სარჩევი
2023 ივლ 12, 00:30 შ-მდე
10 წუთის საკითხავი

დღეს, 12 ივლისს, ევროტურნირის გზას თბილისის დინამო გაუყვება. ასტანას ესტუმრება და შეეცდება ყაზახურ კლუბებთან შელახულ რეპუტაციას რაიმე მოუხერხოს. ხვალ კი ქუთაისის ტორპედო, გორის დილა და ბათუმის დინამოც ჩაერთვებიან საქმეში.

ტორპედო სარაევოს, გორის დილა დუნაისკას, ხოლო ბათუმის დინამო ტირანას შეხვდება.

ძველი კინოს მოლოდინში

დაახლოებით ერთი წლის წინ, საკლუბო ფეხბურთზე მიძღვნილ სტატიაში განვიხილეთ სამი ძირითადი მოდელი, რომელსაც ევროტურნირებზე ვხედავთ. როგორც წესი, ბევრი არაფერი იცვლება. ცვლილებას საკლუბო ფეხბურთში დიდი რეფორმა სჭირდება, რეფორმა კი ძალიან დიდი ხანია არ გვქონია. მაგალითად, ვიცოდით რა იყო და რაზე იდგა საბჭოთა სკოლა, ქართული სკოლა კი ჯერ ვერ შეგვიქმნია, მხოლოდ მონახაზები არსებობს. კარგია რომ იდეოლოგიაზე მსჯელობაც დაიწყო, მაგრამ ეს ინდივიდზე ორიენტირებული ფილოსოფია ჯერჯერობით სისტემასთან ვერ ადაპტირდა, რაც მაფიქრებინებს იმას, რომ ელემენტალურად არ იციან როგორ და რა თანმიმდევრობით ხდება ეს ამბავი.

აბა, სხვაგვარად როგორ გავიგო?! წლებია ამაზე საუბრობენ და ძირეული ცვლილებები არ ჩანს. ჯერ კიდევ 1998 წლის ფედერაციის არჩევნების დროს საუბრობდა ილია დათუნაშვილი დიდი რეფორმის შესახებ, თუმცა, ვერ გახდა პრეზიდენტი და რომც გამხდარიყო, არა მგონია, რამე მოეხერხებინა.  ზედაპირი კი იცვლება და ზოგს ეგეც ჰყოფნის ბედნიერებისთვის. იცვლება კალენდარი, იცვლება კლუბების რაოდენობა, ზოგს მოსწონს ეს კალენდარი, ზოგს არა, ამაზე დავა ყოველთვის იყო, მაგალითად, ნოდარ ახალკაცს მიაჩნდა, რომ ევროპულ ფეხბურთთან ადაპტირებისათვის მათივე კალენდარს უნდა მივყოლოდით, მაგრამ არა, არ გამოდის, სულ აქეთ-იქით დავდივართ და კაციშვილმა ვერ გაიგო რა სჯობია.

თუ სწორად მახსოვს, ილია ბაბუნაშვილმა განიხილა ამჟამინდელი კალენდარი და ორივე მთავარ არგუმენტს კისერი მოუგრიხა:

  • ერთი არგუმენტი იყო ის რომ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის გადასარევ ფორმაში იქნებიან ქართული კლუბები, სანამ სხვები ისვენებენ, ჩვენთან ჩემპიონატის მატჩები იქნება გაჩაღებულიო. (აბა რა, ისეთ ფორმაში ვხვდებით ამ ეტაპს რომ ვისაც არ ეზარება ყველა გვაპანჩურებს.
  • მეორე არგუმენტი კი მოედნის საფარია – ზამთარში ვერ ვუვლით, ფუჭდებაო. ისე ხო რას ამბობთ, გაბიბინებულია;

სხვა რა ხდება ეროვნულში? არც არაფერი. იუთუბ ლიგამ აჯობა დასწრების თვალსაზრისით. მოდი ამას ბოლოსკენ მივუბრუნდეთ.

რით იკვებება საკლუბო ფეხბურთი

მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ფონდის დაარსება, რომელიც ქართული კლუბების ფინანსურ დახმარებას ისახავს მიზნად და ეხმარება კიდეც, მაგრამ ლოგიკის პოვნა ძალიან გაჭირდა.  აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში პირველი და მეორე ლიგის გუნდები უფრო მეტს იღებდნენ, ვიდრე უმაღლესი ლიგის კლუბები. რა ლოგიკით არის აწყობილი ეს სისტემა უბრალო მოკვდავთათვის გაუგებარია. ასე იყო ორი წლის წინ.

გარდა ამისა, ქართულ ფეხბურთში ჩართულმა რამდენიმე ადამიანმა აღნიშნა, რომ ფონდის ჩამოყალიბებამ ცუდი სამსახური გაუწია ეროვნულ ჩემპიონატს, კლუბები გაზარმაცდნენ და თავად არაფერს აკეთებენ, არიან ასე პარაზიტებივით, სხვისი დახმარების იმედად, თავად კი ინვესტიციის მოსაზიდად თითსაც არ ანძრევენო, – ილია კოკაია იყო ერთ-ერთი ვინც ამაზე ისაუბრა, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე.

გიორგი დევდარიანმა კი აღნიშნა, ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა საკმარისია თავის შესანახად და ერთი აგურის დასადებად, მაგრამ ეს თანხა მიზნობრივად ვერ იხარჯებაო.

აჰა, ორი პრობლემა გამოიკვეთა – მიზნობრივი ხარჯვა და სხვის შემყურედ პარაზიტის როლში ყოფნა. ნაცნობი პრობლემაა, ჭეშმარიტად ქართული.

ამ ყველაფრის შედეგად კიდევ ერთი სტატია გამოვაქვეყნეთ და მორიგი რეკომენდაცია გავეცით, რომელსაც უმარტივესად შეეძლო ერთი შეხედვით რთული პრობლემის მოგვარება.

რეკომენდაცია იყო შემდეგი – ჯერ გეგმა, მერე ფული.

კლუბი ასე არაფრის გამო თანხას არ უნდა იღებდეს. კლუბის მფლობელმა და მმართველებმა ჯერ განვითარების გეგმა უნდა წარადგინონ:

  • გეგმა გაივლის კომისიას, რომელმაც უნდა დაადგინოს და განსაზღვროს შეფასების კრიტერიუმები, შემდეგ კი ამ კრიტერიუმების საფუძვლად შეაფასოს გეგმა – რამდენად ავთენტურია არსებულ გარემოსთან და რამდენად პასუხობს დღევანდელ ამოცანებს;
  • კლუბები წარადგნენ მმართველ გუნდს – იმის გასაგებად თუ რამდენად შეესაბამება ეს გუნდი წარდგენილ გეგმას. ერთ სიტყვით – აქვთ თუ არა შესაბამისი კომპეტენცია იმისათვის რომ გეგმა სისრულეში მოიყვანონ;
  • თუ გეგმა დამტკიცდა, და თუ მმართელ გუნდშიც აღმოჩნდა სწორი ხალხი გეგმის სისრულეში მოსაყვანად, უნდა გაიცეს თანხა. რაც უფრო მაღალ შეფასებას მიიღებს წარდგენილი გეგმა, მით უფრო მაღალი თანხა უნდა გაიცეს. თუ კლუბები ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს მაშინ ერთი თეთრიც არ უნდა მისცენ არავის, აბა, თუ ელემენტალურად გეგმის დაწერის თავი არა გაქვს და ერთი ნორმალური მენეჯერიც არ გყავს, მაშინ, ფეხბურთში რა დაგრჩენია?!
  • თანხის გაცემა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, კომისია კი გააგრძელებს შესწავლას იხარჯება თუ არა ეს თანხა გეგმის შესაბამისად;

აი ასე. მარტივია. არის ვინმე ამის გამკეთებელი? მეტი არაა ჩემი მტერი.

