რას უნდა ვუყუროთ – ჩემპიონთა ლიგის წინათქმა

გუშინდელი დღე ძალიან საინტერესო გამოდგა, ცენტრალურმა შეხვედრამ გაამართლა, ხუთი გატანილი გოლი ვიხილეთ, რასაც ბევრი ელოდა, იმის გათალისწინებით რომ ნაპოლისა და რეალს ძირითადი შემადგენლობის ცენტრალური მცველები აკლდათ.

ვნახეთ სენსაციაც – მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე გალათასარაისთან დათმო შეხვედრა ამავე ანგარიშით – 2:3. თუმცა, მანჩესტერის წარუმატებლობას ბევრი უკვე აღარც მიიჩნევს სენსაციად.

დღესაც გველის რამდენიმე საინტერესო შეხვედრა, ჰოდა მივყვეთ ნელ-ნელა.

პორტუ – ბარსელონა

გამოკვეთილი ფავოროტი ამ წყვილს არ ჰყავს. ბარსა არ არის ჯერჯერობით იმ დონეზე რომ ულაპარაკოდ მოიგოს. მით უმეტეს, ტრავმების გათვალისწინებით. მეტწილად თანაბარი თამაშის მოლოდინია.

პირველი მატჩი ორივემ მოიგო – ბარსამ 5:0 ანტვერპენთან, პორტუმ 3:1 შახტართან. დღეს ჯგუფის ლიდერი გვეცოდინება, ან, ყაიმის შემთხვევაში ისევ თანაბარი ქულებით განაგრძობენ სვლას.

მესის დებიუტი დრაგაუზე

გუნდები ოფიციალურ დონეზე რვაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და უეფას სუპერ თასის ფინალში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამხანაგური შეხვედრა გამოდგა 2003 წლის ნოემბერში.

მნიშვნელოვანი და ისტორიული ორივე კლუბისთვის. პორტუსთვის იმიტომ, რომ მათი ამჟამინდელი სტადიონი დრაგაუ გაიხსნა, ბარსელონასთვის კი იმიტომ, რომ ლიონელ მესის დებიუტი შედგა პირველ გუნდში.

ლიონელ მესის დებიუტი პორტუსთან

პორტუს ჟოზე მოურინიუ წვრთნიდა, სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, დეკუსთან, კარვალიუსთან, ფერეირასთან, მანიშესთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად.

მას მერე ჟოზეს ხშირად გაუხსენებია, მესის დებიუტი ჩემს თვალწინ შედგა, მას მერე ბევრჯერ გადავიკვეთეთ და მუდმივად უკეთესი ხდებოდაო.

კუმანის ცნობილი გასროლა

რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს, გამოსაყოფია 1993/94 წლების ნახევრფინალი. მაშინ ერთმატჩიანი ნახევარფინალები იმართებოდა, იმისდამიხედვით თუ რომელი ადგილით გავიდოდა გუნდი ჯგუფური ეტაპიდან, ასეთი ფორმატი იყო, ჯერ პირველი და მეორე რაუნდის პლეიოფებით იწყებდნენ, შემდეგ ჯგუფური ეტაპი დგინდებოდა, შემდეგ კი ჯგუფიდან გასული ორ-ორი გუნდი ერთმატჩიან ნახევარფინალს თამაშობდა.

ბარსა ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, შესაბამისად, კამპ ნოუზე ითამაშა პორტუსთან, ფავორიტიც იყო და 3:0 მოიგო. გამოსაყოფია რონალდ კუმანის გოლი შორი მანძილიდან, რომელიც ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად მიიჩნევა.

ისიც გამოსაყოფია, რომ ამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ კუმანი გახდა 8 გატანილი გოლით. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მცველი გახდა საუკეთესო მეგოლე.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ პორტუს სერ ბობი რობსონი წვრთნიდა, კაცი, რომელიც იოჰან კრუიფს შეცვლის ბარსელონაში, სულ რაღაც ორ წელიწადში ამ მატჩიდან.

კრუიფის ბარსა კი კაპელოს მილანს შეხვდა ფინალში და… ეგ ამბავი ყველამ კარგად იცის.

რივალდო & ჟარდელი

ბრაზილიელები 2000/01 წლების სეზონში გადაიკვეთნენ, რა თქმა უნდა, ფავორიტი ბარსა იყო და მოიგო კიდეც ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩი. ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი რაული გახდა 7 გატანილი გოლით, ჟარდელმა და რივალდომ კი 6 გოლი შეაგდეს.

