მანჩესტერი vs ლიონი – ევროპა ლიგის გამორჩეული მეოთხედფინალი ოლდ ტრაფორდზე გაიმართება. გიორგი მიქაუტაძე ოცნებათა თეატრში პირველად ითამაშებს.
პირველი შეხვედრა პარკ ოლიმპიკზე ფრედ, 2:2 დასრულდა. საშინაო კედლების უპირატესობა მანჩესტერ იუნაიტედს აქვს, თუმცა ცხადია, უშანსოდ არც ჟორჟი და მისი თანაგუნდელები იქნებიან.
მით უმეტეს, უქმეებზე მანჩესტერმა კაპიტულაციური ფეხბურთით ნიუკასლთან 1-4 წააგო, ლიონმა კი ოსერთან გაიმარჯვა და ლიგა 1-ში ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა.
მანჩესტერი vs ლიონი – პირდაპირი რეპორტაჟი
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს დროით, 22:55 წუთიდან დაიწყება. ქართულენოვან რეპორტაჟზე კომენტატორები ანდრო ხელაძე და ზუკა კობალავა იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
მანჩესტერი vs ლიონი – პრევიუ
თარიღი: ხუთშაბათი, 17 აპრილი (თბილისის დროით 23:00)
მდებარეობა: ოლდ ტრაფორდი, მანჩესტერი
ტურნირი: ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი
პირველი მატჩი: ლიონი 2-2 მანჩესტერ იუნაიტედი
შემდეგი ეტაპი: გამარჯვებული ნახევარფინალში რეინჯერსს ან ბილბაოს ატლეტიკს შეხვდება
მანჩესტერი vs ლიონი – საპასუხო მატჩი წყვილში სრული პარიტეტით დაიწყება. პირველი მატჩის დამატებულ წუთებზე რაიან შერკის მიერ გატანილმა გოლმა ფრანგებს თამაში გადაურჩინა.
ლიონი ტიაგო ალმადას გოლით დაწინაურდა, თუმცა ლენი იორომ თავი სადებიუტო მანჩესტერული გოლით გამოიჩინა, ხოლო ჯოშუა ზირკზემ ბრუნო ფერნანდეშის 88-ე წუთზე გაკეთებული გადაცემა საგოლედ აქცია. არასათანადო ხარისხის მიუხედავად, მანჩესტერი გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა შერკიმ ანგარიში გაათანაბრა და საპასუხო შეხვედრას მეტი ინტრიგა დაუტოვა.
ევროპული ტურნირების მეოთხედფინალში ეს მანჩესტერ იუნაიტედისთვის უკვე 28-ე გამოსვლაა – ეს ინგლისურ გუნდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. ლიონის მიზანი კი ინგლისურ გუნდებთან ორმატჩიან დაპირისპირებებში სამმარცხიანი სერიის შეწყვეტაა.
შესაძლო შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი:
ონანა; მაზრაუი, მაგუაიერი, იორო; დალო, კაზემირო, უგარტე, დორგუ; ფერნანდეში, ჰოილუნი, გარნაჩო
ტრავმირებულები: დიალო (ტერფი), კოლიერი (ფეხი), დე ლიხტი (ტერფი), ევანსი (კუნთი), ჰევენი (კოჭი), მარტინესი (მუხლი), ზირკზე (თეძო)
გაფრთხილების შემთხვევაში გამოტოვებს შემდეგ მატჩს: კაზემირო, დე ლიხტი, უგარტე
ლიონი:
პერი; მეიტლანდ-ნაილსი, მატა, ნიაკატე, ტალიაფიკო; ტოლისო, აკუოკუ, ვერეტუ; შერკი, მიქაუტაძე, ალმადა
ტრავმირებულები: ფოფანა (მუხლი), ნუამა (მუხლი)
გაფრთხილების შემთხვევაში გამოტოვებს შემდეგ მატჩს: ლაკაზეტი, მეიტლანდ-ნაილსი, ნიაკატე, ტალიაფიკო, ტოლისო
მანჩესტერი vs ლიონი – ფორმა
მანჩესტერ იუნაიტედი
ფორმა: წ-ფ-ფ-გ-გ-გ
ბოლო მატჩი: ნიუკასლი 4-1 მანჩესტერ იუნაიტედი (პრემიერ ლიგა, 13/04)
ლიონი
ფორმა: გ-ფ-გ-წ-გ-გ
ბოლო მატჩი: ოსერი 1-3 ლიონი (ლიგა 1, 13/04)
რას ამბობენ მწვრთნელები და ფეხბურთელები
