სარჩევი

რაღაც მსგავსი უკვე ნანახი მაქვს. ოთარ გაბელია იჯდა ცოტა მოშორებით, წვიმაში ვიღაც ვიცანი, ვიღაც ვერა, საქართველოს ნაკრები ვერ ვიცანი. გაბელია კი ვიცანი.

მაგაზე გამახსენდა, ესპანეთი ჩამოვიდა და 7:2 მოგვიგო. კი ბატონო, ახალგაზრდული ნაკრები იყო, მაგრამ ახალგაზრდულიდან ეროვნულამდე სულ ერთი ნაბიჯია, ახლანდელი განწყობა კი ძალიან ჰგავდა მაშინდელს. მაშინაც ავიჩემეთ თუ შევუტევთ აუცილებლად მოვიგებთო, თან ისე კატეგორიულად აიჩემა ყველამ რომ გაბელიამაც ისმინა და ესპანეთთან ზედმეტად შემტევი შემადგენლობით გამოვიდა.

 მართლაც მაგარი ბიჭები იყვნენ, მაშინ ყველა ვარსკვლავი გვეგონა,  განსაკუთრებით ჭანტურიასი ეიმედებოდათ, მერე ვაკო და ოქრიაშვილიც შემოვიდნენ, მჭედლიძე იყო ჯანმრთელი და ეგ მოლოდინიც ხომ გახსოვთ?! ერთი შეაგდო იუვენტუსთან და უკვე ბატისტუტა გვეგონა. დაცვაში კი ის კაცი იდგა, რომელსაც გუშინაც ვუყურეთ და მეტად იმედგაცრუებულნი დავრჩით – სოლომონ კვირკველიას მაშინაც შვიდჯერ ჩაუარეს.    

ქუთაისში იყო ეგ მატჩი. წავიდა ხალხის ნაწილი. უმრავლესობა დარჩა. დარჩენილები ხალისობდნენ, ესპანეთის გოლებს აღნიშნავდნენ ხოლმე, შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი. არ ელოდნენ ასეთ ამბავს, ისედაც იშვიათად ჩადის ქუთაისში ნაკრები და შვიდი გოლით “გაახარეს”.

გაბელია გადადგა.

ეს იყო ორად ორი შემთხვევა, როცა ცხვირაწეულები შევხვდით ესპანეთს, სხვა დროს დიდი რიდით დავუხვდით, მართლა ვეომეთ და ამ ომში ერთი ამხანაგური მოვიგეთ კიდეც, ორჯერ კიდე წმინდა ქართული ამბავი იყო, სულ ცოტა დაგვაკლდა ქულამდე. ახლა ეს სიფრთხილე ვერ დავინახე, ვერც ის კონცენტრაცია, რომელიც ესპანეთის დონის გუნდთან არის საჭირო. უფრო ის განწყობა იყო, ფრანგებს მამლები რომ ეძახეს, ფრთხილად, ჯვაროსნები მოდიანო! მაშინ, ძოძუაშვილმა თქვა, კარგი იქნება თუ იწვიმებს, ლივერპულთანაც წვიმდა და არის შანსი ეგეთივე საღამო გამოვიდესო.

ფრანგებთან ლოგიკურად დასრულდა.

აქ ლოგიკაც დაიკარგა, რაღაც გაუგებრობა ვნახეთ. თითქოს ვილის ლეგოს სათამაშოები მიაბარეს, ფეხბურთის გუნდი უნდა აეწყო და მაშველთა კორპუსი ააწყო. ვინ სად დარბოდა, რატომ, რა მიზნით, კაციშვილმა ვერ გაიგო. რანაირად მოხდა არ ვიცი. ეგ მხოლოდ ვილიმ იცის, ოღონდ, პრესკონფერენციაზე მხოლოდ ბოდიში თქვა, ახლა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ივარგებსო.

მთელი დღე მესმოდა ესპანეთი დიდი არაფერი ნაკრები არ არისო, ოღონდ, ეს „დიდი არაფერი“ ნაკრები ჩვენს ნაკრებს კი არ შევადარეთ, რატომღაც წინა ფორმაციის ესპანეთის ნაკრებს შევადარეთ, თითქოს ამით ჩვენ მოგვემატა რამე.

ესპანეთია, ლომების ხროვაა, ჩვენ კი ჯერ ის მწევარი ვართ, რომელმაც ერთი-ორჯერ კარგად წაინადირა. ეგ არის და ეგ.

ჭკუა ხომ უნდა გეყოს? ჩვენ არ გვეყო. გაგვექცა.. ისევ ეს „რაც მაგრები ვართ“ დაგვემართა. მაგის უფლება კი მხოლოდ ქომაგს აქვს, ფეხბურთელს არა, მწვრთნელს არა, არავის არა, ვინც პროფესიულად არის ამ საქმეში ჩართული.

ვნახოთ ნორვეგიასთან რა იქნება. ნეტავ, მე მიწევდეს ჰოლანდთან თამაში. ცოცხალი ლატარეაა, საათზე მეტი უნდა გააჩერო და ვარსკვლავი ხარ. ერთ საათში შეგიძლია ვარსკვლავი გახდე. ასეთი ბილეთი იშვიათად თუ შეხვდება ვინმეს. მაგალითად, კალაძეს შეხვდა ვიერი და მოიგო. ოქროს კარიერა მოიგო. ახლა კი იმედია საზონოვს ვნახავ.

გაგვშიფრესო..

თავიდანვე გამოჩნდა, რომ ვილის ყველაფერი შეეშალა, ტაქტიკაც და შემადგენლობაც. თავადვე აღიარა მეორე ტაიმის დასაწყისში. ან, რა აღიარება მაგას უნდოდა, მძიმე დანაშაულის 60,000-მდე თვითმხილველი იყო სტადიონზე.

უკვე ნათვქამი აქვს – ჩვენი სამმცველიანი ტაქტიკა აღარ არის ეფექტური, ალღო აუღეს და მარტივად გვიმკლავდებიანო.

სანიოლს ერთი კარგი თვისება ჰქონდა, სანამ ოფიციალურ მატჩში გარისკავდა, მანამდე ამხანაგურ თამაშებში ტესტავდა ხოლმე. ახლა ტესტი არ ყოფილა, პირდაპირ ოთხ მცველზე გადავედით, პირდაპირ ესპანეთის ნაკრებთან.

ამას დავუმატოთ ის ამბავი, რომ კლასიკური საყრდენი ფაქტობრივად არ გვყავს, ერთადერთი ექვსი ნომერი მექვაბიშვილია, აბურჯანიაც და გაგნიძეც უფრო მეტად ბურთის დამჭერი, ტექნიკური ფეხბურთელები არიან, ახლა შეიძლება ვინმეს სასაცილოდ არ ეყოს, სად ჯანდაბაში ნახე ამათი დაჭერილი ბურთიო, მაგრამ, იდეაში ეგრეა.

თავად განსაჯეთ რა ხდება – განაპირა მცველებად ორი ვინგბექი გვყავს, საყრდენი არ გვყავს. ორი ცენტრალური მცველიდან ორივე ასაკშია, ერთი მეტად ასაკშია და ყოველი ფეხის დაცდენაზე ეტყვიან რომ უნდა წავიდეს, ეტყვიან, რომ მოხუცების ადგილი აქ არ არის! მეორე ნაკლებად ასაკშია, მაგრამ მისი ფორმის პიკი უკვე წარსულშია, და ის წარსულის პიკიც არ ყოფილა დიდად გადასარევი.

და ვინ უნდა გააჩეროს ესპანელთა შეტევები? მამარდამ!

რაც შეძლო გააჩერა.

ყოველგვარი ტესტის გარეშე გადაწყდა, რომ ესპანეთი შტურმით აგვეღო!

მომეჩვენა, რომ ფეხბურთელებიც უკმაყოფილონი იყვნენ ტაქტიკის ცვლილებით. წლების წინ აიჩემეს ეს სამი მცველი, გინდა თუ არა ასე უკეთესიაო, არადა, მაშინ, ვინგბექები საერთოდ არ გვყოლია, ახლა რამდენიმე გვყავს ვისაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია და ოთხ მცველიან ტაქტიკას დავუბრუნდით.

რაღაცას უკუღმა ვაკეთებთ ძმებო, პარლამენტი ხომ არა ხართ?!

მეორე ტაიმის ის ათი წუთი

არა, კინო იყო, ჰგავდა, კორე-ედას მაგრად ჰგავდა.

გასახდელში დაღვრემილები შევიდნენ, უკვე 0:4-ს აგებდნენ, ნათელი იყო, რომ ყველაფერი უკუღმა გავაკეთეთ, ნათელი იყო, რომ სარეკორდოდ წავაგებდით, სირცხვილი აგვედევნა ანტონ ჩიგურივით, რაც გინდა ქენი, ვერ მოიცილებ, გაგყვება კარიერის ბოლომდე, და ალბათ მერეც. გამოვიდნენ მეორე ტაიმში და ჯერ ცა ჩამოიქცა ისე გაწვიმდა, მერე კიდე ფანებმა ისე შესძახეს ჩვენების გამოჩენისას გეგონება ჩვენ მიგვყავდა 4:0. ასეთი რამ არასდროს უნახავთ, პირველად მოხდა, მიხვდნენ, რომ რაც არ უნდა მოხდეს ერთი მუჭა ხალხი ერთგულად დაუკრავს ტაშს, ერთგულად ეყვარება, ლოგიკის გარეშე, რაციონალიზმის გარეშე, ყველაფრის ცოდნის გარეშე, რაც არ უნდა მოხდეს ეტყვის რომ არა უშავს, ხვალ ახალი დღეა, ერთი ადგილი გაანძრიე, უკეთესი გახდი, უფრო მაგრად შეგიყვარებთ, უფრო მაგრად შევძახებთ, ამისთვის ვართ აქ, ერთად ვაგდებთ, ერთად ვიგებთ, მე ვარ საქართველო! თუნდაც არანაირი ლოგიკა არ იყოს ამ სიყვარულში და სიყვარულში ლოგიკას რა უნდა?! ვერტიკალურია, თანაც ბრუნვადი!

ჰოდა, მაგისი იყო ეგ ათი წუთი, კარგი ათი წუთი, მაგ შოკისა იყო. ბიჭო, არაფერი გამომდის და მაინც როგორ მღერი? რანაირად? მე მგონი ჩავწვდით ქომაგობის იმ ოქროს წესს – რაც უფრო მაგრად დაიჩაგრები, მით უფრო მაგრად დაგიჭერ მხარს!

სიყვარული თუ გაგვითავდა, (ტფუ ტფუ, დაგვიფაროს ღმერთმა) თვითირონიის გამო გიქომაგებთ, საკუთარ თავზეც გავიცინებთ, ინგლისელებივით, აბა ისე, მტერმა გიყურათ.

ვიღაცები წავიდნენ? მოსულა, ეგეც მოსულა. ეგ ხალხი 40-ზე მეტი წელია რაღაცას ელის, ბავშვობის დაბრუნება უნდათ, მაგათ ფეხბურთთან ერთად მარცხში გაფლანგული წლებიც ენანებათ.

უკიდურესობისკენ ვერაფერი და ვეღარაფერი გადაგვისვრის, ისედაც იმ გემში ვცხოვრობთ განრისხებულ სიწყნარეში რომ შეაცურეს და მთელი ცხოვრებაა კედლებს ვაწყდებით, ვეღარაფერი მოგგვრის სასოწარკვეთას, თითქოს დიდი ხნის წინ დავიხოცეთ და ახლა მხოლოდ აღდგომას ველით, აღდგომამდე კიდე ძალიან შორია, მაგრამ გზაზე კი ვდგავართ, ჩვენ რაღა მოგვკლავს, უკვე მკვდრები ვართ!

ამ თაობას კიდე შეუძლია. მე ეგრე მჯერა. თანაც, საფუძვლიანად, ისე კი არა, თავს რომ მიარტყამ რაღაცას და ყველაფრის გჯერა, არა, ამათ შეუძლიათ, ვილისთან ერთად თუ მის გარეშე, ესენი ყველაფერს შეძლებენ იმიტომ, რომ ხელი არცერთს გაუშვერია გვერდზე მყოფისკენ და არ უთქვამს – შენი ბრალიაო! ყველამ თავის თავს შეხედა და შერცხვა.

წინ ნორვეგიაა, ვიკინგები დაგვხვდებიან, სიმამაცე დაგვჭირდება, ეს უფრო დიდი გამოცდა იქნება, ვიდრე ესპანეთთან წყალბურთი იყო.

ეჭვი არ არის ხუთმცველიან ტაქტიკას დავუბრუნდებით, ეჭვი არ არის, ცვლილებები იქნება, და თუ სწორი ცვლილებები გაკეთდა ძალიან სწრაფი სახეცვლილებაც შეიძლება მივიღოთ, როგორც მინიმუმ, თავი რომ არ შევირცხვინოთ ისეთი.