საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ლივერპულში წარმატებული გამოდგა. ქართველმა ენფილდის პუბლიკას დამაჯერებელი თამაში აჩვენა და ორი ლამაზი მოგერიებითაც გამოირჩა.
გიორგი მამარდაშვილმა ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალში თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა საუთჰემპტონის წინააღმდეგ (2:1).
წითლები გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდნენ, თუმცა თამაშის მიმდინარეობას თავიდანვე აკონტროლებდნენ.
სლოტის გუნდი პირველ ტაიმში ბურთს ფლობდა, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდა. ტაიმის მიწურულს, ფედერიკო კიეზას გადაცემით ალექსანდერ ისაკმა თავისი პირველი გოლი გაიტანა ლივერპულის მაისურით.
ლივეპრულის იტალიელი ფეხბურთელი მთელი თამაშის განმავლობაში გამორჩეული იყო. საუთჰემპტონის დაცვაში მთავარი ქაოსის შემტანი ფეხბურთელი წითლებიდან სწორედ კიეზა იყო.
მამარდაშვილის კარს საუთჰემპტონის ფეხბურთელები რამდენიმეჯერ დაემუქრნენ, თუმცა ქართველი კარის ბოლო ზღუდეზე დამაჯერებელი და მშვიდი იყო.
მეორე ტაიმი იგივე სცენარით მიმდინარეობდა. სლოტმა თავიდანვე რამდენიმე ცვლილება განახორციელა და ახალგაზრდებს მეტი სათამაშო დრო მისცა.
ლივერპულის კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი საუთჰემპტონის ნახევარმცველი, ჩარლზია, რომელმაც კუთხურის შემდეგ ვატარუ ენდოს დაშვებული შეცდომით ისარგებლა და უშანსოდ დარჩენილი მამარდას კარი აიღო.
მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, რასაც ლივერპულმა ამ სეზონში უკვე მიგვაჩვია, ეკიტიკემ ლივერპული კვლავ წინ გაიყვანა და მატჩი წითლებმა ისევ ბოლო წუთებზე მოიგეს.
უცნაური და გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ ეკიტიკემ, რომელსაც ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა, საუთჰემპტონის კარში გატანილი გოლი მაისურის გახდით აღნიშნა და მეორე ყვითელი მიიღო.
არნე სლოტმა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ეკიტიკეს ამ საქციელს დაუფიქრებელი და ‘სულელური‘ უწოდა.
ინგლისელი გულშემატკივრებისგან გიორგი მამარდაშვილის დებიუტს კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადად ლივერპულელთა გულშემატკივრები მამარდაშვილის თავდაჯერებულობას და სიმშვიდეს აღნიშნავენ.
ლივერპულის მეტოქე ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალში დღეს, წილისყრის შედეგად გაირკვევა.
ინგლისის ლიგის თასის თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს Setanta Sports-ის არხებზე და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეძლებთ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.