საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რიგით მეორე მატჩი ბელგიის ნაკრებთან გამართა და ერთი ქულა მოიპოვა. თუ მატჩის მიმდინარეობას გავითვალისწინებთ შედეგი უფრო დადებითად უნდა ჩაითვალოს.
მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.
რამაზ სვანაძე: პირველ ტაიმში სათამაშო დისციპლინა დაირღვა, ასეთ მეტოქესთან ასე თამაში არ შეიძლება. მეორე ტაიმში კი ვაჩვენეთ ძლიერი მენტალობა და თამაში მოვატრიალეთ. პირველმა ტაიმმა დიდი გამოცდილება შეგვძინა. ადრეც აღვნიშნე, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებიც არ არიან ასეთ წნეხში თამაშს მიჩვეულნი. დიდი მადლობა მინდა მაყურებელს გადავუხადო მოედანზე მოსვლისთვის, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ანზორ მექვაბიშვილი: ორი განსხვავებული ტაიმი გამოგვივიდა. პირველ ტაიმში ყველაფერში დავიჩაგრეთ. ასეთი მძიმე თამაშის შემდეგ ერთი ქულის მოპოვება კარგი შედეგია.
სვანაძე: მხოლოდ მწვრთნელი მოედანზე გარემოს ვერ ცვლის. როცა არსებობს რწმენა იმისა, რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელია ერთიანობით, ასეთ დროს ყველაფერი გამოდის. პირველი თამაშის შემდეგ არ გვქონდა უფლება, რომ მოედანი თავაწეულს არ დაგვეტოვებინა.
იყო ტაქტიკური ცვლილებები, მაგრამ პირველ რიგში, მენტალური სიმტკიცით შევძელით ამ მატჩის მოტრიალება.
მექვაბიშვილი: გასახდელში ითქვა, რომ სტადიონზე ბევრი ქომაგი მოვიდა და არ გვქონდა უფლება ასე წაგვეგო. როგორი ანგარიშიც არ უნდა იყოს ჩვენი გუნდი ყურებს არასდროს არ ჩამოუშვებს.
სვანაძე: ნიკა გაგნიძეზე არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. ცოტა ხანში გამოკვლევებს ჩაიტარებს და პასუხი ხვალ გვეცოდინება. ერთი შეხედვით არ ჩანს მარტივი ტრავმა.
ფრეზე აქცენტი არასდროს გაგვიკეთებია. მეორე მხრივ არის რეალობა, სატურნირო ცხრილი უნდა გავითვალისწინოთ, ნიდერლანდებს ძლიერი გუნდი ჰყავს, ჩვენ ფრთხილად ვთამაშობთ, რადგან ასეთი რეალობა გვაქვს.
რატომ არ დასახელდა არცერთ თამაშში ქართველი ფეხბურთელი საუკეთესოდ? ალბათ უეფა თვლის, რომ უფრო გუნდურობით გამოვირჩევით.