მარიო ჟარდელი ბარსელონას წინააღმდეგ

ამ დაპირისპირებაში რივალდომ საერთო ჯამში სამი გოლი შეაგდო, ჟარდელმა კი – 2. ბევრი ბრაზილიის ნაკრებში მათ დუეტს მოიაზრებდა ძირითადში, შეგახსენებთ, ეს ის დროა, როცა რონალდო მძიმე ტრავმებს ებრძვის და ბევრს არც სჯერა რომ კარიერას განაახლებს, ამიტომ, მის ადგილზე დიდი ბრძოლაა გამოცხადებული. ჟარდელისა და რივალდოს მსგავსად 6 გოლით და ჩემპიონთა ლიგის ტიტულით დაასრულა სეზონი ჯოვანი ელბერმა, საბოლოოდ, მას ერგო ადგილი ნაკრებში რივალდოს გვერდით, თუმცა, დროებით.

ფინალი

ბოლოს გუნდები უეფას სუპერ თასის ფინალში შეხვდნენ. პეპ გვარდიოლას ბარსელონა ფინალებს როგორც წესი, არ აგებდა. ბარსამ მარტივად მოიგო – 2:0. ლიონელ მესიმ ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო, ასე ოსტატურად მოტყუებული მეკარე იშვიათია. ასეთი მოძრაობით მესი მცველებს ატყუებს ხოლმე, ფინალში კი ელტონი მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო.

მეორე გოლი ახალშეძენილმა ფაბრეგასმა გაიტანა. პასი ლიონელის იყო.

ნიუკასლი vs პსჟ

დიდებული ანონსია – არაბული შემოდგომა.

საუდის არაბეთის პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის გუნდი კატარის მფლობელობაში მყოფ სენ ჟერმენს შეხვდება. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტს ძალიან დიდი ისტორია აქვს, მათ შორის, სპორტული ტრანსლაციების საკითხში, საუდელები დიდი ხნის მანძილზე არღვევდნენ სატელევიზიო უფლებებს, ბოლო დროს კი ეს ამბავი მოგვარდა.

მრავალი პერსპექტივიდან შეგვიძლია ამ მატჩს შევხედოთ – საუდელები მარსელში აპირებენ ინვესტირებას, საფრანგეთში მიხვდნენ რომ ერთი გუნდის დომინაციით დიდ სარგებელს ვერ მიიღებენ, ჩემპიონატი ვერ ვითარდება. მეორე მხრივ, კატარში ითქვა, რომ შეცდომა დაუშვეს პსჟ-ში ინვესტირებით და თავიდანვე პრემიერ ლიგა უნდა შეერჩიათ. მოკლედ, ფული ბევრია, სწორად კი ყოველთვის ვერ იხარჯება.

ნიუკასლი ნაბიჯ-ნაბიჯ

ამანდა სტეივლიზე და არაბულ ინვესტიციაზე ბევრი დაგვიწერია. ამანდა მძიმე დაავადებას ებრძვის, უკურნებელ დაავადებას, რომელიც მძიმე ზიანს აყენებს ფიზიკურად და გონებრივად, ეს წყევლა მას გენეტიკურად გადმოჰყვა. პროფესიულ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ემოციურად ალბათ სურს რომ იქამდე მიაღწიოს წარმატებას, სანამ ჯერ კიდევ საღი გონებით აღიქვამს ყველაფერს, მებრძოლი და გამბედავი ადამიანია, კლუბსაც კარგად მართავს.

თავიდანვე დაიწერა რომ მრჩევლებად შირერი და კიგანი ისურვა, ოფიციალურად არაფერი დაწერილა, მაგრამ ითქვა რომ მათ რჩევებს მიჰყვა, კერძოდ, უარი თქვა ჩამოწერილ ვარსკვლავებზე და აქცენტი გააკეთა ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებზე, რომლებიც 2-3 წელში უნდა იქცნენ მეგა-ვარსკვლავებად. გათვლა სწორი გამოდგა.

ნიუკასლი და სენ ჟერმენი არასდროს შეხვდერილან ერთმანეთს.

სრული სვლით

პარიზელებმა პირველი მატჩი დორტმუნდთან 2:0 მოიგეს. ჯგუფში გალიდერდნენ, რადგან მილანმა და ნიუკასლმა უგოლოდ დაასრულეს მატჩი.

სენ ჟერმენი მოგების შემთხვევაში კიდევ უფრო განიმტკიცებს პოზიციებს ე.წ “სიკვდილის ჯგუფში”.

მესისა და ნეიმარის წასვლის შემდეგ ფრანგები აღარ მიიჩნევიან ლიგის მოგების ფავორიტებად, მოახერხეს და ისევ შეინარჩუნეს კილიან მბაპე, მაგრამ დემბელეს მოსვლა მესისა და ნეიმარის საპირწონედ ბევრს არაფერს ნიშნავს.

