სარჩევი
2020 ნოე 19, 12:52 შშ
12 წუთის საკითხავი

როგორც წესი, მმართველის შეფასება ხდება მაშინ, როცა მისი ვადა იწურება. კობიაშვილს ჯერ საკმარისი დრო აქვს, მაგრამ აქა-იქ უკვე გაისმის მისი გადადგომის მოთხოვნები და კარგი იქნება თუ თვალს გადავავლებთ მის გაწეულ სამუშაოს. 

კრიტიკისათვის ავიღე ხელში კალამი, მაგრამ უმადურობაში, რომ არ ჩამომართვან, იმ კარგსაც არ დავუკარგავ რაც გააკეთა, მერე კი იმ ცუდსაც მივადგებით, ისტორიულ დღეს, რომ ერთიანად იჩინა თავი.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კობიაშვილის ყველაზე დიდი მიღწევაა. არასდროს აქამდე ამდენი სტადიონი და საფეხბურთო აკადემია არ გაკეთებულა და არ გარემონტებულა. უნდა ითქვას, რომ წინა ფედერაციებს არ ჰქონიათ იმხელა დაფინანსება რამხელაც ახლანდელს აქვს, თუმცა, საქმე სწორედ ასე კეთდება. ეს პროექტები და ხარჯები დათვლადია, შესაბამისად, მმართველი, რომელიც მოდის ფედერაციაში და რომელმაც იცის ჩვენი მოთხოვნის შესახებ, ასახელებს ზუსტ რიცხვს – კონკრეტულ თანხას იხდი და სტადიონები კეთდება. არ იხდი და არ კეთდება. მარტივია.

თუ ვინმე ისეთი კაცი მოვა, რომელიც ხელისუფალს ეტყვის – „თქვენ რამდენიც გინდათ იმდენი გამოყავით და მე საქმეს გავაკეთებ“ – უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც მინიმუმ აფერისტია. 

ის რაც უნდა გაგვეკეთებინა 20-30 წლის წინ, გავაკეთეთ ახლა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ვინც ოდნავ მაინც შეხებაშია ფეხბურთთან, მან იცის, რომ დღეს გაკეთებული სტადიონი ხვალ შედეგს ვერ მოიტანს, ამას დრო სჭირდება და შედეგი მაშინ მოვა, როცა კობიაშვილი აღარ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი. 

მძიმე მემკვიდრეობა ერგო, რომელიც ნაწილობრივ გამოსწორდა. თავის დროზე, ჩვენი სტადიონების ნახევარი „რაგბმა“ წაიღო, მეორე ნახევარი დაანგრიეს და კორპუსები ააშენეს. ამ ყველაფრის ფონზე საერთოდ არ იყო გასაკვირი, რომ ბეტონზე გაზრდილ ბავშვებს ყველა კუნთი და სახსარი აწუხებდათ. 

როდესაც ყენიას და მჭედლიძეს ვახსენებთ, თავში გამიელვებს, რომ 40 წლის ვეტერანებზე ვსაუბრობთ. არადა, 30-31 წლის ფეხბურთელები არიან, რომლებიც წესით ახლა ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრები უნდა იყვნენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იმ კოშმარში გაიზარდნენ, არც ფიზიოლოგიურად იყვნენ მზად, არც ფიზიკურად, არც მენტალურად, მხოლოდ ნიჭი კი ფეხბურთში არაფერს ნიშნავს. 

ახალი ინფრასტრუქტურის პირობებში, ეს პრობლემა უნდა გადაილახოს.

ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად გაიზარდა მასიურობაც, „მასობრივი ფეხბურთი“ ფედერაციის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც მოხდა ჩართულობის მნიშვნელოვნად ზრდა. როდესაც ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, მისი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და დარეგისტრირებული ფეხბურთელების რაოდენობის ზრდა იყო, რასაც მიაღწია კიდეც. 

პროექტის ფარგლებში დაფუძნდა სამოყვარულო ტურნირი Master Ligue 7X7, სადაც მთელი ქვეყნის მაშტაბით 64 მუციციპალიტეტია ჩართული, მონაწილე გუნდების რაოდენობა კი 500-ს აჭარბებს. 

„მასობრივი ფეხბურთის“ დამსახურებაა მოყვარულთა ლიგის ჩამოყალიბება, სადაც ოცი ათასამდე ადამიანია ჩართული, სწორედ ამ პროექტისთვის UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვერცხლის ჯილდო გადასცა. 

ეროვნული ჩემპიონატი

ძალიან სწორი ნაბიჯი იყო ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება. სახელმწიფო ფულს იხდის იმაში, რომ ქართული კლუბები შეინახოს, ის კლუბები, რომელთაც კერძო მფლობელი არ ჰყავთ. ხალხის გარკვეული ნაწილი ითხოვს, რომ ფულადი ნაკადი შეწყდეს, ამის საფუძველი კი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთ დროს ფეხბურთის დაფინანსება პრიორიტეტული არ უნდა იყოს. 

ვინც მუდმივად ვადევნებთ თვალყურს ჩვენი ფეხბურთის ავკარგიანობას, გვახსოვს რა ხდებოდა მაშინ, როცა დაფინანსება არ არსებობდა. ქართული კლუბები ვერ დადიოდნენ ერთი ქალაქიდან მეორეში, რადგან საწვავის ფული არ ჰქონდათ. რეგიონებში, ფეხბურთელები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით იკვებებოდნენ, რადგან საჭმლის ფული არ ჰქონდათ, ხელფასს 6-7 თვით უგვიანებდნენ რასაც მოჰყვებოდა დავა, დიდძალი ჯარიმები და ქვედა ლიგებში დაქვეითება. 

ეს ფეხბურთელები კი იწყებდნენ ფიქრს იმ ყველაზე ცუდ გზაზე, რითიც ფეხბურთში ფული იშოვება და ზოგი მათგანი კადრულობდა კიდეც ამას. 

ამიტომ ასეთი არჩევანი გვაქვს, ან შევინახავთ ამ კლუბებს. ან დავბრუნდებით ჭაობში. 

კლუბების ნაწილი ახერხებს ამ თანხის სწორად გამოყენებას, ნაწილი კი ვერა. მაგალითისთვის თბილისის „დინამო“, რომელიც საქართველოში ყველაზე მდიდარი კლუბია, წლების განმავლობაში ცდილობს, რომ მენეჯმენტი გამართოს, მაგრამ ამას ვერაფრით ახერხებს. პრობლემას ერთი მხრივ არასწორი პოლიტიკა განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ კარგი მენეჯერების დეფიციტი. 

თუ ყველაზე მდიდარი კლუბიც კი ვერ ახერხებს კომპეტენტური მენეჯერების შემოკრებას, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს როგორ უჭირს ამის გაკეთება იმ კლუბს, რომელიც სახელმწიფო შემწეობის ხარჯზე არსებობს. 

ჩემი ძირითადი სამადლობელი ინფრასტრუქტურას, მასიურობის ზრდას და კლუბების დაფინანსებას შეეხება. კიდევ არის დადებითი ნიუანსები, მაგრამ არა ისეთი, რომ სასწორის ერთი ან მეორე პინი გადაწონოს. ამიტომ ახლა კრიტიკაზე გადავალ. 

პარლამენტარი პრეზიდენტი

ფინალი საპროტესტო გამოსვლებს დაემთხვა, საპროტესტო ტალღა ბევრი დარღვევით ჩატარებულ არჩევნებს მოჰყვა. ამან პირდაპირ იმოქმედა ლევან კობიაშვილზე, გადამწყვეტი მატჩის მოგება მის რეიტინგზე პოზიტიურად აისახებოდა, ხოლო მარცხი ნეგატიურად. გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო უბანზე მისი კონკურენტი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე დიდი ხმაური და მძვინვარება სწორედ ამ უბანში იყო. ამიტომ, გასაკვირი არ ყოფილა, რომ მარცხის შემდეგ ფედერაციასთან მიმდინარე აქციამ პარტიული დაპირისპირების ფონი შეიძინა. 

