ლიონელ მესის პსჟ-თან კონტრაქტი ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს. მესის ოთხი ვარიანტი აქვს, ასარჩევად და დასაფიქრებლადაც დიდი დროა.
თითქმის ორი სეზონის თავზე შეიძლება ითქვას, რომ მესის ტრანსფერის სპორტულმა მხარემ ვერ გაამართლა. სენ ჟერმენი ლიგა 1-ს მის გარეშეც მარტივად იგებდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი განსაკუთრებული წარმატებები არ ყოფილა.
პრესტიჟისა და მარკეტინგის სფეროში კლუბმა მიიღო ის, რაც სურდა. პსჟ-ი მესისთან ასოცირებული კლუბი გახდა, ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ამბავია.
ფრანგები მესის შენარჩუნებას შეეცდებიან. სეზონის ბოლოს კილიან მბაპე მოითხოვს კლუბის დატოვებას და ახალი საგაც დაიწყება, უფრო სწორად, ძველი გაგრძელდება. ნეიმარის მომავალიც ბუნდოვანია და არსებობს საფრთხე, რომ პსჟ-ი ჩამოიშალოს.
მბაპეს შენარჩუნების მექანიზმები ჯერ კიდევ არსებობს, თუნდაც ერთი სეზონით. აი, მესის კი წინ ვერაფერი დაუდგება.
შეთავაზება საუდის არაბეთიდან
საუდის არაბეთის კლუბი ალ ჰილალი მესის სარეკორდო შემოსავალს სთავაზობს – წლიურად 400 მილიონი ევრო. ეს წარმოუდგენლად მაღალი თანხაა. სამომავლოდ, საგადასახადო სისტემისა და ბონუსების გაცნობის შემდეგ ალბათ გაცხადდება, რომ მხოლოდ ხელფასის სახით არ მიიღებს მესი ამ თანხას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან დიდ რიცხვთან გვაქვს საქმე.
ამჟამად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა:
- 75 მილიონი ევრო ხელფასის სახით. სრული შემოსავალი 200 მილიონი ევრო წელიწადში.
- კილიან მბაპე – წლიური შემოსავალი – მოედანზე 110 მილიონი ევრო, მოედნის მიღმა 18 მილიონი ევრო.
- მესამეზე მესი – წლიური შემოსავალი – 65 მილიონი ევრო მოედანზე, 55 მილიონი ევრო მოედნის მიღმა.
გამოყენებულია Forbes-ის მონაცემები.
ლიონელ მესის შეუძლია რონალდუზე ბევრად შემოსავლიანი ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ რამდენად არის ეს მისთვის მთავარი მოტივაცია?
ჯერ კიდევ კონკურენტუნარიანია ევროპის სტადიონებზე. ჯერ კიდევ საკმარისად სწრაფი თანამედროვე ფეხბურთისათვის. ასე რომ, შეთავაზება ძალიან მიმზიდველია, მაგრამ როცა ლიონელ მესის ეხება საქმე, 400 მილიონი არ არის საკმარისი.
ინტერ მაიამი
MLS-ში მოთამაშე კლუბის თანამფლობელი დევიდ ბექემია. ინგლისელი დიდი ხანია ცდილობს მეგა-ვარსკვლავი ჩაიყვანოს თავის კლუბში, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდის. თან, ვეტერანი ვარსკვლავებისთვის ძალიან დიდი კონკურენტი ჰყავს სპარსეთის ყურის ქვეყნების სახით.
ვერავინ იმდენს ვერ გადაიხდის რამდენსაც არაბები იხდიან. მხოლოდ ადგილით თუ მოხიბლავ ფეხბურთელს, მაიამი მშვენიერი ქალაქია, ოკეანის ნაპირზე, ესეც შეიძლება უპირატესობა იყოს, უფრო ადამიანურად ჟღერს, ვიდრე ოქროს გალიაში ჩასმული ზებრა.
თუმცა, მიუხედავად ინტერესისა, ვერ ვიტყვით, რომ ინტერ მაიამი ოდესმე ახლოს ყოფილა მესის დამატებასთან. პატარა მინიშნებაც კი არ ყოფილა, სახლში დაბრუნებისგან განსხვავებით, მესის უთქვამს, რომ სიამოვნებით ითამაშებდა როსარიოში, მაგრამ სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ სახლში დაბრუნებაზე ხალხს სულ სხვა ადგილი ახსენდება, მესის სახლი ბარსელონაა.
დიდი დაბრუნების მოლოდინში
ჰომერული ამბის მოლოდინში ვართ. დატოვა სახლი ოდისევსივით, დატოვა პატარა გავი და პედრი. ოღონდ, ერთი ეგ არის, რომ თავისი ნებით არ წასულა. გაუშვეს. აცრემლებული მესის კადრებმა მსოფლიო მოიარა.
ორი წლის თავზე ჟოან ლაპორტა თავისი კარიერის ყველაზე შავი ლაქის შეფერადებას ეცდება. არ არის კარგი, როცა ისტორიაში შედიხარ როგორც კაცი, რომელმაც მესი დაკარგა. გავა წლები და არავის ემახსოვრება, რომ კლუბი კატასტროფამდე ბართომეუმ მიიყვანა, ყველას დაამახსოვრდება, რომ მესი ლაპორტამ ვერ შეინარჩუნა.
არ ვარგა ასეთი მემკვიდრეობა, ცუდია.
ამიტომ, ჟოანი პირველ რიგში მისი სახელისა და პრესტიჟისთვის იბრძოლებს და მსოფლიო ჩემპიონის დაბრუნებას შეეცდება.
დაიწერა, რომ მესის ლევანდოვსკის მსგავს კონტრაქტს სთავაზობენ. ბარსას მეტი არ შეუძლია და ყველაფერი ლეოს კეთილგანწყობაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, კამპ ნოუზე დაბრუნება მაინც ვერ შედგება, რადგან სტადიონის რეკონსტრუქცია იწყება, ასე რომ, ლეოს ბარსელონის ოლიმპიურ სტადიონზე მოუწევს თამაში. თუ დაბრუნდა, რასაკვირველია.
ლაპორტა მზად არის, ჩავი მზად არის, მხოლოდ მესის დასტურიღაა დარჩენილი. მერე კი კონტრაქტის ვადაც განისაზღვრება, სავარაუდოდ 1+1 წლით.
მანამდე კი ელ კლასიკოა წინ და კამპ ნოუდან სიგანლის მიღებას ელიან, გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ, ძალიან ხმამაღლა, ისე ხმამაღლა რომ პარიზამდე ჩააღწიოს, უნდა შესძახონ – მეეეესიიიი, მეეეესიიიიი!