სარჩევი
მანჩესტერი 5-4 ლიონი | Setanta Sports

მანჩესტერი 5-4 ლიონი, ორი მატჩის ჯამში 7-6 და ევროპა ლიგის ნახევარფინალში იუნაიტედი ითამაშებს. ჟორჟმა და მთლიანად ოლიმპიკმა ოლდ ტრაფორდზე დიდი ბრძოლა გამართა.

მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარი დნმ-ის საუკეთესო ნაწილი კიდევ ერთხელ, მისთვის ყველაზე საჭირო დროს გამოავლინა და სულ, სულ ბოლო წუთებზე ისეთი თამაში მოატრიალა, სადაც ორი ბურთით აგებდა.

გიორგი მიქაუტაძემ და მისმა თანაგუნდელებმა ბოლომდე იბრძოლეს, ალბათ ბევრი გულშემატკივრის გულიც მოიგეს, თუმცა ბოლოს მაინც გაირკვა, რომ ოცნებათა თეატრში დღეს მაინც მასპინძლების დღე იყო.

სეზონის საუკეთესო მატჩი? ტურნირის ყველაზე დრამატული შეხვედრა? როგორც მინიმუმ, კითხვები ლეგიტიმურია. შეიძლება, დაცვის ხარისხი ან ტაქტიკური ნიუანსები მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, თუმცა იყო სანახაობა – რაც ფეხბურთის იდენტობაში მთავარია.

გიორგი მიქაუტაძე ოლდ ტრაფორდზე | Setanta Sports

მანჩესტერი 5-4 ლიონი

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ წინასწარ ლიონის წარმატებაზე მორგებული ტექსტის გადაკეთება მომიხდა. თუმცა დღეს იმდენად ბევრი რამ შეიცვალა და იმდენჯერ, რომ აბა ეს რა მოსატანია.

თავიდან მანჩესტერი იგებდა, პირველი ტაიმი რუბენ ამორიმის გუნდმა უგარტესა და დალოს გოლებით მოიგო.

ჟორჟი აქტიურად მოძრაობდა, დარტყმის ერთი მცდელობა ჰქონდა, თუმცა მცირე დროსა და მინდვრის ასეთივე მონაკვეთში დარტყმის მოსამზადებლად საუკეთესო პირობები არ ჰქონია.

ფონსეკამ ქართველი ფორვარდი 64-ე წუთზე შეცვალა. მინდორზე გამოსულმა მალიქ ფოფანამ კი ლეგონის თამაში ცალსახად გააუმჯობესა.

ტოლისო, ტალიაფიკო და მატჩის ძირითადი, 90 წუთი ფრედ 2-2 დასრულდა. ეს სარკისებური ანგარიში კი ექსტრა ტაიმებს ნიშნავდა.

ექსტრა ტაიმები

თუმცა ამ მომენტში იუნაიტედის ქომაგს მღელვარების მაქსიმუმამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლდა.

მიუხედავად იმისა რომ სანდრო შერერმა 90-ე წუთზე ტოლისო გააძევა, 10-კაციანმა ლიონმა შერკის გოლით, 105-ე წუთზე დაწინაურება მოახერხა.

110-ეზე ლაკაზეტმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და მანჩესტერის მდგომარეობა გამოუვალს დაამსგავსა.

აქ კი წითელმა ეშმაკებმა თითქოს ფსკერს ფეხი მძლავრად დაჰკრეს და ზედაპირისკენ სვლა დაიწყესო.

114-ე წუთზე კაზემირომ პენალტი იშოვა, ის კი გოლად ბრუნო ფერნანდეშმა გარდასახა.

120-ე წუთზე კობი მეინუმ, კაზემიროს პასით წონასწორობა აღადგინა და ოლდ ტრაფორდზე 4-4, ხოლო ორი მატჩის ჯამში 6-6 დააფიქსირა.

მეორე ექსტრა ტაიმს 5 წუთი დაემატა და პირველ დამატებულ წუთზე იმავე კაზემირომ გაფორვარდებულ ჰარი მაგუაიერს ისეთი უპასა, რთულად თუ გაუფუჭებდა ვინმე. ჰარიმაც არ ააცილა და 5-4.

ჟორჟის პრიზმაში ეს ყველაფერი ცხადია, დასანანია, თუმცა საბოლოოდ, ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი ლაივში ვნახეთ, ეს კი ისაა, რასაც ფეხბურთი საუკეთესოდ იხდენს და სწორედ ამ ყველაფრით აყვარებს მილიონობით ახალ ქომაგს თავს ყოველწლიურად, ზოგს უასმაგებს, ზოგს კი თავიდან აცნობს ამ ჯადოსნურ სამყაროს.

ამის საუკეთესო ილუსტრაცია კი ოლდ ტრაფორდის ტრიბუნაზე ეს ბიჭი და მისი ემოციები იყო.

ევროპა ლიგის ნახევარფინალში მანჩესტერ იუნაიტედი ბილბაოს ატლეტიკს შეხვდება. ესპანელებს ინგლისური ბარიერის გავლის შემთხვევაში ფინალის შინ თამაშის შანსი ექნებათ.

მეორე ნახევარფინალში ურთიერთობას ბუდე გლიმტი და ტოტენჰემი გაარკვევენ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

მანჩესტერი 5-4 ლიონი – მიმოხილვა

ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერი – ლიონის საპასუხო შეხვედრა ისტორიული გამოდგა რიგი სტატისტიკური მაჩვენებლებითაც.

ეს იყო პირველი მატჩი ევროპული ფეხბურთის ისტორიაში, რომელშიც ექსტრა ტაიმებში 5 გოლი გავიდა.

მანჩესტერ იუნაიტედი გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც დიდ ევროპულ ტურნირზე, 120-ე წუთზე 2 გოლის გატანა შეძლო.

5-4 – ეს ანგარიში მანჩესტერის ისტორიაში სულ მეორედ დაფიქსირდა. აქამდე ერთადერთი შემთხვევა 1958 წელს არსენალის წინააღმდეგ დაფიქსირებულიყო.