ლივერპულმა მოიგო – მამარდა უსაქმოდ, ვირცის 2 ასისტი – გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში აინტრახტის წინააღმდეგ გამანადგურებელი ანგარიშით 1:5 მოიგო და ცუდი სერია დაასრულა.
ლივერპულისთვის 4-მატჩიანი წაგებათა სერია დასრულდა – მიუხედავად იმისა, რომ აინტრახტთან მატჩში მერსისაიდელებმა პირველებმა გაუშვეს გოლი, ამჯერად სლოტის გუნდის რეაქცია გაშვებულ გოლზე მძლავრი იყო და წითლებმა მასპინძლები გაანადგურეს.
პირველი გაშვებული გოლის დროს მამარდაშვილის დადანაშაულება შეუძლებელია. ანდერსენის დარტყმული ენდი რობერტსონს გაუძვრა და ქართველი მეკარისგან შორეულ კუთხეში ძელის დახმარებით შევარდა. ამ მომენტის გარდა, მამარდაშვილის კარს აინტრახტი მთელი მატჩის განმავლობაში ვერაფრით დაემუქრა.
წითლებმა ანგარიში აინტარხტის ყოფილი ფეხბურთელის, უგო ეკიტიკეს გოლით გაათანაბრეს. ფრანგმა თავდამსხმელმა მასპინძლებისადმი პატივისცემა გამოხატა და გოლი არ აღუნიშნავს.
ხასიათი გამოისწორა ლივერპულის გერმანელმა ვარსკვლავმა, ფლორიან ვირცმა, რომელმაც მშობლიურ მიწაზე თავისი ჩვეული პერფორმანსი გვაჩვენა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
აინტრახტთან მატჩში გამოჩნდა, რომ სლოტის გუნდმა ბოლო მატჩებში სტანდარტულებზე იმუშავა – წითლებმა ორი გოლი კუთხურიდან გაიტანეს და თავსაც კარგად იცავდნენ.
სამი ტურის შემდეგ ლივერპულს 6 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა. ცხადია, სლოტის გუნდისთვის მთავარი მიზანი საუკეთესო 8 გუნდში შესვლაა.
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში ლივერპული ენფილდზე მადრიდის რეალს დაუხვდება, სადაც გიორგი მამარდაშვილის მორიგ დუელს ვიხილავთ სამეფო კლუბის წინააღმდეგ.
ლივერპულმა მოიგო – მამარდა უსაქმოდ, ვირცის 2 ასისტი
მიმოხილვა