სარჩევი
გიორგი ქოჩორაშვილი და სპორტინგი | ახალი კლუბი, ახალი ერა | Setanta Sports

გიორგი ქოჩორაშვილი და სპორტინგი – ქართველი ფეხბურთელი კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს. ახალი კლუბი და ახალი ქვეყანა ქოჩორას კარიერაში ახალი ერა დგება.

მოლაპარაკებები სპორტინგმა დააჩქარა და შედეგად, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ეს ოფიციალური ინფორმაციაა, ხოლო ის რომ სპორტინგი ლევანტეს 5.5 მილიონი ევროს გადაუხადის, პორტუგალიური მედიის ცნობაა.

კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით ის არის, რომ ქოჩორა ლისაბონელი ლომების ფეხბურთელი ოფიციალურად 1-ელი ივლისიდან გახდება და პორტუგალიურ კლუბს საკუთარ მომავალს 5 წლის ვადით დაუკავშირებს. მანამდე კი კაპიტანი საქართველო ლევანტეს ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარება.

გიორგი ქოჩორაშვილი – საკლუბო კარიერა

ქოჩორას ტრანსფერს ევროპის ჩემპიონატის დასრულების თანავე ველოდით. ამ მოლოდინს კი გიორგის ნაჩვენები განვითარებისა და თამაშის ხარისხი ქმნიდა.

საბოლოოდ ცენტრალური ნახევარმცველი ლევანტეში დარჩა და სპორტინგში ახლაღა გადავა. ამ ქვე თავში კი ქოჩორას განვლილ საკლუბო კარიერას მოკლედ გადავავლოთ თვალი.

ქოჩორა ჟირონაში

საბურთალოს აღზრდილი ესპანეთში ჯერ ჟირონამ წაიყვანა და ფარმ კლუბ, პერალადაში გაანათხოვრა.

ქოჩორას შანსი ჟირონას პირველ გუნდში ფაქტობრივად არ მიეცა. მან მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში ითამაშა კატალონიური გუნდის მაისურით.

აი რას ამბობდა ქოჩორა ჟირონაში ყოფნისას:

„ჩვენი საყრდენი ნახევარმცველი „ვალიადოლიდში“ გადავიდა და მისი ამპლუის მოთამაშე დასჭირდათ. პირველი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიომ ძალიან დიდი ნდობა გამოხატა და პირველად, „საბადელისთან“ მომცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ამან ესპანეთში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არავინ მიცნობდა და უცებ, მწვრთნელმა პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მათამაშა. ამის შემდეგ იყო, რომ „ტოტენჰემთანაც“ მომეცა შანსი, მართალია მცირე დროით, მაგრამ ესეც სასიამოვნო იყო.

„ტოტენჰემი“ ისეთი გუნდია, მის წინააღმდეგ ბევრი შიშით ითამაშებდა, მაგრამ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა დანარჩენი. კარგი გარემო იყო – სავსე ტრიბუნები და კარგი ქომაგობა, რაც ფეხბურთელს დამატებით მოტივაციას აძლევს. მატჩის შემდეგ მწვრთნელმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა. აღმოჩნდა, რომ „საბადელისთან“ ყველაზე მეტი კილომეტრი თამაშის დროს მე დავფარე, სპრინტებიც საკმაო რაოდენობით დამიგროვდა.

იოლი არაა, აქაურ ტემპს აჰყვე, თუმცა ვცდილობ ავყვე. „საბურთალოში“ აკადემიის დირექტორი ესპანელი ანდრეს კარასკო იყო, რომლის ხელმძღვანელობითაც ბევრი ვისწავლე და ესპანურ ფეხბურთთან შეგუება ამიტომ მიადვილდება. ყველაფერს ვაკეთებ და მომავალშიც შევეცდები, მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე. ვფიქრობ, წელს პრიმერა დივიზიონში თამაშის საშუალება მომეცემა, რადგან ესპანეთის ჩემპიონატი ხანგრძლივი ტურნირია. მთავარია, მეორე გუნდში თამაშები მაღალ დონეზე ჩავატარო, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს“

გიორგი ქოჩორაშვილი

ქოჩორას დებიუტი ლევანტეში

პერალადას შემდეგ ქოჩორა უკვე ლევანტეს ფეხბურთელი გახდა. თავდაპირველად იყო ვალენსიური კლუბის დუბლები, ატლეტიკო ლევანტე. თუმცა მალევე გიორგის დებიუტი ჯერ პირველ გუნდში, შემდეგ კი ლა ლიგაშიც კი შედგა.

2019-20 წლების სეზონის მიწურულს ქოჩორამ სიმბოლური წუთები ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ მიიღო. ქართველმა რუბენ როჩინა შეცვალა.

ქოჩორამ მომდევნო, 2020-21 წლების სეზონში კოპა დელ რეიზე 2 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ერთში, რეალ მურსიასთან გოლიც კი შეაგდო. ლა ლიგაში ქართველმა 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა – ბერისთან, ბარსელონასა და ხეტაფესთან. აქედან ბოლო ორ მატჩი მიღებული წუთები მხოლოდ სეზონის დასკვნით მატჩებში იყო, პერიოდში, როდესაც მწვრთნელები უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებს ტვირთავენ ხოლმე.

ქოჩორა კასტელონში

მერე იყო იჯარა კასტელონში. ტრავმების შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქოჩორამ ესპანური კარიერა ამ მესამე დივიზიონის კლუბში გადატვირთა.

ტრავმა და ესპანური სირთულეები გრძელდებოდა, თუმცა გიორგი არ დანებდა და დააქამბექა.

აი რას წერდა ესპანური მედია იმ პერიოდში ქოჩორაზე და რას ამბობდა თავად გიორგი.

„ქართველი გიორგი ქოჩორაშვილი იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც „კასტელონში“ ჩაირიცხა, მაგრამ უკვე დაიმკვიდრა თავი რუბენ ტორეცილას სასტარტო შემადგენლობაში. მისი წვლილი „კასტელონის“ შეტევაში მნიშვნელოვანია, რადგან უკვე რამდენიმე გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. იჯარით გადასული „ლევანტეს“ ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ სასწავლი კიდევ ბევრი აქვს და ახალ გუნდში ყოველი ვარჯიში მას ზრდაში ეხმარება“, – წერს გამოცემა Castellonplaza 23 წლის ქართველ ცენტრალურ ნახევარმცველზე.

“უკვე ოთხი თვეა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და უკვე ისიც ვიცი, ვინ როგორ თამაშობს. როდესაც „კასტელონი“ „ძრავის ჩართვას“ იწყებს, შემედგ მისი შეჩერება შეუძლებელია. ასეთ გუნდში ჩემთვის თამაში ადვილია. სამი ლიდერი გვყავს, რომელიც გუნდს სრულყოფილად ათამაშებს. ყოველდღე სიამოვნებით ვვარჯიშობ, რადგან ვსწავლობ ისეთი ფეხბურთელისგან, როგორიც პაბლო ერნანდესია („ვალენსიას“, „ლიდსის“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი შემტევი). ძალიან მინდა, რომ გუნდს სეგუნდა დივიზიონში (ლა ლიგა 2) გადასვლაში დავეხმარო“.

გიორგი ქოჩორაშვილი

ქოჩორა – დაბრუნება ლევანტეში

გიორგიმ დააქამბექა. ულევი შრომისმოყვარეობა, დასახული მიზნისკენ მუდმივი სწრაფვა და შეუდრეკელობა, ნიჭთან ერთად ქოჩორა, ჯერ ლევანტეში შემდეგ კი მის ძირითადში, ამ წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა დეტალებმა დააბრუნა.

შედეგად ბოლო ორ სეზონში გიორგის ანგარიშზე ლევანტეს მაისურით, ლა ლიგა 2-ში 50 მატჩი 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

თუმცა ქოჩორას სათამაშო მანერიდან გამომდინარე სტატისტიკა მნიშვნელოვანი თამაშზე მისი გავლენაა. უნივერსალური ნახევარმცველი, რომელმაც შოთა არველაძის შემდეგ გიორგი მამარდაშვილამდე ლა ლიგაში ქართული დროშა დააბრუნა და ძალიან მოკლე დროში ძალიან დიდ აუდიტორიას თავი თავიდან გააცნო და მომენტალურად შეაყვარა.

გიორგი ქოჩორაშვილი – საქართველოს ნაკრებში

სამაგალითო მოედანსა და მის მიღმა, ამ შეფასებას ბევრი ფეხბურთელი კარიერის ბოლომდეც კი ვერ იღებს, არათუ გიორგის მსგავსად ახალგაზრდულ ასაკში.

ქოჩორა 25 წლისაა. მისი დებიუტი კი საქართველოს ნაკრებში 2023 წლის სექტემბერში, ნორვეგიის წინააღმდეგ, 24 წლის ასაკში შედგა.

და შემდეგ იქიდან დაიწყო. “კაპიტან საქართველოს” დღეს ეროვნულ ნაკრებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ მატჩებში გიორგის ანგარიშზე 3 გოლი და 3 ასისტია. სადებიუტო საგოლე მოქმედება ქოჩორას ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის წინააღმდეგ ჰქონდა, როდესაც გიორგი მიქაუტაძეს გაატანინა.

ქოჩორას მანამდე 18-წლამდელთა ნაკრებიდან ყველა ასაკობრივში ნათამაშები აქვს. მათ შორის იყო საქართველოში ჩატარებული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც გიორგიმ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

1-ელი ივლისიდან კი ქოჩორა გახდება მე-11 ქართველი ფეხბურთელი, ვინც პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში ითამაშებს.

აქამდე პორტუგალიის რანგით უმაღლეს ლიგაში ქართველი ფეხბურთელების სია ასეთი იყო:

გიორგი ქარსელაძე – რიუ ავე

საბა სამუშია – რიუ ავე

მათე საური – რიუ ავე

ოთარ მამაგეიშვილი – ფამალიკაუ

გიორგი აბურჯანია – ავს, ჟილ ვისენტე

ავთო ებრალიძე – ლუსიტანია, ოლივეირენსე, ჟილ ვისენტე, ლეიშოეში, ვიზეუ, შავეში, ნასიონალი

გიორგი მაკარიძე – ფეირენსე, მორეირენსე, რიუ ავე, ვიტორია სეტუბალი, მარიტიმუ, კოვილია

გიორგი არაბიძე – ნასიონალი

რობერტ ზირაქიშვილი – ფარენსე

გოჩა ქოქოშვილი – ბელენენსეში, ოლანენსე

ბოლოს კი იმ ფოტო კოლაჟს დაგიტოვებთ, რომელიც აწ უკვე დიდი ისტორიის ნაწილია და რომელიც კრიშტიანუ რონალდუს დინამოს აკადემიაში სტუმრობას ასახავს. იმედია ყველა მათგანს ცნობთ.