სარჩევი
2020 ივნ 12, 14:40 შშ
8 წუთის საკითხავი

I ციკლი – დი სტეფანო და ბრაზილიის პირველი ოქროს თაობა (1958-1970)

II ციკლი – მარადონა და ბრაზილიის მეორე ოქროს თაობა (1994-2006)

III ციკლი – მესი და… მესამე ტალღის მოლოდინი. 

დი სტეფანო და პირველი ტალღა

პირველად იყო სიტყვა!

იყო იდეა ტრაგედიაზე და იყო დიდი აფეთქება!

აფეთქება მოხდა ბრაზილიაში, „მარაკანაზე“, 1950 წელს. იმხელა ხმაზე იფეთქა ორასი ათასი კაცის (ქალისაც) გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოაგდო. ასე იწყება დიდი ამბები, განსაკუთრებული და დაუვიწყარი ამბები. თუმცა, სანამ დიდი აფეთქება შედეგს მოიტანდა, მანამდე არგენტინულ-ბრაზილიური ციკლი დაიბადა. 

არგენტინელების საფეხბურთო ხაზი მესიანურია, ბრაზილიელებისა კი სახალხო, რომელიც ყოველთვის რაღაც შოკისმომგვრელის შედეგად იბადება. 

პირველი მესია ალფრედო დი სტეფანო იყო, არგენტინელი ჯადოქარი, რომელსაც იცნობდნენ როგორც მოვლენას, ჯერ კიდევ „რივერ პლეიტში“ თამაშის დროს, არგენტინელებმა იცოდნენ, რომ სპორტის ამ სახეობის საუკეთესო მოთამაშე ჰყავდათ. ალფრედოსთვის სულერთი იყო სად ითამაშებდა, „ბარსაში“ თუ „რეალში“, თავიდან „ბარსამ“ დაითანხმა, მერე კი დიდი გენერალი ჩაერია საქმეში და თეთრად შემოსა.

კატალონიელებისთვის ბოლოს გაკეთებული წინადადება ასეთი იყო – „სეზონის ერთი ნახევარი ჩვენთან იქნება, მეორე თქვენთან“ – ამაყმა კატალონიელებმა იუკადრისეს, მტერთან გარიგებაზე არ წავიდნენ და საბოლოოდ ძალიან ინანეს. 

ასე შეიქმნა პირველი დიდი საკლუბო ეპოქა, ასე შეიქმნა „თეთრი ბალეტი“, რომელსაც სათავე ალფრედო დი სტეფანომ დაუდო. „რეალში“ ბრწყინავდნენ ფერენც პუშკაში, კოპა, ხენტო და მცირე ხნით დიდიც, მაგრამ დი სტეფანო მოვლენა იყო, ფეხბურთის პირველი მესია. 

დავით ქლიბაძისგან შემოგვრჩა დი სტეფანოს ყველაზე ცნობილი დახასიათებაც – „არც პელე იყო მარადონა და არც მარადონა იყო დი სტეფანო“ – ასეთი სიტყვით ამკობდნენ და ყველაზე მაღლა აყენებდნენ, თუმცა ვიწრო წრეებში. 

რატომ ვერ დადგა პელესა და მარადონას გვერდზე? იმიტომ, რომ სანაკრებო წარმატება არ ჰქონია. არ ჰქონია, იმიტომ, რომ სამ ნაკრებში ითამაშა, დიქტატორების სათამაშოდ იქცა და გარდა არგენტინისა და ესპანეთისა, კოლუმბიის ნაკრებშიც მოუწია თამაში, ზედ სამოქალაქო ომის წინ, როცა კონსერვატორები და ლიბერალები უმოწყალოდ ხოცავდნენ ერთმანეთს. 

