დაბადებული ფინალებისთვის – ეს ანხელ დი მარიაა. მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი როსარიოდან. 2018 წელს მის მიერ გამოქვეყნებული წერილი კატარის მუნდიალის მოგების შემდეგ კიდევ ერთხელ მოექცა აუდიტორიის ყურადღების ცენტრში.
მთელ წერილს უცვლელად გთავაზობთ. მისი სათაურია: წვიმაში, სიცივეში, სიბნელეში.
წერილი მადრიდის რეალიდან
მახსოვს, როგორ მივიღე წერილი მადრიდის რეალისგან და მანამდე დავხიე სანამ გავხსნიდი.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დილა იდგა, ზუსტად 11 საათი, მე მწვრთნელის მაგიდასთან ვიჯექი და ფეხში ნემსის გასაკეთებლად ვემზადებოდი. მეოთხედფინალში ბარძაყის კუნთი გავიწყვიტე, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლებით ისე დავრბოდი, რომ ვერაფერს ვგრძნობდი. ჩვენს მწვრთნელს ზუსტად ეს სიტყვები ვუთხარი: “თუ ფეხს მოვიტეხავ, ამის ნება მომეცით. უბრალოდ მინდა, რომ თამაში შევძლო.”
ფეხზე ყინულს ვიდებდი იმ მომენტში, როცა ჩვენი გუნდის ექიმი, დანიელ მარტინესი, ოთახში შემოვიდა და მითხრა: “შეხედე, ანხელ, მადრიდის რეალიდან წერილია მოსული”.
მე ვუთხარი: “რას ამბობ?”
მან კი მიპასუხა, “იწერებიან, რომ შენს მდგომარეობაში თამაშს ვერ შეძლებ. ამიტომ გვაიძულებენ, რომ დღეს თამაშის უფლება არ მოგცეთ.”
მაშინვე მივხვდი რა ხდებოდა. ყველას გაგონილი ჰქონდა ჭორები იმის შესახებ, რომ რეალს მსოფლიო თასის შემდეგ ხამეს როდრიგესის აყვანა სურდა და ვიცოდი, რომ მისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად ჩემს გაყიდვას აპირებდნენ. შესაბამისად, საქმე მარტივად იყო: არ სურდათ, რომ მათი ქონება დაზიანებულიყო. ასეთია ფეხბურთის ბიზნესი, რომელსაც ხალხი ხშირად ვერ ხედავს.
დანიელს ვუთხარი, რომ ჩემთვის წერილი მოეცა და დავხიე ისე, რომ არც კი გამიხსნია, “გადააგდე. აქ გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ.”
ცრემლები, ფინალი და ორი ნემსი
იმ ღამით თითქმის არ მიძინია. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისიც იყო, რომ ბრაზილიელი ქომაგები ჩვენი სასტუმროს წინ მთელი ღამე ფოიერვერკებს უშვებდნენ, მაგრამ სრული სიჩუმე რომც ყოფილიყო, არა მგონია, ძილი მომკარებოდა. შეუძლებელია იმ განწყობის აღწერა, რომელიც მუნდიალის ფინალის წინ გეუფლება, როცა ყველაფერი, რაზეც ოდესმე ოცნებობდი, ხელის გაწვდენაზეა.
გულწრფელად მინდოდა, რომ იმ დღეს მეთამაშა, თუნდაც ამას ჩემი კარიერა დაესრულებინა, თუმცა ასევე არ მინდოდა, რომ ჩვენი გუნდისთვის საქმე გამეძნელებინა. ამიტომ, დილით გავიღვიძე თუ არა, მწვრთნელ, ბატონ საბელასთან შესახვედრად წავედი. ჩვენ საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვქონდა და თუ ვეტყოდი, ძირითადში დაწყება მინდა მეთქი, ვიცოდი, რომ ასეც მოიქცეოდა. თუმცა, გულზე ხელი დავიდე და ვუთხარი, რომ ძირითადში უნდა დაეყენებინა ის, ვისაც თავად თვლიდა საჭიროდ.
მე ვუთხარი, “თუ მე ამირჩევთ, ვიყო მე, ხოლო თუ სხვას – მაშინ სხვა იყოს. მე უბრალოდ მსოფლიო თასის მოგება მინდა. თუ დამიძახებთ, სანამ არ დავილეწები ვითამაშებ.”
ამის შემდეგ ტირილი დავიწყე. თავი ვერ შევიკავე და ემოციებმა დამძალა. მატჩის წინა საუბრისას საბელამ გამოგვიცხადა, რომ ენცო პერესი დაიწყებდა, რადგან ის 100%-ით მზად იყო. მე ამ გადაწყვეტილებას მშვიდად შევხვდი. მატჩის წინ ერთი ნემსი გავიკეთე, კიდევ ერთი კი უკვე მეორე ტაიმის დროს, რათა საჭიროების შემთხვევაში მზად ვყოფილიყავი..
თუმცა, არ დამიძახეს. მსოფლიო თასი დავთმეთ და ვერაფერი გავაკონტროლეთ. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე იყო. მატჩის შემდეგ მედია ჩემი უთამაშებლობის შესახებ ათას საძაგლობას ლაპარაკობდა, თუმცა ის, რასაც თქვენ გეუბნებით, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა.
დღემდე აჩრდილივით თან მდევს ის მომენტი, როცა საბელასთან მივედი და ცრემლები წამსკდა, რადგან სულ იმაზე ვფიქრობ, ხომ არ იფიქრა, რომ ნერვიულობის გამო ვტიროდი.
სინამდვილეში, ნერვები არაფერ შუაში იყო. ემოციები იმიტომ მომერია, რომ ეს მომენტი ჩემთვის მეტისმეტად ბევრს ნიშნავდა. ჩვენ აუხდენელი ოცნების ახდენასთან ვიყავით ახლოს.
ბავშვობა, ნახშირი და საწმენდი საშუალებები
ჩვენი სახლის კედლები ერთ დროს თეთრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თეთრად ისინი არ მახსოვს. თავდაპირველად რუხი ფერის იყო, შემდეგ ნახშირის მტვრისგან სულ მთლად გაშავდა.
მამაჩემი ნახშირზე მუშაობდა, თუმცა არა მაღაროში. ის ხის ნახშირს ჩვენი სახლის უკანა ეზოში ამზადებდა. ოდესმე გინახავთ როგორ მზადდება ის? მაღაზიაში რომ ბარბექიუსთვის ნახშირს ყიდულობთ, მათ სწორედ ასეთი ხალხი ამზადებს და ეს ძალიან ბინძური საქმეა.
მამაჩემი ჩვენს ეზოში, თუნუქის სახურავის ქვეშ მუშაობდა და შემდეგ ბაზარში გასაყიდად ნახშირს ტომრებში ახარისხებდა.
სკოლაში წასვლამდე, მე და ჩემი და ადრიანად ვიღვიძებდით და ვეხმარებოდით ხოლმე. მაშინ 9-10 წლისები ვიქნებოდით, რაც ნახშირის მოსაგროვებლად საუკეთესო პერიოდია, რადგან შეგიძლია ეს საქმე პატარა თამაშად აქციო. ნახშირის სატვირთო რომ მოვიდოდა, ჩვენ ტომრები პირდაპირ მისაღებში, მთავარი შემოსასვლელი კარიდან შემოგვქონდა ხოლმე და კედლებიც ნელ-ნელა ასე გაშავდა.
თუმცა, პურის ფულს ამ გზით ვშოულობდით და ჩვენი სახლის გაყიდვისგან მამამ სწორედ ამის დახმარებით გადაარჩინა.
პატარა რომ ვიყავი, რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩემს მშობლებს ყველაფერი კარგად მისდიოდათ, თუმცა შემდეგ მამაჩემმა ერთი კაცისთვის სიკეთის გაკეთება სცადა და ამან ჩვენი ცხოვრება შეცვალა.
მეგობარმა სთხოვა, რომ ბინით თავდებში ჩასდგომოდა, მამაჩემი კი ენდო მას. საბოლოოდ, იმ კაცმა ფული ვერ გადაიხადა, ერთ დღეს კი უკვალოდ გაქრა. შედეგად, ბანკი პირდაპირ მამაჩემს მიადგა, რომელსაც უკვე აღარ შეეძლო ერთდროულად ორი ბანკის ღირებულება გადაეხადა და თან ოჯახი გამოეკვება.
ანხელმა ყველაფერი გააფუჭა
მისი პირველი საქმიანობა ნახშირს არ უკავშირდებოდა. მან სცადა, ჩვენი სახლის წინა ოთახი მცირე საწყობად გადააკეთა, იყიდა ქლორის, საპნის და სხვა საოჯახო ქიმიის საშუალებების კასრები, რომელთაც შემდეგ მცირე ზომის ბოთლებში ანაწილებდა და სასადილოებზე ყიდიდა. ჩვენს ქალაქში თუ ცხოვრობდი, სარეცხი საშუალების საყიდლად მაღაზიაში ვერ წახვიდოდი, რადგან ძალიან ძვირი ღირდა. ამიტომ, მიდიოდი დი მარიებთან და დედაჩემი უფრო იაფად მოგყიდიდა.
საქმე კარგად მიდიოდა, თუმცა ერთხელაც მათმა პატარა ბიჭმა ყველაფერი გააფუჭა და კინაღამ თავიც დაიღუპა.
დიახ, ის პატარა ყურუმსაღი მე ვიყავი!
ცუდი ბავშვი არ ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან ბევრი ენერგია მქონდა და ჰიპერაქტიური გახლდით. ერთ დღესაც, როდესაც დედაჩემი ჩვენს “მაღაზიაში” ვაჭრობდა, მე ეზოში ვთამაშობდი.
ამ დროს ჭიშკარი ღია იყო, რათა კლიენტები თავისუფლად შემოსულიყვნენ, დედა კი რაღაც საქმით იყო გართული, რა დროსაც მე დავიძარი… მინდოდა გამომეკვლია რა ხდებოდა გარეთ!
შუა ქუჩაზე გადავირბინე, დედა კი ბოლო სიჩქარით გამოვარდა, რათა მანქანის დარტყმისგან გადავერჩინე. როგორც მისგან ვიცი, ძალიან დრამატული ეპიზოდი იყო.
ეს დი მარიების საოჯახო ქიმიის მაღაზიის ბოლო დღე აღმოჩნდა. დედამ მამას უთხრა, რომ ეს მეტისმეტად სახიფათო საქმე იყო და სხვა რაიმე უნდა მოგვეფიქრებინა.
ამის მერე გაიგო მამამ იმ კაცის შესახებ, რომელსაც სანტიაგო დელ ესტეროდან ნახშირი სატვირთოებით ჩამოჰქონდა, თუმცა სასაცილო ის არის, რომ ნახშირის საყიდლად საკმარისი ფულიც კი არ გვქონდა! მამას მოუხდა ის კაცი დაერწმუნებინა, რომ პირველი რამდენიმე მოწოდება თავად დაეფინანსებინა.
ამის შემდეგ, თუ ჩემს დას ტკბილეული, ან სხვა რამ მოუნდებოდა ხოლმე, მამა პასუხობდა: “მე ორი სახლის და ნახშირით დატვირთული სატვირთოს ფულს ვიხდი!”
ამიტომ, ყველაფრისათვის ფეხბურთის მადლიერი ვარ
მახსოვს, ერთ დღეს მე და მამა ტომრებში ნახშირს ვაწყობდით, ძალიან ციოდა და წვიმდა, თავზე კი მხოლოდ მცირე ზომის თუნუქის სახურავი გვქონდა. ძალიან გვიჭირდა, თუმცა რამდენიმე საათში სკოლაში წავიდოდი, სადაც თბილოდა.
მამა ეზოში რჩებოდა და მთელი დღე იქ უნდა ემუშავა, რადგან თუ ასე არ მოიქცეოდა და ნახშირს არ გაყიდდა, შეიძლებოდა საჭმლისთვის საკმარისი ფული არ გვქონოდა.
მახსოვს, რომ ამაზე ხშირად მიფიქრია და ერთი რამის მჯეროდა: დადგება დრო, როცა ეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
ამიტომ, ყველაფრისათვის ფეხბურთის მადლიერი ვარ.
კარიერის ადრეული წლები
ხანდახან პატარა ყურუმსაღებს ყველაფერი უფასდებათ! ფეხბურთის თამაში ადრიანად დავიწყე, რადგან დედაჩემს ვაგიჟებდი. ოთხი წლის რომ ვიყავი ექიმთანაც კი მიმიყვანა და უთხრა, “ექიმო, ის გაუჩერებლად დარბის. რა გავაკეთო?”
ის კარგი არგენტინელი ექიმი იყო და, რა თქმა უნდა, უპასუხა, “რა უნდა გააკეთოთ? ფეხბურთზე შეიყვანეთ.”
ასე დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა.
შეპყრობილი ვიყავი, ამის მეტს არაფერს ვაკეთებდი. მახსოვს, ორი თვის განმავლობაში იმდენი ვითამაშე, რომ ბუცები ნაწილებად დაიფლითა, დედას კი მათი დაწებება მოუხდა, რადგან ახლის ყიდვის შესაძლებლობა არ გვქონდა. შვიდი წლის ასაკში, ალბათ უკვე კარგად ვთამაშობდი, რადგან ჩემი სამეზობლოს გუნდში 64 გოლი გავიტანე, ერთ დღეს კი დედა ჩემს საძინებელში შემოვიდა და მითხრა, “რადიოში შენთან გასაუბრება უნდათ.”
ინტერვიუს მისაცემად რადიო-სადგურზე მივედით, მაგრამ მე იმდენად მრცხვენოდა, რომ ძლივს ვლაპარაკობდი.
დედა – როსარიო, მამა – ნიუელსი
იმავე წელს მამას როსარიო სენტრალის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა დაურეკა და უთხრა, რომ სურდათ მე მათთან მეთამაშა. ეს ძალიან სასაცილო შემთხვევა იყო, რადგან მამაჩემი ნიუელს ოლდ ბოიზის დიდი ქომაგი გახლდათ, დედა კი სენტრალის.
როსარიოდან თუ არ ხართ ვერ მიხვდებით რას ნიშნავს ეს პაექრობა. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია. კლასიკოს მიმდინარეობისას გოლებზე ჩემი დედ-მამა ბოლო ხმაზე ყვიროდნენ, გამარჯვებული კი მეორეს მთელი თვის განმავლობაში დასცინოდა.
ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი აღტაცებული იქნებოდა დედაჩემი, როცა სენტრალიდან დამირეკეს.
მამამ თქვა, “არ ვიცი, რა, ძალიან შორს არის. იქამდე ცხრა კილომეტრია! მანქანა კი არ გვყავს. იქამდე როგორ უნდა მიხვიდე?”
დედამ კი მიუგო, “არა, არა, არა! ნუ ღელავ, მას მე ვატარებ, პრობლემა არ იქნება!”
სწორედ ამ დროს დაიბადა გრასიელა.
ველოსიპედი გრასიელა
გრასიელა ძველი, ჟანგიანი და ყვითელი ველოსიპედი იყო, რომლითაც დედას ყოველდღე ვარჯიშზე დავყავდი. მას წინ კალათი, უკან კი მეორე ადამიანის დასასმელი სკამი ჰქონდა, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ თან ჩემი პატარა დაც უნდა წაგვეყვანა. ამიტომ ჩემი დისთვის მამამ მცირე ზომის ხის პლატფორმა დაამზადა და ველოსიპედს გვერდიდან მიამაგრა.
უბრალოდ წარმოიდგინეთ: ქალი ველოსიპედით გადის მთელ ქალაქს, ველოსიპედზე კი უკან პატარა ბიჭი და გვერდით პატარა გოგო უზის, ხოლო კალათში ინსტრუმენტების აბგა, ბუცები და წასახემსებლები აწყვია.
გადიოდა აღმართებსა და დაღმართებს, სახიფათო უბნებს, მიდიოდა წვიმაში, ქარსა და სიბნელეში. არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, დედა პედლების ტრიალს განაგრძობდა.
სადაც გვინდოდა, გრასიელას ყველგან მივყავდით.
სიძნელეები როსარიო სენტრალში
თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, სენტრალში საკმაოდ გამიჭირდა. დედაჩემი რომ არა, ფეხბურთს თავსაც კი დავანებებდი. ასეთი რამ ორჯერ მოხდა.
15 წლის ასაკში სხეული ჯერ კიდევ კარგად განვითარებული არ მქონდა, ჩემი მწვრთნელი კი ოდნავ შარიანი კაცი იყო. ის ფიზიკურ და აგრესიულ მოთამაშეებს ანიჭებდა უპირატესობას. ერთხელაც, საჯარიმოში თავით დასარტყმელად კარგად ვერ ავხტი, მან კი ვარჯიშის შემდეგ ყველანი შეგვკრიბა, ჩემკენ შემობრუნდა…
და მითხრა: “შენ სუსტი ხარ. ნამდვილი სირცხვილი. ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევ, ყოველთვის ხელმოცარული იქნები.”
ამ სიტყვებმა გამანადგურა. სანამ სათქმელს დაამთავრებდა, ყველა ჩემი გუნდელის თვალწინ ცრემლები წამსკდა და მინდვრიდან გავიქეცი.
როდესაც სახლში დავრბუნდი, პირდაპირ ჩემს ოთახში შევედი და მარტო ვტიროდი. დედაჩემი მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, რადგან ყოველ ღამით, როდესაც ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი, ქუჩაში გავდიოდი და კიდევ ვთამაშობდი.
ის ჩემს ოთახში შემოვიდა და მკითხა, თუ რა მოხდა. მისთვის სიმართლის თქმის გულწრფელად მეშინოდა, რადგან არ მსურდა, რომ წასულიყო და ჩემი მწვრთნელისთვის დაერტყა. ის ძალიან მშვიდი პიროვნება გახლდათ, თუმცა მის შვილებს თუ რამეს ავნებდით… უმჯობესი იქნებოდა გაქცეულიყავით.
ვუთხარი, რომ ვიჩხუბე, თუმცა ის ტყუილს მიმიხვდა. შესაბამისად, ის სწორედ ისე მოიქცა, როგორც მსგავს სიტუაციაში ყველა დედა მოიქცეოდა – სიმართლის გასარკვევად ჩემი ერთ-ერთი თანაგუნდელის დედას დაურეკა.
როდესაც ის ჩემს ოთახში დაბრუნდა, კვლავ ვტიროდი და ვუთხარი, რომ ფეხბურთისთვის თავის დანებება მსურდა.
გუნდური სული 15 წლის ფეხბურთელებში
მომდევნო დღეს სახლიდან გასვლაც არ შემეძლო. სკოლაში წასვლა არ მინდოდა, თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი. თუმცა, დედაჩემი ჩემს საწოლზე ჩამოჯდა და მითხრა: „შენ იქ უნდა დაბრუნდე, ანხელ. დღეს იქ დაბრუნდები და მას შენს შესაძლებლობებს დაუმტკიცებ.“
იმ დღეს ვარჯიშზე დავბრუნდი და შთამბეჭდავი რაღაც მოხდა. ჩემმა თანაგუნდელებმა არ დამცინეს, პირიქით, ისინი ძალიან დამეხმარნენ. როდესაც ბურთი ჰაერში იმყოფებოდა, მცველები მე-2 სართულზე ორთაბრძოლების მოგების საშუალებას მაძლევდნენ.
მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თავი კარგად მეგრძნო და იმ დღეს ჩემზე იზრუნეს.
ფეხბურთი ძალიან კონკურენტული სპორტია, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში. ყველა საკუთარი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ცდილობს, ხომ გესმით? თუმცა, ის დღე ყოველთვის მემახსოვრება, რადგან ჩემმა თანაგუნდელებმა დაინახეს, რომ ვიტანჯებოდი და დამეხმარნენ.
გარდამტეხი მომენტი
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც პატარა და გამხდარი გახლდით. 16 წლის ასაკში სენტრალის ძირითად გუნდში ჯერ კიდევ არ ვირიცხებოდი. ამის გამო, მამაჩემი ძალიან წუხდა.
ერთ საღამოს სამზარეულოს მაგიდასთან ვისხედით და მან მითხრა: „სამი არჩევანი გაქვს: შეგიძლია ჩემთან ერთად იმუშაო; სკოლა დაამთავრო; ან ფეხბურთში ბედი კიდევ 1 წლის განმავლობაში მოსინჯო. თუმცა, თუ ვერაფერს მიაღწევ, ჩემთან ერთად მუშაობა მოგიწევს.“
არაფერი მითქვამს. რთული ვითარება იყო. ჩვენ ფული გვჭირდებოდა.
შემდეგ დედაჩემმა თქვა: „კიდევ 1 წელი ფეხბურთში.“
ეს იანვარში მოხდა.
იმავე წლის დეკემბერში, უკანასკნელ თვეში… სენტრალის რიგებში, პრიმერა დივიზიონში, ჩემი დებიუტი შედგა.
ჩემმა სპორტულმა ცხოვრებამ სათავე იმ დღიდან აიღო. თუმცა, ბრძოლა ბევრად დიდი ხნით ადრე დაიწყო, კერძოდ, კი, მაშინ, როდესაც დედაჩემი ჩემს ბუცებს აწებებდა და გრასიელას მეშვეობით წვიმიან ამინდებში ვარჯიშზე მივყავდი.
როდესაც არგენტინაში პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობა დავიწყე, მაშინაც, კი, ბრძოლა მიწევდა. ჩემი აზრით, სამხრეთ ამერიკის მიღმა მცხოვრები ადამიანები ამის სრულად აღქმას ვერ შეძლებენ. იმისათვის, რომ ეს ირწმუნო, თავად უნდა გამოსცადო.
ლიბერტადორესის თასი, ფრენა კოლუმბიაში და ჰერკულესი
არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც ლიბერტადორესის თასზე ნასიონალის წინააღმდეგ კოლუმბიაში უნდა გვეთამაშა. იქ თვითმფრინავით მგზავრობა ისეთი არ გახლავთ, როგორიც პრემიერ ლიგასა და ლა ლიგაშია.
ამ მხრივ, ბუენოს აირესშიც, კი, განსხვავებული მდგომარეობაა, რადგან იმ პერიოდში როსარიოში საერთაშორისო აეროპორტი არ არსებობდა. მომცრო ზომის აეროპორტში უნდა მისულიყავი და როგორი თვითმფრინავიც დაგხვდებოდა, იმით იმგზავრებდი. ზედმეტი კითხვები არ უნდა დაგესვა.
კოლუმბიაში გასამგზავრებლად აეროპორტში მივედით… და საფრენ ბილიკზე უზარმაზარი სატვირთო თვითმფრინავი იდგა. ხომ ხვდებით რაზეც ვსაუბრობ? უკან რომ დიდი შესასვლელი აქვს, საიდანაც ავტომობილებს და სხვაგვარ პროდუქციას ტვირთავენ. სწორედ ეს გახლდათ ჩვენი თვითმფრინავი. მას „ჰერკულესი“ ერქვა.
თვითმფრინავის უკანა შესასვლელი გაიხსნა და მუშებმა ქვეშაგების ჩატვირთვა დაიწყეს.
ფეხბურთელები ერთმანეთს განცვიფრებულები ვუყურებდით.
როდესაც თვითმფრინავში ჩავსხედით, მუშებმა გვითხრეს, რომ ბოლოში გადავსულიყავით და ყურსასმენები მოგვცეს.
ხმაურს რომ არ შევეწუხებინეთ, დიდი ზომის სამხედრო ყურსასმენები დაგვირიგეს. პლატფორმაზე ავედით, სადაც რამდენიმე სკამი და დასაწოლად რამდენიმე ქვეშაგი იყო განთავსებული.
ფრენა 8 საათს გაგრძელდებოდა. ლიბერტადორესის თასზე სათამაშოდ მივფრინავდით. როდესაც თვითმფრინავის უკანა კარი დაიხურა, ჩამობნელდა. ჩვენ ქვეშაგებზე ვიწექით, ყურსასმენები გვეკეთა და ერთმანეთის თითქმის არ გვესმოდა. როდესაც თვითმფრინავმა აფრენა დაიწყო, კარისკენ დავსრიალდით და ჩემმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა დაიყვირა: „დიდ წითელ ღილაკს არავინ შეეხოს! კარი თუ გაიღება, საქმე ყველას ცუდად წაგვივა!“
ეს საოცარი გახლდათ. პირადად თუ არ გამოცდით, ვერ დაიჯერებთ. შეგიძლიათ, ჩემს თანაგუნდელებს ჰკითხოთ. ეს ნამდვილად მოხდა. ის ჩვენი კერძო თვითმფრინავი იყო. ჰერკულესი!
მიუხედავად ყველაფრისა, იმ მომენტის გახსენება ბედნიერებას მგვრის. თუ არგენტინაში ფეხბურთში წარმატების მიღწევა გსურს, ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გააკეთო. როგორი თვითმფრინავიც არ უნდა შემოგთავაზონ, მის ბორტზე უნდა ახვიდე და ზედმეტი კითხვები არ უნდა დასვა.
ცალმხრივი ბილეთი ევროპაში
საბოლოოდ, თუ გაგიმართლებს, ცალმხრივ ბილეთს შეიძენ. ჩემი შანსი პორტუგალიური კლუბი ბენფიკა აღმოჩნდა.
შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი ჩემ მიერ განვლილ კარიერულ გზას მარტივად მიიჩნევს, რადგან ბენფიკაში, მადრიდის რეალში, მანჩესტერ იუნაიტედსა და პსჟ-ში ვასპარეზობდი, თუმცა ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენი რამ მოხდა ამ პერიოდში.
ბენფიკა
ბენფიკაში 19 წლის ასაკში გადავბარგდი და საწყისი 2 სეზონის განმავლობაში ფაქტობრივად არ მითამაშია. მამაჩემმა მუშაობა შეწყვიტა და პორტუგალიაში გამომყვა. მას და დედაჩემს ერთმანეთს ოკეანე აშორებდათ. ზოგიერთ ღამეს მესმოდა, რომ ის და დედაჩემი ტელეფონზე საუბრობდნენ და მამაჩემი ტიროდა, რადგან მეუღლე ძალიან ენატრებოდა.
ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. სასტარტო თერთმეტეულში ვერ ვხვდებოდი და სახლში დაბრუნება მსურდა.
პეკინის ოლიმპიადა და ლეო მესი
2008 წლის ოლიმპიადამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბენფიკას სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. ამას არასოდეს დავივიწყებ. იმ ტურნირზე უცხოპლანეტელ და გენიოს ლეო მესისთან ერთად ასპარეზობის შესაძლებლობა მომეცა.
ფეხბურთის თამაშით მსგავსი სიამოვნება მანამდე არ მქონდა მიღებული. ერთადერთი, რაც უნდა მექნა, სივრცეში, ზონებში სირბილი იყო. როგორც კი მოძრაობას ვიწყებდი, ბურთი ჩემს ფეხებთან ჩნდებოდა. ეს მაგიური გახლდათ.
ლეოს თვალები ჩემი და თქვენი თვალებივით არ მოქმედებენ. ის არა მხოლოდ ადამიანივით იხედება, არამედ სამყაროს ჩიტივით ზემოდანაც უყურებს. ვერ ვიგებ, ამას როგორ ახერხებს.
ფინალში გასვლა მოვახერხეთ, სადაც ნიგერიას დავუპირისპირდით. ის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე გახლდათ. გოლი გავიტანე და არგენტინას ოქროს მედლის მოპოვებაში დავეხმარე… ამ განცდას ვერც კი წარმოიდგენთ.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაშინ 20 წლის ვიყავი და ბენფიკას რიგებში თამაში ფაქტობრივად არ მიწევდა.
ჩემი ოჯახი განცალკევებით ცხოვრობდა. ვიდრე არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებდნენ, არაფრის იმედი არ მქონდა. 2 წლის განმავლობაში ოქროს მედალი მოვიგე, ბენფიკას სასტარტო შემადგენლობის წევრი გავხდი და შემდეგ მადრიდის რეალში გადავედი.
ეს გახლდათ საამაყო მომენტი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და თანაგუნდელებისათვის, რომლებიც წლების განმავლობაში მეხმარებოდნენ.
ანხელის ოცნება გაქრობის პირას
ამბობენ, რომ მამაჩემი ჩემზე უკეთ თამაშობდა, თუმცა ყმაწვილობისას ორივე მუხლზე ტრავმა მიიღო და მისი ოცნება მოკვდა. ასევე ამბობენ, რომ ბაბუაჩემი მამაჩემზე უკეთესად ასპარეზობდა, თუმცა ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად ორივე ფეხი დაკარგა და მისი ოცნებაც მოკვდა.
ჩემი ოცნება გაქრობის პირას ძალიან ბევრჯერ იმყოფებოდა.
მაგრამ, მამაჩემი თუნუქის სახურავის ქვეშ მუშაობდა… დედაჩემი სატერფულებს ატრიალებდა… მე, კი, სივრცეში, ზონებში დავრბოდი…
არ ვიცი, ბედისწერის გჯერათ, თუ არა, მაგრამ მადრიდის რეალის მაისურით პირველი გოლი იცით რომელ გუნდს გავუტანე?
ჰერკულესს.
დიდი გზა გავიარეთ.
შესაძლოა, ახლა გესმით, თუ რატომ ვტიროდი საბელას თვალწინ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრამდე. არ ვნერვიულობდი. არც ჩემს კარიერაზე ვღელავდი და არც მატჩის დაწყებაზე.
გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენი ოცნების მიღწევა მსურდა. მინდოდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ლეგენდები გავმხდარიყავით. მიზანთან ძალიან ახლოს ვიმყოფებოდით…
სწორედ ამიტომ არის ჩემთვის სამწუხარო ის გამოხმაურება, რომელსაც ჩვენი გუნდი არგენტინული მედიისგან იღებს.
ზოგჯერ კრიტიკა და უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარ ზღვარს სცდება. ეს არაჯანსაღია. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ჩვენს ცხოვრებაში ხდება რაღაცები, რასაც სხვები ვერ ხედავენ.
უკანასკნელ საკვალიფიკაციო შეხვედრებამდე, ფსიქოლოგთან სიარული დავიწყე. ჩემი გონება მრავალი არასახარბიელო ფიქრით იყო დატვირთული და ჩვეულებრივ, ასეთ დროს ოჯახის წევრები მეხმარებიან. თუმცა, ამჯერად, ეროვნული ნაკრები დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგს მივმართე. ეს ძალიან დამეხმარა. უკანასკნელ ორ მატჩში უფრო მშვიდი და თავისუფალი გახლდით.
საკუთარ თავს შევახსენე, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წევრი ვიყავი და ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობდი. მე ბავშვობის ოცნებას ვისრულებდი. ზოგჯერ, პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობისას, მსგავსი მარტივი ფაქტები გვავიწყდება.
თამაში კვლავ უბრალოდ თამაში გახდა.
ხალხი მხოლოდ ზედაპირს ხედავს
ჩემი აზრით, დღესდღეობით, ადამიანები ინსტაგრამისა და იუთიუბის მეშვეობით შედეგებს ნახულობენ, მაგრამ ამ შედეგების ფასი არ იციან. განვლილ გზაზე მათ წარმოდგენა არ აქვთ. ისინი ხედავენ სურათს, სადაც ხელში ჩემი ქალიშვილი მიჭირავს და ჩემპიონთა ლიგის თასთან ვიღიმი. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა. თუმცა, მათ არ იციან, რომ სურათის გადაღებამდე 1 წლით ადრე ის ნაადრევად დაიბადა და საავადმყოფოში 2 თვე გაატარა, სადაც მილებსა და სადენებზე იყო მიერთებული.
შესაძლოა, ისინი ხედავენ ფოტოს, რომელზეც ვტირი და ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ფეხბურთია. თუმცა, სინამდვილეში, იმიტომ ვტირი, რომ ხელში ჩემი ქალიშვილი მიჭირავს და მას ამ მომენტის განცდის შესაძლებლობა აქვს.
ისინი უყურებენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს და მხოლოდ შედეგს ხედავენ.
0–1.
თუმცა, მათ არ იციან, რამდენად თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ, რომ იმ მომენტამდე მიგვეღწია.
მათ წარმოდგენა არ აქვთ, რომ ჩემი საცხოვრებელი ოთახის კედლები თეთრიდან შავად იქცა.
მათ არ იციან, რომ მამაჩემი თუნუქის პატარა სახურავის ქვეშ მუშაობდა.
მათ არ იციან, რომ დედაჩემი თავისი შვილებისთვის წვიმასა და სიცივეში გრასიელას მართავდა.
მათ ჰერკულესის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ.