სარჩევი

ლონდონის ჩელსის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. არისტოკრატები დერბიში ფულემთან დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში მეათე საფეხურამდე დაეშვნენ.

ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ვერ წავიდა ჩელსის საქმე კარგად, ამერიკელი როდ ბოლი რომ ფეხბურთში დიდად ვერ ერკვევა ეს ძველი ამბავია, მერე აღმოჩნდა, რომ არც ჩელსის საქმეები იცოდა კარგად, მაგალითად, მოჰამედ სალაჰი და კევინ დე ბრუნი ჩელსის აკადემიის აღზრდილები ეგონა.

ვერც შიდა სტრუქტურა დალაგდა, მთავარ მწვრთნელად კი გრემ პოტერი დანიშნეს, გაცილებით დაბალი დონის მწვრთნელი, ვიდრე ტომას ტუხელი იყო.

ცოტა გაუგებარია რას ითხოვენ პოტერისგან, იმ კონკურენციაში, რაც ამჟამად პრემიერ ლიგაშია, ამ კაცს ჩემპიონობას ვერ მოთხოვ, არათუ ახლა, არამედ 3-4 წლის მერეც. როგორც ჩანს, ხელმძღვანელებმა პოტერში ისეთი პოტენციალი დაინახეს, რომელსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს.

ან, გვიანდელი ვენგერის მოდელზე გადაწყვიტეს გადასვლა, – მთავარია მეოთხე ადგილი! თუმცა, აქამდეც ძალიან შორია. ჩელსი მეათე საფეხურზეა და არ ჰგავს მეოთხე ადგილზე გამსვლელს.

ჟოაუ ფელიქსი

ტრანსფერი იყო საჭირო. ფელიქსი ნამდვილად კარგი ვარიანტია. მაღალი დონის ფეხბურთელი, რომელიც თავის კლუბში არ იყო ბედნიერი. ასეთი შანსი უნდა გამოიყენო. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება კლუბთან, ჩემპიონატთან და ახალ გარემოსთან შესაგუებლად. ნდობა აქვს და პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში გაამწესეს ფულემთან შეხვედრაში.

არ იყო ცუდი. აქტიურობდა, მომენტებიც შექმნა, კარგი პასიც ვნახეთ და კარში დარტყმაც, მაგრამ, საბოლოოდ ყველაფერი თავადვე გააფუჭა, 58-ე წუთზე პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

გაშლილი ფეხით შევიდა ბრძოლაში, მეტოქეს ქაცვებით შეასკდა პირდაპირ წვივის არეში. კი, ეს წითელი ბარათია. კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო, ნათქვამია. ჰოდა, ეს ნახევარი ვერ შესრულდა.

პოტერის კომენტარი

ჟოაუ ახალგაზრდა ფეხბურთელია და სწორედ ასეთი მომენტები გაზრდის. ჩვენ ვნახეთ რა შესძინა თამაშს, ვნახეთ ხარისხი. არ მგონია, რომ იმ მომენტში ცუდი განზრახვა ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ასეთ დარღვევაზე არბიტრს რეაგირება უნდა მოეხდინა. ჩვენ მეტი შეგვიძლია და თამაში უნდა გამოვასწოროთ“, – თქვა გრემ პოტერმა.

როგორც აღვნიშნე ჟოაუს ქმედებაში წინასწარი განზრახვა არ დამინახავს, არც ის მგონია, რომ მან თავი დაკარგა, უბრალოდ ეს ახალი ჩემპიონატია, აქ ძალიან მაღალ ტემპში ვთამაშობთ, ამიტომ, სადებიუტო შეხვედრაში ყველაფრის გათვლა რთულია”.

მესმის გულშემატკივრების იმედგაცრუების, მადლიერნი ვართ მხარდაჭერისათვის, ახლა ყველასთვის რთული პერიოდია და ეს წინააღმდეგობა ერთად უნდა გადავლახოთ”.