ამ დროს შეიკრა არგენტინულ-ბრაზილიური ციკლის პირველი წრე. როცა არგენტინელი მესიის დრო მიდის, ბრაზილიური „დიდი თაობის“ დრო მოდის. ასეთი თაობა კი შოკის გარეშე ვერ იბადება. პელეს ბევრჯერ გაუხსენებია 1950 წლის დიდი აფეთქება „მარაკანაზე“ – „მამაჩემი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და „ბაურუში“ თამაშობდა. ბრაზილიაში ჩატარებულ მუნდიალზე დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, ფინალის დღეს მამაჩემი და მისი თანაგუნდელები შეხვედრის მიმდინარეობას რადიოში უსმენდნენ, მაშინ ტელევიზორი არ გვქონია. საკუთარ მიწაზე დავმარცხდით, პირველად ვნახე, რომ მამა ტიროდა, ათი წლის ვიყავი და არაფერი მესმოდა, მისი დამშვიდება მსურდა და ვუთხარი, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მისთვის მე მოვიგებდი“. 

იგივე პირობა დადეს გარინჩამ, ვავამ, დიდიმ, ძმებმა სანტოსებმა, ზაგალომ და სხვებმა, რადგან მათი მშობლებიც ტიროდნენ, სწორედ ამან წარმოშვა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ვარსკვლავური თაობა, რომელმაც შედეგი დიდი აფეთქებიდან 8 წელში მოიტანა, სამბა დაიწყო 1958 წელს და გაგრძელდა 1970 წლამდე, ითამაშეს ოთხი მუნდიალი და მოიგეს სამი. ამ დროის განმავლობაში შემადგენლობაც იცვლებოდა, მაგრამ იყო ერთი დამაკავშირებელი ვარსკვლავი, ოქროს თაობის მთავარი სახე – პელე! 

დიდი ფეხბურთი პელესგან იწყება, ისევე როგორც ზევსისგან დაიწყო ღვთაებრივი სამყაროს რენესანსი. 

მარადონა და მეორე ტალღა

ოქროს თაობა წავიდა და ტრადიციული ციკლის მიხედვით, არგენტინელი მესიის დრო მოვიდა. ბრაზილიის ნაკრების უკანასკნელი ტრიუმფიდან, სულ რაღაც 8 წელში, ახალი არგენტინელი მესია, დიეგო მარადონა გამოჩნდა და ცრემლად დაიღვარა, რადგან საკუთარ კედლებში, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანეს. ბევრი იტირა, თქვა, რომ მენოტის ამას არასდროს აპატიებდა, მაგრამ იქვე ყოველთვის აყოლებდა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. 

ჯერ თქვეს, რომ დი სტეფანოზე მაგარი იყო, მერე პელესაც შეეხნენ და 86-ში ისეთი ამბები დაატრიალა, რომ გააღმერთეს. დიეგო ოფიციალური ღმერთია, მისი სამლოცველოები ჯერ კიდევ ფუნქციონირებს არგენტინაში და მგონი ამოთხრას და ლენინივით მავზოლეუმში დასვენებას უპირებენ. 

მარადონიანელების მთავარი არგუმენტი, პელეს წინააღმდეგ არის ის, რომ დიეგომ მუნდიალი მარტომ მოიგო, პელე კი ამას ვერასდროს გააკეთებდაო. ხანდახან გარინჩას ცილს სწამებენ, რომ რაღაც მსგავსი მანაც მოიმოქმედა 62 წლის მუნდიალზე, მაგრამ… თავს ნუ იტყუებთ, მეგობრებო, მარადონას 86 წლის პერფორმანსს ვერაფერი შეედრება. 

ბრაზილიელს არ შეუძლია მარტო მოგება, ბრაზილიური ფეხბურთი არ არის მესიანური, ეს არც პელეს შეეძლო და არც გარინჩას, ბრაზილიელები იგებენ ერთად, იგებენ მაშინ, როცა გუნდში ყველა ვარსკვლავია და ყველას ერთნაირად სიამოვნებს თამაში. ეს მენტალური განსხვავებაა, ბრაზილიელს არ შეუძლია იყოს ისეთი რევოლუციონერი, როგორიც არგენტინელია, მათი პატრიოტიზმიც კი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, კულტურაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბრაზილიელი ცეკვავს სამბას, სამბა კი, ტანგოსაგან განსხვავებით, კარგია მაშინ, როცა ცეკვავს ყველა. 

ძალიან გაჭირდება ვინმეს მარადონაზე მაღლა დაყენება, რადგან დიეგომ როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე ყველანაირი ზღვარი წაშალა. გამოსათხოვარ სიტყვაში ხორხე ვალდანომ ნიცშეანურ ზეადამიანს შეადარა, თქვა, რომ დიეგო სიკეთისა და ბოროტების მიღმა იყო. 

7 წელი ნეაპოლში, იყო ზღაპარი, ამ მოვლენას ალბათ ვერავინ გაიგებს იმ ხალხის გარდა, ვინც იმ ქალაქში ცხოვრობდა. დიეგო მარადონამ ჰანს კასტორპის მსგავსად შეაბიჯა ჯადოსნურ სამყაროში და ვერც იფიქრებდა, რომ 7 წელი მოუწევდა დარჩენა. აქედან იწყება დიონისური საწყისის გამოღვიძება, დროის უარყოფა და ზღაპრული სამყაროს დაბადება. 

შვიდმა წელმა წამში გაირბინა. 

როგორც წესი, ფეხბურთში შედეგის მისაღებად საქმის დალაგებაა საჭირო, გეგმაზომიერი მუშაობა და სისტემის ჩამოყალიბება, ნეაპოლი კი ჩაფლული იყო ნარკოტიკებსა და კორუფციაში, განგსტერული კლანები ყოველდღე ხოცავდნენ ერთმანეთს, წესიერი ხალხი სიღარიბეს ვერაფრით ერეოდა და მათი მთავარი სიხარული, ღმერთების საყვარელ თამაშში ჩრდილოელების დამარცხება იყო. 

ამ დროს მოვიდა მარადონა, ყველაფერი აურ-დაურია, ყველა წესი მოშალა, ყველა ზღვარი წაშალა და ჭაობში ჩაფლული ქალაქი გააჩემპიონა. 

ზღაპარია, სხვა სახელი ამას არ აქვს. 

დიონისური კულტის ზეობის ხანა!

სანამ მეორე არგენტინელი მესია „აცტეკაზე“ ცას შეეხებოდა, მანამდე მეორე დიდი აფეთქება უკვე ჩავლილი იყო. შედარებით მცირე მასშტაბის, რადგან ფინალამდე აფეთქდა, 82 წელს. იტალიელებმა, უკვე ზეციური პაოლო როსის თამადობით, ბრაზილიელებს კოლექტიური ინფარქტი დამართეს და სახლში გაუშვეს. 

ზიკო, ფალკაო, სოკრატესი… კარგი იყო, ძალიან უყვარდათ საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით იმ პატარა ქვეყანაში, სადაც ლამაზ ფეხბურთს პატივს სცემენ. ამ შოკის შედეგად, უნდა მიგვეღო მეორე „ოქროს თაობა“ და მივიღეთ კიდეც. მაგრამ მანამდე მეორე არგენტინელი მესია უნდა გაგვეცილებინა, მარადონას წერტილი 94 წელს დაუსვეს, გული მოუკლეს, ატირეს და სახლში გაისტუმრეს. 

ამავე წელს დაიწყო ბრაზილიური მეორე ტალღა და ტრადიციული ციკლიც შეიკრა. 

დაიწყო 94-ში და დასრულდა 2006-ში. ამ დროის განმავლობაში, ოთხი მუნდიალიდან სამის ფინალი ითამაშეს, ორი მოიგეს. შემადგენლობა, რა თქმა უნდა, იცვლებოდა, მაგრამ იყო ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ოთხივე მუნდიალი ითამაშა და სხვადასხვა თაობის ვარსკვლავები შეაკავშირა, ეს იყო მეორე ტალღის მთავარი სახე – რონალდო. 

ფეხბურთს ბევრი ტრაგედია ახსოვს, მაგრამ რონალდოს ტრავმები, საფეხბურთო ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდი ტრაგედიაა. სანდრო მაცოლამ ყველაზე უკეთ აღწერა ეს მოვლენა – „ტრავმების შემდეგ დაგვიბრუნდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ „ფენომენი“ აღარ დაბრუნებულა“-ო, – სანდრო ის კაცია, ვინც რონალდოს ეს მეტსახელი შეარქვა. ტრავმებამდე პელეს დონეზე ითამაშა, მერე კი… 

რომ დაგუგლავ, პირველი ნარცისი კენტავრი ამოგიხტება და არა „ფენომენო“, გული დაგეწვება ადამიანს. 

მესი და მესამე ტალღის მოლოდინი

2006 წელს დასრულდა მეორე სამხრეთამერიკული ციკლი და მესამეს ჯერი მოვიდა, ამავე წელს ღვარა ცრემლი მესამე არგენტინელმა მესიამ, ლიონელ მესიმ, საკუთარ დაბადების დღეზე, თამაშის ბოლომდე სკამზე დატოვეს, მისმა ნაკრებმა კი გერმანიასთან წააგო და ტურნირს დაემშვიდობა. 

მესი აქილევსია! განრისხებაც ისეთივე იცის, როგორიც აქილევსმა იცოდა, გაბუტვაც კი ისეთივე იცის და სიჯიუტეშიც მსგავსნი არიან. 

სანამ ბერძნებს ჰექტორი დააცხრება თავზე და ყველაფერს მილეწ-მოლეწავს, მანამდე აქილევსი კარავში ზის და ნებივრობს. ასეა მესიც, თუ გაჯიუტდა, კახელ ვირზე ნაკლები არ არის, მაგრამ ისიც საუკუნო დიდებისთვის იბრძვის, ამიტომ ყოველ ჯერზე გამოდის კარვიდან და ბრძოლის ველზე უპირატესობას ნათელი ეფინება.

„ილიადის“ გმირები საფეხბურთო მოედნებზე მრავლად არიან. ადრეც იყვნენ და მომავალშიც იქნებიან. 

მაგალითად, აიასი, უსათუოდ მარკო ვან ბასტენია! საუკეთესო ჰოლანდიურ კლუბსაც ამ გმირის სახელი ჰქვია და მარკოც აიასის მსგავსად ტანადი და ათლეტური იყო, არიგო საკის თუ ვენდობით, თავისი თაობის ყველაზე დიდი ლიდერი ბრძანდებოდა და როგორც მოგვეხსენება, მაგრადაც ირტყმევინებოდა.

პელე, რა თქმა უნდა, ზევსია. 

მარადონა – ჰადესია.

აპოლონი – ზინედინ ზიდანია, ხოლო პოსეიდონობა ალფრედო დი სტეფანოსთვის მიჩუქნია! არაფრით არ ჰგავს, მაგრამ… ჯანდაბას მაგისი თავი. 

ოდისევსი, ნამდვილად იოჰან კრუიფია! ხორხე ვალდანო სწორედ ოდისევსში ხედავდა მარადონას, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. როგორც ლიტერატურაში არ არსებობს ოდისევსზე იდეალური პერსონაჟი, ასევე საფეხბურთო სამყაროში არ არსებობს იოჰან კრუიფზე იდეალური პერსონა. იყო იდეალური ფეხბურთელი, მწვრთნელი, ფილოსოფოსი, მენეჯერი და ოდისევსური ცბიერებით მდიდარი.

კრიშტიანუს მრავალი სახე აქვს. ერთ-ერთი ალბათ დიომედესია, რადგან ადამიანურ შესაძლებლობებს გადააჭარბა, იმდენი ქნა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს გაუტოლდა, დიომედესიც ასეთი მეფე იყო, ბრძოლის დროს ეშხში ისე შევიდა, რომ ომის ღმერთს გაეკიდა და დაჭრა. 

ვერ იყო დალაგებული და არც რონალდუ ჩანს ნორმალური. 

მისი მეორე სახე კი ჰექტორისა უნდა იყოს.

მოცემულობა ასეთია, – აქილევსი კაცთა შორის ყველაზე სწრაფია, ზედმეტსახელად შვენის ფეხმარდი, იმდენად სწრაფია, რომ ღმერთსაც კი გაექცა, რომელიც მდინარეში ოხრად ჩაღვრილი სისხლის გამო გამოეკიდა. როდესაც გარბის ჰექტორი, აქილევსი მას ვერ ეწევა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და არსობრივი კითხვა, რომელიც ილიადაში ისმის, როგორ შეიძლება ყველაზე სწრაფი ნახევრად ღმერთი ვინმეს ვერ ეწეოდეს და თუ ვერ ეწევა, მაშინ რატომ?

“როგორც სიზმარში არ შეგიძლია გაქცეულს დაეწიო, გაქცეული რომ ვერ გაიქცევა და მდევარი რომ ვერ დაეწევა, სწორედ ასე ვერც ერთი ეწეოდა და ვერც მეორე გაურბოდა.”

ვერც ერთი ეწევა და ვერც მეორე გაურბის. არ ვიცი უფრო ზუსტად რომელი პოეტი აღწერდა იმ ამბავს, რაც აგერ, ჩვენს თვალწინ იწერება საფეხბურთო მოედანზე.

საქმე ცოდნაშია, აქილევსმა იცის, რომ ყველას აღემატება, ჰექტორზე ძლიერია, იცის რომ დაწევის შემთხვევაში აუცილებლად მოკლავს მას, და იცის, რომ ჰექტორის მკვლელობის შემთხვევაში თავადაც მოკვდება. ეს არის მისი წინასწარმეტყველება, უპირობო მოცემულობა, გამოდის, რომ რეალურად თავისივე სიკვდილს მისდევს, და მიუხედავად იმისა, რომ ფეხმარდი აქილევსი ყველაზე სწრაფია, ჰექტორს მაინც ვერ ეწევა.  

ვის გადმოუცია უფრო ხატოვნად სიკვდილის შიში? უკანასკნელი წერტილის შიში.

ჰგავს ეს ყველაფერი მესისას და რონალდუს დაპირისპირებას, ერთის დაცემის შემთხვევაში, მეორეც დაეცემა. თუმცა, ბოლოს წერტილი აუცილებლად დაისმება, როგორც სიკვდილია ჰომეროსის გმირებისთვის გარდაუვალი, ისევეა კარიერის დასასრული თანამედროვე გმირებისთვის, ბოლოს აუცილებლად იქნება წერტილი.

ამასობაში კი, მესამე ციკლია შესაკრავი, სულ ცოტაც და, მესამე არგენტინელი მესია, აქილევსად წოდებული, ხელს დაგვიქნევს და გაგვეცლება, მის წასვლას კი ბრაზილიელთა მესამე „ოქროს თაობა“ უნდა მოჰყვეს. დიდი აფეთქება უკვე გვქონდა, საკმაოდ მძლავრი, რაც უფრო შოკისმომგვრელია აფეთქება, მით უფრო ბრწყინვალეა მისგან წარმოქმნილი სამყარო. 

იფეთქა, ბრაზილიაში, 2014 წელს, გერმანელებმა საკუთარ კედლებში დააბეს და ძალა იხმარეს, იყო კივილი და კბილთა ღრჭენა, ისეთი საშინელება გამოდგა, თვალი ვერ მოაცილეს. ამიტომ, ველით მესამე „ოქროს თაობას“, ასე 7-8 წელიწადში, და მესამე ბრაზილიურ-არგენტინული ციკლიც შეიკვრება, ამ ციკლის გარეშე კი ფეხბურთი, ძალიან უსახური და ცარიელია.