დღეს თბილისის დროით 23:00 ზე მადრიდის რეალი ბარსელონას უმასპინძლებს. ელ კლასიკოს დამატებითი მოტივაცია არასდროს სჭირდება, თუმცა, ამჯერად სატურნირო მდგომარეობაც ზრდის ინტერესს, თუ რეალი მოიგებს სხვაბა 11 ქულამდე გაიზრდება, რაც ექვსი დარჩენილი ტურის პირობებში ძალიან დიდი უპირატესობაა.
უფრო მარტივადაც შეგვიძლია ვთქვათ – თუ მადრიდი მოიგებს, ჩემპიონობასაც იზეიმებენ.
ბარსა კი ეცდება სხვაობა ხუთ ქულამდე შეამციროს. ამ შემთხვევაში უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით რომ რეალს ბაიერნთან ელის რთული შეხვედრები და ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა.
წინ დიდი მატჩია.
თეთრი კატა – შავი კატა
მადრიდის რეალი კარგ ხასიათზე ხვდება ელ კლასიკოს. ნაადრევ ფინალად მონათლულ ბრძოლაში მანჩესტერ სიტი დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ. არც ბაიერნია მათზე კარგ ფორმაში და ვერც პარალელური ბადიდან გასული გუნდები შეაშინებენ, ახლა ერთადერთი დაბრკოლება ზედმეტი თავდაჯერებაა. ამის წამალი კი გამოცდილებაა, რაც არც მადრიდელ ფეხბურთელებს აკლიათ და არც ლეგენდარულ კარლო ანჩელოტის.
ბარსელონამ კი დიდი უპირატესობა გაუშვა ხელიდან, ტაიმის პირველ ნახევარში ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ ორი მატჩის ჯამში, მერე კი ერთმა შეცდომამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. არაუხოს არ ეკადრებოდა ასეთი უგუნურება, ინტელექტი მისი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, თუმცა, საკმარისად დააგროვა გამოცდილება იმისათვის, რომ გუნდი არ დაეღალატებინა. მეტოქის სისწრაფე ვერ გათვალა, დასწრებაზე თამაში სურდა, არ გამოუვიდა და იძულებული გახდა თამაშის წესები დაერღვია.
ბევრი გადაკვეთა იყო. ჩავი ყოფილ თანაგუნდელთან და შემდეგ თავისივე მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან დამარცხდა. კარლო ანჩელოტიმ ასევე, ჩავის ყოფილი თანაგუნდელი და მისი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გამოთიშა ასპარეზობას.
სენ ჟერმენის შემადგენლობაში საუკეთესოდ დაასახელეს უსმან დემბელე, ბარსელონას ისტორიაში ყველაზე წამგებიანი ტრანსფერი, რომელმაც ჯერ პარიზში აღნიშნა გატანილი გოლი, შემდეგ კი ბარსელონაში.
ნახევარფინალში გავიდა კილიან მბაპე, რომელსაც ცალი ფეხი უკვე მადრიდში აქვს. ძალიან საინტერესო იქნება თუ ფინალში გადაეყრებიან ერთმანეთს. მბაპე ეცდება პარიზი ტრიუმფით დატოვოს.
ბოლო კლასიკოები
ბოლო ექვსი შეხვედრიდან გუნდებს სამ-სამი მოგება აქვთ. ჯერ ბარსამ დაამარცხა ზედიზედ სამჯერ რეალი, შემდეგ კი რეალმა ბარსა. ბოლო მარცხი ბარსელონამ სუპერთასის ფინალში იწვნია – 1:4.
საერთო ჯამში, მადრიდის რეალს 105 მოგება და 100 მარცხი აქვს. 51 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესია, 26 გატანილი გოლით.
რა ითქვა მატჩის წინ – ჩავი ერნანდესი
“თუ რეალი მოიგებს ყველაფერი დასრულდება, მაგრამ ჩვენ პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ. აქ მოსაგებად ჩამოვედით. ჩვენ მოგება და სხვაობის შემცირება გვსურს. გვაქვს შესაძლებლობა ლა ლიგა ბოლომდე საინტერესო გავხადოთ, ეს ჩვენი მენტალიტეტია”.
“მათ ჩემი აზრით მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაამარცხეს და გამოთიშეს გათამაშებას. მანჩესტერ სიტის ხელთ ჰქონდა სადავეები, მაგრამ მოგება ვერ შეძლეს, რეალი ძალიან კარგად იცავდა თავს. ეს ფეხბურთია”.
რა თქვა ანჩელოტიმ
“ლამინე იამალისა და პაუ კუბარსის შემხედვარე ყველანი გაკვირვებული ვართ, ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ და დიდი მომავალი აქვთ”
“ძალიან კარგი შანსი გვაქვს ლიდერობა განვიმტკიცოთ. კლასიკო ისეთი იქნება როგორიც ყოველთვის არის – კონკურენტული და დაძაბული. ბარსელონა ჯერ კიდევ ცოცხალია და იბრძვის ლა ლიგის მოსაგებად, ამიტომ წინ რთული შეხვედრა გველის”.
დანაკლისი
მადრიდის რეალს ტიბო კურტუა და ალაბა აკლია, თუმცა, ამ დანაკლისს გუნდი დიდი ხანია მიეჩვია.
ბარსელონა კი გავისა და ბალდეს მოისაკლისებს.
რეალი vs ბარსელონა – სად ვუყუროთ?
მადრიდის რეალისა და ბარსელონას შეხვედრის ყურებას Setantasports.com – ის პლატფორმაზე შეძლებთ.