სარჩევი
დევიდ უები ხვიჩა კვარაცხელიაზე - მსოფლიოს ტოპ 5-ში | Setanta Sports

დევიდ უები ხვიჩა კვარაცხელიაზე – ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები ნახევარფინალის შემდეგ კვარას მიმართ რეზონანსი კვლავ დიდია. Sky Sports-ი ხვიჩას შესახებ ვილი სანიოლის ასისტენს, დევიდ უებსაც გაესაუბრა. ინგლისელმა საინტერესო დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.

აი რას წერს პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა უებისა და კვარას შესახებ.

მშრომელი სუპერვარსკვლავი

დევიდ უები ხვიჩა კვარაცხელიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სანიოლის თანაშემწე მწვრთნელის რანგში. მისთვის ხვიჩას წარმატება მოულოდნელი არ არის. „ხშირად ამბობენ, რომ სუპერვარსკვლავ მოთამაშეებს შრომის ეთიკა არ გააჩნიათ, მაგრამ კვარას შემთხვევაში ასე არ არის,“ — ამბობს ის Sky Sports-თან ინტერვიუში.

„ნაკრების შეკრებები ძალიან მოკლე, ინტენსიური და კონცენტრირებულია, ამიტომ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ფეხბურთელებთან დიდხანს ვიმუშაოთ. თუმცა, რაც არ უნდა მოკლე იყოს დრო, მისი დასრულების შემდეგ კვარა ყოველთვის რჩება და დამატებით მუშაობს. ამას არავინ სთხოვს, თვითონ იღებს ამ გადაწყვეტილებას.

იგი ასრულებს საჯარიმო დარტყმებს, ურტყამს კარში, ვარჯიშობს ერთი ერთზე შეტევაში – არაფერი გამორჩეული, უბრალოდ მუდმივად სრულყოფს საკუთარ ძირითად უნარებს. როცა უყურებ ელიტურ ფეხბურთელებს, ხედავ, რომ ეს მათ ყოველდღიურობას წარმოადგენს. კვარაცხელიაც ასე იქცევა – ამას აკეთებს პირველივე დღიდან.

ძალიან ძნელია მისი ვარჯიშიდან გამოყვანა, რადგან პროცესზე უაღრესად ორიენტირებული ადამიანია. სურს, ბევრი გოლი გაიტანოს, სურს, მაქსიმალურად ხშირად ჰქონდეს ბურთთან შეხება და მტკიცედ სჯერა, რომ დამატებით 1 ან 2 პროცენტით შრომა თამაშის დროს მის შედეგიანობას აამაღლებს.“

ლუის ენრიკეზე ეს შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა ის, რაც ხვიჩას თვისებებიდან პსჟ-ისთვის იდეალურია, მისი მრავალმხრივი თამაშის უნარია. არსენალთან მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში, კვარაცხელიამ ფლანგი შეიცვალა – მარცხნიდან მარჯვნივ გადავიდა. მცირე ხნის განმავლობაში დემბელემ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, ხვიჩამ კი წინ წაწეული შემტევის პოზიცია დაიკავა.

„მათი თამაში ძალიან მოქნილია, რადგან ფიქსირებული ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავთ, რის გამოც კვარაცხელიას შეუძლია თავისუფლად იმოძრაოს ხაზებს შორის, მიიღოს ბურთი სხვადასხვა ზონაში,“ – აღნიშნავს უები. „ის განსაკუთრებით სახიფათო ხდება, როცა მოძრაობისა და თვითგამოხატვის თავისუფლება ეძლევა – ეს კი მას მეტოქეებისთვის რთულად პროგნოზირებად მოთამაშედ აქცევს.“

უნიკალური გარემარბი თანამედროვე ფეხბურთში

დევიდ უები ხაზს უსვამს, რომ კვარაცხელიას “სხვადასხვა რამ მოაქვს თამაშში” – ეს მოსაზრება ხშირად გვხვდება იმ მოთამაშის ანალიზში, რომელმაც არატრადიციული გზა აირჩია მწვერვალამდე. როცა კილიან მბაპე ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, უკვე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ამ დროს კი კვარაცხელია, 21 წლის ასაკში, კვლავ საქართველოში თამაშობდა.

დინამო თბილისის შთამბეჭდავი აკადემიის აღზრდილი კვარაცხელია ბავშვობიდანვე განსაკუთრებულ ტალანტად ითვლებოდა, თუმცა მიიჩნევა, რომ მის თამაშში დღესაც კი რჩება არაერთი “დაუმუშავებელი ელემენტები”, რაც მას განსხვავებულს ხდის ელიტურ ფეხბურთში.

ეს არაორდინალური ელემენტები ლონდონშიც შეიმჩნეოდა. თამაშის დასრულებამდე თხუთმეტი წუთით ადრე, კვარაცხელიამ სცადა დავიდ რაიასთვის შორეული დარტყმით გატანა – რამაც გულშემატკივრებიც გააოცა. „ხშირად ამბობენ, რომ ის ძველი თაობის მოთამაშეს ჰგავს, არა?“ — ამბობს ვები.

უები იხსენებს ერთ დიალოგს გარეთ საუთგეიტთან ევრო 2024-ის პერიოდში: „მან ის მითხრა, რომ კვარა ძველი სტილის მოთამაშეს ჰგავს, ოღონდ უმაღლესი კლასით. ახლა ძველებური ვინგერები აღარ გვყავს. ბევრი ამბობდა, რომ ის რაღაცით კრის უოდლის ან ჯორჯ ბესტს ჰგავს.“

კვარაცხელიას ნამდვილად აქვს ეს ბრწყინვალება, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ იგი მხოლოდ იმპულსურ, წარმოსახვაზე დამყარებულ ფეხბურთზეა ორიენტირებული, ეს მხოლოდ ზედაპირული შთაბეჭდილებაა. უების თქმით, ის რაც ყველაზე მეტად აღაფრთოვანებს, არის მისი ხასიათი, თავმდაბლობა და მიზანდასახულობა.

„ყოველთვის ცდილობს გაარკვიოს, როგორ გააუმჯობესოს საკუთარი თამაში – კითხვებს სვამს და ეძებს გზებს, პროგრესისთვის. როცა მოწინააღმდეგე გუნდებზე ტაქტიკურ პრეზენტაციას ვატარებთ, ის ნამდვილად ინტერესდება, უჩნდება აზრები და აზიარებს კითხვებს. ვარჯიშზე კი ხშირად გვეკითხება, კონკრეტულ სათამაშო სიტუაციებზე.“

„ძალიან ცოტა ფეხბურთელია, რომელიც ასეთ დეტალებზე გვესაუბრება. ის ნამდვილად ჭკვიანი ბიჭია და სიღრმისეულად ფიქრობს, თუ ვის წინააღმდეგ მოუწევს თამაში – ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად ემზადება, ზუსტად იცის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი.“

სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ 24 წლისაა, კვარაცხელია კვლავ პროგრესირებს. მისი დონე ისედაც მაღალი იყო – 2 წლის წინ ის ნაპოლის დაეხმარა სერია A-ში სკუდეტოს მოგებაში, 33 წლიანი პაუზის შემდეგ. მაგრამ უები ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში მის თამაშში პროგრესს ხედავს.

„მისი მოძრაობის შაბლონები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ვფიქრობ, ის უკეთ ხვდება, როდის უნდა აჩქარდეს, როდის წავიდეს დრიბლინგზე, როდის ჩააწოდოს ან მისცეს პასი. ამ ყველაფრის მხრივ ძალიან გაზრდილია და რადგანაც ინტელექტით გამოირჩევა, ყველაფერს სწრაფად ითვისებს.“

„ანტონიო კონტესთან გატარებული პერიოდი მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მას ბევრი მუშაობა სჭირდებოდა ბურთის გარეშე. იგივე მახასიათებელი დღეს, ნაკრებშიც უფრო მეტად იკვეთება. ახლა მისი ინტენსივობა მკვეთრად გაზრდილია. ვფიქრობ, მისი თამაშის დონე ახალ საფეხურზე გადავა.“

დევიდ უები ხვიჩა კვარაცხელიაზე – მსოფლიოს ტოპ 5-ში

პსჟ-ში არაერთი მოთამაშეა, ვისაც გუნდის სიმბოლოდ აღიქვამენ – დაცვაში მარკინიოსი, ხოლო შეტევაში დემბელე, ბრედლი ბარკოლა და დეზირე დუე გუნდის „ფრანგულობის“ აღდგენის ხატად ითვლებიან.

მაგრამ საკუთარი გზით, როგორც გუნდის გარედან მოსული ახალი წევრი, შესაძლოა სწორედ კვარაცხელია იყოს ამ გარდაქმნის სახე. ჩაწეული გეტრებით, იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავის სტატუსით და შთამბეჭდავი სატრანსფერო ღირებულებით, მისი აღქმა ზედაპირულად შესაძლოა მხოლოდ მორიგ „ბრჭყვიალა შენაძენად“ მოგვეჩვენოს.

თუმცა რეალურად ის არის მოთამაშე, რომელიც იდეალურად გამოხატავს იმას, თუ როგორ აქცია ლუის ენრიკემ პსჟ გუნდად. გუნდად, რომელიც საოცარი სისწრაფის და ხარისხის ფონზე, შრომისუნარიანობაშიც გამორჩეულია. „ეს მიზანდასახულობა ნამდვილად დაეხმარება მას მომდევნო წლებში“, – სკვნის უები.

„ვფიქრობ, მას შეუძლია მსოფლიოს ტოპ ხუთ ფეხბურთელში მოხვდეს. ჩემი რწმენით, უახლოეს ორ ან სამ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იქნება.“
თუ ხვიჩა კვარაცხელია ამ ტემპს შეინარჩუნებს, შესაძლოა დიდხანს არც მოუწიოს ლოდინი.

დევიდ უები ხვიჩა კვარაცხელიაზე – მასალა მომზადებულია Sky Sports-ის სტატიის მიხედვით.

პსჟ vs არსენალი – პირდაპირი რეპორტაჟი

დღეისათვის სულ ეს იყო, პსჟ vs არსენალი კი უკვე 7 მაისს, პარკ დე პრენსიდან, setantasports.com-ზე, ჩვენს პლატფორმაზე უნდა ვნახოთ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.