდილება და ფიზიკურობა ლაშა დვალის თამაშს გვკარნახობს. თანაც კალანდაძე დებიუტანტია, ნორვეგიასთან, გასვლაზე, 1-7-ის მერე… რთული წარმოსადგენია, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმავე დვალს, ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი სწორედ დებიუტისას, გერმანიის წინააღმდეგ ჰქონდა.

უინგ ბექებად ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი, უალტერნატივონი არიან.

რაც შეეხენა ნახევარდაცვის ცენტრს – ოთარ კიტეიშვილის საყრდენ ღერძზე ჩამოწევა იკითხება და არა ინსაიდერობა. საქართველოს ნაკრებში რაც ეს განლაგება დაინერგა, კიტე უმეტესად ტრავმებს ებრძოდა. როდესაც ითამაშა, ინსაიდერად იდგა, იქ სადაც ამ განლაგებაში კვარა და ზურიკო არიან. თუკი კიტეიშვილმა, ესპანეთის შემდეგ სრულფასოვანად აღიდგინა ძალები, საყრდენ ღერძში ერთ-ერთი ის უნდა იყოს.

მის მეწყვილედ ანზორ მექვაბიშვილი იკითხება. თუკი ერთ რვიანს ოთარ კიტეიშვილი ითამაშებს, მეწყვილე ჩამშლელი უნდა იყოს და არა შემქმნელი, რათა ამ ზონაში ესპანეთთან მატჩის იდენტური სურათი არ მივიღოთ. ასეთ შემთხვევაში ვარიანტი ორია – მექვაბიშვილი და ქოჩორაშვილი.

დინამოს საყრდენმა მეორე ტაიმის სტარტზე ესპანელთა ზიგ-ზაგები და ტეხილი პასები გააჩერა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მას ძირითად შემადგენლობაში ველოდეთ.

ინსაიდერებად კვარას და ზურიკოს დაყენება იკითხება. დაცვისას 5-3-2-ად ამ განლაგებას, სწორედ დავითაშვილის უკან ჩამოწევა და კვარაცხელიას ცენტრში შეწევა გარდაქმნის ხოლმე.

ცენტრ ფორვადად ბუდუ ზივზივაძე უფრო ლოგიკურად მოჩანს. აიაქსში ახლახანს გადასულ მიქაუტაძეს კარლსრუეს შემტევი სიმაღლითა და ფიზიკურობით აღემატება, ეს კი ნორვეგიელ მცველებთან ჰაერში საკვანძო იქნება. ბურთი კი ჰაერში იმ შემთხვევაში წავა მამარდაშვილისგან, თუ სკანდინავიელებმა მჭიდრო, მაღალი და შედეგიანი პრესინგი ითამაშეს.

ეს კი ცალსახად მოსალოდნელია, რადგან ნორვეგიისთვის დღევანდელი მატჩი აუცილებლად მოსაგებთა კატეგორიას მიეკუთვნება. პლუს, დასვენებული მიქაუტაძე, შესაძლოა, უფრო პროდუქტიული იყოს, მატჩის დასკვნით წუთებში.

ხასიათი და ფსიქოლოგია

ბულგარეთთან და დანიასთან, აქამდე ანტისარეკორდო მარცხების დროს ნაკრების კულუარებში რა ხდებოდა, უბრალოდ არ ვიცი. არც მაინც და მაინც, იმ დროის პერიოდიკა მახსოვს, თუმცა აბა რა ბევრი გამოცნობა სჭირდება იმას, რომ იმ ფეხბურთელებს ცოტა ხნით, ყველასგან და ყველაფრისგან მოწყვეტა ენდომებოდათ.

დღევანდელი ფორმაციის გუნდს კი ნორვეგიასთან რეაბილიტაციის შანსი აქვს. რეაბილიტაცია ნორვეგიასთან იმის დამტკიცება იქნება, რომ ესპანეთთან ასეთი მარცხი, შემთხვევითობა იყო.

ეს კი თანმიმდევრულობით, შემართებით და თამაშის ხარისხით გაიზომება და არა ქულით ან ქულებით, რომლის მოპოვებაც სტუმრად, ნორვეგიასთან რთული ამბავია.

როგორც ფრანგები იტყვიან Qui vivra verra – რაც შინაარსობრივ თარგმანში, ქართულად “დრო გვიჩვენებს”-ს ნიშნავს.

თავად, სანიოლის თქმისა არ იყოს, “ფეხბურთი არასდროს გაპატიებს, თუ 100 პროცენტს არ გაიღებ და დაგსჯის ამის გამო”, – რთულია არ დაეთანხმო.

ეს წერილი მხოლოდ კითხვების ნაწილს და უფრო მეტად სათამაშო ასპექტებს ეხება. საერთო ჯამში კი კითხვა ბევრია, მაგალითად რა საჭიროა ნაკრების ბაზირება ‘ხმაურიან’ ჭავჭავაძეზე, სადაც ფეხბურთიდან ყურადღების გაფანტვის ალბათობა მეტია, ვიდრე, პირობითად რომელიმე გარეუბანში.

კითხვები კი ისევ და ისევ იმ საერთო მიზნისა და მისიისთვისაა, რაც საქართველოს ნაკრების რომელიმე დიდ ფორუმზე თამაშს გულისხმობს.