საუთჰემპტონის კარში გიორგი ქინქლაძის გოლი გახსოვთ? დიახ, სწორედ ის. თითქმის, მთელი გუნდი რომ მოატყუა და მანჩესტერ სიტის ქომაგებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.
Daily Telegraph გიორგი ქინქლაძის გოლზე
აი რას წერდა Daily Telegraph ამ გოლზე 1996 წლის 20 მარტს.
Bryon Butler, Daily Telegraph. 20.03.1996
“ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, მსგავსად კვირის მანძილზე ინგლისის ლიგის ფეხბურთში გატანილი სხვა ასიოდე გოლისა, მაგრამ “მეინ როუდზე” გატანილი ის გოლი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.
გოლის ავტორმა, საეკლესიო გუნდის მგალობელი ბიჭის გამომეტყველების მქონე ეშმაკმა და მოხერხებულმა მოთამაშემ, ნიავივით ჩაუქროლა “საუთჰემპტონის” ხარივით მცველებს, ვიდრე გაოგნებულ მეკარეს ბურთს თავსზემოთ გამაღიზიანებლად გადაუგდებდა. ეს თავხედობამდე მისული გაბედულება გახლდათ”.
სინანული გიორგი ქინქლაძეზე
“სინანულს მხოლოდ ის იწვევს, რომ ეს გმირი გახლავთ გიორგი საქართველოდან და არა, ვთქვათ, რომელიმე ჯორჯი ჯორდილენდიდან. მისი გვარი, ცხადია, ქინქლაძეა.
დიდად სამწუხაროა, რომ არ არსებობს ნიჭის ზუსტად გაზომვის არანაირი საშუალება. არ არსებობს არანაირი თერმომეტრი, რომელიც ფეხბურთელის ენის ქვეშ მოთავსდებოდა და ციფრობრივად შეაფასებდა მის ტექნიკას, მოქნილობას, მრავალფეროვნებას, ბურთთან დამოკიდებულებას, თამაშის რიტმისა და ნახაზის ხედვას, იმპროვიზაციის უნარს და, ამ ყველაფრის ერთად შემკვრელს, მისი ხასიათის სიმტკიცეს.
თუმცა ასეთი რამ რომ არსებობდეს, ნიძლავს დავდებდი, რომ ქინქლაძე ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავთა სიის თავში მოექცეოდა – ერიკ კანტონა, ალან შირერი, რაიან გიგზი, რობი ფაულერი, დენის ბერხკამპი და თვით გულიტიც კი, 33 წლის ასაკში, მასზე დაბლა განლაგდებოდნენ. ახალგაზრდა გულიტი? ამაში დარწმუნებული არ ვარ.
თითოეულ მათგანს აქვს თვისებები, რომელიც ქინქლაძის თამაშს უფრო სრულყოფდა: შირერის მიზანდასახულობა, ფაულერის წინასწარ ხედვა, კანტონას ეშმაკობა ან გულიტის პიროვნული სიძლიერე. თუმცა, თუ მისხალ-მისხალ ავწონით, ქინქლაძეს აქვს ის ვირტუოზულობა, რომლის წყალობითაც იგი ყველა ამათგანზე უფრო შესამჩნევ კვალს ავლებს ყოველ მატჩში, რომელშიც მონაწილეობს.
გიორგი ქინქლაძე როგორც ჯორჯ ბესტი
ის მე მაგონებს კიდევ ერთ ჯორჯს – ბესტს, რომელიც ასევე მაღლა იდგა მის თანამედროვეებზე. ის ფეხბურთის თამაშის მარტივ კონტექსტში ღვთაებრივი გენიოსი იყო.
მე ბესტს ქინქლაძეზე მაღლა დავაყენებდი, მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ისინი შედარებას იმსახურებენ, პატივს მიაგებს “სიტის” ამჟამინდელ ვარსკვლავს. და მას, შესაძლოა, კიდევ შეუძლია ჩვენი გაოცება.
ქინქლაძე, ბესტის დარად, საფეხბურთო სტილისტია და მისგანაც უსასრულო სიურპრიზებს უნდა ელოდო კაცი. ის მაყურებლისთვის სიამოვნების მიმნიჭებელი და ამავე დროს მატჩის მომგებია. მის ნიჭიერებას არაფერი აქვს საერთო წვრთნასთან. რასაც ის მინდორზე აკეთებს, საფეხბურთო ასოციაციის ნებისმიერი პატივცემული გვამის წარმოსახვის ჩარჩოებს სცდება.
გიორგი ქინქლაძე – გუნდური მოთამაშე
ის ამავდროულად გუნდური მოთამაშეცაა, რომელიც სხვებსაც რთავს თამაშში, სთავაზობს მათ ვარიანტებს და უქმნის თავისუფალ სივრცეს, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის დრიბლიორობს და გოლები გააქვს, ეს ორი რამ კი თამაშის ყველაზე ამაღელვებელი ელემენტია.
შეუძლებელია რაიმე ანალიზი გაუკეთდეს მის 40-იარდიან გარბენს “საუთჰემპტონის” დაცვის რიგებში – მცველები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ჩრდილის დაჭერას ცდილობდნენ.
ქინქლაძის რეიდის ფინალიც დახვეწილი იყო: გამომწვევი შეყოვნება და ზუსტად გათვლილი დარტყმა დეივ ბიზანტის სხეულს ზემოთ. ეს მისი მეორე გოლი გახლდათ, პირველი კი, როცა ის საჭირო ადგილას დროულად აღმოჩნდა, უბრალოდ შეხებას ითხოვდა – არავითარი ზედმეტობა, არავითარი ყოყმანი.
ქინქლაძე ყოველ კვირას ვერ გაიტანს ისეთ გოლებს, როგორიც შაბათს შეაგდო, მაგრამ მისგან ამას ყოველთვის უნდა ველოდოთ და შემდეგ შაბათს “აპტონ პარკზე” ის “ვესტ ჰემს” გაუჩენს პრობლემებს. მან შესაძლოა აღმოსავლეთ ლონდონელებს იმ ძველი ამბის გამეორების შანსიც კი მისცეს, სტენლი მეტიუზზე რომ ჰყვებიან:
დაარტყი მაგას! – გაჰკიოდა მეტოქე გუნდის ქომაგი, როდესაც მეტიუზი ერთ მცველს გასცდა;
მოკალი, მაგის…! – როდესაც მეტიუზმა მეორეც მოატყუა;
და როდესაც დიდმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი მცველის გარშემო შემოხაზა წრე და გოლიც გაიტანა, ის ქომაგი ზურგსუკან მჯდომთ მიუბრუნდა: ხომ გეუბნებოდით, მართლა გენიოსია ეს ………..!”
როგორ იხსენებს მანჩესტერ სიტი ქინქლაძის გოლს
“მანჩესტერ სიტის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული, საკულტო გოლი”, ამგვარი შეფასებით იხსენებს ქალაქელთა ვებ-გვერდი ქინქის გოლს.
მანჩესტერ სიტის ოფიციალური გვერდი ქინქლაძეს ვრცელ ჩანახატს უძღვნის და წერს:
“ქინქლაძემ დუბლი მიითვალა, ალან ბოლის გუნდმა კი მეინ როუდზე 2:1 გაიმარჯვა. მან კი მეორე გოლის არტისტულობის გამო, საკუთარი სახელი მანჩესტერ სიტის ფოლკლორში სამუდამოდ ჩაწერა”.
ეტიჰადზე საქართველოს დროშებს გულშემატკივარი თვალს აქა-იქ დღემდე მოჰკრავს ხოლმე. მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებს კი ამ გოლს აჩვენებენ და აფასებინებენ ხოლმე. ასეთ დროს გაოცებული რაჰიმ სტერლინგიც უნდა გვახსოვდეს. ინგლისელი აღფრთოვანებული კითხულობდა ვიდეოს ნახვისას, თუ რომელი ქვეყნიდან იყო ამ გოლის შემოქმედი.
“25 წელი გავიდა ამ გოლიდან, თუმცა ქომაგებს მაინც ვახსოვარ. იქიდან მოყოლებული საშინაო მატჩებზე საქართველოს დროშები ფრიალებდა ტრიბუნაზე. ამაზე მეტ პატივისცემასა და დაფასებას ვერ ვისურვებდი”.
რას ამბობს თავად ქინქლაძე
ორიოდ წლის წინ ქინქლაძეს ამ გოლზე Fourfourtwo-მ ჰკითხა. აი რას ამბობს თავად ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი.
“ვერც კი ვაანალიზებ, რომ ეს გოლი 25 წლის წინ, ამხელა დროის შემდეგ იყო. ვფიქრობ დრიბლინგით 25 ფეხბურთელს გავცდი. ეს დაუვიწყარი იყო.
რამდენადაც ლამაზი იყო, გოლი იმდენად მნიშვნელოვანი გამოვიდა, რადგან მატჩი 6-ქულიანი იყო. ორივე გუნდი დარჩენისთვის ბრძოლაში ვიყავით ჩართული.
მახსოვს პრეზიდენტი ფრენსის ლი, რომელმაც ასეთი რამ მითხრა – დეკადებია რაც ინგლისურ ფეხბურთში ვარ და ასეთი ხანგრძლივი ოვაცია არასდროს მინახავსო”.
იმ მატჩის შემდეგ სიტი წმინდანებს 6 ქულით გაექცა, თუმცა სეზონის ბოლოს მაინც გავარდა. ეს ქალაქელებისთვის პრემიერ ლიგაში მიჯრით მეოთხე სეზონი იყო.
საბოლოოდ კი გუნდი სწორედ საუთჰემპტონთან ბრძოლაში გავარდა. ორივე გუნდმა 38-38 ქულა დააგროვა, თუმცა წმინდანებს უკეთესი ბალანსი -18 ჰქონდათ.