ჯორჯ ორუელს ალბათ გულიც გლიჯავდა, მისივე წიგნი, პარტ.აქტივისტის ხელში რომ ენახა, თუმცა ვისი ბრალია ეს ყველაფერი? 
– ვისი ბრალია?
– ვისი ბრალია? 
– ფედერაციის! 

ფეხბურთში, პარტიული სულისკვეთების შემოჭრაზე პასუხისმგებელი ლევან კობიაშვილია, რომელმაც ფედერაციის პრეზიდენტობასთან ერთად პარლამენტში ჯდომა გადაწყვიტა, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამხელა უბნის მაჟორიტარობა არ არის მარტივი საქმე, გლდანი მჭიდროდ დასახლებული დიდი უბანია, ძალიან ბევრი პრობლემით.

როცა ორ დიდ საქმეს ეჭიდება ადამიანი, არც ერთი გამოდის და არც მეორე. 

ფეხბურთი პოლიტიზირებული ყოველთვის იყო და იქნება. ასეთ პატარა ქვეყანაში სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები თავის როლს ვერ ასრულებს, სადაც ყველაფერი პოლიტიზირებულია და ამავე დროს ყველას ესმის თუ რამხელა პროპაგანდის იარაღია სპორტის ეს სახეობა, შეუძლებელია, რომ ფეხბურთი პოლიტიკას ჩამოსცილდეს, მაგრამ პარტიებისგან დისტანცირება მაინც უნდა გვეცადა, ამის ნაცვლად კი მოხდა პირიქით, ფედერაციის პრეზიდენტი კონკრეტული პარტიის წევრი გახდა. 

ფეხბურთი ყველასია. მარტივი ჭეშმარიტებაა. არ შეიძლება ორგანოს ის კაცი მართავდეს, რომელიც კონკრეტულ პარტიას წარმოადგენს. 

ეს ძალიან, ძალიან დიდი შეცდომა იყო! 

ცხადაძე

არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ცხადაძეში ხსნას ხედავს. საერთოდ ადამიანში ხსნას არ ვხედავ და ღმერთმა ნუ დამანახოს. თუმცა, ისიც ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის გულშემატკივრებშიც მესიის მოლოდინში მყოფნი ბევრნი არიან. ვიღაც ქეცბაიას აღმერთებს, ვიღაც არველაძეს, ვიღაც ცხადაძეს და უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ მესიის მოლოდინში მყოფი არის პირველი ჯვარმცმელი.

სწორედ ამ ხალხმა შეურაცხყო და დაამცირა ყველა, ყიფიანიდან დაწყებული, არველაძით გაგრძელებული და ქეცბაიათი დამთავრებული. ამიტომ, არ ვაპირებ მესიანურ ჭიდილში გავერიო. 

ცხადაძე ჩემთვის უბრალოდ კაცია, მაგარი და კარგი კაცი! 

მისი მწვრთნელობის პერიოდს, რომ ვიხსენებ კარგიც მახსენდება და ცუდიც, კარგი ის იყო, რომ ქეცბაიას წასვლის შემდეგ გუნდში პოზიტიური განწყობა შემოიტანა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა. კარგი იყო ისიც, რომ გუნდი მეტად შემტევი გახდა, უფრო მეტს უტევდა და უკეთესი ფეხბურთის თამაშიც დაიწყო, მაგრამ მისი გზაც ისე წავიდა როგორც ქეცბაიასი. დაწყებით ორივემ ძალიან კარგად დაიწყო. მერე კი ყველაფერი აირია. 

არც ის არგუმენტი მხიბლავს – „გერმანიასთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ“ – იმ ჯგუფში მხოლოდ ორი ნაკრები იყო, ვინც გაჩემპიონებულ და უკვე გარდაქმნილ გერმანიასთან ქულაც ვერ აიღო – საქართველო და გიბრალტარი. დანარჩენებმა იხეირეს. 

თამაშიდან თამაშამდე ხარისხი უარესდებოდა. წინ გადადგმულ ნაბიჯებს ესტონეთთან განადგურება მოჰყვა, ანგარიშით 3:0. ისევ მიწაზე დავბრუნდით. საბოლოოდ დიდ სიხარულად მხოლოდ შოტლანდიასთან გამარჯვება დაგვრჩა. ასე ვხედავ და ცხადაძის დიდი ფანი ვერ გამოვდექი, თუმცა მწვრთნელი, რომ წარუმატებლობის მთავარი მიზეზი არ არის, ეს უკვე უნდა გვესწავლა. ცხადაძის გაშვება, თანაც ასეთი ფორმით, რბილად, რომ ვთქვათ შეურაცხმყოფელი იყო. 

ის ვისაც ფეხბურთი უთამაშია, რაღაც დონეზე მაინც, ან სხვა გუნდურ სპორტში გაუყვია თავი, მან იცის, რომ ყოფილი კაპიტანი არ არსებობს. კაპიტანი ყოველთვის კაპიტანია. 

ცხადაძე ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა. მით უმეტეს, რომ როგორც ახსნეს, თურმე კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ. 

თავის დროზე, როცა ქეცბაიამ კობიაშვილი და იაშვილი ნაკრებიდან დაითხოვა, კობიმ თქვა, რომ ნამდვილად მოვიდა ამის დრო, მაგრამ ასეთი ფორმით გაშვებას არ ვიმსახურებდითო. 

ჩემი შენ გითხარიო. როცა გესმის რა მწარეა ასე გაშვება, იგივეს როგორ აკეთებ?! 

ქეცბაიას სწორი კრიტიკა

თემურმა ძალიან სწორად ისაუბრა. ისევ. მაგრამ გულშემატკივარს მისი არ ესმის. რაღაც ნაწილს მაინც. აი იმ ნაწილს, რომელიც გაავებული ითხოვს, რომ ფედერაცია მას ჩააბარონ. კაცი, რომელიც ვერ იტანს ბიუროკრატიას და გიჟდება როცა მოედანზეა, უყიჟინებენ, რომ კაბინეტში შეძვრეს.

უცნაური ხალხია, ძალიან უცნაური. 

ქეცბაიას მხოლოდ ერთ ფედერაციაზე აქვს აუგი ნათქვამი. მან თქვა, რომ ნოდარ ახალკაცის დროს როცა ფედერაციაში მივედი, იქ საღორე დამხვდაო. ეს ნათქვამი მაშინდელი თანამშრომლების დიდ ნაწილს, (რომლებიც ახლა მედიაში მოღვაწეობენ) გულზე მოხვდა და თემურს გადაემტერნენ. ასე დაიწყო ჩასაფრებულებისა და წყობიდან გამოსული კაცის ბრძოლა. 

ამ ბრძოლების ჩანაწერები „იუთუბზე“ იძებნება და რომელ რაუნდსაც გინდათ, იმას გადაავლეთ თვალი. 

რაც შეეხება შემდეგი ფორმაციის ფედერაციებს, თემურს აუგი არაფერი უთქვამს, არც სიჭინავას დროინდელ ფედერაციაზე, არც კობიაშვილის ფედერაციაზე, პირიქით, ყოველთვის ამბობს, რომ სახელმიფო ფეხბურთს როგორც პარაზიტს ისე ინახავს და საერთოდ არ არის ვალდებული ეს გააკეთესო.

მართალია.

მერე მოჰყავს მაგალითები, როგორ ცოცხლობს ფეხბურთი სხვა ქვეყნებში. ბიზნესი ინახავს, აი ასე ცოცხლობს, ამის საფუძვლად კი სიყვარულს ასახელებს. უყვართ და ინახავენო. ჩვენ კიდე როგორც ჩანს არ გვყვარებია. 

