მონაკო vs პსჟ – ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენი მონაკოს ესტუმრება.
მონაკო vs პსჟ – როგორ ვუყუროთ?
ჩემპიონთა ლიგის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
სიახლეები გუნდებში და სათამაშო ფორმა


სებასტიან პოკონიოლის გუნდს ბოლო პერიოდში არც ისე კარგი შედეგები აქვს – მონეგასკები საფრანგეთის ჩემპიონატში მე-8 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის ზონას 9 ქულით ჩამორჩებიან.
არც ისე შთამბეჭდავი იყო მონაკოს გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე – გუნდმა 8 ჩატარებულ შეხვედრაში ორი მოიგო და 4-ჯერ ფრედ ითამაშა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მონაკო ლიგის ფაზის საუკეთესო 24 გუნდს შორის მოხვედრილიყო.
მონაკომ განაცხადი გააკეთა ლიგა 1-ის ბოლო ტურში ნანტის დამარცხებით (3:1), სადაც ბრწყინვალე შემტევი ფეხბურთი აჩვენა და ბოლო 8 მატჩში ყველა ტურნირზე, თავისი მეორე გამრაჯვება მოიპოვა.
საინტერესოა, რომ მიუხედავად არასტაბილური შედეგებისა, მონაკო ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ კედლებში დაუმარცხებელია მიმდინარე სეზონში (1 მოგება, 3 ფრე), ასე რომ, მონეგასკები პსჟ-სთან გასამართი საპასუხო მატჩის წინ უპირატესობის მოპოვებას ‘სტად ლუი II’-ზე ეცდებიან.
პირველადაა მიმდინარე სეზონში, როცა პსჟ შუა კვირის ჩემპიონთალიგურ მატჩს ლიგა 1-ში განცდილი მარცხის შემდეგ ხვდება. პარიზელები ბოლო ტურში რენთან დამარცხდნენ (1:3) და საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერობა დაკარგეს.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ნაწილი პარიზულმა გუნდმა არადამაჯერებლად ჩაატარა – ბოლო სამ ჩემპიონთალიგურ მატჩში ლუის ენრიკეს გუნდმა შესაძლებელი 9 ქულიდან მხოლოდ 2 მოიპოვა (1 წაგება, 2 ფრე) და ლიგის ფაზა მე-11 ადგილზე დაასრულა.
ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობის ქვეშ, პარი სენ-ჟერმენი პლეი-ოფის გასვლით მატჩებში მძლავრად გამოიყურება – ბოლო 10 გასვლით შეხვედრაში პსჟ-მ 7 მოიგო, ორჯერ დამარცხდა და ერთი მატჩი ფრედ დაასრულა.
მონაკო vs პსჟ – მწვრთნელების კომენტარი
‘საკუთარი თავის უნდა დავიჯეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მივაღწევთ. მეტოქე ძლიერია, თუმცა ვფიქრობ, გვყავს იმ დონის მოთამაშეები, რომ კარგი პერფონანსის ჩვენების შემთხვევაში საპასუხო მატჩისთვის შანსი დავიტოვოთ.’ – სებასტიან პოკონიოლი.
‘ბევრ ცვლილებას არ ვაპირებთ, ვითამაშებთ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. წინა სეზონშიც არ გვქონდა იდეალური შედეგები ლიგის ფაზაზე, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი თამაშის შემთხვევაში შედეგი გარანტირებული გვაქვს. ველოდები, რომ პსჟ-ს საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ.’ – ლუის ენრიკე.
საინტერესო ფაქტები
- მონაკო და პარი სენ-ჟერმენი ერთმანეთს ევროთასებზე არასდროს შეხვედრილან. ერთადერთი ფრანგული კლუბი, ვისთანაც მონაკოს ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია მარსელია – მონეგასკები მარსელთან 1998-99 წლების სეზონში მერვედფინალურ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში 3:2 დამარცხდნენ.
- პარი სენ-ჟერმენი ბოლოს ფრანგულ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში შეხვდა. ბრესტი ლუის ენრიკეს გუნდმა ორი მატჩის ჯამში გამანადგურებელი ანგარიშით 10:0 დაამარცხა (3:0 სტუმრად, 7:0 საკუთარ მოედანზე).
- მონაკოს ბოლო ორი ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფში დასრულდა. 2016/17 წლების სეზონში მონეგასკები ნახევარფინალში დამარცხდნენ იუვენტუსთან, ხოლო გასულ სეზონში მონეგასკები ტურნირიდან ორმატჩიან დაპირისპირებაში ბენფიკამ 1/16 ფინალიდან გამოთიშა.
- ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობის ქვეშ პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოგების 67%-იანი მაჩვენებელი აქვს (10/15), შედარებისთვის ესპანელი მწვრთნელის იგივე შედეგი ლიგის ფაზაზე/ჯგუფურ ეტაპზე – 45%-ია (10/22).
- ზედიზედ სამი მატჩია, რაც მონაკო ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ საშინაო შეხვედრებში კარს მშრალად ინახავს. ბოლო გოლი მონაკომ ჩემპიონთალიგურ მატჩში საკუთარ მოედანზე 2025 წლის ოქტომბერში გაუშვა (ერლინგ ჰოლანდი).
- პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი – 11 სხვადასხვა გოლის ავტორი ჰყავს შემადგენლობაში. ამასთან, მონაკოს xG-სა და გოლების შეფარდების ყველაზე ცუდი (-6,5) შედეგი აქვს მიმდინარე სეზონში. ლიგის ფაზაში 14.5 მოსალოდნელი გოლიდან, მონაკომ მხოლოდ 8 გაიტანა.
- ვიტინია მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შეხვედრებში საშუალოდ 100.2 გადაცემას ასრულებს, რაც ყველაზე მეტია ტიაგო მოტას 2016-17 წლების სეზონში დაფიქსირებული იგივე შედეგის შემდეგ (113.5).
- ფოლარინ ბალოგუნი ჩემპინოთა ლიგაზე 3 გატანილი გოლით მონაკოს საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე სეზონში. ბალოგუნმა ასევე პსჟ-ს წინააღმდეგ გამართულ ბოლო 4 მატჩში 2-ჯერ გაიტანა, ორივეჯერ ფრანგმა ამის გაკეთება პარკ დე პრენსზე მოახერხა.
- პსჟ-ს განაპირა მცველი, ნუნო მენდეში წარმოუდგენელ რიცხვებს აფიქსირებს. პორტუგალიელი ფულბეკი თავის პოზიციაზე ხაზების გამჭრელ გადაცემებში (100), პროგრესულ გადაცემებში (83), განხორციელებულ დრიბლინგებში (17) და ღია თამაშიდან მომენტების შექმნაში (12) საუკეთესოა.
მონაკო vs პსჟ – ურთიერთშეხვედრები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იქნება ევროთასებზე. ისტორიულად, ამ გუნდებს შორის გამართულ 50 მატჩში მონაკოს 13 მოგება აქვს, პსჟ-ს 23, ხოლო 14 მატჩი ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მონაკომ პსჟ-ს წინააღმდეგ გამართულ ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ წააგო (2 მოგება, 2 ფრე).
სტად ლუი II-ზე გამართულ ბოლო მატჩში მონაკომ პსჟ მინიმალური ანგარიშით (1:0), მინამინოს გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა.
მონაკო vs პსჟ – საკადრო სიახლეები და სავარაუდო შემადგენლობები


მასპინძლები მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდებიან. მონაკოს ტრავმის გამო კაბრალი, დაიერი, ჰრადეცკი, მავისა, მინამინო, უტარა და სალისუ დააკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ანსუ ფატის თამაშიც.
რაც შეეხება პსჟ-ს, პარიზელების ლაზარეთი არც ისე დიდია, მოქმედ ჩემპიონებს ტრავმის გამო ფაბიან რუიზი, მაიულუ და ნჯანტუ დააკლდებათ.
მონაკო – კონი, ენრიკე, კერერი, ფაესი, ვანდერსონი, ზაქარია, კამარა, ადინგრა, გოლოვინი, აკლიუჩე, ბალოგუნი
პსჟ – საფონოვი, მენდეში, პაჩო, მარკინოსი, ჰაკიმი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა