ჩელსი vs რეალი – წყვილი, რომელშიც ერთი შეხედვით, ყველაფერი გარკვეულია. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე უფრო დიდი ჩამორჩენაც გაუბათილებიათ.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩს სტემფორდ ბრიჯზე, რეალი ორბურთიანი უპირატესობით დაიწყებს. სანტიაგო ბერნაბეუზე სამეფო კლუბმა ლონდონელებს ბენზემასა და ასენსიოს გოლებით მოუგო. ორივე საგოლე პასი ვინისიუსის იყო.
რა ვითარებაშია ჩელსი – ჩელსი vs რეალი
სანტიაგო ბერნაბეუზე ბენ ჩილუელმა წითელი ბარათი მიიღო. შესაბამისად, ინგლისელი საპასუხო მატჩს გამოტოვებს.
ტრავმების გამო ჩელსის ვერ დაეხმარებიან კულიბალი და ბროია. კვლავ არ ითამაშებენ ობამეიანგი, ბადიაშილი და მადუეკე.
ლონდონელებს 2023 წელს 20 მატჩიდან მხოლოდ 4 აქვთ მოგებული. აქედან, 1 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 კი – პრემიერ ლიგაში.
გრემ პოტერის გათავისუფლების შემდეგ გუნდი დროებით ფრენკ ლამპარდმა ჩაიბარა. ფეხბურთელის რანგში, კლუბის ლეგენდის შედეგი ასეთია: 3 მატჩი, 3 მარცხი, 1:5-ზე ბალანსი.
ბოლო ტურში ჩელსიმ ბრაიტონთან შინ 1:2 წააგო. მარცხის შემდეგ გასახდელში კლუბის პრეზიდენტი ტოდ ბოელი ჩავიდა. ამ ფაქტს ლამპარდისთვის დისკომფორტი არ შეუქმნია. მეტიც, მწვრთნელმა მფლობელს შემართების გამო ქმედება მოუწონა.
რა ვითარებაა რეალის მხარეს – ჩელსი vs რეალი
რეალს მხოლოდ ფერლან მენდი აკლია. თუმცა ფრანგის გარეშე თამაშს სამეფო კლუბი შეეჩვია. მენდი 26 იანვრის შემდეგ ტრავმირებულია.
ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდულმა გუნდმა კადისს სტუმრად 2:0 მოუგო. გოლები ნაჩომ და ასენსიომ გაიტანეს. ცხრილში, ბლანკოსი მეორეა და ლიდერ ბარსელონას 11 ქულით ჩამორჩება.
საპასუხო მატჩის წინ, მადრიდულ გუნდში კარგი განწყობაა. უპირატესობის მიუხედავად თეთრი ბალეტის წევრები თვლიან, რომ საქმე მომთავრებული არ არის და ლონდონში ბრძოლას ელიან.
საინტერესო სტატიას აქვეყნებს Marca. ავტორიტეტული ესპანური მედიის აზრით, ანჩელოტის გუნდის წარმატების ფორმულა ბანალურია და ის მოდრიჩი-კროოსის წყვილში მდგომარეობს.
ფრანკ ლამპარდი – კარლო ანჩელოტი, ჩელსი vs რეალი
ფრანკ ლამპარდი მისი ყოფილი მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგ. ანჩელოტი ჩელსის 2009-2011 წლებში წვრთნიდა.
მწვრთნელთა რანგში ინგლისელსა და იტალიელს ერთმანეთთან 3 მატჩი აქვთ ჩატარებული.
- ჩელსი 4:0 ევერტონი
- ევერტონი 1:0 ჩელსი
- რეალი 2:0 ჩელსი
ლამპარდი სეზონის ბოლომდე დროებით მწვრთნელად ახლახანს დაინიშნა. 1/4-ფინალურ მატჩამდე ანჩელოტიმ ყოფილი ფეხბურთელი შეაქო და თქვა, რომ ჩელსის მდგომარეობით შეწუხებულია, თუმცა ლამპარდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.
თავის მხრივ, მოწინააღმდეგეზე დადებითად ისაუბრა ჩელსის დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა. ლამპარდმა მადრიდის რეალის სტაბილურობას განგრძობითობას გასაოცარი უწოდა.
ქამბექისა და რევანშის შანსი
თუკი ჩელსი მომდევნო ეტაპზე გავა ეს ქამბექიც იქნება და რევანშიც. ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონში ჩელსი სწორედ მადრიდულმა გუნდმა გამოთიშა, თანაც ქამბექის ქამბექით და თან 1/4-ფინალში.
თომას ტუხელის ჩელსი მოქმედი ჩემპიონის რანგში რეალთან პირველ მატჩში 1:3 დამარცხდა. საპასუხოს კი ბერნაბეუზე 3:0-ს იგებდა. მე-80 წუთამდე რეალს არაფერი გამოსდიოდა, თუმცა მერე ვინისიუსისა და ბენზემას გოლებით მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ჩელსის წყვილის ბედის შემოტრიალების გამოცდილება არ აკლია. ორბურთიანი უპირატესობის მერე, რეალმა ბოლო 4 შემთხვევიდან, მომდევნო ეტაპზე გასვლა ყოველ ჯერზე შეძლო.
რაც შეეხება ჩელსის ქამბექების გამოცდილებას:
- 2012: ნაპოლი – ჩემპიონთა ლიგა
- 2005: ბარსელონა – ჩემპიონთა ლიგა
- 1998: ვიჩენცა – თასების მფლობელთა თასი
- 1995: ბრიუგე – თასების მფლობელთა თასი
- 1971: ბრიუგე – თასების მფლობელთა თასი
სად ვუყურო ჩელსი vs რეალს
ჩელსი vs რეალის მატჩის ხილვა მაყურებელს Setanta Sports 3-სა და setantasports.com-ზე შეეძლება.
პირდაპირი რეპორტაჟი, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. ქართულენოვან რეპორტაჟზე კომენტატორები გიორგი ფოფხაძე და ზუკა კობალავა იქნებიან.