პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ უარჰყო გავრცელებული ხმები კრიშტიანუ რონალდუს მუქარის შესახებ. შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ დაიწერა, რომ სათადარიგოთა შორის დარჩენილი რონალდუ განაწყენდა და გუნდიდან წასვლით დაიმუქრა. ეს პირველი შემთხვევა იყო ევრო 2008-ის შემდეგ, როცა რონალდუ დიდ ტურნირზე სათადარიგოთა შორის დარჩა.
როგორც დაიწყო ისე გრძელდება, – მუნდიალის დაწყების წინ, პრესაში იწერებოდა ფეხბურთელებს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ, ავრცელებდნენ რონალდუსა და ბრუნოს შეხვედრის კადრებს, ავრცელებდნენ რონალდუსა და კანსელოს თითქოსდა დაძაბულ საუბარს ვარჯიშზე, მოგვიანებით კი ფედერაცია ყველაფერს უარჰყოფდა. ფეხბურთელები კამერის წინ იცინოდნენ და სოციალურ ქსელში ასევე ყველაფერს უარჰყოფდნენ.
ამჯერადაც მსგავსი სურათი გვაქვს, კრიშტიანუც ყველაფერს უარჰყოფს და სოციალურ ქსელში წერს, – „გუნდი ზედმეტად ერთიანია იმისათვის, რომ გარე ძალებმა ზემოქმედება მოახდინონ“.
პორტუგალიის ნაკრები მეოთხედფინალში მაროკოს შეხვდება. შეხვედრას დამატებითი ინტრიგაც ახლავს თავს, – იქნება თუ არა რონალდუ ძირითად შემადგენლობაში? მისმა შემცვლელმა ჰეთთრიქი შეასრულა, მისი სკამზე გადასმა რთული იქნება, არადა, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლეგენდაზე, პორტუგალიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელზე გვაქვს საუბარი.
სანტუშს მარტივი არჩევანი არ ექნება.