ვიხსენებთ ჟინოლას

დიდი მცდელობის მიუხედავად დავიდს ვერ დავუკავშირდი, როგორც ჩანს, ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე ყოფილ კლუბებზე საუბარია. სენ ჟერმენსა და ნიუკასლში ათ ფეხბურთელს უთამაშია, მათგან მთავარი კი დავიდ ჟინოლაა. ისეთი ფეხბურთელი იყო.. ყველას უყვარდა, უყვარდათ პარიზშიც, უყვარდათ ნიუკასლშიც, სადაც სწორედ პარიზიდან გადავიდა.

დავიდ ჟინოლა სენ ჟერმენის ფორმაში

ბორუსია vs მილანი

მილანი დორტმუნდში ჩავა და მოგებას ეცდება, დიდი უპირატესობის მიუხედავად ნიუკასლს ვერ მოუგეს და ერთი ქულის ამარა არიან. დორტმუნდი კი მარცხის შემდეგ ეცდება პირველი ქულების მოპოვებას, ახლა თუ არა, მერე უკვე ძალიან გაჭირდება გამსვლელებში ჩართვა.

ველით გოლებსა და სანახაობას.

გუნდები ექვსჯერ შეხვდნენ აქამდე ერთმანეთს, პირველად შორეულ 1957/58 წლების სეზონში, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში. პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, მეორე კი მილანმა 4:1 მოიგო.

ამ დროს მილანის დაცვაში ჩეზარე მალდინი იდგა, პაოლოს მამა, კარში კი ლორენცო ბუფონი, ჯანლუიჯის ბაბუის ბიძაშვილი.

მომდევნო მატჩები ძალიან საინტერესო გამოდგა.

გახსოვთ დედე?

უეფას თასის ნახევარფინალში შეხვდნენ, 2001/02 წლების სეზონში. პირველ მატჩში დორტმუნდმა მილანი 4:0 გაანადგურა, იფრინა მარსიო ამორუზომ, რომელიც ზევით ნახსენებ კონკურენციაში იყო ჩართული – ჟარდელთან და ელბერთან. მარსიომ ჰეთთრიქი შეასრულა.

მატიას ზამერის დორტმუნდი მართლაც ძალიან კარგი გუნდი იყო, იან კოლერი, როსიცკი, ამორუზო, მეტცელდერი, კარში ლემანი, და დედე. ბევრს აღარ ახსოვს ეს დედე, მილანში კი ახსოვთ, რადგან ძალიან ძველი ბრაზილიური გაურია შუა უეფას თასზე, ზედიზედ სამ მილანელს გადაუგდო ბურთი თავზე, მიმიქარავს ნედვედის თავბრუსხვევა კაფუს გადამკიდე.

იმ სამ გაბითურებულში კიდე, როგორც მახსოვს გატუზოც გამოერია. აბა.. ასეთი ამბები იყო.

სან სიროზე მილანმა მაგრად დაიწყო, მაგრამ დრო აღარ ეყოთ. დიდი იმედებით შეხვდნენ ამ მატჩს, კარლო ანჩელოტი მონსტრის მშენებლობას იწყებდა, შევჩენკო დაუბრუნდა და ყველაფერი შესაძლებელი გახდა, ბოლო წუთებისთვის 3:0 მიჰყავდათ ანგარიში, მაგრამ კონტრშეტევა გაეპარათ და რიკენმა წერტილი დაუსვა ამ დრამატულ დუელს.

ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა ქართველმა, კახი კალაძემ.

ისევ, სიკვდილის ჯგუფი

მაშინ ხშირი იყო სიკვდილის ჯგუფები, რადგან ფორმატის მიხედვით ორი ჯგუფური ეტაპი ტარდებოდა. საუბარია 2002/03 წლების სეზონზე. სწორედ მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ ერთად დორტმუნდი, მილანი და მადრიდის რეალი. ლოგიკურად, მილანი და რეალი გავიდნენ ჯგუფიდან, გერმანელები კი ჩარჩნენ.

მილანმა პირველი მატჩი ფილიპო ინძაგის გოლით მოიგო, მეორეში კი დამარცხდა, მაგრამ უკვე გასული იყო ჯგუფიდან.

ეს სეზონი მილანმა ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა.

სად ვუყუროთ ჩემპიონთა ლიგას?

მატჩებს ტრადიციულად სეტანტა ტვ-ზე და პლატფორმაზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალყური. ბოლო წლებში ძალიან ხშირად ხვდებიან მანჩესტერ სიტი და ლაიფციგი. თუ აქამდე არ მოგბეზრდათ, შეგიძლიათ დრო და დრო გახედოთ ხოლმე.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე