პსჟ vs ბარსელონა – წინათქმა

უკვე მერვედფინალებში გახდა ნათელი რომ წინ ძალიან მაგარი მეოთხედფინალები გველოდა. ისე მოხდა რომ მთავარი ფავორიტები ერთმანეთს აცდნენ და ყველამ ერთად მოიყარა თავი მომდევნო ეტაპზე, რაც რაღაც მხრივ კლასიკური და ისტორიული მატჩების გარანტია გახდა.

ორი ასეთი მატჩი უკვე შედგა. მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის დუელი თრილერად იქცა ბერნაბეუზე. მეორე მხრივ კი არც არსენალსა და ბაიერნს დაუკლიათ. ვიხილეთ ის, რასაც ველოდით.

ახლა კი მომდევნო ეტაპის ჯერია, ასევე კლასიკად ქცეული – პსჟ vs ბარსელონა.

ურთიერთშეხვედრები – დრიმ თიმი vs ბრწყინვალე ტრიო

უკვე ბევრია გასახსენებელი. გუნდები პირველად 1994/95 წლებში გადაიკვეთნენ. კრუიფის დრიმ თიმი ისევ ფეხზე იდგა, მაგრამ რაღაც მაინც აკლდა, ეს რაღაც ბევრის აზრით მიქაელ ლაუდრუპი იყო, რომელიც კარპატელმა მარადონამ სრულფასოვნად ვერ შეცვალა. ჰაჯიმ ბარსას მაისურით ბევრი კარგი გოლი შეაგდო, მაგრამ ლაუდრუპის მემკვიდრედ მაინც ვერ იქცა.

ჯორჯ ვეა და სერჟი ბარჟუანი

მეორე მხრივ კი კრუიფს აღარ ჰყავდა რომარიო, რომელმაც 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და მას მერე მისთვის ყველაფერი სულ ერთი გახდა.

ასეთ დროს შეხვდა კრუიფის ბარსა ლუის ფერნანდესის სენ ჟერმენს, ასევე ძალიან კარგ გუნდს, რომელსაც დიდებული ტრიო ჰყავდა შეტევაში – რაის, ჟინოლასა და ვეას სახით. ჰოდა, გავიდნენ ფრანგები ნახევარფინალში. (2:1, 1:1)

ფენომენი

შემდეგი მატჩი 1997 წელს ჩატარდა, თასების მფლობელთა თასის ფინალში, ბარსას ამჯერად ბობი რობსონი წვრთნიდა, თავდასხმაში კი ბრაზილიელი რონალდო ბრწყინავდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ის გახდა და ერთადერთი გოლიც მან შეაგდო თერთმეტმეტრიანით.

რონალდო პსჟ-ის წინააღმდეგ

კამპ ნოუს ტალღა

შემდეგ იყო მეოთხედფინალი 2012/13 წლების სეზონში. ტიტო ვილანოვას ბარსა კარლო ანჩელოტის პსჟ-ის წინააღმდეგ. საფრანგეთში 2:2 დასრულდა, კამპ ნოუზე 1:1. მაშინ გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობა ჯერ კიდევ ითვლებოდა, ამიტომ, ბარსა გავიდა შემდეგ ეტაპზე.

ეს მატჩები კი განსაკუთრებით დაამახსოვრდათ ერთი დიდებული სურათის გამო. მესიმ საფრანგეთში ტრავმა მიიღო, მატჩი ვერ ჩაამთავრა. კამპ ნოუზეც სკამიდან დაიწყო და მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. მის წამოდგომასა და გასახურებლად წასვლას კი მთელი სტადიონის ისეთი შეძახილი მოჰყვა, თითქოს გადამწყვეტი გოლი გაეტანოთ მეტოქის კარში.

ეს დაუვიწყარი სურათია.

სუარესის მასტერკლასი

2014/15 წლების სეზონში ოთხჯერ მოუწიათ შეხვედრა. ჯერ ჯგუფურ ეტაპზე, მერე მეოთხედფინალში. ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ – სუარესის ათამაშებამდე და ათამაშების მერე.

ლუის სუარესი დავიდ ლუიზის წინააღმდეგ

მოგეხსენებათ, ამ სეზონში ბარსამ ურუგვაელი კი შეიძინა, მაგრამ კაი ხანს ვერ თამაშობდა, დისკვალიფიკაციას იხდიდა კიელინის დაკბენის გამო. გვიან ჩაერთო, გვიან შევიდა ფორმაში, გვიან დაუთმო მესიმ ცენტრალური ზონა, და როცა ყველაფერი დალაგდა, მერე ტრიოც შეუჩერებელი გახდა. ლუისმა კი პარიზში შავ დღეში ჩააგდო დავიდ ლუიზი.

რაც მოხდა, მოხდა

2016/17 წლების სეზონში ვერ იყო ბარსა ისეთი ძლიერი როგორც 2-3 წლით ადრე. საკადრო პოლიტიკამ კლუბი მაგრად დააზარალა. თითქოს გაწყვეტილი იყო დაცვითი და შემტევი ხაზი. თუ ინიესტა ტრავმის გამო თამაშს ტოვებდა, დამაკავშირებელ როლს ვერავინ ირგებდა. ჩავი წავიდა, ის კი ვერავინ შეცვალა, პეპმა ბარსას კროოსის შეძენა ურჩია, მათ კი ანდრე გომეში შეიძინეს. ინიესტას შემცვლელი სჭირდებოდა, მაგრამ არდა თურანი და დენის სუარესი ამას ვერაფრით შეძლებდნენ. სეზონის დაწყების წინ რობინ ვან პერსი თანახმა იყო მიზერულ ხელფასად გადასულიყო ბარსაში და მეოთხე თავდამსხმელის როლი მოერგო, ესე იგი, მზად იყო სკამიდან დაეწყო, ისე სურდა ამ შემადგენლობის ნაწილი გამხდარიყო, მათ კი პაკო ალკასერის შეძენა გადაწყვიტეს.

ლიონელ მესი რობერტოს გოლს აღნიშნავს

მოკლედ, ბართომეუს ეპოქა იდგა.

პსჟ- ი კი განვითარების ახალ საფეხურზე იყო ასული. ედისონ კავანის, დი მარისა და ვერატის დახმარებით.

ლეგენდარული დაპირისპირება ვიხილეთ, რომელიც ნეიმარის საოცარი პერფორმანსით და მესის ფოტოთი აღიბეჭდა. ესეც ჩრდილია. პატარა კაცის დიდი ჩრდილი, რომელმაც ნეიმარი აიძულა წასულიყო.

ამ ორი კლუბის ბედი კი სამუდამოდ გადაიკვეთა ერთმანეთთან, რადგან ნეიმარს წლების მერე ლიონელ მესიც მიჰყვა. თუმცა, მანამდე…

მესის ბოლო გასროლა

2020/21 წლის სეზონი. ლიონელ მესის ბოლო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონას მაისურით. გაისროლა შორიდან, შეარხია ფრანგების ბადე. იმედიც დააბრუნა, იქნებ კიდევ ერთი ქამბექის დრო მოსულიყო, მაგრამ ბარსა უკვე სულ სხვა გუნდი იყო. ბევრად სუსტი, მესის ამარა დარჩენილი.

მეორე მხარეს კი კილიან მბაპე ბრწყინავდა, რომელმაც კამპ ნოუზე ჰეთთრიქი შეასრულა.

სეზონი დასრულდა. მესიმ იტირა და პსჟ-ის ფორმა გადაიცვა.

ვინ როგორ ფორმაშია – ბარსელონა

ძალიან რთულია ამ კლუბის სათამაშო ფორმაზე საუბარი, მაშინ როცა მთელი კვირაა მათი თამაში არ გვინახავს, მანამდე კი ერთი მატჩი იყო სანაკრებო პაუზის მერე. ჩავის ბარსას ძალიან უჭირს პაუზის მერე დაბრუნება და ფორმაში შესვლა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნაპოლის ბარიერის დაძლევის მერე კლუბმა თვითრწმენა დაიბრუნა.

დაცვაში თამაში საგრძნობლად გამოასწორეს. კუნდემ საშინელი პირველი ნახევრის მერე უმაღლეს დონეზე დაიწყო თამაში. არაუხოს ერთი კონკრეტული მატჩის ჩატარება ყოველთვის შეუძლია, თუნდაც, მბაპეს წინააღმდეგ. გამოჩნდა პაუ კუბარსი, რომელიც მშვიდი, ნაადრევად დაბძენებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, საოცრად ამოაქვს ბურთი და არც ინტელექტი აკლია.

აი, ამის მერე იწყება პრობლემები, საყრდენ ზონასა და შემტევ ნახევარდაცვაში.

ბარსას 16 წლის ლამინე იამალის იმედი აქვს.

ბარსამ ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო. მათ შორის, ნაპოლისთან და მადრიდის ატლეტიკოსთან.

როგორ ფორმაშია პსჟ

ფრანგებსაც მსგავსი სერია აქვთ. ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგეს. ბოლო მატჩი ლიგა ერთში ფრედ, 1:1 დაასრულეს.

ლუის ენრიკეს პსჟ ძალიან განსხვავდება ტუხელის, პოჩეტინოსა და ემერის გუნდისგან. რა თქმა უნდა, თავისი მეთოდების დანერგვა დაიწყო, რაც ყოველთვის რთულია, მაგრამ ამ მეთოდების ხარჯზე ახალი ფეხბურთელები გამოჩდნენ, რომელთაც ძალიან მაღალ დონეზე შეძლეს თამაში.

პარიზელები ლიგა 1-ს 10 ქულით ლიდერობენ. მათი მთავარი მტერი სუსტი ჩემპიონატია, რთულია იმის ცოდნა რა დონეზე იმყოფები, როცა ყოველ კვირა ერთი თავით მაღლა დგეხარ ყველაზე.

მთავარი იმედი კი რა თქმა უნდა, კილიან მბაპეა, რმელიც ბოლო სეზონს ატარებს პარიზულ კლუბში და ეცდება ნანატრი ტიტულით დაასრულოს სეზონი.

დანაკლისი

პედრი და დე იონგი ვარჯიშს დაუბუნდნენ. ვარაუდობენ რომ ფრენკი ძირითადში დაიწყებს, პედრი კი სათადარიგოთა სკამიდან. ბარსას ამჟამად მხოლოდ ორი ფეხბურთელი აკლია, რომლებიც სეზონის ბოლომდე ვერ დაბრუნდებიან – ბალდე და გავი.

სენ ჟერმენი კიმპემბესა და ჰაკიმის მოისაკლისებს. პირველს აქილევსის ტრავმა აქვს, მეორეს კი დისკვალიფიკაცია.

“მათ დემბელე ჰყავთ”

ჩავის ეს სიტყვები ბევრმა ირონიად მიიჩნია, არადა, მას მართლა ძალიან მოსწონდა უსმანი. თან, ჩავის ხელში იმდენი ტრავმაც აღარ ჰქონია. ესპანელს აღუნიშნავს რომ ერთი-ერთზე დემბელე ძალიან ძლიერია, მაგრამ არასდროს უთქვამს რომ სწორ გადაწყვეტილებას თითქმის ვერასდროს ვერ იღებს, რაც მის აზროვნების უნარზე მაინც და მაინც კარგ წარმოდგენას ვერ გვიქმნის.

ლუის ენრიკე vs ჩავი

ენრიკე რომ მადრიდიდან ბარსაში გადაბარგდა ჩავი ჯერ კიდევ ლა მასიაში იყო და სულ მალე ვან გაალმა დააწინაურა. კარგი თანაგუნდელები იყვნენ, მაგრამ ლუის ენრიკეს საფეხბურთო პერიოდი მაინც ბარსას წარუმატებელ ეპოქას უკავშირდება. მერე ის წავიდა, ჩავი დარჩა და დიდი ეპოქის ნაწილი გახდა.

ენრიკე დაბრუნდა როგორც მწვრთნელი და სადებიუტო სეზონში მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას. სწორედ იმ სეზონში როცა ჩავი ჯერ კიდევ კლუბში იყო. ტრიპლეტის მერე ერნანდესმა კლუბი დატოვა.

მოგვიანებით წავიდა ლუის ენრიკეც და ბარსაში ძალიან უცნაური და მძიმე დროება დაიწყო. მოვიდა ლაპორტა და საშველად ჩავის უხმო. ბევრს მუშაობს ერნანდესი, რაღაცებს ერევა, რაღაცებს ვერა. სეზონის ბოლოს წავალო, ესეც გამოაცხადა, თუმცა, ლაპორტა უკვე მისი დარჩენის მომხრეა.

ჩავის მომავალი მისივე ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული.

პსჟ vs ბარსელონა – სად ვუყუროთ?

მატჩის ყურებას სეტანტას სატელევიზიო არხებსა და Setantasports.com-ზე შეძლებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე