სარჩევი

ბარსელონა – ნაპოლი თავიდანვე ყველაზე საინტერესო წყვილი იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებში. ინტერი ატლეტიკოს გარდა ყველა დარჩენილ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, და როგორც ჩავლილმა მერვედფინალებმა გვანახა ეს ფავორიტები მარტივად გადიან შემდეგ ეტაპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მეოთხედფინალში რამდენიმე კლასიკურ დაპირისპირებას ვიხილავთ, მათ შორის ისეთ მატჩებს, რომლებსაც ძალიან ხშირად გაიხსენებენ.

დიდი ამბავია ასეთ მეოთხედფინალში მოხვედრა. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ბარსელონასთან იბრძოლებს და ბოლო დროს გამართულ შეხვედრებს თუ გადავხედავთ, მშვენიერი შანსი ექნება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის უპირატესობა არაფრად აღარ ითვლება, ასე რომ, ნაპოლის ტაქტიკის ასარჩევად მეტი თავისუფლება ექნება.

როგორ ჩაიარა კვირამ – ბარსელონა

ნეაპოლში გამართული მატჩის შემდეგ ბარსამ სამი შეხვედრა ჩაატარა ლა ლიგაში. ხეტაფესთან 4:0 მოიგო – მიმდინარე სეზონში ძალიან იშვიათად ხდება, რომ ბარსამ ასე დამაჯერებლად, დიდი ანგარიშით შეძლოს გამარჯვება.

  • ბილბაოსთან 0:0
  • მალიორკასთან 1:0

მიმდინარე სეზონში ბარსელონა თუ იგებს, იგებს წვალებით, იგებს მინიმალური სხვაობით, ხშირად ამ გამარჯვებას აღწევს მატჩის მიწურულს. ჩავის წინა სეზონი გაცილებით კარგი გამოუვიდა. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით მარტივი ჯგუფი შეხვდა, აღარც ბაიერნი ჰყოლია და აღარც ინტერი.

ბარსამ დაცვაში თამაში გამოასწორა. როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. რაღაც მხრივ, ტერ შტეგენის დაბრუნებამაც იქონია ამაზე გავლენა. ნეაპოლში კვარაცხელიას წინააღმდეგ კუნდემ კარგად ითამაშა და კვლავ ის იქნება მარჯვენა ფლანგზე.

არაუხოს უფრო მეტად ოსიმენის განეიტრალება დაევალება, მისი მეწყვილე კი საკითხავია, ერთი მხრივ ჩავი კუბარსის ენდობა, რომელიც ჯერ კიდევ 17 წლის არის და ასეთი თამაშისთვის საერთოდ არ აქვს გამოცდილება, მეორე მხრივ მარტინესი ჰყავს, რომელიც ოსიმენმა წინა შეხვედრაში უბრალოდ არ შეიმჩნია და ანგარიში გაათანაბრა.

რაც შეეხება კრისტენსენს, საყრდენი ნახევარმცველის პრობლემა ჩავი ერნანდესმა მისი დახმარებით გადაჭრა. არიელ რომეუ რომ ბუსკეტსს ვერ შეცვლიდა თავიდანვე ნათელი იყო, ჩავი რაიკაარდის მეთოდს მიუბრუნდა და საყრდენ ზონაში ცენტრალურ მცველი ასწია. კრისტენსენმა დაცვითი მხარე გამოასწორა, თუმცა, ბურთის ამოტანის მხრივ პრობლემები აქვს. ფრენკი დე იონგი იწევდა სიღრმეში და ის ტვირთულობდა ამ საქმეს, მაგრამ ახლა ესეც აღარ გამოვა.

არც ის არის გამორიცხული ოსიმენის შიშით კრისტენსენი დაცვის ცენტრში დაბრუნდეს, საყრდენ ზონაში კი რომეუმ ითამაშოს, რომელსაც ჩავიმ ბოლო ხუთ შეხვედრაში მისცა სათამაშო დრო. ოსიმენი კვარასთან ერთად მთავარი საფრთხე იქნება ბარსასთვის, ცენტრალური ნახევარდაცვის ზონიდან კი ისეთი საფრთხე ნამდვილად არ მოდის ჟელენსკისა და ანგისასგან რომ რომეუმ თავი ვერ გაართვას.

ასე რომ, ჩავის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი რონალდ არაუხოს მეწყვილის შერჩევა იქნება.

პრობლემები ნახევარდაცვაში

ამაზე ცუდი ვერაფერი ვერ მოხდებოდა, ბარსამ ერთდროულად დაკარგა პედრი და ფრენკი დე იონგი. ისედაც დიდი პრობლემა იყო ბურთის სწრაფად ამოტანა და ბოლო პასი. ამ ფეხბურთელების გარეშე ლევანდოვსკიმდე ბურთის მიტანა ძალიან გაჭირდება.

ამოცანის გადაჭრა ილქაი გიუნდოგანს მოუწევს. ის იქნება ამ ზონაში ჩავის მთავარი იმედი, რომელიც ცუდ სეზონს ნამდვილად არ ატარებს. გუნდის ფორმის საპირწონედ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაც კია, მაგრამ მარტო მაინც ძალიან გაუჭირდება.

აქ კი ჩავის მეორე საზრუნავი იწყება – ვინ იქნება მეორე კაცი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. ბოლო შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, ამ პოზიციას რაფინიას ჩააბარებს. პირველად არ მომხდარა რომ რაფინიას შედარებით ცენტრიდან დააწყებინა. ადრეც მიუმართავს ამ მეთოდისთვის და ახლა როცა ლამინე იამალი საუკეთესო ფორმაშია, რა თქმა უნდა, ორივეს გამოიყენებს. ასე რომ, ფერმინსა და რაფინიას შორის, არჩევანს მაინც რაფინიაზე შეაჩერებს. ასე ჩანს ბოლო შეხვედრებიდან.

16 წლის ტალანტი – ლამინე იამალი

სულ რაღაც 16 წლის ბიჭია და უკვე ბარსას ლიდერად ჩამოყალიბდა. ჭკვიანი ფეხბურთელია, მისი აზროვნების უნარი რომ ისეთი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს ჰქონოდა როგორიც უსმან დემბელე იყო, მბაპეზე ნაკლებ ფეხბურთელს არ მივიღებდით, მაგრამ უსმანს ყველაფერი ჰქონდა ტვინის გარდა.

ლამინეს ლა მასიელობაც ძალიან დაეხმარა ტაქტიკური თვალსაზრისით. უმეტესად სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, შეტევის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, უბურთოდაც სწორად გადაადგილდება, გარდა ამისა, ნელ-ნელა უმატებს იმ კომპონენტებში, რომელშიც სეზონის დასაწყისში მოიკოჭლებდა. მაგალითად, დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ იყო ისეთი სახიფათო, ქმნიდა მომენტებს, მაგრამ გამოყენებას ვერ ახერხებდა, ბოლო დროს კი აშკარად გამოჩნდა რომ ბოლო ფაზაზე ძალიან ბევრს მუშაობს. გადამწყვეტი გოლი შეაგდო, თანაც რა გოლი! მესის სტილში ჩასვა შორეულ კუთხეში, ისე რომ მეკარეს განძრევის საშუალებაც არ მისცა.

ამ ასაკში ასეთი ხარისხის ფეხბურთი ძალიან ცოტას თუ უთამაშია და ვისაც უთამაშია მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ. რომელი გვარიც არ უნდა გაიხსენოთ, ვარსკვლავის სტატუსს ვერ აცდებით.

ამიტომ, პარი სენ ჟერმენმა 200 მილიონი ევროც კი გაამზადა. სრული სიგიჟეა 16 წლის ბიჭში 200 მილიონის გადახდა, მაგრამ პარიზელები დიდი ხანია გაცდნენ ნორმის ფარგლებს და ფეხბურთში ახალი დღის წესრიგიც შემოიტანეს – ახალი ფასი დაადგინეს, ახალი პოლიტიკა დაამკვიდრეს და ვერც ვერაფერი დააკლეს უეფას რეგულაციებით.

ჰოდა, ვნახოთ ნაპოლისთან, იამალი რა ბიჭია.

როგორ ჩაიარა კვირამ – ნაპოლი

ვუყურებთ ნაპოლის კალცონას დანიშვნის მერე და სპალეტის ნაპოლი გვახსენდება. დაიბრუნა კლუბმა გამარჯვების წყურვილი, რომელიც სპალეტის დროს ჰქონდა. ისეთი აგრესიულია, როგორც წინა სეზონში და ისეთივე შემტევი. რა თქმა უნდა, კვარაცხელიასა და ოსიმენზე დადებითად აისახა ასეთი ცვლილება.

კალცონამ ეს ამბავიც დაალაგა, შეაქო ოსიმენიც და კვარაც – სხვა წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ვხედავ რომ დიდ პროფესიონალებთან მაქვს საქმეო – ესეც დააყოლა და გაჩნდა ურთერთნდობა მათ შორის. კვარა უმატებს და უმატებს, შედის ფორმის პიკში ზუსტად იმ დროს, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო.

რა გაიარა, რა ელის წინ

სწრაფად გავიაროთ – იდეალური ურთიერთობა ჰქონდა სპალეტისთან, ერთად ისტორიულ შედეგს მიაღწიეს და ნაპოლის სერია ა მოაგებინეს, თანაც, კვარას სადებიუტო სეზონში. წავიდა ეს კაცი და მოვიდა სულ სხა ხასიათის კაცი, რომელთანაც კვარამ რაღაც ვერ დაალაგა, რაღაც ვერ ააწყო, საჭირო ნდობაც ვერ იგრძნო და ხელიც აიქნია რამდენჯერმე უკმაყოფილომ.

მერე კიდევ ერთი ცვლილება იყო და თითქოს კარგი ვინმე გამოდგა მაძარი, მაგრამ საქმე სულ სხვა რამეს ითხოვდა, მაძარის კი ამის უნარი არ აღმოაჩნდა. ჰოდა, წავიდა ეს კაციც. გუნდმა ქაოტური პერიოდი გაიარა, ამ ქაოსში კვარას მცდელობები რეგრესად მიიჩნიეს, არადა, უბრალოდ, კლუბი აირია, ჩვენი კვარა კიდევ, ისევ ის კვარაა, რომელიც წინა სეზონიდან გვახსოვს.

იყო დიდი გაუგებრობა მის აგენტსა და ოსიმენს შორის, იყო დიდზე დიდი გაუგებრობა სანაკრებო დისკვალიფიკაციაზე, რამაც, შესაძლოა, ის ვირუსიც “დაათრიგერა”, რომელმაც ფინალში თამაშის უფლება არ მისცა, მაგრამ კვარამ ყველა ეს პრობლემა გადალახა, როგორც კალცონამ აღნიშნა – თავდახრილი შრომით და პროფესიონალიზმით. ფორმა დაიბრუნა, ხასიათი გამოიკეთა, გოლი გოლზე გააქვს და აბსოლუტურად მზად არის მომდევნო გამოწვევებისთვის, მომდევნო გამოწვევა კი ბარსასთან მერვედფინალი და სასურველი სანაკრებო ფინალია, სადაც მის გარეშე უნდა გააღწიოს საქართველოს ნაკრებმა.

მოკლედ, წინ დიდი ამბებია.

სად ვუყუროთ?

ბარსელონა – ნაპოლის ყურებას Setantasports.com – ის პლატფორმაზე და სეტანტას არხებზე შეძლებთ.