სარჩევი
ჰაიდენჰაიმი vs ელვერსბერგი - ბუდუ ბუნდესლიგისთვის | Setanta Sports

ჰაიდენჰაიმი vs ელვერსბერგი – ბუნდესლიგის სარელეგაციო პლეი ოფის პირველი შეხვედრა ფოიტ არენაზე გაიმართება. ბუდუ ზივზივაძის გუნდი გერმანული ფეხბურთის ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ეცდება.

მეტოქე ელვერსბერგია, რომელმა ბუნდესლიგა 2-ის გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულა და მხოლოდ კიოლნსა და ჰამბურგს ჩამორჩა.

ჰაიდენჰაიმი vs ელვერსბერგი – პირდაპირი რეპორტაჟი

ბუნდესლიგის სარელეგაციო პლეი ოფის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზე 22:30 წუთიდან შეგეძლებათ. ფოიტ არენაზე გასამართი მატჩის ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები ოთარ ახსაბაძე და მე ვიქნებით.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ჰაიდენჰაიმი vs ელვერსბერი – პრევიუ

ჰაიდენჰაიმი vs ელვერსბერგი – შესაძლოა, ეს ისტორიაში ყველაზე მცირე მასშტაბის ბუნდესლიგის გადათამაშება იყოს. ჰაიდენჰაიმში, რომელიც აღმოსავლეთ ვიურტემბერგში მდებარეობს, სულ 50,000 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ზაარლანდის პატარა ქალაქ ელვერსბერგში – მხოლოდ 13,000. მიუხედავად ამისა, ევროპული ტურნირის მონაწილე ჰაიდენჰაიმი და შესანიშნავ ფორმაში მყოფი ელვერსბერგი სანახაობრივ და დაძაბულ პლეი-ოფს გვპირდებიან.

თუკი, ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვებს, ელვერსბერგი ბუნდესლიგის 59-ე კლუბი გახდება და ამავდროულად, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ისტორიაში ყველაზე პატარა ბუნდესლიგის ქალაქიც იქნება.

ეს კლუბი ზაარლანდიდან მხოლოდ მეოთხე წარმომადგენელი გახდება ბუნდესლიგაში – FC 08 ჰომბურგის, ბორუსია ნოინკირხენისა და 1. FC ზაარბრიუკენის შემდეგ, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ოთხ წელიწადში მესამე აღზევებას მოახერხებს.

ჰაიდენჰაიმი კი, როგორც ბუნდესლიგაში 2023 წელს აღზევებული გუნდი და ამ სეზონის კონფერენს ლიგის მონაწილე ფავორიტად ითვლება. სტატისტიკაც ამ მიმართებას ამყარებს – ბუნდესლიგის კლუბებს გადათამაშებაში 26-დან 20 შემთხვევაში გაუმარჯვიათ.

ფორმა

თუმცა, ფორმის თვალსაზრისით უპირატესობა აშკარად ელვერსბერგის მხარესაა – გუნდი უკვე რვა მატჩია წაუგებელია, რაც პროფესიულ დონეზე კლუბის რეკორდს წარმოადგენს. ამ პერიოდში მოპოვებული 18 ქულით ელვერსბერგი ბუნდესლიგა 2-ის ლიდერია. გუნდის ანგარიშზეა 19 გოლი, საიდანაც 6 შეაგდო მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირმა ფისნიკ ასლანიმ, რომელიც ასევე სამი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სეზონის ბოლო ეტაპზე ჰაიდენჰაიმმაც მოახერხა გარკვეული სტაბილურობის ჩვენება – 31-ე-დან 33-ე ტურის ჩათვლით გუნდმა მოიგო ორი მატჩი შტუტგარტთან (1:0) და უნიონ ბერლინთან (3:0), ასევე ითამაშა ფრე ბოხუმთან (0:0).

თუმცა, უკანასკნელი ტურის 1:4 მარცხმა ბრემენთან გუნდის პოზიტიური სურათი გარკვეულწილად გააუფერულა. აღსანიშნავია, რომ 25-ე ტურში ჰაიდენჰაიმი სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფებოდა.

ჰაიდენჰაიმი vs ელვერსბერგი – ბუდუ ზივზივაძე

უდიდესი ალბათობით, ბუდუ მატჩს თადარიგიდან დაიწყებს. მიზეზი ვოლფსბურგთან, თვე-ნახევრის წინ მიღებული ტრავმაა.

მართალია, ქართველმა ფორვარდმა ლუკას ნმეჩას მიერ მიყენებული დაზიანება მოიშუშა და მოედანსაც დაუბრუნდა, თუმცა ძირითადში, მას შემდეგ, ერთხელაც არ უთამაშია. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ სრულად ტრავმის შედეგები არ ალაგებულა.

თუკი 1-თვიანი უქმობის შემდეგ ზედიზედ ორ ტურში ბუდუმ ლიმიტირებული სათამაშო დრო მატჩების მიწურულსღა მიიღო, ბრემენის ვერდერთან ფრანკ შმიდტმა ის მეორე ტაიმის სტარტიდანვე ათამაშა. ბუდუმ და სიენზამ ჰაიდენჰაიმის ფეხბურთი გააცოცხლეს, თუმცა მუსიკოსებთან სასურველი შედეგის მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა.

საგულისხმოა, რომ იმ მატჩში ვაბანკზე წასული ჰაიდენჰაიმის შემადგენლობაში ბუდუ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე შემოვიდა.

რაც შეეხება ელვერსბერგთან მის უშუალო სტატისტიკას. ბუდუს ელვერსბერგთან სულ სამჯერ უთამაშია და სამივე მატჩი ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

პირადი სტატისტიკა კიდევ უკეთ გამოიყურება – 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. კარლსრუეს მაისურით, ბუდუმ სამივე მატჩში, თითო-თითო საგოლე მოქმედებით გამოიჩინა თავი.

ცხადია, იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესია, როგორც დღეს, ასევე საპასუხო შეხვედრაში, 26 მაისსაც, გაგრძელდება.

პატრიკ მაინკა – ჰაიდენჰაიმის შეუცვლელი კაპიტანი

ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ გვერდმა ჰაიდენჰაიმის კაპიტანსა და ერთ-ერთ ლიდერზე მცირე ჩანახატი მოამზადა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პატრიკ მაინკა ჰაიდენჰაიმის შეუცვლელი ფიგურაა: გუნდის ბუნდესლიგაში აღზევების შემდეგ, კაპიტანს არც ერთი წუთი არ გამოუტოვებია. SV ელვერსბერგთან გადათამაშების მატჩშიც სწორედ მასზე იქნება მინდვრის დაცვის ხელმძღვანელობის მთავარი პასუხისმგებლობა.

ბაიერნის მწვრთნელობისას, ლუი ვან გაალის ერთ ფრაზას ხშირად იმეორებდნენ – ფრაზას, რომელიც აქტუალური დარჩა ნიდერლანდელის წასვლის შემდეგაც: „მიულერი ყოველთვის თამაშობს!“ ჰაიდენჰაიმში კი ისმის ახალი ფორმულა: „მაინკა ყოველთვის თამაშობს!“

და ამ შემთხვევაში ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით გასაგებია: 30 წლის ცენტრალურმა მცველმა ბუნდესლიგაში ზედიზედ 68 მატჩი ითამაშა – სრულად, ერთი წუთის გამოტოვების გარეშე. ჰაიდენჰაიმის ბუნდესლიგის ისტორიის ყველა მატჩში მაინკა სასტარტოდ გამოვიდა და ბოლომდე ითამაშა.

ბოლო შემთხვევა, როცა 1.94 მეტრი სიმაღლის გოლიათი მატჩში სრულად არ ყოფილა, თითქმის ორი წლის წინ მოხდა – ჰაიდენჰაიმის აღზევების სეზონში, 2022/23 წლების სეზონის მე-19 ტურში, მაინკა ბრაუნშვაიგთან თამაშის 83-ე წუთზე შეცვალეს.

„ახლა ორი ფინალი გვაქვს“

მას შემდეგ მაინკამ 83 ლიგური მატჩი ზედიზედ სრულად ჩაატარა. რომ არა ის შეცვლა ბრაუნშვაიგთან, ის მესამე სეზონსაც დაასრულებდა ზედიზედ 34 მატჩის სრული ხანგრძლივობით.

თუმცა ახლა პირადი რეკორდები მეორე პლანზე გადადის: „რაც აქამდე იყო, ახლა აღარაფერს ნიშნავს,“ — აღნიშნა მაინკამ ბრემენთან მარცხის შემდეგ. — „ახლა ორი ფინალი გვაქვს. მოუთმენლად ველით და ხუთშაბათს ყველაფერს დავდებთ!“ — თქვა მან, რაც ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსს ეხება, რომელიც ჰაიდენჰაიმს ელვერსბერგთან გადათამაშებაში აქვს.

ელვერსბერგმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგა 2-ში 64 გოლი გაიტანა – მხოლოდ ჰამბურგმა დააგროვა მეტი (34 მატჩში), რაც ზაარლანდელთა შეტევით პოტენციალს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.