რუბენ ამორიმი, მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი:
„თუ ჩვენი გუნდი მეტ გოლს გაიტანს და შეტევაში უფრო სახიფათო იქნება, დაცვაც უკეთ იმუშავებს. ანდრე ონანამ უკვე დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მოთამაშეა ინტერში ყოფნისას. ასე რომ, მის მიმართ ნდობა მაქვს. ვფიქრობ, მე სწორი არჩევანი ვარ ამ გუნდისთვის და იგივე შემიძლია ვთქვა ონანაზეც.“
პაულო ფონსეკა, ლიონის მწვრთნელი:
„ოლდ ტრაფორდზე ვთამაშობთ დიდ გუნდთან, რომელსაც მსგავსი ამბიციები აქვს. ამიტომ მხოლოდ შემდეგ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. ეს გადამწყვეტი თამაში იქნება მანჩესტერის სეზონისთვის. გვინდა კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ, თუმცა ვიცით, რომ რთული იქნება. ჩემპიონატშიც გვაქვს შანსები, მაგრამ ახლა მთავარი ჩვენი მიზანია – ვითამაშოთ შესანიშნავად და გამოვიყენოთ ნახევარფინალში გასვლის შანსი.“
ჰარი მაგუაიერი, მანჩესტერ იუნაიტედის მცველი:
„ვფიქრობ, ბოლო დროს უკეთ ვთამაშობთ. თუმცა, ჯერ კიდევ არის მნიშვნელოვანი ასპექტები, სადაც მოთამაშეებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ. ხუთშაბათი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – დიდი მატჩი ოლდ ტრაფორდზე, ევროპული ღამე, რომელსაც მოუთმენლად ველით.“
კორენტენ ტოლისო, ლიონის ნახევარმცველი:
„პირველი მატჩის მსგავსად, მაქსიმალურ ინტენსივობას ვაჩვენებთ – ან კიდევ უფრო მეტს. ჩემი აზრით, გამარჯვების გასაღები იქნება ორთაბრძოლების მოგება. ოლდ ტრაფორდი ბრიტანეთის ყველაზე ლეგენდარული სტადიონია, შესაძლოა, მთელს ევროპაშიც. მამაჩემი აღფრთოვანებული იყო, როდესაც გაიგო, რომ აქ უნდა მეთამაშა.“
მანჩესტერი vs ლიონი – საინტერესო ფაქტები
დღეს ისტორიაში პირველად, ოლდ ტრაფორდ ტიფოს ვნახავთ, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის ტრიბუნაზე გაიშლება.
იდეა და ვიზუალი კლუბმა ჯერ გულშემატკივრებთან, შემდეგ კი კაპიტან ბრუნო ფერნანდეშთანაც დაამუშავა.
რაც შეეხება სხვა საინტერესო ფაქტებს ის ასე გამოიყურება.
წინა შეხვედრები
საერთო მატჩები: 5
მანჩესტერ იუნაიტედის გამარჯვება: 2
ლიონის გამარჯვება: 0
ფრე: 3
გატანილი გოლები (იუნაიტედი): 8
გატანილი გოლები (ლიონი): 6
2004/05 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი
- ლიონი 2-2 მანჩესტერ იუნაიტედი
- მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 ლიონი
იუნაიტედმა საფრანგეთში ორი ბურთის სხვაობით წაგების შემდეგ მეორე ტაიმში რუუდ ვან ნისტელროის დუბლით ფრე მოიპოვა. ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა გამარჯვების გოლიც გაიტანა ოლდ ტრაფორდზე, მას შემდეგ, რაც გარი ნევილის გოლს დიარამ უპასუხა.
2007/08 ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი
- ლიონი 1-1 მანჩესტერ იუნაიტედი
- მანჩესტერ იუნაიტედი 1-0 ლიონი
ლიონში ქარიმ ბენზემას გოლს კარლოს ტევესმა უპასუხა. საპასუხო მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც მანჩესტერმა საბოლოოდ ტურნირი მოიგო.
ფორმა და სტატისტიკა
მანჩესტერ იუნაიტედი
- ფრანგულ კლუბებთან ბალანსი: 16 მოგება, 11 ფრე, 4 მარცხი (გოლი: 43-24)
- შინ ბალანსი ფრანგებთან: 10 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი
პირველ მატჩამდე მანჩესტერი ბოლოს ფრანგულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის 2020/21 სეზონის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა — გაიმარჯვა პარიზში (2-1), მაგრამ წააგო ოლდ ტრაფორდზე (1-3).
იუნაიტედმა ბოლო 8 ორმატჩიანი დაპირისპირებიდან 7 მოიგო ფრანგულ გუნდებთან, ბოლო 5-ში კი ზედიზედ იმარჯვა. ბოლო მარცხი ორ მატჩიან დუელში იყო მონაკოსთან 1997/98 წლების სეზონში (0-0 გასვლაზე, 1-1 შინ).
ევროპა ლიგაზე ფრანგული კლუბის წინააღმდეგ მანჩესტერმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა – სენტ-ეტიენის წინააღმდეგ 2016/17 წლების სეზონის მერვედფინალში (4-0 ჯამური ანგარიში).
გუნდი ახლა ევროთასებზე 28-ედ თამაშობს მეოთხედფინალში – რაც ინგლისური გუნდების რეკორდია. ევროპა ლიგის/უეფას თასის მეოთხედფინალში ეს მეექვსე გამოსვლაა.
მანჩესტერს მოგებული აქვს ბოლო 14 ორშეხვედრიანი დუელიდან 13 უშუალოდ ევროპა ლიგაზე, გამონაკლისი იყო სევილიასთან 2-5 წაგება 2 სეზონის წინ.
ევროპა ლიგის ბოლო 22 მატჩიდან იუნაიტედმა მხოლოდ ერთი წააგო (14 მოგება, 7 ფრე). ოლდ ტრაფორდზე კი ბოლო 12 მეოთხედფინალიდან მხოლოდ ერთი წააგო (8 მოგება, 3 ფრე).
ბრუნო ფერნანდეშს ევროპა ლიგაზე 24 გოლი აქვს გატანილი — ყველაზე მეტი პორტუგალიელ ფეხბურთელებს შორის.
მანჩესტერმა ევროთასებზე სტუმრად ფრედ დასრულებული პირველი მატჩის შემდეგ 20-ჯერ ითამაშა და 14-ჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე. 2-2 ანგარიში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა — ბარსელონასთან 2022/23 სეზონში, და შინ 2-1 იმარჯვა.
პენალტების სერია (მანჩესტერი): 1 მოგება – 3 მარცხი
- 4-5 vs ვიდეოტონი, 1984/85
- 3-4 vs ტორპედო მოსკოვი, 1992/93
- 6-5 vs ჩელსი, 2007/08
- 10-11 vs ვილიარეალი, 2020/21
ლიონი
- ინგლისურ გუნდებთან ბალანსი: 7 მოგება, 10 ფრე, 7 მარცხი (გოლები: 32-31)
- ინგლისში ბალანსი: 5 მოგება, 2 ფრე, 5 მარცხი
ლიონი ბოლოს ინგლისურ გუნდს 2021/22 წლების სეზონში დაუპირისპირდა – ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ვესტ ჰემთან 1-4 წააგო ჯამში (1-1, 0-3).
ინგლისში ბოლო 4 ვიზიტიდან ლიონს არცერთი წაუგია, აქედან 3 მოიგო. ბოლო 9 მატჩიდან (შინ და გარეთ) მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (4 მოგება, 4 ფრე).
ლიონმა ჯგუფურ ეტაპზე მე-6 ადგილი დაიკავა (4 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი). მერვედფინალში დაუპირისპირდა სტიაუას, პირველი მატჩი 3-1 მოიგო ბუქარესტში, ხოლო საპასუხო შეხვედრა ჟორჟის ბენეფისად იქცა. მიქაუტაძისა და ნუამას დუბლებით საერთო ანგარიში 7-1 გახდა. ქართველ ფორვარდს იმ მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჰქონდა.
ეს ლიონისთვის ევროპა ლიგის/უეფას თასის მეხუთე მეოთხედფინალია, რაც მარსელის ფრანგულ რეკორდს უტოლდება. ლე გონი აქამდე მხოლოდ ერთხელ გავიდა შემდეგ ეტაპზე – 2016/17-ში ბეშიქთაშის დამარცხებით პენალტების სერიაში.
ლიონს ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული (6 მოგება, 4 ფრე) და ბოლო 8 მატჩია არ წაუგია.
რაიან შერკის 8 საგოლე გადაცემა აქვს – ყველაზე მეტი ევროპის ლიგის ამ სეზონში.
ლიონმა ყველა 9 ორრაუნდიან შემთხვევაში წააგო, როცა პირველი მატჩი სახლში ფრედ დაასრულა. 2-2 ანგარიში კი სახლში არასდროს ჰქონია.
იანვარში კლუბმა შეცვალა მთავარი მწვრთნელი — პიერ საჟის ნაცვლად პაულო ფონსეკა მოვიდა.
პენალტების სერია (ლიონი): 1 მოგება – 2 მარცხი
- 2-4 vs პსვ, 2004/05
- 3-4 vs აპოელი, 2011/12
- 7-6 vs ბეშიქთაში, 2016/17
დაკავშირებული ფაქტები და ტრივია
- ნემანია მატიჩმა მანჩესტერის რიგებში 2017–2022 წლებში 189 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
- მატიჩმა ჩელსის რიგებში მოიგო პრემიერ ლიგის 2 ტიტული, FA თასი და ლიგის თასი.
- მატიჩი და ამორიმი თანაგუნდელები იყვნენ ბენფიკაში (2011/12 და 2013/14).
- ფონსეკა იოროს მწვრთნელი იყო ლილში (2022–2024).
თანაგუნდელები ყოფილან:
- ონანა, მაზრაუი, მარტინესი, დე ლიხტი და ტალიაფიკო – აიაქსში (2018–22)
- ზირკზე და ტოლისო – ბაიერნში (2020/21)
ინგლისში თამაშობდნენ:
- ლაკაზეტი (არსენალი)
- პერი (კრისტალ პალასი)
- ნიაკატე (ნოტინგემ ფორესტი)
- ჩალეტა-ცარი (საუთჰემპტონი)
- მეიტლანდ-ნაილსი (არსენალი, იფსვიჩი, ვესტ ბრომი, საუთჰემპტონი)
- ვერეტუ (ასტონ ვილა)
საფრანგეთში თამაშობდნენ:
- იორო (ლილი)
- უგარტე (პსჟ)
ნაკრებში თანაგუნდელები:
- კაზემირო და აბნერი – ბრაზილია
- მარტინესი, ტალიაფიკო, ალმადა – არგენტინა
- ამად დილო და აკუოკუ – კოტ-დივუარი
- იორო და შერკი – საფრანგეთი U21
ევროპა ლიგა – მეოთხედფინალი
ურიგოდ არც ევროპა ლიგის დანარჩენი სამი მეოთხედფინალი გამოიყურება.
მანჩესტერ იუნაიტედი | vs | ლიონი | 23:00 |
ბილბაოს ატლეტიკი | vs | რეინჯერსი | 23:00 |
ლაციო | vs | ბუდე გლიმტი | 23:00 |
აინტრახტი | vs | ტოტენჰემი | 23:00 |
პირველი მატჩების შედეგები ასეთია:
- ლიონი 2-2 მანჩესტერი
- რეინჯერსი 0-0 ბილბაო
- ბუდე გლიმტი 2-0 ლაციო
- ტოტენჰემი 1-1 აინტრახტი
ნახევარფინალში მანჩესტერი vs ლიონი – ბილბაო vs რეინჯერსი და ლაციო vs ბუდე გლიმტი – აინტრახტი vs ტოტენჰემი წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან.
სასურველი მატჩების თანადროულად ნახვაში setantsports.com-ზე, ჩვენი პლატფორმის მულტივიუს ფუნქცია გამოგადგებათ.