ეს კრიტიკა შეეხება კობიაშვილს, ოღონდ არა როგორც ფედერაციის პრეზიდენტს, არამედ როგორც პარლამენტარს. 

ახლა მივყვეთ ნელ-ნელა თუ რაშია საქმე. არასდროს პარლამენტში იმდენი მილიონერი არ გვყოლია, რამდენიც წინა მოწვევის პარლამენტში გვყავდა. ეს ხალხი თავად წერს კანონს, მათ შორის ფეხბურთელები, ლევან კობიაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი, პლუს დავუმატოთ დიდი გავლენების მქონე კახა კალაძე. 

მათ შეეძლოთ ემუშავათ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ბიზნესმენებს გადასახადებზე შეღავათების, ან რიგ შემთხვევაში გადასახადების მოხსნის საფუძველზე გზას გაუხსნიდა ქართული ფეხბურთისკენ. ეს არის ერთადერთი გზა, იმისათვის, რომ ფეხბურთი ბიზნესმა და კერძო მფლობელებმა შეინახონ და არა სახელმწიფო ბიუჯეტმა, მაგრამ მსგავსი პროგრამის ნასახიც კი არ გვინახავს. 

არადა, თითქოს ადვილია, როცა თავად ხარ მილიონერი, შენი პარტია გაძეძგილია მილიონრებით, ხართ პარლამენტში, თავად წერთ კანონს, თავად მართავთ ფედერაციას და რაღა დარჩა ამ ყველაფრის შემხედვარე? ტვინის და ხელის განძრევა, სხვა არაფერი. 

ეს იყო ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელიც ჯერჯერობით ვერავინ გამოიყენა და თუ გავითვალისწინებთ საით მიდის პოლიტიკური პროცესები, ალბათ ეს შანსიც დაიკარგება. 

კლანური მმართველობა

„ეს ჩემიანია“, „ის სხვისიანია“ – ნაცნობი სიტყვა და ნაცნობი საქმეა. ყოველთვის ასე იყო და სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა. 

იყო დრო, როცა საქართველოს ნაკრები ისე საზიზღრად თამაშობდა, რომ გვიმალავდნენ. ტელევიზიები არ აჩვენებდნენ და ეს არ არის ყველაზე დიდი უბედურება, მთავარი უბედურება ის იყო, რომ არც ჩვენ ვითხოვდით ეჩვენებინათ. დიდი ხნის განმავლობაში ვეშვებოდით დაბლა და სწორედ მაშინ დავენარცხეთ ძირს. დავასკდით მიწას. 

ამ დროს გიორგი დევდარიანმა, გაბედა და წარმატებას მიაღწია. თავისი პროექტით, თავისი გეგმით და სწორი მუშაობით 17-წლამდელები ელიტ რაუნდში გაიყვანა. პროექტის მთავარი უპირატესობა იყო ის, რომ ნაკრების ბირთვს ერთ კლუბში მოუყარა თავი და მთელი სეზონი ასაკით უფროსებთან ათამაშა. ამით ორი უპირატესობა შეიძინა, ფიზიკურად კარგად მოემზადა და შეთამაშება უმაღლეს დონეზე აიყვანა. როგორც წესი, ნაკრების პრობლემა ის არის, რომ ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბებში თამაშობენ და შეთამაშება უჭირთ, დევდარიანმა კი ერთ კლუბში მოუყარა თავი და კონკურენტ ნაკრებებთან შედარებით დიდი უპირატესობა შეიძინა. მერე ქომაგმა თავზე წამოაძახა შენ მხოლოდ შენი კლუბის ფეხბურთელებს იძახებო, რეალურად კი ეს პროექტის ნაწილი იყო, სადაც 13-14 ფეხბურთელი, ერთ კლუბში იყო თავმოყრილი. ამ სწორი გათვლით და გონივრული მუშაობით მოვიდა შედეგი. 

იმედი ისევ დაგვიბრუნდა, ისევ გაგვიხარდა და ვნახეთ, რომ იმ ბიჭებსაც ესმოდათ რა იყო ბურთი და როგორ უნდა ეთამაშათ ფეხბურთი. 

იქიდან მოყოლებული ყველაფერი შეიცვალა. ასაკობრივ ნაკრებებში აღარ ვხედავდით ისეთ ანომალიას, როგორიც იყო ჰერბერტ ცანკერი, ან კლაუს ტოპმიულერის ძმა, რომელიც პროფესიით მწვრთნელი საერთოდ არ ყოფილა, ან პიტერ შეგრტი, რომელსაც რატომღაც „კარგი პრესა“ ჰქონდა. 

მწვრთნელების შერჩევა დაიწყო სწორი კრიტერიუმებით და კვლავ ვითამაშეთ ელიტ რაუნდში, წარმატებული იყო ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრები, ხოლო ვასილ მაისურაძის 17-წლამდელები საერთოდ ნახევარფინალამდე მივიდნენ.  სწორედ ამ ფეხბურთელებით შეივსო ეროვნული ნაკრები. ბევრმა კარიერა ვერ წარმართა ისე, როგორც ვისურვებდით, მაგრამ რაც შემოგვრჩა, იმაზეც მადლობელი ვარ. 

რაც შეეხება მაშინდელ ეროვნულ ნაკრებს, მახსოვს იმ პერიოდში ერთ-ერთ გადაცემაში მაყურებელმა დარეკა და დამწუხრებულმა თქვა, ნაკრებში ერთი დრიბლიორიც აღარ გვყავსო. ასეც იყო, ერთადერთი გვყავდა და ისიც ქრონიკული ტრავმებით. 

ვისაც ის დრო არ ახსოვს, ჰგონია, რომ ისევ იქ ვართ, ფსკერზე, მაგრამ მე მახსოვს და ვხედავ, რომ მცირე, მაგრამ მაინც, ერთი ნაბიჯი წინ გადავდგით. 

ამ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯის სულისჩამდგმელი კი ფეხბურთს ჩამოცილებულია და ისევ თავის სახსრებით ცდილობს რაღაც სარგებელი მოუტანოს ამ სფეროს. მცირე ხნის წინ, გიორგი დევდარიანმა აღნიშნა, რომ მისი სამსახურით არ ინტერესდებიან, ისე თითქოს ბევრი გვყავდეს ასეთი სპეციალისტი. ისევ მისი სიტყვები, რომ მოვიყვანო, შოთი არველძაძის გამოგზავნილ კონტრაქტს და იდეალურ პირობებს, „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდთან მუშაობა ამჯობინა, სწორედ იმ თავგანწირვის გამო, რომელიც ჯერჯერობით არავინ დაუფასა. აღარ ჩანს დევდარიანი და აღარც რომელიმე ასაკობრივი ნაკრები გვინახავს ელიტ რაუნდში. არადა, გიორგის საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აქვს იმისათვის, რომ ყველა ახალგაზრდული ნაკრები, ისევ ერთ სქემაში მოაქციოს, ან სწორი მიმართულება მისცეს იმ საფეხბურთო აკადემიებს, რომლებმაც მომავალში გაუმჯობესებული „პროდუქტი“ უნდა მოგვცეს.

ფედერაციაში მისი სახელის გაგონებაც არ უნდათ. ალბათ,თავისიანად ვერ აღიქვეს. ეს ერთი ამბავია, რაც ჩემამდე მოვიდა. რაც არ მოსულა კიდევ ვინ დათვლის რამდენია. 

გულშემატკივარი

ბოლოს უნდა შევეხოთ სტადიონის თემას. ფედერაციის მიმართ მთავარი პრეტენზიები განაპირობა იმან, რომ ისტორიულ მატჩს, ცარიელი ტრიბუნებით დავხვდით. არადა, სხვაგვარადაც შეიძლებოდა, ამისათვის მხოლოდ არგუმენტების სწორად წარდგენა იყო საჭირო. ძალიან მარტივად შეიძლებოდა იმის ახსნა, რომ სტადიონზე გაცილებით მარტივი იქნებოდა დაახლოებით ოცი ათას, ან ოცდაათი ათას ადამიანს წესები დაეცვა, ვიდრე გარეთ დამონტაჟებულ ეკრანთან. თამაშის შემდეგ, „მუშკეტერებიდან“ ერთ-ერთმა განაცხადა, წესების დაცვით დასწრება შესაძლებელი იქნებოდაო. გამოდის, რომ ან კომუნიკაცია ვერ შედგა ფედერაციასა და იმ ადამიანებს შორის ვინც გადაწყვეტილებას იღებდა, ან საჭირო არგუმენტები ვერ წარადგინეს, რაც ასევე საეჭვო და მძიმე ამბავია. ლევანს შეეძლო პრესკონფერენცია გაემართა, პასუხისმგებლობა აეღო წესების დაცვაზე და მოეთხოვა ხალხის დასწრება, ასეთ შემთხვევაში დადებითი პასუხის მეტი შანსი გვექნებოდა, რადგან როცა პროცესი ღიად მიმდინარეობს, იქ ქომაგის ხმაც ისმის, მაგრამ ყველაფერი მოხდა დაფარულად, რადგან გადაწყვეტილებას მისივე პარტიელები იღებდნენ. მოკლედ, ერთი დიდი მინუსი ეკუთვნით, რომ ამას თავი ვერ მოაბეს. 

მაინც პოზიტიურად დავასრულებ. უკვე შევეხე ქომაგთა ისტერიულ ნაწილს, რომელიც ჩვენს წარმატებასა და წარუმატებლობას პარტიულ ჭრილში განიხილავს, ეს ხალხი ნამდვილ გულშემატკივარს ვერ ეყვარება, რადგან ნამდვილ გულშემატკივარს არაფერი ეჯავრება ისე, როგორც ყალბი გულშემატკივარი.

ასევე, ვახსენე მესიანური იდეით შეპყრობილი ხალხი, რომელიც როგორც წესი დიდი უმადურობით გამოირჩევა, რადგან მესიისგან როგორც წესი ყველაფერს ითხოვენ, ყველაფრის მოცემა კი არავის შეუძლია.

ამიტომ დროა ვახსენო ნამდვილი ქომაგი, რომელიც წაგების მიუხედავად ნაკრებს დახვდა და გაამხნევა. იმ გატეხილ და გახეთქილ გულში ჩაიკრა. ყველა ასეთი ქომაგი, უკვე შემდგარი ადამიანია, თუნდაც ის ხალხი ვისაც იგივე განწყობა ჰქონდა და სხვადასხვა მიზეზთა გამო სახლში დარჩენა მოუწია. 

ქომაგობის ძველი კულტურა, სტადონზე ჩაშავებული მისვლა, მზესუმზირის ფურთხება და მიტინგის ლექსიკით გუნდის გამხნევება წარსულში უნდა დარჩეს, რადგან ეს არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის ნაწილი. 

ჩვენ უფრო დასავლეთს ვეკუთვნით, რადგან იქ სიმღერით ქომაგობენ, მრავალხმიანი სიმღერა კი ქართველის მოგონილია. როგორ შეიძლება სტადიონზე არ ვმღეროდეთ?! 

ის ძველი ისევე უნდა მოვიცილოთ, როგორც გველი იცილებს პერანგს, მერე იქნებ არჩიბალდ მეკეშიც იქცეს არჩილ მაყაშვილად და ჯოს! ჯოს! ჯოს! ღრიალის და მეტოქის დედის გინების ნაცვლად, სიმღერა შეძლოს თავისი გუნდის გასამხნევებლად. 

ამის ნიშნები ნამდვილმა ქომაგმა უკვე დაგვანახა და სხვა თუ არაფერი, ეს მაინც ვნახე სასიხარულო.