სერია A-ს 2024/25 წლების სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი შაბათს, 21:00 საათზე გაიმართება. მეორე ადგილზე ჩამოლაბორანტებული ნაპოლი შინ, კამპანიაში ცხრილის ამჟამინდელ ლიდერს, ინტერს დაუხვდება. ნაპოლი VS ინტერი – დიეგო არმანდო მარადონა ექვსქულიანი მატჩის მოლოდინში.
ნაპოლი VS ინტერი – სათამაშო ფორმა
მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს გუნდი რამდენიმე ტურის განმავლობაში მცირედით წინ იყო ინტერზე, ნაპოლის სათამაშო ფორმის გაუარესებამ ცხრილის ქვედა საფეხურზე ჩამოსვლა გამოიწვია. ფორმის გაუარესება ზედიზედ სამი მატჩის ფრედ დასრულებაში გამოიხატება, რასაც დაგვირგვინებად წინა ტურში კომოში გასვლა ახლდა, სადაც ნეაპოლელები დამარცხდნენ.
ნაპოლი არის ერთ-ერთი იმ ოთხი გუნდიდან, რომელსაც უკანასკნელ 4 შეხვედრაში გამარჯვება არ დაუსაკუთრებია. დანარჩენი სამი მათგანი სერია A-ს გასავარდნ ზონაში იმყოფება. ეს კი, ალბათ, ყველაზე კარგად აღწერს კრიზისის სიმწვავეს.
რაც შეეხება სიმონე ინძაგის გუნდს, შესაძლოა ბიშონე უკანასკნელ ტურებში ისეთი დამაჯერებელი ვერ არის, როგორც სეზონის წინა ნახევარში იყო, მაგრამ აუცილებლად მოსაგებ მატჩებში გამარჯვებით ინტერმა მიზერული უპირატესობა მოიპოვა კონკურენტებთან მიმართბით.
ფიორენტინასა და იუვენტუსის წინააღმდეგ განცდილ მარცხებს გაგრძელება აღარ ჰქონია. ინტერმა მძიმედ, მაგრამ მაინც მოუგო ჯუზეპე მეაცაზე ჯენოას. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ის დეტალიც, რომ ბიშონეს შუაკვირაშიც არ დაუსვენია, რადგანაც კოპა იტალიის მეოთხედფინალში ლაციოსთან ელოდა მატჩი. ინძაგის შეგირდებმა ამ შეხვედრაშიც გაიმარჯვეს და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს, შემდეგ ეტაპზე მათ თანაქალაქელი მილანი ელოდებათ.
თუმცა, კოპა იტალიის მიღმა არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ფრონტი, რომელსაც სერია A ჰქვია.
ნაპოლი VS ინტერი – ჯეკ რასპადორი თავის გზაზე
მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლი მთელი თებერვლის განმავლობაში არ ყოფილა რესპექტაბელურ ფორმაში, ჯაკომო რასპადორი ერთ-ერთია პართენოპეელთა იმ მცირერიცხოვან მოთამაშეთაგან, რომლებიც ურიგოდ არ გამოიყურებიან სათამაშო კონდიციის მხრივ. კომოსა და ლაციოს წინააღმდეგ ბოლო ორი გასვლიდან მას ორი გოლი აქვს გატანილი, ორივე მატჩში სრულად ითამაშა 90 წუთი; ეს პირველად მოხდა სერია A-ში მთელი სეზონის განმავლობაში.
მოსალოდნელია, რომ შეტევაში რომელუ ლუკაკუსთან ერთად სწორედ ჯეკი დაიწყებს, რასპადორი ამჟამად არის ის საშიშროება, რომელსაც ინტერმა და კონკრეტულად ალესანდრო ბასტონიმ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.
ნაპოლი VS ინტერი – დანაკლისი & სავარაუდო შემადგენლობა
ნაპოლი დღეს გუნდის ორი უმნიშვნელოვანესი წევრის გარეშე იქნება წარმოდგენილი. ბრაზილიელი გარემარბის, დავიდ ნერესის გარდა, კონტემ ანდრე-ფრენკ ზამბო ანგისაც დაკარგა, რომელმაც გასულ კვირას კომოსთან მატჩში მიიღო დაზიანება. გარდა ამისა, ტრავმა აწუხებს პასკუალე მაძოკისაც.
ინტერის მხარესაც შეინიშნება მნიშვნელოვანი ფეხბურთელების არყოფნა. სიმონე ინძაგის პირველი მეკარე, იან ზომერი გამოაკლდა ცერა თითის მოტეხილობის გამო. კარლოს აუგუსტოს, მატეო დარმიანისა და ნიკოლო ჟალევსკის არყოფნით გამოწვეულ დანაკლისს დენზელ დუმფრისი და ფედერიკო დიმარკო შეავსებენ.
სავარაუდო შემადგენლობა
ნაპოლი: მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო; პოლიტანო, ბილინგი, ლობოტკა, მაკტომინეი, სპინაცოლა; რასპადორი, ლუკაკუ.
ინტერი: ხოსეპ მარტინესი, პავარი, აჩერბი, ბასტონი, დუმფრისი, ბარელა, მხითარიანი, ჩალჰანოღლუ, დიმარკო, ტურამი, ლაუტარო მარტინესი.
ნაპოლი VS ინტერი – პირდაპირი რეპორტაჟი
სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალური მატჩის ხილვას Setanta Sports 2-სა და setantasports.com-ზე შეძლებთ. მატჩის კომენტატორები კი ლუკა მილორავა და ნიკოლოზ ტაბატაძე იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.