ლეგენდების ეპილოგი მუნდიალზე

კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონატს თვალცრემლიანი დაემშვიდობა. მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის დაულაშქრავი მწვერვალი გამოდგა. საქმე მხოლოდ მოგებას არ ეხება, პორტუგალიას რონალდუს ეპოქაში კარგი მსოფლიო ჩემპიონატი არ ჰქონია, თუ პირველ მცდელობას არ ჩავთვლით. თუმცა, 2006 წელს, როცა ნახევარფინალამდე მივიდნენ, რონალდუ გუნდის გამოკვეთილი ლიდერი არ ყოფილა.

არასდროს მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში გოლი არ გაუტანია. წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ასეა. სწორედ ამიტომ იყო ცრემლი, ან იქნებ კიდევ ბევრი რამის გამო იყო, მაგრამ ეს ამბავი ძალიან გულდასაწყვეტია, მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე დიდი საზომია, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს საფეხბურთო მემკვიდრეობაზე. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი, რომელსაც ყველა დროის საუკეთესოობაზე აქვს პრეტენზია, როგორც მინიმუმ ფინალამდე მაინც მისულა, როგორც მესი და კრუიფი, ორივე გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ერთი 74-ში, მეორე 2014-ში, ბეკენბაუერს მოუგია, თანაც, კრუიფს მოუგო ფინალი, მარადონას მოუგია თანაც ისე, რომ დღემდე საუკეთესო ინდივიდუალურ პერფორმანსად ითვლება მისი ტანგო 86-ში. პელეს ხომ მოუგია და მოუგია.. რონალდუ ფინალამდეც ვერ მივიდა. ვერც საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ვერც საუკეთესო ბომბარდირი, ეს კი გვინდა თუ არა, მემკვიდრეობაზე ძალიან დიდ გვალენას ახდენს.

ამიტომ იყო ცრემლი.

სხვებიც გავიხსენოთ, როგორ წავიდნენ.

ზიდანი

საფრანგეთი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ ვერ გავიდა, ამის შემდეგ დაიწყეს ახალი ნაკრების შენება და 22 წლის ზიდანიც მიიწვიეს. ევრო 96-ის მერე მაგრად აკრიტიკებდნენ, დასცინოდნენ კიდეც პლატინის ათიანი ამ კაცს როგორ ჩააცვესო. 98 წლის საფრანგეთის მუნდიალიც კრიტიკით დაიწყო, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დანიის ნაკრებთან წითელი ბარათი მიიღო, ამის გამო მერვედფინალი გამოტოვა პარაგვაისთან, საფრანგეთმა დამატებით დროში მოიგო 1:0, ბეწვის ხიდზე გაიარეს, და რომ ვერ გაევლოთ მთავარი დამნაშავე ზიდანი იქნებოდა.

ისე მივიდნენ ფინალამდე, რომ ზიზუს დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია. იქ კი ვნახეთ რას წარმოადგენდა ზიზუ. საქმე მხოლოდ ორ გატანილ გოლში არ არის, ზიზუს ყველა შეხება ხელოვნების ნიმუში იყო. ეს ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსია, თუ არა საუკეთესო. ზიდანი გახდა ფინალის გმირი, პირველად ისტორიაში საფრანგეთს მოაგებინა მსოფლიო ჩემპიონატი, გააკეთა ის, რაც პლატინის არასდროს გაუკეთებია. ამის მერე, აღარც კითხვები ყოფილა, აღარც კრიტიკა, ზიდანი ხელშეუხებელი ფიგურა გახდა.

2002 წელს საფრანგეთი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, გადაჭედილი ვარსკვლავებით, თუმცა, ჯერ პირესის ტრავმა იყო, მერე ზიდანის, მერე ძალიან ცუდი სტარტი და ჯგუფში ჩარჩენა, თანაც უგოლოდ. ზიზუ მხოლოდ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში გამოჩნდა, ტრავმით ითამაშა და ვერაფერი გააწყო.

ისე მოხდა, რომ ბოლო მუნდიალი იყო საუკეთესო, დასასრული იყო შოკისმომგვრელი. არის ასეთი ლეგენდა, რომელსაც ფრანგული გამოცემები ავრცელებდნენ, – ტურამი, მაკელელე, ვიეირა და ზიდანი ორი წარუმატებელი მატჩის მერე, ცალკე შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს გუნდის მართვის სადავეები ხელში თავად აეღოთ, მიხვდნენ, რომ დომენეკს წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა. ეს ყველაფერი მოხდა ძალიან ჩუმად, საჯარო განცხადებებისა და შიდა დაძაბულობის გარეშე. ფრანგული ფეხბურთის ლეგენდებმა მწვრთნელი გვერდზე ისე გაწიეს, რომ ხმა არ გაუღიათ. ის კაციც იდგა გვერდით ხაზთან, როგორც დეკორაცია.

სწორედ აქედან იწყება ფრანგების გამოფხიზლება, და პლეიოფებიდან დაიწყო ზიდანის მასტერკლასი. ჯერ ესპანეთთან, მერე ბრაზილიასთან, მერე პორტუგალიასთან, და ბოლოს ფინალში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ბუფონს ის ბურთი ვერ აეღო.. დამატებით დროში, ზიდანის განთქმული თავური დარტყმა! რომ გასულიყო ისევ ჩემპიონი იქნებოდა, საფრანგეთი ისევ მისი დუბლით მოიგებდა, და ნამდვილად მოექცეოდა პელესა და მარადონას გვერდით, მაგრამ არ გავიდა. თურმე, სულ სხვა ფინალი გველოდა წინ.

ამაზე დავა-კამათი არ მორჩება. წერტილი კი შთამბეჭდავი იყო, ბრუტალური, ცოტა სულელურიც, მაგრამ შთამბეჭდავი. ასე წავიდა ზიზუ. ჩაუარა მსოფლიო თასს ისე რომ მისთვის არც კი შეუხედავს.

მარადონა

მარადონაც ცრემლით წავიდა. ჯერჯერობით სულ დრამატულად მიდიან. ასე გამოდის. მარადონა 94 წლის მუნდიალზე უკვე ღმერთი იყო. ოფიციალურად. მისი სახელობის სამლოცველოები ფუნქციონირებდა, როგორც არგენტინაში, ისე ნეაპოლში. ნაკრებიდანაც წასული იყო, მაგრამ არგენტინას პლეიოფის თამაში უწევდა ავსტრალიასთან და საშველად უხმეს, ვაიდა დავრჩეთ მუნდიალის გარეშეო.

დიეგოსთვის კიდე არაფერი იმაზე ღირებული არ არსებობდა, ვიდრე არგენტინის ფორმა. დაბრუნდა ეს ჩამრგვალებული კაცი, ოღონდ დაბრუნების წინ იმდენი ივარჯიშა, რომ საოცარ ფორმაში შევიდა, ბევრად კარგ კონდიციებში იყო, ვიდრე ოთხი წლის წინ, 90 წლის მუნდიალზე. გაათრია არგენტინა ფინალურ ეტაპზე და გუნდიც ისე დალაგდა, ისეთი ფეხბურთის თამაში დაიწყეს, რომ მთავარ ფავორიტებად იქცნენ. აბსოლუტურად ყველა რგოლში დომინანტი ფეხბურთელი ჰყავდათ, – დაცვის ხაზში რუჯერი, საყრდენზე სიმეონე, ბურთის ამომტანი რედონდო, ათიანი მარადონა, ცხრიანი ბატისტუტა, და იქვე მოძრავი კანიჯა. ბრწყინვალე იყო, ულამაზესი, ისევე როგორც დიეგოს გოლი საბერძნეთის ნაკრების კარში, პირველივე მატჩში, მერე ის მოხდა, რამაც წერტილი დასვა, დიეგომ გოლის მერე კამერასთან მიირბინა და არაადამიანური ხმით დაიღრიალა. მარადონა იყო, თუმცა, არ ჰგავდა მას, თან იყო, თან არა.

დიეგოს უკვე ჰქონდა ერთი დისკვალიფიკაცია მოხდილი, აკრძალული პრეპარატების მიღების გამო. ნიგერიასთან მატჩის მერე დოპინგზე შეამოწმეს და ჩავარდა. ყოველთვის უარჰყოფდა, სიკვდილამდე უარჰყოფდა, მხოლოდ ეფედრინი მივიღეო, ამბობდა. ეფედრინი კიდე შეერთებულ შტატებში 2004 წელს აიკრძალა, ანუ, ათი წლის შემდეგ.

პრესკონფერენციაზე არ უტირია, ბავშვებს დავპირდი რომ არ ვიტირებდიო, მაგრამ, მერვედფინალში, ტრიბუნაზე მყოფი მარადონა პატარა ბავშვივით ქვითინებდა. ასე მორჩა დიეგოსა და მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია.

კრუიფი

ეს ალბათ ყველაზე უცნაური ამბავია. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მხოლოდ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი აქვს ნათამაშები. მხოლოდ ერთი! იქაც საუკეთესო გახდა, ფინალამდე მივიდა წარმოუდგენლად მაგარი და რევოლუციური ნიდერლანდების ნაკრებით, – რინუს მიხელსის მექანიკური ფორთოხლები.

დაიბადა მათთან ერთად ტოტალური ფეხბურთი, კრუიფმა იფრინა და გახდა მფრინავი ნიდერლანდელი, მაგრამ მუნდიალი ვერ მოიგო. ფინალი დაიწყო თუ არა, პირველივე წუთზე ცენტრიდან დრიბლინგით წავიდა, გზად ყველა ჩამოიცილა, საჯარიმოში შევარდა და თერთმეტმეტრიანი აიკიდა, რომელიც ნეესკენსმა გოლად აქცია. თუმცა, გერმანელებს ამით ვერ შეაშინებ. მაგათ არ ეშინიათ.

მთელი დარჩენილი დრო კრუიფი მსაჯთან კამათობდა. ნიდერლანდები 1:2 დამარცხდა. კრუიფი კი ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ეს მისი ბოლო მცდელობა იქნებოდა. აბსოლუტურად ყველა დარწმუნებულია, მას რომ 78-ში მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშა აუცილებლად მოიგებდა, ნიდერლანდები მის გარეშეც გავიდა ფინალში, სადაც ისევ მასპინძლებთან, ამჯერად არგენტინის ნაკრებთან დამარცხდნენ.

კრუიფის თავს კი ისეთები ხდებოდა, რომ მიღმა დარჩა. ამის შესახებ გულახდილად ძალიან დიდი ხნის შემდეგ ისაუბრა, დაადასტურა მის სახლში შეცარდნაც, გატაცების მცდელობაც, ისიც რომ იარაღი დაადეს თავზე მასაც და მის ცოლსაც. იმ დროს ძალიან გავრცელებული იყო პარტიზანული მემარცხენე მოძრაობები, რომლებიც ხალხს იტაცებდნენ გამოსასყიდის სანაცვლოდ. ბარსელონაში ეს ყველაფერი 80-იანებამდე გაგრძელდა.

ასე დარჩა კრუიფი მუნდიალის გარეშე, მაყურებელი კი კრუიფის გარეშე.

ბეკენბაუერი

სადაც კრუიფი, იქაც ბეკენბაუერი. ვისზე ნაკლებია?! ერთადერთი კაცია, რომელიც ასე სიღრმიდან თამაშის მიუხედავად გაერია ყველა დროის საუკეთესოთა შორის. ეგეც, უმეტესად მისი შემტევი უნარების გამო, მაგრამ მაინც, უნიკალურ ფეხბურთელზე გვაქვს საუბარი.

ძალიან მაგარი ჩემპიონატი ჰქონდა 66-ში, სადაც ფინალამდე მივიდა და ბახრამოვი გაიცნო, ძალიან კარგი ჩემპიონატი ჰქონდა 70-ში, სადაც ნახევარფინალში დამარცხდა იტალიასთან, ალბათ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მატჩში, უნდა ითქვას, რომ აქაც არანაკლებ დაიჩაგრა მსაჯებისგან, მათ შორის, მასზე არ დანიშნეს თერთმეტმეტრიანი, როცა საჯარიმოში შტორმივით შეჭრილს ფაკეტიმ დაუდო ფეხი, და ბრწყინვალე იყო 74-ში, რომელიც ტრიუმფით დაასრულა. აჰა, ესეც ჰეფი ენდი, ამდენი ცრემლის მერე.

ისეთივე დუელი ჰქონდა კრუიფთან, როგორიც მესის აქვს რონალდუსთან, ებრძოდნენ ერთმანეთს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. კრუიფმა სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა თასი აიაქსთან ერთად, ბეკენბაუერმაც სამჯერ ზედიზედ მოიგო ბაიერნთან ერთად. კრუიფმა სამჯერ მოიგო ოქროს ბურთი, ბეკენბაუერმა – ორჯერ.

მათი ნაკრებები კი ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. თავიანთი ეპოქის ორი უდიდესი წარსდგა ერთმანეთის პირისპირ და გერმანელმა იმარჯვა. მსოფლიო ჩემპიონატი მაინც ბეკენბაუერის ტურნირი გამოდგა. მერე, მწვრთნელის რანგშიც მოიგო.

პელე

დიდთა შორის უდიდესი! საფეხბურთო რენესანსის მამა. ზევსი! როგორც წინა ბლოგებში ვუწოდეთ. გამოჩენისთანავე მისი ტურნირი გახდა მსოფლიო ჩემპიონატი. როგორც ეზოში ისე თამაშობდა, სილამაზესა და სითავხედეს ვგულისხმობ. ამიტომ, მის მსგავს გოლს ფინალში ვეღარავინ შეაგდებს. ეს მხოლოდ პელეს შეეძლო.

რომ არა ორი ტრავმა, – 1962 და 1966 წლებში, იმდენს შეაგდებდა მუნდიალზე რომ მისი დამწევი კაცი არ იქნებოდა. თავად განსაჯეთ, პირველი ჩემპიონატი 17 წლის ასაკში, 1958 წელს ჩაატარა და ექვსი გოლი შეაგდო! 17 წლისამ, ექვსი გოლი! მათ შორის, ჰეთთრიქი საფრანგეთთან ნახევარფინალში და დუბლი შვედეთთან ფინალში. ბოლო ჩემპიონატი 70-ში ითამაშა, 30 წლისამ, ეს უკვე კარგად ახსოვთ, გამოსახულებაც ფერადი იყო, ამ ფორმაციის ბრაზილია ყველა დროის საუკეთესოდ აღიარეს და პელემაც იფრინა! ფინალშიც აფრინდა და თავით შეაგდო, მერე ის პასი გააკეთა, ის დაუვიწყარი პასი, ასევე ეზოს ფეხბურთის ესთეთიკით.

ბოლო მუნდიალზე ოთხი გოლი შეაგდო. საერთო ჯამში 10 გამოდის. 1962 და 1966 წლებში, თითო-თითოს მიმატება მოგვიწევს, რადგან უმეტესი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. 66-ში პორტუგალიასთანაც ტრავმით ითამაშა. ეს მისთვის საუკეთესო ჩემპიონატები უნდა ყოფილიყო, ეს იყო პელე თავის პიკში!

არ გაუმართლა.

რომ არა ეგ ტრავმები, გოლი იმდენი იქნებოდა კაცი ვერ დათვლიდა, თასები კიდე ისედაც იყო, იმ ბრაზილიას არც პელეს გარეშე უჭირდა.

70-ში მეფურად წავიდა. ისე, როგორც შეეფერებოდა.

იყო შანსი 74-შიც ეთამაშა, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო თქვა უარი. იმ დროს ბრაზილიაში დიქტატურა იხრწნებოდა, ხალხს ტყავს აძრობდნენ პირდაპირი მნიშვნელობით, პელემ ჩათვალა, რომ უფლება არ ჰქონდა ასეთ დროს ნაკრებში ეთამაშა.

ასე მიდიოდნენ ლეგენდები. მიდიოდნენ ცრემლით. ზოგი სიხარულის, ზოგიც მწუხარების. ჩვენ კი ამათი რანგის ერთი ფეხბურთელი დაგვრჩა მხოლოდ, მისი სიტყვაც უდავოდ ცრემლიანი იქნება, ოღონდ ჯერ არ ვიცით, სიხარული აატირებს თუ მწუხარება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე