სარჩევი

დონეცკის შახტარის ახალგაზრდა ვარსკვლავს რამდენიმე კარგი შემოთავაზება აქვს. მიხაილო მუდრიკი თანამედროვე ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია და უყურადღებოდ არავინ დატოვებს.

განსაკუთრებით აქტიურად იწერება ლონდონური კლუბების ინტერესზე. მუდრიკის ხელში ჩასაგდებად ჩელსი და არსენალი იბრძვიან.

უკრაინელებს ყოველთვის ჰყავდათ უმაღლესი დონის ფეხბურთელები, თითქმის ყველა თაობაში იყო ერთი გამორჩეული მოთამაშე, რომელიც დიდ კვალს ტოვებდა საფეხბურთო ისტორიაში.

70-იანებში ეს ოლეგ ბლოხინი იყო. 1975 წლის ოქროს ბურთის ლაურეატი. გასაგებია, რომ მაშინ ოქროს ბურთი მხოლოდ ევროპელებს გადაეცემოდათ, მაგრამ მთავარი კონკურენტებიც სწორედ ევროპიდან იყვნენ. ბლოხინმა იოჰან კრაიფსა და ფრანც ბეკენბაუერს აჯობა.

80-იანებში გაიბრწყინა იგორ ბელანოვმა. აი მის შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ვერა ძალით ვერ შეძლებდა ოქროს ბურთის მოგებას, ევროპელების გარდა სხვა კონტინენტის წარმომადგენლებისთვისაც რომ დაშვებული ყოფილიყო.

1986 წელს, დიეგო მარადონა ყველაზე დიდი უპირატესობით მოიგებდა ოქროს ბურთს, მაგრამ ცოტა უშნო წესი იყო მაშინ მიღებული და ჯილდო ბელანოვს ერგო. უდავოდ, დიდი ფეხბურთელი იყო.

მესამე ლაურეატი 90-იანების მეორე ნახევარში გამოჩნდა და 2000-იანების პირველ ნახევარში აიღო ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო. ანდრეი შევჩენკომ ძალიან დიდი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში. იყო ლობანოვსკის დინამოსა და ანჩელოტის მილანის მთავარი დამრტყმელი ძალა.

როგორც ჩანს, კიდევ ერთი დიდი უკრაინელის ჯერი მოვიდა. პოტენციალი დიდია, ინტერესიც დიდია, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ განსაკუთრებულ ფეხბურთელთან გვაქვს საქმე.

მაინც, ვინ არის მიხაილო მუდრიკი?

მტკიცე ხასიათი

მურდიკი შახტარის აკადემიის პროდუქტია, ამ კლუბის ძირითად გუნდში მოხვედრა კი მეტად რთული საქმეა. შახტარი ყოველთვის ახერხებდა მაღალი დონის ლეგიონერების გადაბირებას, რომელთათვისაც უკრაინული კლუბი შუამავალი ხდებოდა გრანდებამდე.

კონკურენცია დიდია, შესაბამისად, განათხოვრებული ტალანტებიც გვახსოვს. მათ შორის, ქართველი ფეხბურთელებიც. არც ისე კარგად გვახსოვს, რადგან ვერასდროს ახერხებდნენ შახტარის ძირითად გუნდში დამკვიდრებას, მიუხედავად იმისა, რომ ნიჭი არავის აკლდა. ვერც თარგამაძემ, ვერც ოქრიაშვილმა, ვერც არაბიძემ ეს ვერ შეძლეს. რაღაც ყოველთვის აკლდებოდათ. ხასიათის სიმტკიცეზეა საუბარი.

არიან ფეხბურთელები, რომელთაც განათხოვრება მოტივაციას მატებთ, ამ ყველაფერს ისე უყურებენ, როგორც ბოძებულ შანსს, მეტ სათამაშო დროს მიიღებენ, თავს კარგად წარმოაჩენენ და ერთი საფეხურით მიუახლოვდებიან დასახულ მიზანს. არის მეორე კატეგორია, რომელიც პირიქით, მოტივაციას კარგავს და თავს დამარცხებულად თვლის. არ ჰყოფნის არც ნებისყოფა, არც სიმტკიცე, არც მაშტაბური აზროვნება.

მუდრიკს ეყო.

ჯერ კიევის არსენალში, მერე დესნაში, საფეხურებად იარა და შახტარის ძირითად შემადგენლობაშიც აღმოჩნდა.

რკინა ცეცხლში იწრთობა. მუდრიკი უკვე ყველაფრისთვის მზად არის.

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა ყველაზე კარგი საზომია როგორც გუნდის, ისე ცალკეული ფეხბურთელის შემთხვევაში. ამ ტურნირზე თუ ახერხებ თავის გამოჩენას, ესე იგი, ყველგან შეძლებ მაღალ დონეზე თამაშს.

მურდიკმა პირველივე მატჩში გაიბრწყინა, ლაიფციგთან ერთი გოლი შეაგდო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. სელტიკს კი ორივე შეხვედრაში გაუტანა. მართალია შახტარი ჯგუფიდან ვერ გავიდა, მაგრამ ყველაფერ იმის გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება, ამ გუნდის გამოსვლა მართლაც შთამბეჭდავი იყო.

შახტარი და მურდიკი თამაშს ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ.

ნეიმარი არა, მოდრიჩი

მუდრიკს უკრაინელ ნეიმარს უწოდებენ, მეტწილად პოზიციისა და კარგი დრიბლინგის გამო. თუმცა, თავად ნეიმარის დიდი გულშემატკივარი არ არის. ზედმეტსახელზე კი ასეთი კომენტარი გააკეთა, – “უკრაინელი ნეიმარი არა, უკრაინელი მოდრიჩი, ასე უფრო კარგად ჟღერს”, – უთხრა მუდრიკმა CBS Sports-ს.

სანამ გრანდების ყურადღებას მიიქცევდა, მანამდე შედარებით პატარა გუნდებმაც სცადეს მისი გადაბირება, თუმცა, მუდრიკს თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული რისკენ ისწრაფვოდა.

დიდი პატივისცემის მიუხედავად ბრენტფორდში არ გადავალ, ისინი ცხრილის შუაში იკავებენ ადგილს, ევროთასებზე გასვლას ვერ შეძლებენ, ჩემთვის კი მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია“, – უთხრა მურდიკმა Sport Arena-ს.

რელიგია

მუდრიკს სხეულზე ბევრი ტატუ აქვს, მათ შორის კისერზე – Only Jesus. მიხაილომ რამდენიმე ინტერვიუში ღიად ისაუბრა რელიგიის მიმართ დამოკიდებულებაზე, – რა როლს თამაშობს მის ცხოვრებაში რწმენა.

ყველა ჩემს ტატუს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ Only Jesus მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია“.

ბავშვობაში მიხაილოს სიბნელის ეშინოდა და ხშირად ესიზმრებოდა კოშმარები. შიშის დაძლევაში ბებია დაეხმარა.

ბებიამ თავისივე მოქარგული, მთავარანგელოზ მიქაელის ხატი მაჩუქა, ჩემი მფარველი ანგელოზის. შემდეგ კი მითხრა, ძილის წინ თქვი, – დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, ამინ! ამის შემდეგ დაწექი დასაძინებლად და აღარასდროს შეგეშინდება“.

აქედან დაიწყო მისი დაინტერესება ქრისტიანობის მიმართ, მიხაილო 10 წლის ასაკიდან კითხულობდა საბავშვო ბიბლიას.

უფალო, თუ დღეს მე იმედი დავკარგე, გთხოვ შემახსენე, რომ შენი გეგმები ჩემს მიმართ, იმაზე დიდია, ვიდრე ჩემი ოცნებები”, – ეს ტატუც ამშვენებს მურდიკის სხეულს.

საუკეთესო თავის პოზიციაზე

შახტარის ლეგენდა დარიო სრნა მიხაილოს უმაღლეს შეფასებას აძლევს, ერთი მხრივ, როგორც კლუბის წარმომადგენელი ბოლომცე ცდილობს, რომ მისი ფასი მაქსიმალურად გაზარდოს, მეორე მხრივ კი მიხაილოს ნიჭს ისედაც ყველა ხედავს.

მბაპესა და ვინისიუსის შემდეგ ის თავის პოზიციაზე საუკეთესოა. მე ვერ ვხედავ მესამე ფეხბურთელს, რომელიც მიხაილოზე მაღლა დგას”, – თქვა დარიო სრნამ.

ისე გამოვიდა, რომ უკრაინელი ნეიმარი, თავად ნეიმარზე მაღლა დააყენა. ასევე, მარცხენა გარემარბია ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ტოპ ლიგაში უკვე წარმოაჩინა თავი. არც კილიან მბაპე და ვინისიუსი არიან ვეტერანები, მართალია უკვე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებად იქცნენ, თუმცა, საუკეთესო წლები წინ აქვთ.

გამოდის, რომ თანამედროვე ფეხბურთში მარცხენა გარემარბის პრობლემა კიდევ დიდხანს არ დადგება.

რატომ არსენალი

ინტერესი რამდენიმე კლუბისგან არის. მათ შორის, ჩელსისა და იუვენტუსისგან. ნელ-ნელა სხვა მსურველებიც გამოჩნდებიან, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი მაინც ლონდონის არსენალია.

ახალგაზრდული და ძალიან ამბიციური კლუბი, პრემიერ ლიგის სათავეში მყოფი. არტეტას გუნდი თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელიც მურდიკს განვითარებაში ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, კონკურენტიც ძლიერი ეყოლება, გრანდში სხვაგვარად არც გამოვა. თუ გინდა, რომ საუკეთესო იყო, მაშინ საუკეთესოებს უნდა აჯობო.

ზინჩეკოს ფაქტორიც თავის როლს ითამაშებს.

შეიძლება ითქვას, რომ არსენალი ჯერჯერობით ფავორიტია მურდიკის ხელში ჩასაგდებად.