სარჩევი

ბარსელონას პრეზიდენტმა Cadena Ser-თან რამდენიმე აქტუალურ საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, შეეხო ლიონელ მესის თემასაც. ლაპორტას სიტყვებს ისევ თავის მართლების ელფერი დაჰკრავს.

ჟუან ლაპორტა სეზონის წინ ვაბანკზე წავიდა, ვალების მიუხედავად კვლავინდებურად ისესხა დიდძალი თანხა, განახორციელა ძვირადღირებული ტრანსფერები და სრული ნდობა გამოუცხადა ჩავი ერნანდესს, მაგრამ იღბალმა ზურგი აქცია, წილისყრამ ბარსა სიკვდილის ჯგუფში მოახვედრა, გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა და მოსალოდნელი შემოსავალიც მაქსიმალურად შემცირდა.

თუმცა, ლაპორტა ყოველთვის ოპტიმისტი იყო და დარჩენილი ტურნირების მოგების იმედს არც ამჯერად კარგავს.

ბერნარდუ სილვა

ჩვენ ბერნარდუში 80 მილიონ ევროს არ გადავიხდით. გამორიცხულია. ჰოლანდი? ვნახოთ მანჩესტერ სიტიში როგორ ითამაშებს. ახლა ლევანდოვსკი გვყავს და ყველაფერი რიგზეა.

ლიონელ მესი

ვალდებული ვიყავი, რომ კლუბი, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელზე მაღლა დამეყენებინა. ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მისი შენარჩუნება არ შემეძლო. მიმაჩნია, რომ კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. ამჟამად ის პსჟ-ის ფეხბურთელია და ვარჩევ, რომ მასზე არ ვისაუბრო. ბარსელონაზე ვართ ფოკუსირებულნი. ლეო ყოველთვის იქნება ჩვენი კლუბის ნაწილი, უბრალოდ მისთვის სხვაგვარ დასასრულს ვისურვებდი. არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ.

მსოფლიო ჩემპიონატზე

მესიმ მსოფლიო ჩემპიონობა დაიმსახურა. თუ არგენტინა მოიგებდა მის გამო ვიქნებოდი ბედნიერი, თუ საფრანგეთი მოიგებდა დემბელესა და კუნდეს გამო.

ჟერარ პიკე

თუ მოისურვებს მომავალში ბარსელონას პრეზიდენტი გახდება. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

ბალდე

ყველაფერი კარგად მიდის. ბალდეს ინტერესებს ჟორჟე მენდეში იცავს და მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი სურვილები ერთმანეთს ემთხვევა, ბალდე ბარსელონაში გააგრძელებს კარიერას.

ბუსკეტსი

ნევეში შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საუბარი ჯერ ადრეა. (იგულისხმება რუბენ ნევეში).

ბუსკეტსი მუდმივად ჩვენთან ვერ იქნება და მის შემცვლელზე კარგად უნდა ვიფიქროთ. ფრენკი დე იონგს შეუძლია მის პოზიციაზე თამაში, მაგრამ ერთი ფეხბურთელის იმედად ვერ ვიქნებით, ამას საბოლოოდ ჩავი გადაწყვეტს.

El Espai Barca

ესპაი ბარსა ისეა ჩაფიქრებული, რომ არ მოგვიწევს თანხის დაბრუნება იქამდე, სანამ პროექტი შემოსავალს არ მოიტანს. (Espai Barca – განახლებული ინფრასტრუქტურა, კამპ ნოუ და მისი მიმდებარე ტერიტორია).

პროექტი ხელს არ შეგვიშლის ახალ ინვესტიციებში და გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაში. პროექტის გარანტია მის მიმართ გამოხატული ნდობაა.

მმართველობა

Goldman Sachs-ი (საინვესტიციო კომპანია) ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მე ვარ ბარსელონას პრეზიდენტი და ბოლომდე მხარს ვუჭერ მმართველობის იმ მოდელს, რომელიც კლუბში მოქმედებს. კლუბს მისი წევრები უნდა მართავდნენ.

Goldman Sachs-თან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. მათ თავიანთი საქმე აქვთ, ჩვენ ჩვენი.

სუპერ ლიგა

ღია კონკურსის გარეშე ამ პროექტში მონაწილეობას არ მივიღებდი. გვსურს, რომ მმართველობა კლუბებს ეკუთვნოდეთ. იმედი მაქვს, რომ უეფა ადგილს დაიკავებს ერთ-ერთი მმართველის რანგში. თუ გონივრული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ვფიქრობ სუპერ ლიგის განხორციელება 2025 წლისთვის რეალური გახდება.

პრემიერ ლიგის წინააღმდეგ

ჩვენ გავაკეთებთ ევროტურნირს, რომელიც კონკურენციას გაუწევს პრემიერ ლიგას. მგონია, რომ ინგლისური კლუბები თავიდან არ მიიღებენ მონაწილეობას და მოგვიანებით შემოგვიერთდებიან.

ტებასი

ჩვენი პირადი ურთიერთობა ცუდი არასდროს ყოფილა, თუმცა, დაძაბული ყოველთვის იყო. ტებასი რთული ადამიანია. მან მეტი უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ლა ლიგამ მაყურებელი და შემოსავალი არ დაკარგოს.

ასეთი იყო ლაპორტას ინტერვიუ. მისთვის სუპერ ლიგა ჯერ კიდევ მომავლის პროექტია.