სარჩევი
2021 მაი 06, 15:47 შშ
6 წუთის საკითხავი

ბრაზილიელებს აქვთ „ჯინგა“. სტილზე თუ მიდგა საქმე მათ ვერავის გაუტოლებ. ბურთის ჯადოქრები იყვნენ და დღემდე რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ 50-იანებიდან მოყოლებული, ასეთი სუსტი ინდივიდუალისტები არ ჰყოლიათ. ნეიმარის ამარაა დარჩენილი მათი ფანტაზია. ის ძველი ენატრებათ და ტიტეც ამიტომ უყვართ, დუნგასგან განსხვავებით, ტიტემ ბრაზილია საკუთარ იდენტობას დაუბრუნა.

მცირე ხნის წინ მიმოვიხილეთ ურუგვაული „გარა ჩარუა“. ფილოსოფია, რომელიც ნებისმიერი ძალის მოწინააღმდეგესთან ბრძოლას გულისხმობს, რწმენას, რომ ყველას დამარცხება შესაძლებელია. სწორედ ამაზე დგას ურუგვაული ფეხბურთის იდენტობა და ოსკარ ტაბარესსაც ამიტომ აფასებენ, ურუგვაელები მიიჩნევენ, რომ მათ ნაკრებში „გარა ჩარუა“ ტაბარესმა დააბრუნა. 

და რა ხდება ამ დროს არგენტინაში? არგენტინაში ქაოსია.

არგენტინული დუალიზმი

საწყისი წერტილი „ლა ნუესტრა“ იყო, იდეალისტური, რომანტიკული ფეხბურთი, რომელიც თითქოს მოერგო არგენტინელთა იდენტობას, მაგრამ პირველივე დიდი კრახის შედეგად საერთაშორისო ასპარეზზე, არგენტინელთა ნაწილმა საკუთარი იდენტობა უარყო. 

აღმოჩნდა, რომ არგენტინელი იმდენად ვერ იტანს წაგებას, რომ შეუძლია იდეალიზმსა და რომანტიკაზე უარი თქვას. აღმოჩნდა, რომ არგენტინული იდენტობა ერთ ჩარჩოში ვერ თავსდება, განსხვავებით ბრაზილიისგან, ურუგვაისგან, ჰოლანდიისგან ან იტალიისგან, გზიდან ამ ასწლეულის განმავლობაში ბევრს გადაუხვევია, მაგრამ, როგორც წესი, იდენტობას ყველა უბრუნდება, რადგან ამის გარეშე არაფერი გამოდის. არგენტინაში კი დუალიზმი გვაქვს.  

ევრო 2000-ზე, ყველაზე დრამატულ ნახევარფინალში, როცა იტალიელებს კაცი გაუძევეს, გულშემატკივარი ერთხმად ითხოვდა კატენაჩოს! ეს მათი სულის ნაწილი და გულის ამოძახილია. კატენაჩო არ გულისხმობს მხოლოდ დაცვას, როგორც ეს უშნოდ არის გავრცელებული საფეხბურთო წრეებში, კატენაჩო არ არის ე.წ. ავტობუსი, კატენაჩო უბრალოდ დაცვის ფილოსოფიაა, რომელიც დღესაც მშვენივრად ადაპტირდა თანამედროვე ფეხბურთთან, რისი უნიკალური მაგალითიც ევროს მომგები იტალიის ნაკრებია. ეს მათ გენეტიკაშია, ალბათ პრეტორიანელებიდან მოყოლებული. 

და როგორია არგენტინული სული? გახლეჩილია. იდეალისტურ და პრაგმატულ ნაწილებად. ორივე ნაწილი სამუდამო დიდებისთვის იღვწის, მაგრამ ერთ ნაწილს ჰგონია, რომ სამუდამოდ ცოცხლობს იდეა და ფილოსოფია, ხოლო მეორე ნაწილს ჰგონია, რომ სამუდამოდ ცოცხლობს მხოლოდ გამარჯვება. 

არგენტინა პირველ ოქრომდეც გახლეჩილი იყო, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მოკლე მონაკვეთში ორი ოქრო მოიგეს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. იდეალისტი მენოტი და პრაგმატიკოსი – ბილარდო. რომ არა მათი გამარჯვებები, ამ სიგიჟეს დღემდე სახელი არ ექნებოდა. მას მერე, რაც არგენტინულ დუალიზმს სახელი ეწოდა, მენოტისტები და ბილარდისტები ისე ჭამენ ერთმანეთს, როგორც თავის დროზე ჭავჭავაძისტები და მაჩაბლისტები. 

დუღილის ტემპერატურა ყოველთვის უკიდურესად მაღალია, ერთმანეთს მცირე ფეხის დაცდენასაც არ პატიობენ. უბრალოდ შეუძლებელია, რომ ვინმე ისე დიდხანს გაჩერდეს მწვრთნელად, როგორც მაგალითად ტაბარესი გაჩერდა ურუგვაიში, გაჩერდა, წავიდა და წასული მოაბრუნეს. ეს არგენტინაში გამორიცხულია, რადგან ვინმე მენოტისტი თუ წავა, უმალ გაჩნდება მის ადგილზე ბილარდოს სკოლის წარმომადგენელი და თავის ადგილს არაფრის დიდებით არ დათმობს. 

არგენტინული ფეხბურთი ყოველთვის ქაოსზე იდგა, არ არის გასაკვირი, რომ ტერმინი „ორგანიზებული ქაოსი“, ფეხბურთში სეზარ ლუის მენოტიმ შემოიტანა.  

ქაოსის ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია, ეს იმის ტოლფასი იქნება, რომ არგენტინელს რევოლუციური ვნება წაართვა, ამის გარეშე ჩე გევარა მხოლოდ ექიმი იქნებოდა, მარადონა კი უბრალო ფეხბურთელი, ამის გარეშე, არგენტინა საერთოდ აღარ იარსებებდა. 

ქაოსი კიბეა, – როგორც ის ვერაგი კაცი ამბობდა, შესაძლებლობაა, რომელიც სიმაღლეების დაპყრობაში გეხმარება, ქაოსის მართვა კი არგენტინაში მხოლოდ რევოლუციური ძალით შეიძლება, წესრიგისა და ქაოსის სინთეზი ორივე ფილოსოფიის მთავარი მიზანი იყო, ოღონდ მათი მეთოდები განსხვავდებოდა. როგორც წესი, ბილარდისტების გუნდში არგენტინელი მესიების, დიდი ათიანების როლი განუზომელია, ხოლო მენოტისტები ცდილობენ, რომ წინ გუნდური თამაში წამოწიონ, ეს ხან გამოდის, ხან არა, მაგრამ ჩანაფიქრი ასეთია. 

იდენტობა 

სანამ საფეხბურთო სამყარო თვითძიების პროცესს დაძლევდა, თავს იპოვიდა, შემდეგ კი დაიკარგებოდა, მანამდე ეს პროცესი კულტურაში უკვე ჩავლილი იყო. მაგალითად, ლიტერატურაში, დიდი დრო წაიღო თვითძიებამ, საკუთარი იდენტობის მიღებამ, ბოლოს კი ყველაფრის უარყოფამ. ფეხბურთში სტილის დაკარგვა ფრანკლინ ფოერმა გლობალიზაციას მიაწერა, ხოლო ხელოვნებაში ზღვარი პოსტმოდერნიზმმა წაშალა. მთელი სახელოვნებო სამყარო ფორმის ძიებაზეა გადასული, რადგან არსობრივად ახალს ვერაფერს იტყვი, უკვე ყველაფერი ნათქვამია. 

მიუხედავად ამისა, გვაქვს პოსტმოდერნისტული შედევრები და საფეხბურთო გლობალიზაციის პირობებშიც გვყავს მესი და რონალდუ, რომლებმაც თავიანთი ეპოქა შექმნეს, ეპიკური პერიოდი, რომელსაც უკვე მითოსური ხასიათი აქვს. არ უნდა გამოგვრჩეს გვარდიოლას გამოჩენა და ესპანური ფეხბურთის დომინაცია, კონკრეტული ფილოსოფიის პირობებში, თითქოს იპოვეს ის, რასაც მთელი 100 წელი ეძებდნენ. შესაძლოა, ფეხბურთი ისეთი მრავალფეროვანი აღარ არის, მაგრამ ტენდენცია ისეთია, რომ გუნდები ფესვებთან მიბრუნებას იწყებენ. 

არგენტინას რომ მივუბრუნდეთ და ვეცადოთ, რაიმე დავარქვათ მათ ფეხბურთს, რაიმე ისეთი, რაც დუალისტურ საფეხბურთო ფილოსოფიას ერთ ჭრილში მოაქცევს, მე „რაიუელას“ (Rayuela) ვუწოდებდი, თამაშს, რომელსაც ჩვენთან „კლასობანას“ ეძახიან. ასე დაარქვა ხულიო კორტასარმა თავის ყველაზე ცნობილ რომანს, ამ რომანის სტრუქტურა კი ყველაზე მეტად ჰგავს არგენტინულ ფეხბურთს და საერთოდ, არაფერი ჰგავს ისე სამხრეთამერიკულ ფეხბურთს, როგორც მაგიური რეალიზმი! 

მენოტის მსგავსად, კორტასარმაც ქაოსის ორგანიზება მოახდინა, თავისივე არეულ-დარეული თხრობა ჩარჩოში მოაქცია და გვითხრა – როგორც გინდათ, ისე წაიკითხეთ, თუ გნებავთ ქაოტურად, სადაც დაიკარგები, მაგრამ არსთან უფრო ახლოს იქნები, რადგან სწორედ გზიდან გადახვევის მერე, სწორედ დაკარგვის მერე, პოულობ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია; ან წაიკითხე დალაგებულად, მაგრამ თუ დალაგებულად წაიკითხავ, მაშინ წინ და უკან ხტუნვა მოგიწევს, 73-დან პირველ გვერდზე, 58-დან 131-ზე და ა.შ., წინ და უკან, ისე, როგორც „კლასობანას“ თამაშის დროს, ისე – როგორც არგენტინული ფეხბურთის დროს.  

„კლასობანას“ საუკეთესო ილუსტრაცია ალბათ 1994 წელს გატანილი გოლია, საოცარი კომბინაცია, რომელიც დიეგომ დაასრულა ულამაზესი დარტყმით. ეს არ არის წინასწარ დამუშავებული კომბინაცია, მარტივი მესამეზე ან მეოთხეზე პასი, რომელიც ვარჯიშებზე ავტომატიზმამდეა დაყვანილი. არა, ყოველთვის ჩანდა და ახლაც ჩანს ჩანაწერში, რომ სრული იმპროვიზაციაა, წამებში მიღებული გადაწყვეტილებებით, ოღონდ არა მექანიკურად, არამედ გააზრებულად, უსწრაფესად გათამაშებული ბურთი და გასროლა! 

ეს იყო არგენტინა. ეს იყო „კლასობანა“ აშშ-ის მუნდიალზე.

კორტასარამდე ალბათ მისი მპოვნელი და მასწავლებელიც უნდა მეხსენებინა, ლათინოამერიკული ლიტერატურის პატრიარქი, ხოსე ლუის ბორხესი. ბორხესს ძალიან აღიზიანებდა ფეხბურთის პოპულარობა, მას ეკუთვნის ის ცნობილი ფრაზა, რომლის შემდეგაც ფეხბურთის მოძულე მწერლების ბანაკში აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, მწერლებს ფეხბურთის მიმართ უბრალო დამოკიდებულება არასდროს არ აქვთ, ისინი ან აღმერთებენ სპორტის ამ სახეობას, ან ეზიზღებათ. 

„ფეხბურთი იმიტომაა პოპულარული, რომ სისულელეა პოპულარული“, – აი, ეს იკადრა და გვაკადრა ძია ხოსემ, მაგრამ მას ჰქონდა ამის უფლება.

ერთ-ერთ ჟურნალთან დაუსახელებია ის მიზეზი, რასაც ახლაც ხშირად მოისმენთ, პოეზიისგან ასე დაცლილი სანახაობა ცხოვრებაში არ მინახავსო. დღესაც ამბობენ, რომ ფეხბურთში რომანტიზმი მოკვდა, ერთ დროს ხელოვნებამდე აყვანილი სპორტის სახეობა უბრალო მძლეოსნობად გადაქცევის საფრთხის წინაშეა, მაგრამ ფეხბურთს უკვე გამოუვლია მსგავსი პერიოდები. 

მენოტისტები ამბობენ, ბორხესი მხოლოდ ერთხელ იყო სტადიონზე, ბილარდისტების ფეხბურთი ნახა და პირველი ტაიმის მერე სახლში წავიდაო. მენოტი გიჟდებოდა ბორხესზე და მენოტისტებს მიაჩნიათ, რომ ბორხესიც გაგიჟდებოდა მენოტიზე, მაგრამ არასწორ დროს მოხვდა, არასწორ ადგილზე. 

როცა მსოფლიო ფეხბურთს მთავარი ხელოვანი მოევლინა და რევოლუციური პოეზია შემოგვთავაზა, ძია ბორხესი ვეღარ ხედავდა. მხედველობა წაერთვა და წარმოსახვის ამარა იყო დარჩენილი.  

არგენტინის მეორედ გაჩემპიონებას ვერ მოესწრო, ვერ ნახა დიეგოს შედევრი ინგლისთან, თითქოს ორ ასეთ დიადს ერთი ქვეყანა ვერ დაიტევდა, სანამ დიეგო აცტეკაზე რაღაც სასწაულს დაატრიალებდა, ერთი კვირით ადრე, ხოსე ლუის ბორხესი აღესრულა. რომ ეცოცხლა, წარმოსახვით შეძლებდა იმის დანახვას, რაც მოედანზე ხდებოდა და იქნებ უფრო მაგრადაც დაენახა, ვიდრე რეალურად იყო, ლეგენდარული ჰუგო მორალესის კომენტარებიც წაეხმარებოდა: 

Genio! Genio! Genio! Ta-Ta-Ta-Ta-Ta! Goooooooool!!!!

ბორხესი რომ ამას მოსწრებოდა, აზრი ნამდვილად შეეცვლებოდა ფეხბურთზეო, დღემდე ჩივიან არგენტინელები. ვერ პატიობენ, რომ მისივე დონის პოეტი ვერ დააფასა, არადა, იმითაც იყო ცნობილი, რომ ნიჭის დანახვა და აღმოჩენა შეეძლო. 

სიბრმავე ქაოსის ნაწილია, სიმბოლურია ის, რომ ლათინოამერიკული ლიტერატურის სულიერი მამა, დაბრმავდა. უმბერტო ეკოს „ვარდის სახელში“, ერთ-ერთი პერსონაჟი, ხორხე, სწორედ ხოსე ლუის ბორხესის პროტოტიპია, ხორხე ბრმაა, მაგრამ მხოლოდ ის ახერხებს ლაბირინთად ქცეულ ბიბლიოთეკაში გზის გაკვლევას, დანარჩენ ბერებს ამის უნარი არ გააჩნიათ, ამ ბრმა კაცს კი შერლოკ ჰოლმსის პროტოტიპი, უილიამ ბასკერვილელი დასდევს, ცდილობს, თავისი ნახაზებითა და ტაქტიკით ლაბირინთს რაიმე გაუგოს, მაგრამ კაცი, რომელიც თვალში ვერ იხედება, უბრალოდ გრძნობს იმას, რის ამოხსნასაც სხვები ნახაზებით ცდილობენ. 

აბა, რას გაუგებდნენ ინგლისელები მარადონას?!