ქართული ფეხბურთის.. ღმერთმანი, არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, მთლიანად ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფინანსური რესურსის მიზნობრივი ხარჯვაა, რადგან ფული ცოტაა, ვალი კი ბევრი.

ალბათ ჯიუტი ადამიანი ვარ, ჩემი გონებაც ამ სიჯიუტით არის მოწყობილი და თუ ვერ დავინახე რომ საქმე ამგვარად კეთდება, მერე იმედიც აღარ მაქვს ხოლმე არაფრის. ამჯერადაც ასეა, საფუძველს ვერ ვხედავ და ღია ფანჯარას რა დამანახებს?!

მელქიადეს ესტრადას სამი დასაფლავება

როგორც წესი, ევროტურნირებზე სამი მოცემულობა გვექმნება, თუმცა, ხანდახან ირღვევა ხოლმე ეს პრინციპები და მე მგონი, ამჯერზეც დაირღვევა.

  • გვყავს კარგი გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში გადასარევად თამაშობს, გააქვს ბევრი გოლი, ქმნის ლამაზ მომენტებს და გვიქმნის ილუზიას, რომ საშუალო ევროპულ დონეზე იმყოფება. მერე იწყება საკვალიფიკაციო ეტაპი და ეს ილუზიები გვემსხვრევა – წელს ასეთი გუნდი არ გვეყოლება. ყოველ შემთხვევაში, ჩემეული აღქმა ასეთია. არ გვყავს ისეთი გუნდი, რომელიც წინა წლის ბათუმს, დევდარიანის გორის დილას, გეგუჩაძის ზესტაფონსა თუ დინამოს, იმ ძველ და მაგარ ამერს წააგავს. არ გვყავს. შესაბამისად, არც ილუზიები მაქვს.
  • აუცილებლად გვყავს გუნდი, რომელიც გადამწყვეტ ეტაპზე იწყებს არც თუ ისე სასურველ ცვლილებებს, იქნება ეს მწვრთნელი თუ ფეხბურთელები. ვგულისხმობ არა მხოლოდ საჭირო ფეხბურთელების წასვლას, არამედ, გაუგებარი კადრების მოსვლას. როცა ეს ცვლილებები ხდება, წარმატება ავტომატურად გამოირიცხება ხოლმე.
  • გვყავს გუნდი, რომელიც მოულოდნელად ერთ ან ორ ეტაპს გაივლის და დაგვაჯერებს, რომ აგერ, ცოცხალია ფეხბურთი! ეს სიხარულიც იქიდან გამომდინარეობს, რომ კაციშვილმა არაფერი იცის ამ გუნდების შესახებ. ხალხი ფაქტობრივად არ დადის სტადიონზე, მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხედავენ, ეგეც იმიტომ, რომ ქვეყნის სახელი გადის ევროსარბიელზე.

აქვე, ამ მოცემულობებიდან გამომდინარე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შედარებით მაღალბიუჯეტიან კლუბებს გაცილებით მეტს თხოვენ. ასე იქნება ახლაც, დინამოებს მეტი მოეთხოვებათ. განსაკუთრებით თბილისის დინამოს. არც შეხედავენ თამაშს, უბრალოდ, ფეხი თუ დაუცდა მაგრად გალანძღავენ. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ამ კლუბისგან მხოლოდ ბრენდია შემორჩენილი, ჯერ კიდევ თვითძიების პროცესშია და ვერავის გაუგია ვისი გუნდია. იდენტობის ამ პრობლემაზე ადრეც ვწერდით და აღარ მოგაწყენთ თავს.

რამე კარგიც თქვი შე დალოცვილო

ახლა რომ კაცმა თქვას ჯერ ერთიც არ გვითამაშია და რას დაგვჩხავი თავზეო, ხო იქნება მართალი?! არა, არ იქნება.

ჩხავილი არ არის ეს, ცივი სიმართლეა შეხურებულ სახეში, მაგრამ, კარგიც უნდა ითქვას. თუნდაც იმიტომ, რომ ეს კარგიც არსებობს.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა აჩვენა, რომ გაცილებით ძლიერ მეტოქესთანაც შეიძლება წარმატების მიღწევა. კი დაუწუნეს ხარიხსი სვანაძეს, მაგრამ რომელიმე ჩვენი კლუბი, რომ ფინალურ ეტაპზე გავიდეს, თუნდაც, კარში ავტობუსით, იტყვის ვინმე უარს? არა მგონია, პირიქით, ასეთ მწვრთნელს ტაშით შეხვდებიან, გენიოსსაც დაუძახებენ და იმასაც კი იტყვიან – გააგდებინეთ ვილის ხინკალი ხელიდან, გაუშვით სახლში და მაგის ნაცვლად აი ეს კაი კაცი დანიშნეთო.

ეგრე იქნება, კარგად ვიცნობთ ჩვენ ხალხს.

ჰოდა, თქვენ წარმოიდგინეთ გადამდებია ეს შედეგიანი თამაში, განსაკუთრებით კი საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის. რწმენა ჩნდება რომ ყველაფერი შესაძლებელია, რწმენას კიდე დიდი ძალა აქვს, შეიძლება ითქვას, რომ პირველ ნაბიჯად იქცევა ხოლმე დიდ გზაზე.

ამ ნაქები ბიჭების ძალების აღდგენაზეც ითქვა, იმედია წუწუნს აღარ გავიგონებთ. თანამედროვე ფეხბურთი ასეთია. თუ გადატვირთული გრაფიკისთვის მზად არ ხარ, იშრომე და აჰყევი ამ ტემპს, და თუ ვერ აჰყევი, ესე იგი, არ ყოფილა ამ სპორტში შენი ადგილი.

თავის მართლება აქ არ ივარგებს. კარგი მაგალითი მოგვცეს ებრაელებმა, მათ სწორი დამოკიდებულება ჰქონდათ, ჩვენ – არა. ეგ არაფერი, მთავარია სწავლა განვაგრძოთ. რადგან ევროპის ჩემპიონატზე სასურველს ვერ მივაღწიეთ, ესე იგი, ჯერ საკმარისად არ გვისწავლია და საკმარისი არ გაგვიღია.

თავკაცები

მოდი ასე ვიტყვი, ამ მწვრთნელების მიმართ უფრო დიდი ნდობა მაქვს, ვიდრე მათი გუნდების. ნდობაც მეტი მაქვს და მათი დაგეგმილიც უფრო მეტად მაინტერესებს.

ქუთაისში შოტლანდიელი კაცი უნდა გამოიცადოს. ეგ კაცი ჩვენი გამოსაცდელი არ არის, ისეთი გამოცდები აქვს ჩაბარებული, მაგრამ არავის მისთვის იმდენი არ მოუთხოვია, რამდენსაც აქ მოთხოვენ. ასე მგონია, რავიცი.. ძირითადად ასისტენტი იყო ხოლმე, ასისტენტები კიდე მთავარი მწვრთნელის ჩრდილში რჩებიან. წარმატებისა თუ წარუმატებლობის ჟამს. ახლა კიდე მთავარი კაცია, თუ შესაქები იქნება პირველი მას შეაქებენ, თუ გასალანძღი პირველი მას გალანძღავენ, ვერ გაიგებს, მაგრამ იგრძნობს.

გეგუჩაძის მიმართ ყოველთვის მქონდა სიმპათიები, მათ შორის, მისთვის რთულ პერიოდშიც. თუმცა, გაუგებრობებიც ყოველთვის თან ახლდა ამ სიმპათიებს, მაგალითად ბოლო გაუგებრობა კვერნაძეს უკავშირდება. ბიჭი სერია ა-ს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გია გეგუჩაძის მოთხოვნები კი ვერ დააკმაყოფილა. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს და მომწონს კიდეც ეგ მწვრთნელები თავიანთი სტილით, ხელწერითა და პრინციპებით, უბრალოდ, განმარტებას სიამოვნებით მოვისმენდი, რატომ და რის გამო ვერ ჩაჯდა კვერნაძე გეგუჩაძის გემოვნებაში.

ველოდით ამ ბიჭს ევროპის ჩემპიონატზე და ვნახეთ ბათუმის დინამოს სკამზე. ხანდახან, სკამის იქით.

ჭიაბრიშვილსაც კარგად იცნობს გულშემატკივარი. ჯერ ლანძღეს, მერე ადიდეს. როგორც ხდება ხოლმე ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ფეხბურთში. ლანძღეს სომხებთან წაგების გამო და ადიდეს რუსებთან მოგების გამო. ეგეთი ამბავია.

წინა წლისგან განსხვავებით ამჯერად უფრო კარგ დინამოს ველოდები, წინა წელს ზემოთ ნახსენები მოდელიდან ერთ-ერთი შეგვრჩა ხელში, ზედ ევროტურნირის წინ დაიწყო ცვლილებები და ჭიაბრიშვილმა გუნდის მომზადება ვერ შეძლო, ახალი მოსული იყო, ის ძველი კაცი კიდე ამბობდა ამ გუნდით რა ჯანდაბა უნდა გავაკეთოო?! ურთულესი მდგომარეობა შეიქმნა – ან ახალი მწვრთნელი უნდა მოგეყვანა, ევროტურნირამდე მცირე ხნით ადრე, რაც ავტომატურად წარუმატებლობას ნიშნავს, ან ის მწვრთნელი უნდა დაგეტოვებინა, რომელმაც ნაადრევად დაიწყო შენი შემზადება – მაინცდამაინც დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ ჩემზეო.

ფაქტობრივად, გამოუვალი მდგომარეობაა, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ არასწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, აბა, ისე როგორ უნდა აღმოჩნდე გამოუვალ მდგომარეობაში?!

ბოლო კაცზეც ვთქვათ, ვისთვის ბოლო, ვისთვის პირველი. გორელებისთვის ალბათ პირველია. ანდრეი დემჩენკო და მისი თანაშმწე ირაკლი მოდებაძე გორში ძალიან კარგად მუშაობენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კარგად ორგანიზებული ფეხბურთი უნდა ვნახოთ, რისთვის იქნება ეს საკმარისი ამას დრო გვიჩვენებს.

მოიგე და მოვალ

ხალხი ისე იქნება, როგორც ევროპის ჩემპიონატზე იყო, ხო მოგეწონათ რაც იყო და როგორც იყო, მოვიგეთ პორტუგალიასთან და გაივსო სტადიონი, რაც უფრო დიდ გზას გაივლით, რაც უფრო კარგ გუნდს მოუგებთ მით უფრო მეტი ხალხი მოვა. საკლუბო ფეხბურთის მიმართ ერთი წვეთი რწმენა აღარ არის დარჩენილი,  ჰოდა, როგორც ევროზე ვნახეთ ამ რწმენას გამარჯვება აბრუნებს ხოლმე.

ხალხის პოზიცია ასეთია – დაიმსახურეთ და მოვალთ. ჯერ მიაჩნიათ რომ მხარდაჭერას არ იმსახურებთ. ეს თბილისში, თორემ ქუთაისში, გორში და ბათუმში უნდა მივიდეს იმდენი ხალხი ორივე ხელზეც რომ ვეღარ დაითვლი. ბათუმის სტადიონს არაფერი დაეწუნება, ქუთაისის სტადიონს ბევრი რამ დაეწუნება, მაგრამ მაინც ახალია და კარგია. თან ფერიც შეუცვლიათ, მოუხერხებიათ.

ამ სტადიონის შემხედვარეს ძველი სტემფორდ ბრიჯი მახსენდება, გეცოდინებათ ალბათ, რომ ოლიმპიური სტადიონი იყო, ერთობ, უცნაური არქიტექტურით, ჰოდა, 80-იანების მიწურულს მიანგრ-მოანგრიეს ეს მომრგვალებული, უხერხული ტრიბუნები და მიუახლოვდნენ კარის ჩარჩოებს. ენფილდი არ არის, მაგრამ რაც იყო იმას ბევრად სჯობია.

რაღაც ეგეთის მოლოდინი მქონდა, როცა გავიგე, რომ ქუთაისში სტადიონს გააკეთებენო, მაგრამ, ამ სხვა მოლოდინებისა არ იყოს, ეგ მოლოდინიც საპნის ბუშტივით გასკდა.

იუთუბ ლიგამ გვაჯობაო

აჯობა, აბა რა ქნა?! ანდრო ხელაძე ვარსკვლავია! მის სანახავად ბავშვები აუცილებლად მივლენ სტადიონზე, გამბედავი და მამაცი ადამიანია, ახალი სტილი შემოიტანა ქართულ საკომენტატორო ისტორიაში. იცის, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელსაც ყველაფერი ახალი აშინებს, აფრთხობს და მერე ემტერება, მაგრამ მაინც სიმღერ-სიმღერით შემოგლიჯა კომენტატორის ჯიხური იმიტომ, რომ „აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძსო“.

უყვარს ხალხს ეგეთები.

ის ნეაპოლელი კაციც არ არის დასავიწყებელი, სულ მთლად მარადონაა თავის იუმორში და ბევრი და ბევრი კიდევ ასეთი. რომელი ბურთის ოსტატები ესენი მყვანან, მაგრამ ხალხი მაინც მივიდა, პერსონაჟების სანახავად.

იუთუბერებს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ  მომხმარებლებთან, ჩვენი ფეხბურთელები და მწვრთნელები კი მათთვის აბსოლუტურად უცხონი არიან.

მოკლედ, ისევ იდენტობას ვუკაკუნებ.

აბრახუნებენ თქვენთანაც?

აზარტი უნდა დავაბრუნოთო სთქვა ერთმა, ქართული კანონის შემწემ, კარგი წამოწყებაა ღმერთმანი, მაგრამ იდეა მოიტანა წლობით ნათრევი და უკვე აბსურდული. თავშიშემოსარტყმელი იდეაა – პოსტსაბჭოთა სივრცე მოვწკიპოთ, ოღონდ რუსეთი გავწიოთო.

ვახ, შენ გენაცვალე!

აბა მიდი, გაწიე!

მერე დაამცრო ცოტა გონება და აგერ, სამეზობლოში ჩავატაროთ რაიმე მარიფათიანიო, აქით სომხეთი, იქით აზერბაიჯანი. შუაში კიდე ჩვენაო.

გაგახარებს ღმერთი თუ მაგას შეძლებ – თუ ჩამოიყვან გადამტერებულ ხალხს, ათამაშებ ჩვენს სტადიონზე, მათ მატჩებს იმსაჯებს ქართველი, ჩვენ თუ სომხებს შევხვდებით იმსაჯებს აზერი, თუ აზერს შევხვდებით იმსაჯებს სომეხი, მატჩები უკლებლივ ყველა ჩატარდება ჩვენს მზიან მხარეში, ვაჰ, შენ გაიხარე!

აბა მიდი, შეეჭიდე ამ ამბავს და ნახავ რომ ძალიან სწრაფად დაემსგავსები იმ ფუნქციონერს, რომელიც დეკადების მანძილზე ლაყბობის მეტს არაფერს აკეთებს.

თუმცა, კანონის მამებს ლაყბობა არ ესწავლებათ. ეგეც მართალია.

უსამართლობა იქნებოდა გამოსავალზე არ დაგვეწერა, იმ რეფორმის მსგავსად, ჰოდა, გამოსავალზეც ბევრი გვიწერია, მაგრამ უსარგებლოდ მიიჩნიეს და ინტერნეტ სივრციდან გააქრეს. აბა, მაგას ვინ კითხულობს?! ვის რაში არგია..