ჩემპიონთა ლიგა 1/16-ფინალური ეტაპით ბრუნდება. 11 თებერვალს, 21:45 საათზე პარი სენ-ჟერმენი ბრესტს დაუპირისპირდება. ბრესტი VS პსჟ – უყურე მატჩს setantasports.com-ზე.
ბრესტი VS პსჟ – დაბრუნება დიდ სცენაზე
თითქმის 1 წლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება იმ ადგილზე, რომელიც მისთვის შესაფერისია. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს მისი არყოფნისგან გამოწვეული დანაკლისი აღარ შეაწუხებს. ჩემპიონთალიგურ სამყაროს ბოლოს კვარა გასული წლის 12-მარტს ესტუმრა, როდესაც ბარსელონამ ნაპოლი გამოთიშა ასპარეზობას. რაკი მიმდინარე სეზონში ნაპოლი ვერ წარმოადგენდა იტალიას ევროსარბიელზე, შემდეგ კი პარი სენ-ჟერმენს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლიგის ფაზის განაცხადში შეეყვანა, შედეგად მივიღეთ ის, რომ ქართველი შემტევი 1/16 ფინალის პირველ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ახლა კი ყველაფერი რიგზეა. ხვიჩა კვარაცხელიას ბრესტის წინააღმდეგ თამაში შეუძლია და, სავარაუდოდ, ძირითადი შემადგენლობიდანაც დაიწყებს თამაშს. ქართველმა შემტევმა უკვე გახსნა პირადი ანგარიში, როდესაც გასულ ვიქენდზე პარიზელთა მაისურით მონაკოს კარი დალაშქრა. შესაბამისად, მომავალ მატჩს საკმაოდ კარგ ხასიათზე ხვდება.
ბრესტი VS პსჟ – ადაპტაციის პერიოდი
კვარაცხელიას პარიზული სტარტი ისეთი ეფექტური და ხმაურიანი არ გამოდგა, როგორც ეს ნაპოლიში იყო. როგორც ჩანს, გუნდთან მიმართების მხრივ, საკუთარი იდენტობის ძიების პროცესშია, მაგრამ მონაკოსთან გოლი წინაპირობაა თანაგუნდელებთან შეთამაშებისა და უფრო მეტად გახსნისა.
ადაპტაციის განმავლობაში პარიზულ გუნდში ფიქრობენ, რომ ხვიჩა დროის გასვლასთან ერთად თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენს. ლუის ენრიკე პირდაპირ აღნიშნავს, რომ კვარა პარი სენ-ჟერმენის გრძელვადიანი პროექტის განუყოფელი ნაწილია.
კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის ხვიჩას როლი პარიზულ გუნდში. ნაპოლიში თუ პრაქტიკულად სულ მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა, ლუის ენრიკე მას სხვადასხვა პოზიციაზე ხედავს, მაგალითად, მარჯვნივ და ცენტრშიც კი, ფორვარდის პოზიციაზე. მონაკოსთან გოლიც ხომ ფორვარდის სტილში გაიტანა. ცენტრში გაჩენილი სივრცე აითვისა, პასი მიიღო და მერე უკვე ყველაფერი ტექნიკისა და გამჭრიახობის საქმე იყო, რაც კვარას არ აკლია.
ზოგადად, ლუის ენრიკეს უყვარს ე.წ. ცრუ ცხრიანით თამაში, პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში ახლა ერთადერთი ფორვარდია, გონსალო რამოშის სახით, რომელსაც ის ხშირად არ იყენებს. ესპანელ სპეციალისტს უფრო მეტად მოსწონს, როცა შემტევები ადგილს უცვლიან ერთმანეთს. უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა, ხვიჩა, კან-ინ ლი და დეზირ დუეც, ხშირად თამაშის მიმდინარეობისას შეტევის სამივე პოზიციაზე გამოდიან. ეს ყველაფერი ძიების ნაწილიცაა, რომელსაც თავისი სირთულეები ახლავს, მაგრამ მრავალმხრივობამ შესაძლოა, როგორც გუნდს, ისე კვარაცხელიას, მხოლოდ დადებითი მოუტანოს.
ბრესტი VS პსჟ – პრეისტორია
პსჟ ბრესტის წინააღმდეგ აშკარა ფავორიტის სტატუსით გავა მოედანზე. ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნაწილში მძიმე პერიოდი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მოახერხა პლეიოფში გასვლა, თან, 1/16-ფინალში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქე შეხვდა.
ბრესტს პარიზელები კარგად იცნობენ. გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია, ამბიციების გარეშე, რომლისთვისაც ამ ეტაპზე ყოფნაც უკვე სერიოზული წარმატებაა. აღსანიშნავია, რომ 10 დღის წინ პარი სენ-ჟერმენმა ბრესტი ლიგა 1-ში მარტივად დაამარცხა (5-2). თუ ამ ბარიერის გავლა პარიზული გუნდისთვის პრობლემა არ იქნება, შემდეგ ეტაპზე ბევრად რთული გამოცდა იქნება – ბარსელონას ან ლივერპულის სახით.
ბრესტი VS პსჟ – დანაკლისი და სავარაუდო შემადგენლობა
ბრეტანის რეგიონის წარმომადგენლებს მოახლოებული დაპირისპირებისთვის ჯორდან ამავი, რომან დელ კასტილიო, იონას მარტინი და ბრედლი ლოკო გამოაკლდებათ. ასევე სათუოა კარამოკო დემბელეს თამაშიც.
რაც შეეხებათ პარიზელებს, მათი დანაკლისი მხოლოდ უორენ ზაირე-ემერი და იბრაჰიმ მბაიე იქნება.
სავარაუდო შემადგენლობა:
ბრესტი (4-3-3): ბიზოტი, ლალა, შარდონე, კულიბალი, ჰაიდარა, კამარა, ლეს-მელუ, მანიეტი, ფავრი, აჟორკი, ბალდე.
პსჟ (4-3-3): დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, რუისი, ვიტინია, ლი, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.
ბრესტი VS პსჟ – პირდაპირი რეპორტაჟი
რუდურუზე გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე შეძლებთ. მატჩის კომენტატორები ნიკოლოზ ტაბატაძე და გიორგი ციხისთავი იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.