სარჩევი
world cup first round summary | Setanta Sports

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა, როგორც წესი, მეორე წრეში ისეთი ამბები ხდება, რომ პირველ წრეში მიღებულ შთაბეჭდილებას თავდაყირა აყენებს, ასე გვასწავლის ისტორია, ამიტომ, დაველოდოთ, მანამდე კი უნდა ითქვას, რომ ჩემპიონატი ამართლებს, გვაქვს სანახაობა, მაღალი ტემპი, დრამატიზმი და იმედგაცრუებაც.

მთავარი სენსაცია

ორი დიდი მარცხი გვქონდა პირველ წრეში, ერთს შეგვიძლია სენსაცია დავარქვათ, დაახლოებით ისეთი მასშტაბის, მსოფლიო ჩემპიონმა არგენტინამ რომ კამერუნთან წააგო 1990 წელს, მაშინაც შეძრა ამ ამბავმა მსოფლიო და ახლაც გონზე ვერ მოსულა ხალხი ისეთი დღე აყარეს არაბებმა. მატჩი იყო ყველაფრით საინტერესო, პირველივე წუთებზე ვნახეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავანტიურა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში. რენარმა მთელი დაცვის ხაზი მოედნის ცენტრამდე ასწია, ფაქტობრივად გააქრო სივრცე არგენტინელთა ნახევარდაცვისა და თავდასხმის ზონებს შორის. მან იცოდა, რომ ითამაშებდა ლაუტარო, მესი და დი მარია, შესაბამისად, არ შეუშინდა არცერთის სისწრაფეს, არადა, მესი ის ფეხბურთელია, რომელსაც ასეთი ტაქტიკის პირობებში ერთი პასით შეუძლია ყველაფერი დაამთავროს. რენარი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ მისი მცველები სისწრაფეში არ დაიჩაგრებოდნენ, იმას კი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ არგენტინელები ერთ სწორ პაუზას მაინც ვერ აიღებდნენ  თამაშგარე მდგომარეობის ბარიერის დასაძლევად. მესი და დი მარია აღარ არიან ისეთი სწრაფები როგორიც წლების წინ იყვნენ, ლაუტარო კი საჯარიმოს ფორვარდია, რენარის ამოცანა იყო მესი რაც შეიძლება შორს ჰყოლოდა თავისი კარიდან, ჰოდა, ასეთი სიგიჟე მოიფიქრა, აი, სკალონის არაფერი მოუვიდა თავში და არგენტინელები დამარცხდნენ.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინა საუდელთა აგრესიულ პრესინგს მოუმზადებელი შეხვდა, ესეც რენერის მორიგი სურპირიზი იყო.

მესი მშვიდია, გულშემატკივარსაც ნდობისკენ მოუწოდა. ფაქტია, რომ რენერის ტაქტიკამ იმუშავა, მაგრამ ძალიან მეეჭვება ამ ავანტიურაში ვინმემ მიბაძოს. საუდის არაბეთს კი გაცილებით დიდი ყურადღებით მიადევნებენ თვალყურს.

დეტალების ხალხი

ჯგუფი ისედაც რთულია, ერთი მარცხიც კი დამღუპველია. მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული და უსწრაფესად ფეხზე წამომდგარი ხალხი შეხვდა ერთმანეთს, ხალხი, რომელიც ყველაზე მეტად სცემს პატივს დროს. ორი ამბავია სათქმელი, ერთი ის, რაც უკვე დავწერეთ პროგნოზებში, – გერმანული ფილოსოფია თანმიმდევრობითია, ჯერ საძირკველი იყრება, მერე პირველი აგური იდება, მერე კი შეიძლება მრავალფეროვნებაზე ფიქრი, ბოლოს შედეგიც მოდის, ყოველთვის მოდის. ფლიკი ჯერ საძირკველს ყრის, ამიტომ, პირველი მარცხი ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა. ეს კლუბი არ არის, რომ ყოველ კვირა პროგრესირებდეს, ნაკრები დიდ ტურნირებზე იზრდება, ფლიკისთვის კი ეს პირველი დიდი ტურნირია გერმანიის ნაკრებთან ერთად. მდგომარეობა უმძიმესია, რადგან მომდევნო მატჩი ესპანეთის ნაკრებთან შედგება, იმ ესპანეთთან, რომელმაც ლიოვის გერმანია 6:0 გაანადგურა ერთა თასზე, გერმანელები ასეთ ამბებს არ ივიწყებენ, რა თქმა უნდა, რევანშისტული განწყობა ექნებათ, თუმცა, პირველი სადარდებელი მაინც ქულების აღება იქნება. სანამ ეს მატჩი დაიწყება იაპონიისა და კოსტა რიკის მატჩის შეხვედრა უკვე ცნობილი იქნება, თუ იაპონელებმა იმარჯვეს, გერმანიას მხოლოდ და მხოლოდ მოგება დასჭირდება, წაგების შემთხვევაში ჩემპიონატს დაემშვიდობებიან. თავის მხრივ, ესპანეთს შეუძლია ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მეორე ტურშივე ჩატოვოს ჯგუფში. გერმანიის ნაკრებისთვის ზედიზედ მეორე ჩარჩენა იქნება, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

მეორე ამბავი იაპონიას შეეხება, 2009 წელს ვესტუმრე ამომავალი მზის ქვეყანას და ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთ ხელმძღვანელსაც გავესაუბრე, მოგვახსენა, რომ 2030 წელს იაპონია ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები იქნებაო, მერე დააყოლა – მე ცოცხალი აღარ ვიქნები, მაგრამ ჩემ დასადებ აგურს დავდებო. აი ასეთი ხალხია. არის ამაში ძალიან დიდი თავგანწირვა, საკუთარი პროფესიისა და ქვეყნის მიმართ. მათი თამაში, მათი დამოკიდებულება, მათი ქცევა, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების, უბრალოდ აღფრთოვანებას იწვევს. არ ვიცი ამჟამად სადამდე წავა იაპონია, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ წარმატებულ თამაშში ჰარუტოსაც თავისი წვლილი მიუძღვის, მისი დადებული აგური უკვე კარგად ჩანს.

ყველაზე ლამაზები

ინგლისის, ესპანეთის, საფრანგეთისა და ბრაზილიის თამაში განსაკუთრებით გამოსარჩევია, არა მხოლოდ მოიგეს თავიანთი მატჩები, არამედ სიამოვნებაც მიიღეს და ლამაზი გოლებიც შეყარეს. საფრანგეთის ნაკრებმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად დიდი დანაკლისისა მაინც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, მსოფლიო ჩემპიონები ერთ-ერთი ფავორიტები არიან და ისიც უნდა ითქვას, რომ პოლ პოგბასა და ქარიმ ბენზემას გამოკლება რაღაც მხრივ წაადგათ კიდეც. ერთი მხრივ, პოგბასა და მბაპეს შორის ვერ იყო დალაგებული ურთიერთობა და საერთოდ, პოგბა არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდური სულისკვეთების მატარებელია. მეორე მხრივ, ბენზემა რაღაც მხრივ მაინც შეზღუდავდა კილიანს, ქარიმს უყვარს ბურთთან ხშირი შეხება, ოლივიე ჟირუ კი გამოკვეთილად საჯარმოს ფორვარდია, ნაკლები შეხებით თამაშობს და საჯარიმოში ელის თავის შანსებს, ამ დანაკლისმა მბაპეს როლი კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ მიიღო ის სურათი რისი ხილვაც ყველაზე მეტად სურდა, ახლა ერთპიროვნული ლიდერია.

უნდა ითქვას დემბელეზეც, კარგი მატჩი ჰქონდა, როცა ერთ ფლანგზე მბაპე გყავს, მეორეზე კი დემბელე, ნიშნავს იმას, რომ გუნდი არ მოიძებნება ჩემპიონატზე, რომელიც ამავე სისწრაფეზე შეძლებს თამაშს, ეს ფრანგების ძალიან დიდი უპირატესობაა.

ესპანეთი

ესპანეთმა დახატა! გააგრძელა ენრიკემ ის საქმე, რაც ევრო 2020-ზე დაიწყო. გუნდი იდეალურად არის მომზადებული ტაქტიკურად, ყველამ იცის რასაც თამაშობს და ისეთივე დომინანტურები არიან, როგორც საუკეთესო წლებში. ენრიკეს ხელში ბუსკეტსი და ალბა ბევრად უკეთესად გამოიყურებიან, ვიდრე კლუბში, პედრი და გავი მატჩიდან მატჩამდე განიცდიან პროგრესს, დანი ოლმო და ფერან ტორესი ისე ბრწყინავენ, როგორც ევროზე. ერთი სიტყვით, ლუის ენრიკემ ზუსტად იცის რასაც აკეთებს, თან ძალიან ლამაზად აკეთებს. მეორე წრეში გერმანიასთან შეხვედრაში გამოჩნდება რამდენად შეუძლია ამ გუნდს ჩემპიონობა, აქ უკვე ცივსისხლიანობა იქნება საჭირო.

ბრაზილია

ბრაზილიამ მოიგო ბრაზილიურად, ბურთის გორებით, კომბინაციებით, ფინტებით, ლამაზი დარტყმებით და რიშარლისონის ჯერჯერობით ტურნირის საუკეთესო გოლით. რამდენიმე კითხვაზე მივიღეთ პასუხი, – ჟეზუსს რიშარლისონი არჩიეს და ამან გაამართლა. ნიემარს და ვინისუსს კი მშვენივრად გამოსდით ერთად თამაში. ეს იყო ბრაზილიელთა საწუხარი, ორი მთავარი ვარსკვლავიდან ორივე მარცხენა გარემარბია, მარჯვნივ ცოტა არ იყოს ეცემა დონე, ჯერ არც რაფინიაა მათი დონის, არც ანტონი და არც როდრიგო. მარტინელი კი ასევე მარცხნიდან უკეთესია. ამჟამად არაფერი გაფუჭებულა, პლეიოფში კი ყველა დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

ნეიმარმა მძიმე დარტყმა მიიღო და ყველას იმედი აქვს, რომ ისე არ დაამთავრებს ჩემპიონატს, როგორც 2014 ში დაამთავრა.

ინგლისი

ინგლისის ნაკრებს ახალგაზრდული, ძალიან ენერგიული, სწრაფი და აგრესიული გუნდი ჰყავს, მაგრამ მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვერა და ვერ გადაჭრეს ის პრობლემა, რაც ათწლეულების მანძილზე ჰქონდათ. ჭკვიანი ნახევარმცველი ცენტრში, რომელსაც ტემპის კონტროლი შეუძლია, – ბოლოს ასეთი პოლ სქოულზი იყო, იმდენი ქნეს მარცხენა ფლანგზე აღმოჩნდა, ადგა პოლი და წავიდა. მას მერე ინგლისს მსგავსი სტილის ფეხურთელი არ ჰყოლია. ჯერარდი დიდი ლიდერი იყო, ლამპარდი ყველაზე გამტანი ნახევარმცველი, მაგრამ პოლის მსგავსი ორგანიზატორი არცერთი არ ყოფილა. ახლაც ვერ ვხედავ მის მსგავს ნახევარმცველს. ბელინგემი ასევე გამტანი და ტექნიკური ნახევარმცველია, მაგრამ რამდენად შეძლებს გადამწყვეტ მომენტში სადავეების ხელში აღებასა და სათამაშო ტემპის გაკონტროლებას, ეს უკვე სხვა საქმეა. მე მგონი, რომ არც არის ეს მისი საქმე. ერთი ეს არის, თორემ გრძელი და სწრაფი ფრთები აქვს ინგლისის ნაკრებს, ისეთი რომ ძალიან შორსაც გადააფრენს.

რონალდუ

კიდევ ბევრია სათქმელი და მეორე წრისთვის მოვიტოვოთ. პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია მეორე წრეში გვათქმევინებენ ორიოდ სიტყვას. აქვე რონალდუს მივულოცავთ კიდევ ერთ რეკორდს, ჩვენს თალწინ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ მუნდიალზე შეძლო გოლის გატანა. როდის მოიხსნება ეს რეკორდი კაცმა არ იცის, შესაძლოა, იმდენი დრო დასჭირდეს, რამდენიც პელეს რეკორდებს. თავის მხრივ, ფეხბურთის მეფე იყო კაცი, რომელსაც შეეძლო ამ რეკორდის დამყარება, მაგრამ 1974 წლის მუნდიალზე პოლიტიკურ მიზეზთა გამო არ წავიდა.

რონალდუ სულ წინ იხედება, უკვე ახალი რეკორდიც ექნება მიზანში ამოღებული.