ისტორიაში მე-19-ედ – დინამო თბილისმა დინამო ბათუმთან 9-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 2 წლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.
საქართველოს 34-ე ჩემპიონატი დინამო თბილისმა მოიგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, ბოლო ტურში გაგრა 2-1 დაამარცხა და ოქრო მედლებს დაეუფლა. ბოლო ტურში დედაქალაქელები საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულნი, 3 ქულა ჩემპიონობას ნიშნავდა, სხვა შემთხვევაში კი პირველი ადგილის შანსი დინამო ბათუმსაც ჰქონდა.
დინამო თბილისი 2-1 გაგრა
მატჩში ანგარიში დავით სხირტლაძემ გახსნა და ამით დინამო არენზე დაძაბულობა მოხსნა. ეს დინამოს კაპიტნისთვის ეროვნულ ლიგაში გატანილი მე-7 გოლი იყო. აღასანიშნავია, რომ ტრავმის გამო სხირტლაძეს სეზონის პირველი ნახევარი ფაქტობრივად მთლიანად გაუცდა. 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მან 16 ივლისის შემდეგ გაიფორმა.
დინამოს გატანის რამდენიმე შანსი კიდევ ჰქონდა, თუმცა გაგრელთა უკრაინელი მეკარე ოლექსანდ ვორობეი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მეორე ტაიმში, დინამოს უპირატესობა ორამდე იმრან ულად ომარმა გაზარდა. მაროკოელმა ფორვარდმა სტანისლავ ბილენკის საგოლე გადაცემა გამოიყენა.
გაგრელებმა 73-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითეს. თამაზ მაქაცარიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და საჩემპიონო ბრძოლას ინტრიგა დაუბრუნა, თუმცა პარალელურად დინამო ბათუმი საკუთარ შეხვედრას ტორპედოსთან 1-2-ს აგედა, ამიტომაც თბილისელები გაშვებული გოლის შემდეგ არ აღელვებულან.
აფხაზეთის რეგიონის წარმომადგენელ გუნდს დარჩენილ დროში ერთი რეალური საგოლე მომენტი კიდევ ჰქონდა, თუმცა მტკვრისპირელები მეკარე ლუკა კუტალაძეგ იხსნა.
საბოლოოდ დინამო თბილისმა გაიმარჯვა, დინამო ბათუმმა ფრედ ითამაშა და ჩემპიონიც დედაქალაქური დინამო გახდა. საბოლოოდ, სატურნირო ცხრილში უპირატესობამ 3 ქულა შეადგინა.
გიორგი ჭიაბრიშვილი – Setanta Sports-დან ჩემპიონობამდე
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭიაბრიშვილი დინამო თბილისში 20 ივნისს მას შემდეგ მივიდა, რაც გუნდი კახაბერ ცხადაძემ დატოვა. საქართველოს 3-გზის ჩემპიონი მთავარი მწვრთნელი გასული სეზონის ბოლოს თბილისის ლოკომოტივიდან წამოვიდა, ხოლო 2022 წელი Setanta Sports-ში კო-კომენტატორად დაიწყო.
2022 წლის დასაწყისიდან Setanta Sports დინამო თბილისის სატიტულო სპონსორი გახდა. შესაბამისად ჩვენს არხებსა და setantasports.com-ზე მაყურებელს დინამო თბილისის ყველა მატჩის ხილვის შესაძლებლობა ჰქონდა. მე კი მქონდა პატივი სეზონი პირველი ნაწილის განმავლობაში დინამოს მატჩები გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად წამეყვანა.
ჭიაბრიშვილისთვის სეზონი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც 29 ივნისს დინამო თბილისი უშუალო კონკურენტ დინამო ბათუმთან დამარცხდა, გათამაშების დასრულებამდე 16 ტურით ადრე ჩამორჩენამ შავი ზღვისპირელებთან 9 ქულა შეადგინა. დინამო თბილისი კი გახდა პირველი ჩემპიონი, რომელმაც პირველ ადგილთან ამხელა ჩამორჩენა აღმოფხვრა.
დინამო თბილისი კონფერენს ლიგის გათამაშებას განუთესავ პაიდესთან გამოეთიშა. რაგნარ კლავანის ესტონურ გუნდთან ახალი სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები დამარცხდნენ, რაც ცხადია, ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმა მტკივნეულად განიცადა.
ამას გარდა, 4 სექტემბერს, თელავთან სტუმრად გასამართ მატჩამდე ქართველ მწვრთნელს გულის შეტევა მოუვიდა. თბილისში ჰოსპიტალიზების შემდეგ, მან გულზე ქირურგიული ჩარევა გადაიტანა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ერთ თვეში, გიორგი ჭიაბრიშვილი, დინამო ბათუმის წინააღმდეგ მოედნის ტექნიკურ ზონას დაუბრუნდა. 29-ე ტურის პრინციპული მატჩი დინამო თბილისმა 1-0 მოიგო და სეზონში პირველად გალიდერდა.
ჩემპიონობის შემდეგ დინამო თბილისის ოფიციალურმა გვერდმა გიორგი ჭიაბრიშვილს სახუმარო ფეისბუქ პოსტერიც მიუძღვა. ალუზია, ცხადია, ფილმ Iron Man-თან არის, მიზეზი კი გულის შეტევის კვალდაკვალ წარმატების მიღწევაა.
კომენტარები
“ამაყი ვარ, ძალიან მიხარია. მადლობა მინდა გადავუხადო ბევრ ადამიანს – ყველას, და რაც მთავარია, ფეხბურთელებს. ძალიან ძნელი წელი იყო. ფეხბურთელებმა ისეთი რამ შეძლეს, რაც თავიდან რომ დავიწყე, შეუძლებლად მოჩანდა. დინამო დამსახურებულად გახდა ჩემპიონი”.
გიორგი ჭიაბრიშვილი – დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი
“ბათუმთან მარცხისა [1-4] და 9 ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, ბევრს შეიძლება არ სჯეროდა, მაგრამ ჭიაბრიშვილის მოსვლამ მოიტანა ის რწმენა და თავდაჯერება, რომ შეგვეძლო ამ 9 ქულის აღმოფხვრა. წარმატებული და რთული პერიოდი გავიარეთ. შეცდომის უფლება არ გვქონდა, არც დაგვიშვია ეს შეცდომა და საბოლოოდ დამსახურებულად გავიმარჯვეთ”.
დავით სხირტლაძე – დინამო თბილისის კაპიტანი
ფაქტები
- დინამო თბილისმა მე-19 ჩემპიონობა იზეიმა.
- დინამო თბილისმა 2022 წლის სეზონი, ეროვნულ ლიგაში 16-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაასრულა.
- გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩემპიონობა მესამე სხვადასხვა გუნდთან ერთად იზეიმა. 43 წლის მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ზესტაფონთან და საბურთალოსთან ერთად ფლობდა. ასეთი მიღწევა საქართველოს ჩემპიონატში რევაზ ძოძუაშვილსა და გია გეგუჩაძეს აქვთ.
- დინამო თბილისი ერთადერთი გუნდია, რომელიც 2022 წლის სეზონში შინ არ დამარცხებულა.
დინამო თბილისი 2023-24 წლების სეზონში საქართველოს სახელით ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.