საბა საზონოვი – საქართველო დედაა, რუსეთი – მამა

საბა საზონოვი საქართველოსა და რუსეთის შესახებ | Setanta Sports

საბა საზონოვი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანზე საუბრობს. რუსულ პრესასთან ინტერვიუში ცენტრალური მცველი არაერთ საინტერესო საკითხს შეეხო.

  • საქართველოს ნაკრებზე შეჩერებული არჩევანი
  • ხვიჩა კვარაცხელია
  • ლეგიონერის პოტენციური სტატუსი
  • ვილი სანიოლი
  • ავტომობილების სიყვარული

ეს Sport24-თან ჩაწერილი ინტერვიუს თემების არასრული ჩამონათვალია.

საბა საზონოვი საქართველოსა და რუსეთზე

ოკუპანტების მედიასაშუალების სტატიის ავტორის თქმით, საბა საზონოვმა ბოლო პერიოდში სერია A-ს გუნდების ყურადღება დაიმსახურა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც დინამო მოსკოვიდან ფეხბურთელების წასვლის მერე, მის პოზიციაზე, საბა უალტერნატივო გახდა.

რუსეთის სახელით თამაშის ნაცვლად, საქართველოზე შეჩერებულ არჩევანზე საზონოვი შემდეგს ამბობს:

“ერთს ვიტყვი, არჩევანი ოჯახთან ერთად გავაკეთ. თქვენს კითხვას [სამშობლოს არჩევაზე] არასწორად ვთვლი. როდესაც არჩევანს აკეთებ, შენ არ გეკითხებიან – რატომ.

ფაქტია – მე ორი სამშობლო მაქვს. ბავშვობიდან ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ჩემთვის საქართველო დედაა, ხოლო რუსეთი – მამა. მშობლებს შორის არჩევანს არ აკეთებენ ხოლმე.

ორივე ნაკრებიდან დამიკავშირდნენ. ბევრი გარემოება იყო. არჩევანი კი უკვე გაკეთებული”.

საქართველოს დამოკიდებულება საზონოვის რუსეთში თამაშზე

ჟურნალისტმა საზონოვს რუსეთში თამაშის გამო, საქართველოში პოტენციურ აგრესიაზეც ჰკითხა. მაგალითად, კი ხვიჩა კვარაცხელია მოიყვანა და ოსტატურად, მხოლოდ 24 თებერვალი ახსენა და არა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის წარმოების შემდეგი პერიოდი.

“დინამო მოსკოვში თამაშის გამო აგრესია და ზიზღი არასდროს მიგრძვნია. მხოლოდ პოზიტიური კომენტარებია. საქართველოს ნაკრების არჩევის გამო, საქართველოში ბედნიერენი არიან. ყველა მხარს მიჭერდა.

გავიმეორებ, მე ორი სამშობლო მაქვს. როდესაც ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია, არასწორია, ორი სამშობლოს ქონის მაგალითი მე ვარ. მე მოქალაქეობა არ შემიცვლია, რადგან ორივე ბავშვობიდან მქონდა”.

საზონოვის და კვარაცხელიას შეხვედრა საქართველოს ნაკრებში

“განვიხილე თუ არა ეს თემა ხვიჩასთან? აზრი?! როდესაც ნაკრებში ერთად პირველად აღმოვჩნდით, ჩვენი პირველი შეხვედრა გავიხსენეთ, როდესაც ის რუბინში იყო, მე კი – ზენიტში.

მატჩის შემდეგ მოედანზე შევხვდით. კვარას გაუკვირდა, ქართული საიდან ვიცოდი, მე ხომ გვარად საზონოვი ვიყავი. ვუპასუხე – სამაგიეროდ, საბა მქვია – მეთქი. ხვიჩამ ის პირველი შეხვედრა მომენტალურად გაიხსენა”.

საზონოვი U21-ის ევროპის 2023 ჩემპიონატზე

“ხვიჩა იტალიაში სამაგალითოა. მოხარული ვარ მის გამო. თუმცა საქართველოდან ევროპაში მაღალ დონეზე მხოლოდ ის არ თამაშობს. სხვებიც არიან.

საერთოდაც, ვთვლი, რომ საქართველოს დიდებული თაობა ჰყავს, როგორც პირველ ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში. შეგვიძლია, ბევრს მივაღწიოთ. ძალების მიხედვით ევრო 2023-ზე მედლების ბრძოლაც შეგვიძლია”.

მერე რუსი ჟურნალისტი საზონოვს ჩაეკითხა, – ‘საიდან ამხელა თავდაჯერებულობაო’?

აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის ყველა ასაკობრივ გუნდს, პირველი ნაკრების მსგავსად, ოფციალურ დონეზე FIFA-სა და UEFA-ს ორგანიზებულ ტურნირებში თამაში აკრძალული აქვს.

“ტურნირი საქართველოში ჩატარდება. ეს დიდი პლუსია. გინახავთ, როგორი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ნაკრებს ტრიბუნიდან? სტადიონი ყოველთვის სავსეა. ცხადია, იქ თამაში უფრო სასიამოვნოა. რუსეთში ამას Fan ID-ის შემოღების შემდეგ გადავეჩვიე”.

საზონოვი როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩი

როგორც ჩანს საბა ზლატანს მხოლოდ ვიზუალის ნაწილში არ ჰგავს. ლეგიონერის სტატუსის კითხვაზე პასუხად საზონოვმა იბრაჰიმოვიჩის ციტატა მოიყვანა.

“საქართველოს ნაკრებში ოფიციალური მატჩის გამართვის მერე, რუსეთში ლეგიონერად ჩათვლას რაც შეეხება – მე ფეხბურთს ვთამაშობ და მხოლოდ ეს მეხება. სხვა ყველა საქმით დედ-მამა არიან დაკავებულნი. მე არ მჭირდება ზედმეტი ფიქრები. ამ ეტაპზე, ამ საკითხზე მარტივი პოზიცია გვაქვს.

რომელი ქვეყნის სპორტული მოქალაქეობა მექნება, პირადად, პრობლემას ვერ ვხედავ. თამაშით ისევ ისე ვითამაშებ. ზლატანის სტილში გეტყვით: მე საბა საზონოვი ვარ და მორჩა”.

საზონოვი ვილი სანიოლის შესახებ

“სანიოლი ნამდვილი ფრანგია. პოზიტიური, მშვიდი, გამოცდილი. შეგიძლიათ იგრძნოთ მისი ინტელექტი. ის თამაშს ასე აწყობს: ჩვენ “გაძლებაზე არ ვართ”, არამედ “ვთამაშობთ”.

სერია A-ს გუნდების ინტერესი საზონოვის მიმართ

“ამ ინფორმაციაზე გუნდში ბევრი იხუმრეს. მე ოდნავ გარუჯული, გრძელთმიანი ვარ, თმას ვიკრავ და თმის სამაგრს ვატარებ. იტალიაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბიჭები იცინოდნენ, თავისიანად მიგიღეს, იტალიელი ეგონეო”.

ინტერვიუს დარჩენილ ნაწილში საუბარი თბილისზე, საქართველოზე, საბას ავტომობილებით გატაცებაზე და ლურჯას მეტსახელის მქონე მის მანქანაზე შედგა. ახალი წლის შვებულება საზონოვმა საქართველოში ოჯახთან ერთად გაატარა.

ამას გარდა, სპორტის სწავლების საერთაშორისო ცენტრმა საბა საზონოვი 21-წლამდე დონეზე 200 იმედისმომცემ მოთამაშეს შორის დაასახელა. ამ აღიარებას საქართველოს ნაკრების მცველმა საპასუხისმგებლო და საპატიო უწოდა.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე