სარჩევი

კილიან მბაპე საფრანგეთი – პოლონეთის მატჩის (3:1) საუკეთესო ფეხბურთელი გახდა გუნდის მთავარი ვარსკვლავი და ერთპიროვნული ლიდერია, ჩემპიონატს კი ბრწყინვალედ ატარებს. 2018 წლის მუნდიალზე გატანილ 4 გოლს კიდევ 5 მიამატა, წინ კი პოტენციური სამი მატჩია. ყველაზე მნიშვნელოვანი სამი მატჩი.

კილიანის ასეთი შედეგის შემხედვარე ბევრი ალაპარაკდა შესაძლო რეკორდზე, მცირე ხნის წინ ოლივიე ჟირუს მიერ მოხსნილ რეკორდს დიდი დრო არ უწერია, მბაპე ადრე თუ გვიან გახდება საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი. თვალი კი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობაზე უჭირავს, სიის სათავეში კლოზეა 16 გატანილი გოლით, მბაპეს უკვე ცხრა აქვს შეგდებული და მხოლოდ 23 წლის გახლავთ. მსოფლიო ჩემპიონატებზე, საფრანგეთის ნაკრების მაისურით მხოლოდ ფონტენს აქვს კილიან მბაპეზე მეტი გატანილი გოლი.

მსოფლიო ჩემპიონატი ჩემი ოცნების ტურნირია, მთელი სეზონი ისე დავგეგმე, რომ ამ დროისთვის საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავი, როგორც ფიზკურად, ისე მენტალურად. მსურდა აქ სრულ მზადყოფნაში ვყოფილიყავი, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა, კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი საბოლოო მიზნის მისაღწევად”, – თქვა მბაპემ.

აქ ოქროს ბურთის მოსაგებად არ ვარ, ეს ჩემი მთავარი საზრუნავი არ არის, ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა, მსურს, რომ ჩემს ნაკრებს დავეხმარო”.

თავის საუკეთესო ფეხბურთელზე კომენტარი გააკეთა ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, – “მას ბევრი საუბარი არ სჭირდება, ყველაფერს მოედანზე ამბობს, ერთი წამიც ჰყოფნის მატჩის ბედის გადასაწყვეტად. მბაპე ყოველთვის სიამოვნებას იღებს თამაშისგან, დღეს ფრანგებს საუკეთესო მბაპე სჭირდებოდათ და მათ ეს მიიღეს”.

საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებს შეხვდება.