რეცენზია – უკანასკნელი იმპერატორი

გამომცემლობა არტანუჯმა კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელის ავტობიოგრაფია გამოსცა. წიგნი იტალიურიდან ნანა ზარდიაშვილმა თარგმნა. თავის სპორტულ და პირად ცხოვრებაზე ამჯერად ფრანჩესკო ტოტი მოგვითხრობს. დროულია. თუ რამე მაკლია და მენატრება თანამედროვე ფეხბურთში ეს არის ბავშვობის დროინდელი სერია ა. 90-იანების, ორიათასიანების დასაწყისის, კალჩოპოლიმდე.

მაშინ მართლა რომის იმპერიას ჰგავდა ეს ჩემპიონატი, რომს კი იმპერატორი სჭირდება.

მაინც რით იზომება სიყვარული? რა არის თავგანწირვის უმაღლესი ფორმა? რისი დათმობა შეგიძლია სიყვარულისთვის? ტოტის გამო თავისუფლება დათმეს. სიყვარულის ასეთ ფორმას უცხო ადამიანის მიმართ, აქამდე არ შევხვედრივარ.

ასე იწყება ტოტის მონათხრობი. ის შედის ციხეში პატიმრებთან შესახვედრად, საფეხბურთო ტურნირში გამარჯვებულები უნდა დააჯილდოვოს და იქ ხვდება ერთი გულმხურვალე ბიჭი, რომელიც ისევე წარმოადგენს რომს, როგორც თავად იმპერატორი. რომი რომ შედგეს, ამისათვის ორი წერტილია საჭირო, იმპერატორი, რომელიც ქალაქს ეწირება და ხალხი, რომელიც იმპერატორს ეწირება.

ეს ბიჭი ოფიციალურად უკვე გათავისუფლებული იყო ციხიდან, ალბათ დღეებსაც ითვლიდა, გარეთ ოჯახის წევრები ელოდნენ, მშობლები, მეგობრები, სულ სხვა ჰაერი ელოდა, თავისუფლების ჰაერი, რომელიც ღრმად უნდა ჩაესუნთქა, მაგრამ დარჩენა ამჯობინა, გაიგო რომ ციხეს თავად ფრანჩეკო ტოტი უნდა ესტუმროს, ჰოდა, გადაწყვიტა ერთი კვირა კიდევ დარჩენილიყო, რათა მასთან შეხვედრის პატივი რგებოდა.

ძალიან უნდა გიყვარდეს ვინმე რომ თავისუფლება დათმო. თუნდაც რამდენიმე დღით.

თავად ტოტის კი ის ჩვევა აქვს, რაც ერთი დიდი მწერლის დახატულ მეფეს ჰქონდა. ჩვევა, რომელიც ყველაზე მეტად გვხიბლავს მეფეში. შენიღბვა უყვარს, უბრალო მოკვდავად თავის წარმოჩენა და ხალხში გარევა. უნდა რომ იცოდეს რა ხდება ხალხში, რით სუნთქავს რომი. ყველაზე ამაღელვებელი სანატრელი ჩემპიონობის აღნიშვნაა, ვიღაცამ სახლში გამართა წვეულება, ვიღაც კონცერტზე წავიდა სადაც ერთმა ლამაზმანმა პირობა დადო რომას ჩემპიონობის შემთხვევაში გავიხდიო, ჰიდეტოში ნაკატა უბრალოდ გასახდელში იჯდა და წიგნს კითხულობდა, მაშინ, როცა მთელი რომა შამპანურში იხრჩობოდა, კაპიტანი კი თავის მოტოს მოახტა, თავზე ჩაფხუტი ჩამოიცვა და სიხარულისგან გაგიჟებულ ხალხში გაერია, მათთან ერთად იზეიმა, რიგითი ქომაგივით.

თქვენს შორის იმპერატორია. ამ სიხარულის მთავარი შემოქმედი. თქვენ კი არაფერი იცით ამის შესახებ.

რაღაც მხრივ პრომეთესაც წააგავს, ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

ფრანჩესკო სორენტინოს ფილმს იხსენებს, სონეტი რომის შესახებ – La Grande Bellezza – არ ვიცი რამდენჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ ტოტი არ შემიმჩნევია, თავად კი გვეუნება, რომ პირველივე სცენაში ჩანს, გაზეთის გარეკანზე, მარადიული ქალაქის ჩემ გარეშე აღწერა არ გამოვიდოდაო. მართლაც, დაკვირვებით ვუყურე საწყის სცენას და ტოტიც აღარ გამომპარვია. თავად ტოტისაც უკვე ბოლომდე გათვიცნობიერებული აქვს რას ნიშნავს რომისთვის.

ხშირად იხსენებს ფილმებს, რომლებთან იდენტიფიცირებასაც ახდენს. გარდა სორენტინოს ფილმისა, სადაც ქალაქის ნაწილია, იხსენებს გლადიატორს, რომელსაც წარუშლელი კვალი დაუტოვებია ფრანჩესკოზე და მას მერე ბევრ რამეს სულ სხვა თვალით შეხედა – „ჩვენ ფეხბურთელები, რომელთა სანახავადაც უამრავი ფანი მოდის მოედანზე, ვინ ვართ, თუ არა თანამედროვე გლადიატორები?“  

სახელმწიფო ვერ შედგება თუ მას არ აქვს დიდი ეპოსი. საფუძველი. რომს საფუძვლად ვირგილიუსის ენეიდა დაედო. რა თქმა უნდა, რომასაც სჭირდებოდა თავისი გმირი, იქამდეც ჰყოლიათ, მაგრამ სჭირდებოდა ვინმე უფრო დიდი, გლადიატორი, რომელიც იმპერატორი გახდებოდა. ჯანინის ეს არ შეეძლო, ჯანინი ბოლომდე გლადიატორად დარჩა, იმპერატორად ვერ იქცა.

ტოტი კი რჩეული აღმოჩნდა, იოანე-პავლე II-ისგან ხელდასხმული. პაპი შეჩერდა უამრავ ხალხში და მაინცდამაინც ტოტი გამოარჩია, მაინცდამაინც პატარა ფრანჩესკოს აკოცა შუბლზე. ტოტი იხსენებს, ხალხი ისე და იმდენ ხანს გაშტერდა ამის შემხედვარე, წამებში გაძარცვეს ჯიბის ქურდებმაო. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ გამიმართლაო – ამბობს ფრანჩესკო. სხვებმა კი რჩეულად მიიჩნიეს და არც შემცდარან.

 ანტიკური რომი დიდხანს ცდილობდა შეევსო ის დანაკლისი, რაც ბერძნულ კულტურასთან მიმართებით ჰქონდა. მათაც უნდა ჰქონოდათ თავიანთი „ილიადა“, მათაც უნდა ჰყოლოდათ თავიანთი ჰომეროსი. ამის შედეგია ვირგილიუსის გამოჩენა. ასევე ელოდნენ რომას ქომაგები მესიის გამოჩენას, ჰყავდათ მესია ჩრდილოელებსა და სამხრეთელებს, დედაქალაქში კი მსგავსი არავინ ჩანდა. ნახეს დიდი ათიანი ტურინში, მილანის ორივე განშტოებაში, ნახეს სამხრეთის ღმერთი, კალიარიშიც კი ნახეს მესია, რომს კი ლოდინი მოუხდა და დამსახურებული გმირიც მიიღო.

რომს უნდა ჰყავდეს თავისი ენეასი.

წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბავშვობას, საერთოდ, ფეხბურთელების ავტობიოგრაფიაში ყველაზე საინტერესო ბავშვობაა, რადგან სწორედ აქ პოულობ იმ პასუხებს, რაც თავის დროზე მოედანზე ვერ იპოვე. მოედანზე მხოლოდ კითხვები ჩნდება – ეს როგორ გააკეთა? თავში როგორ მოუვიდა? ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო? მერე ვარაუდები მოჰყვება პრესაში, ტელევიზიაში, ფანების კამათი და ჩხუბი, მაგრამ პასუხი არ გაქვს, პასუხი მხოლოდ მათივე მოთხრობილ ბავშვობაშია.

ტოტი იხსენებს რომის ქუჩებსა და ქუჩის ფეხბურთს, ისიც ქუჩის „პროდუქტია“, ამბობს რომ წესიერი ბიჭი იყო, კასანოს არ ჰგავდა, ველოსიპედების გამტაცებელი არასდროს ყოფილა და არც ბებერ ქალბატონებს გლეჯდა ჩანთებს ხელიდან. „ბებერ ქალბატონს“ ცუდად მხოლოდ მოედანზე ექცეოდა. მისი საუკეთესო პარტნიორი კი კედელია, ჩვეულებრივი ეზოს ჩვეულებრივი კედელი, ისევე როგორც კრუიფისთვის, ქუჩაში გაზრდილი ფეხბურთელისთვის ასეა, კედელი ყველაზე კარგი პარტნიორია, როგორ პასსაც მისცემ ისეთს დაგიბრუნებს.

თხრობა ქრონოლოგიურად მიუყვება სეზონებს, ცოტა არ იყოს მოსაწყენია, ამ დროს მთხრობელი ჟურნალისტს ემსგავსება, სტატისტიკოსს, ჩვენ მისგან სულ სხვა ამბების მოსმენა გვჭირდება და ეს ამბებიც არ აყოვნებს, ქრონოლოგიურ თხრობას ჩანართები ანაცვლებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენები ტოტის ცხოვრებაში – კასანოსთან ძმობა, მომავალი მეუღლე, მადრიდის რეალის განუწყვეტელი შემოთავაზებები, სანაკრებო კარიერა. ამ თავების კითხვა ერთი სიამოვნებაა.

ფლორენტინო პერესი მოქალაქე კეინივით გამოეცხადება და მის შეძენას ცდილობს. თქვენ მხოლოდ ფასი დაასახელეთ” – ეუბნება რომას პრეზიდენტს. პირველ უარს ამ დროს იღებს, მერე კი როგორც სჩვევია კლუბისთვის ყველაზე მძიმე დროს გამოჩნდება და კიდევ ერთხელ აკეთებს შეთავაზებას, თანაც თანხას ზრდის, ვაჭრობას 60 მილიონიდან იწყებს, ეს კაცი უარს არ არის მიჩვეული, ეს კაცი ყოველთვის ყველაფერს ყიდულობს.

რეალის ინტერესის შესახებ ჭორის დონეზე ყოველთვის გვესმოდა ფეხბურთის ქომაგს, მაგრამ რეალურად რა ხდებოდა ტოტის თავს არავინ ვიცოდით. მსჯელობდა საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან ერთად, განიხილავდა შეთავაზებას, უკვე ხედავდა თავის თავს მადრიდის რეალის ფორმაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც მტკიცედ თქვა – არა. ადამიანში ძალიან დასაფასებელია უარის თქმის უნარი. საბოლოოდ, მაინც ის ხარ რაზეც უარს ამბობ, და არა ის, რაზეც თანხმდები.

კასანოსათვის მიძღვნილ თავში ნამდვილ ლიტერატურასთან გვაქვს საქმე. დიდ ლიტერატურასთან. სპორტული ავტობიოგრაფიები მხატრული ღირებულებით დიდად არასდროს გამოირჩევა, მაგრამ კასანოს პერსონაჟი ყველაფერს ცვლის. იდეალურად არის დახატული მისი ტალანტი და ჭირვეულობა, ყველა ის ნაიარევი, ფიზიკური თუ სულიერი, რომელიც ბავშვობაში მიიღო და კაცობაში იჩინა თავი. კასანო მოდის და ნათელია რომ ყველაფერი აირევა, ერთი მხრივ საყვარელი პერსონაჟია, მეორე მხრივ კი იცი რომ პრობლემებს მოიტანს, რადგან აბსოლუტურად უკონტროლოა. ამიტომაც არის საინტერესო.

ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ტოტის ცხოვრების ერთი ეპიზოდი. ნელ-ნელა მივყვებოდი გვერდებს და ველოდი როდის დაიწყებდა ამ ამბის მოყოლას, სადღაც წიგნის შუაგულში დაიწყო. მხოლოდ გაზეთებიდან ვეცნობოდი მის მოსაზრებებს 2006 წელს, ახლა კი ყველაფერი ვიცი, რას გრძნობდა, რას ფიქრობდა, როგორ დაძლია ეს ყველაფერი. როცა ტოტის 2006 წლის თებერვალში ფეხი მოტეხეს მე უკვე საავადმყოფოში ვიწექი ნაოპერაციები, ოპერაცია ვერ წარიმართა საკმარისად კარგად და ფეხი ჰემატომებით გაივსო, მახსოვს როგორ უთხრა ქირურგმა დედაჩემს რომ თუ მეორე ოპერაცია შედეგს არ მოიტანდა და ჰემატომები გამრავლებას განაგრძობდა მაშინ ამპუტაციაზეც უნდა დავფიქრებულიყავით. მესმოდა. ვითომ მეძინა, როგორც ბავშვებს სჩვევიათ ხოლმე.

ამ დროს არავის ესმის რა ხდება შენს თავს, ყველასთან გაუცხოებული ხარ და მხოლოდ ტოტის სიტყვებში ვიპოვე რწმენა, ფეხმოტეხილი, აცრემლებული იმპერატორის სიტყვებში. მსოფლიო ჩემპიონატამდე ოთხი თვე იყო დარჩენილი, რეაბილიტაციას შვიდი თვე სჭირდებოდა, მან კი ასე ჯიუტად გამოაცხადა მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებო. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რას წერს და ამბობს, მუნდიალზე აუცილებლად წავალო. ვიცი ამ დროს რას ფიქრობდა, ყოველთვის ვგრძნობდი ამას, ამ გვერდების წაკითხვის მერე კი უბრალოდ დავრწმუნდი რომ ასე იყო. თუ რაღაცის მართლა გჯერა, არავის და არაფერს მნიშვნელობა აღარ აქვს. ასეთი თვითწმენა აუცილებლად მიგიყვანს დიდ გამარჯვებამდე.

 მსოფლიო ჩემპიონატის თასს პირველად 1990 წელს გაუსწორა თვალი, შეხედა, ინატრა და დაიპყრო. მუნდიალი იტალიაში ტარდებოდა, პატარა ფრანჩესკო ბურთის მომწოდებელი იყო ოლიმპიკოზე. ერთი ხელის გაწვდენაზეა, ეს მოედანიც, ეს თასიც, ყველაფერი, თან ასე ახლოს, თან ასე შორს. მთავარი კი მაინც გზაა, ტოტიმ ეს შორი გზა ძალიან ლამაზად განვლო და გულწფრელად მოგვითხრო.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე