70-იანების დიდი სკანდალი და სტენ ლიბუდა

ფეხბურთში ახალი სკანდალი აგორდა. რა თქმა უნდა, იტალიელები საქმეში არიან. მოქმედ ფეხბურთელებს აკრძალული აქვთ ფსონების დადება, მაგრამ მაინც მოახერხეს სხვადასხვა ანგარიშების მეშვეობით.

აგერ, სანდრო ტონალი აგენტმა დაიცვა, ბრალს აღიარებს, გამოძიებასთან ითანამშრომლებს, ფსონებს მართლაც დებდა იმიტომ, რომ ლუდომანიაო. თავს ვერაფერს უხერხებს, ესე იგი, სარგებლისთვის კი არ თამაშობს, უბრალოდ სხვაგვარად არ შეუძლია, სამკურნალოა და როგორც შეუძლია ისე ებრძვის ამ პრობლემასო. კაზინო აჭარაში ღამენათევი არ შეუმჩნევიათ, მაგრამ მისი გვარი ამოვარდა და ეს პრობლემაა.

ამას დაკითხვა უნდა მოჰყვეს, მერე ფსიქოლოგების რეკომენდაცია და დასკვნაც ამის შემდეგ დაიდება, მაგრამ ფაქტია, კანონი დაირღვა. ტონალისა და სხვა იტალიელ ფეხბურთელებს კი სასჯელი ელით.

მე კიდე სულ სხვა სკანდალი და სულ სხვა ეროვნების კაცი გამახსენდა, მაშინ ამ სკანდალს დიდი ამბავი და რეგულაციები მოჰყვა. ეს პირველი დიდი აფეთქება იყო და შეეწირა კიდეც ბევრი კარგი ფეხბურთელის კარიერა. ოღონდ, მათ შორის ყველაზე გამორჩეული უკვე ვეტერანი იყო, მაინც მალე წავიდოდა ფეხბურთიდან, უბრალოდ, პრესტიჟი შეილახა, გერმანიაში კიდე გაცილებით რთულად პატიობენ ამ ამბავს, ვიდრე იტალიაში.

დიდი გერმანული სკანდალი

კინოსცენარივით დალაგდა – 1970-71 წლების სეზონში ჩემპიონი მიუნხენგლადბახი გახდა, ბაიერნს აჯობეს ორი ქულით. დიდი ბრძოლა იყო ქვედა ზოლშიც, ოთხი კლუბი იბრძოდა ბუნდესლიგაში დასარჩენად, საბოლოოდ არმინია და ობერჰაუზენი დარჩნენ, ოფენბახის კიკერსი და ესენი კი გავარდნენ.

ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ოფენბახის პრეზიდენტმა ჰორსტ-გრეგორიო კანელასმა 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად დიდი წვეულება გამართა, დაპატიჟა კლუბების პრეზიდენტები, მენეჯერები, პოლიტიკოსები და გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ჰელმუტ შიონი. წვეულება დიდ ბაღში გამართა, კანელასმა ყურადღება ითხოვა, არ ვიცი რის მოსმენას ელოდნენ მისგან, ალბათ სამადლობელს ელოდნენ, კანელასმა კი სტუმრებს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მოასმენინა.

საუბარი კანელასსა და ბერლინის ჰერტას მცველ პაცკეს შორის შედგა, ეს ხდებოდა ბოლო ტურის წინ, როცა მესამეადგილოსანი ჰერტა არმინიას უნდა შეხვედროდა, კანელასი პაცკეს მოგების სანაცვლოდ სთავაზობდა თანხას, რადგან იცოდა, რომ ფულს ბილიფელდიც გადაიხდიდა. ასე დაემსგავსა ეს ყველაფერი აუქციონს, ჰერტას ფეხბურთელებს კანელასი მოგების სანაცვლოდ უხდიდა, ბილიფელდის ხელმძღვანელები კი წაგების. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ბილიფელდს უფრო მეტად უღირდა ჩემპიონატში დარჩენა.

ჰერტას ფეხბურთელები გაიყიდნენ. თითოეულმა 15’000 მარკა მიიღო ბილიფელდისგან. მაშინ დიდი ფული იყო. მთელი სეზონის მანძილზე ჰერტამ პირველად წააგო საკუთარ კედლებში.

„აი, ამიტომაც გავვარდით“ – თქვა ბოლოს კანელასმა.

დაკითხეს ბერნდ პაცკე და ტასო ვაილდი. ვაილდმა თქვა რომ კლუბში კენჭისყრა შედგა, ცხრა ქრთამის აღების მომხრე იყო, შვიდი წინააღმდეგი.

გერმანელები ამ საქმეს შუა გზაში ხომ არ მიატოვებდნენ, ერთი პატარა ქვეყნისა არ იყოს.. მიჰყვნენ ბოლომდე და აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერში ნახევარი ბუნდესლიგა და 60-მდე ადამიანი იყო გარეული. მაშინდელი ბუნდესლიგა, ამ თვალსაზრისით საბჭოთა პირველობისგან დიდად არ განსხვავდებოდა.

ბილიფელდმა შალკეს ფეხბურთელებიც მოისყიდა, მათ შორის, შალკეს ლეგენდა – რეინხარდ “სტენ” ლიბუდა.

ფანებმა კლუბებს ზურგი აქციეს. 1971 წლიდან, 1974 წლამდე იმ კლუბებს, რომლებიც გარიგებაში ამხილეს მხარდაჭერა ფაქტობრივად აღარ ჰქონდათ. ქომაგი სტადიონებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც გერმანიის ნაკრებმა 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. აბა, როგორ გინდა 2006 წელი და კალჩოპოლის სკანდალი არ გაიხსენო?! აგორდა თუ არა ეს სკანდალი იტალია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. თანაც, გერმანიაში. ისევე როგორც 1974 წლის მასპინძელი.

საბოლოო ჯამში, ორმოცდაათი ფეხბურთელი დასაჯეს. ნაწილს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, ნაწილს კი 74 წლამდე მოუწია უქმობა.

რეინხარდ ლიბუდა ქრთამის აღებამდე შემჩნეული იყო აზარტულ თამაშებში. ტონალის არ იყოს, ისიც ლუდომანი იყო, ერთი ეგ არის, რომ მაშინ არც ეს ტერმინი არსებობდა და არც დამოკიდებულებით აშლილობად ითვლებოდა.

ამ უშნო ჩვევის გამო ერთი წლით გაანათხოვრეს კიდეც სტრასბურგში. პირადი ცხოვრებაც აერია, ლუდომანიის გარდა, ალკოჰოლდამოკიდებულიც იყო. სტენი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას 1996 წელს 5000 მდე ადამიანი დაესწრო.

გუცაევის კუმირი

„სტენ“ ლიბუდა, 60-იანელების ერთ-ერთი გამორჩეული გარემარბი იყო და ვოვა გუცაევსაც ამის გამო უყვარდა განსაკუთრებით, რაღაც მანევრები ისესხა კიდეც მისგან. ბავშვობაში ვინც მოგწონს, მერე იმას ბაძავ ხოლმე.

გერმანელი გარემარბები ნაკრების ლიდერები არასდროს ყოფილან, მთავარი ხალხი ყოველთვის ცენტრში ჰყავდათ – ბეკენბაური, ბრაიტნერი, მიულერი, რუმინიგე, ნეტცერი, შუსტერი და ა.შ, ყველას რა ჩამოთვლის..

გერმანელი გარემარბი უფრო დამხმარის როლში იყო ხოლმე და ორი კარგი გარემარბი მახსენდება, იქნებ ვინმე ძალიან გამორჩეული მავიწყდება კიდეც, მაგრამ მარცხენა ფლანგზე პიერ ლიტბარსკი არ დამვიწყებია, მარჯვნივ კიდე ლიბუდა.

ვოვას უყვარდა მისი თამაში და კარიერის მთავარი გოლი ორივეს თასების თასის ფინალში აქვს გატანილი, ვოვას 81-ში, კარლ ცაისთან, ლიბუდამ კი 66-ში შეაგდო ლივერპულთან ფინალში, შესაძლოა, ამ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გოლიც კი იყოს. უცნაურია, მაგრამ ეს საუკეთესო გოლი, დღეს ავტოგოლად ჩაითვლებოდა.

ფინალი ჰემპდენ პარკზე შედგა, ფანების უმრავლესობა დორტმუნდს უჭერდა მხარს, რადგან ლივერპულმა ნახევარფინალში სელტიკს მოუგო, შოტლანდიელებს ოცნება წაართვეს

მოდი ასე ვთქვათ, უმცირესობის უმრავლესობა დორტმუნდს უჭერდა მხარს – სტადიონზე მაშინ 130’000 ადამიანი ეტეოდა, ფინალს კი 42’000 დაესწრო. გაბრაზდნენ შოტლანდიელები. აგერ, უკვე თითქმის სამოცი წელია ამბობენ მოსაწყენი ფინალი იყოო. თაობიდან თაობას გადასცემენ, ეგეთი მოსაწყენი არაფერი გვინახავსო.

არადა, ლიბუდას გოლი ლამაზია.

მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც არ წაიყვანეს. ოთხი წლით გადაიდო მისი დებიუტი უდიდეს სანაკრებო ტურნირზე.

რურის დერბი ლიბუდასთვის

მისი სახელი შალკესა და დორტმუნდს უკავშირდება. ორივე კლუბში ითამაშა, მთავარი ტიტული დორტმუნდში მოიგო, მაგრამ მაინც შალკეს კაცია. კარიერა შალკეში დაიწყო, შუალედში სამი წელი გაატარა დორტმუნში, სადაც მოიგო კიდეც თასების მფლობელთა თასი, მერე კი ისევ შალკეში დაბრუნდა.

მაშინ, კათოლიკური ეკლესია მოძლიერდა ამ რეგიონში და ასეთი სლოგანიც ჰქონდათ – “ღმერთს ვერავინ გაექცევა“ – შალკეს ფანებმა ეს სიტყვები შემდეგნაირად გადააკეთეს – “ღმერთს ვერავინ გაექცევა – ლიბუდას გარდა“.

თუმცა, როგორც ამბობენ, არსებობს ორი რამ რასაც ვერ დაემალები – სიკვდილი და გადასახადები.

ლიბუდა შალკეში დარჩებოდა, მაგრამ გუნდი გავარდა და კლუბის შეცვლა გადაწყვიტა, იქვე გადავიდა, დორტმუნში, მერე კი აღმოჩნდა, რომ შალკე არ გავარდნილა, რადგან, ბუნდესლიგაში გადაწყვიტეს კლუბების რაოდენობა 16-დან 18 მდე გაეზარდათ. მაინცდამაინც იმ დროს როცა ლიბუდას ტრანსფერი უკვე შედგარი იყო.

„სტენი“ სტენლი მეტიუზის გავლენით შეარქვეს. შეარქვეს და შეაქეს. ამბობენ რომ მეტიუზის მსგავსად მოძრაობდა, მის მსგავსად აკარგვინებდა მცველებს წონასწორობას. ვიღაცას უცნაურად მოეჩვენება გერმანელ კაცს ინგლისელი კაცის სახელი რა ჯანდაბად უნდოდა, აგერ, გუშინ ომი იყო და სისხლია ჩვენ შორისო, მაგრამ, ფეხბურთმა ბევრჯერ გვაჩვენა, რომ ბევრ რამეზე მაღლა დამდგარა, გერმანელები პატივს სცემენ ინგლისელ ფეხბურთელებს და პირიქით, როცა ფეხბურთი გიყვარს, ეროვნებას ვერ გამოეკიდები.

ვერც ომის, და ვერც 1966 წლის ფინალის მერე.

მუნდიალზე

ლიბუდამ ჰელმუტ შიონი იძულებული გახადა 1970 წელს მაინც წაეყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე, შესარჩევ ეტაპზე გადამწყვეტი მატჩი შედგა გერმანიასა და შოტლანდიას შორის. მძიმე და სანახაობრივი მატჩი გამოდგა. გერმანიამ 3:2 დაამარცხა შოტლანდია და ასე წავიდა მექსიკაში, გადამწყვეტი გოლი ლიბუდამ შეაგდო.

თავად მიაჩნდა რომ სწორედ ეს იყო მის კარიერაში უმთავრესი გოლი. მომდევნო დღეს კიკერსმა ასეთი სათაური გამოაქვეყნა – “გოლი მექსიკისკენ”.

წავიდა მუნდიალზე. 1970 წლის გერმანია კი ჩემი აზრით 1974 წლის გერმანიაზე უკეთესი გუნდი იყო. ნახევარფინალში “საუკუნის მატჩად” წოდებულ შეხვედრაში იტალიასთან დამარცხდნენ. ვინ იმსახურებდა გასვლას ყველამ თავად განსაჯოს, მე კი ერთ რამეს ვიტყვი, გერმანია ფინალში 1:4-ს ნამდვილად არ წააგებდა.

ლიბუდას საუკეთესო მატჩი ბულგარეთთან შედგა ჯგუფურ ეტაპზე, გერმანიამ 5:2 მოიგო, ერთი გოლი შეაგდო, ორი საგოლე პასი მიითვალა და ერთი პენალტი გამოიმუშავა. მატჩის შემდეგ ფრანც ბეკენბაუერმა მისი თამაში გამოარჩია და დიდი მადლობაც გადაუხადა.

მუნდიალიდან ერთ წელში კი ერთმა მოხერხებულმა კაცმა სატელეფონო საუბრის ჩაწერა გადაწყვიტა.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე