არსენალი vs პსჟ – ხვიჩა კვარაცხელია ლონდონში, ემირეითსზე ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალს ითამაშებს.
კვარა გახდება მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე იასპარეზებს. სულ კი UEFA-ს ევროტურნირებზე – მეოთხე. აქამდე ქართველთაგან ჩემპიონთა ლიგაზე კახა კალაძემ ითამაშა, ევროპა ლიგაზე კი ჯაბა კანკავამ და დათი ხოჭოლავამ.
არსენალი vs პსჟ – პირდაპირი რეპორტაჟი
არსენალი vs პსჟ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზე 29 აპრილს, 22:55 წუთიდან იქნება შესაძლებელი.
ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები ალექსანდრე გაბირჩიძე და ზუკა კობალავა იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
არსენალი vs პსჟ – პრევიუ
არსენალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე პარიზ სენ-ჟერმენს უმასპინძლებს სამშაბათს, 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე.
არსენალი vs პსჟ – დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ეს ბუნებრივია. არსენალი ნახევარფინალამდე შესანიშნავი ფორმით მივიდა – მეოთხედფინალში გუნდმა მადრიდის რეალი ორი მატჩის ჯამში 5:1 დაამარცხა. ლონდონელებმა სეზონის განმავლობაში საოცარი საშინაო ხარისხი და სტატისტიკა აჩვენეს – ევროსარბიელზე 17 მატჩიანი წაუგებელი სერიის ფონზე.
მიკელ არტეტას გუნდს დამატებით მოტივაციას მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე პსჟ-ს წინააღმდეგ მოპოვებული შთამბეჭდავი 2:0 გამარჯვებაც აძლევს. აღსანიშნავია, რომ არსენალი და პსჟ აქამდე ხუთჯერ შეხვედრიან ოფიციალურ მატჩებში და ფრანგულ კლუბს მეთოფეების წინააღმდეგ ჯერაც არ მოუგიათ (3 ფრე, 2 მარცხი).
თუმცა, პარიზელების ჩამოწერა არა თუ მართებული არ იქნება, რიგ კომპონენტებში შეიძლება, სტუმრები წყვილის მცირე ფავორიტებადაც მივიჩნიოთ. ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა გუნდმა უკვე დაამარცხა ორი ინგლისური მეტოქე – ლივერპული და ასტონ ვილა, თანაც პლეი-ოფში და მიყოლებით. პსჟ-მა ასევე კარგი შედეგები დააფიქსირა გასვლით მატჩებში და ბოლო ექვს სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ოთხჯერ გააღწია.
სავარაუდო შემადგენლობები:
- არსენალი: რაია; ტიმბერი, სალიბა, კივიორი, ლუის-სკელი; ოდეგორი, რაისი, მერინო; საკა, ტროსარი, მარტინელი.
- პსჟ: დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში; ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი; დუე, დემბელე, კვარაცხელია.
ფორმა:
- არსენალი: ფრე, მოგება, მოგება, ფრე, მოგება, ფრე (ბოლო მატჩი: არსენალი 2-2 კრისტალ პალასი).
- პსჟ: წაგება, ფრე, მოგება, წაგება, მოგება, მოგება (ბოლო მატჩი: პსჟ 1-3 ნიცა).
მიკელ არტეტა და ლუის ენრიკე – კომენტარები:
- მიკელ არტეტა (არსენალი): “ყოველთვის მერჩივნა მეორე მატჩის სახლში ჩატარება, თუმცა ახლა რაც გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. აუცილებელია ვისწავლოთ ამ სიტუაციიდან, დავინახოთ სად არის ჩვენი უპირატესობები და რა შესაძლებლობები არსებობს. ევროპის თამაშებში მეორე შეხვედრები ხშირად სრულ ქაოსად იქცევა, ამიტომ ასეთ გამოცდილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.”
- ლუის ენრიკე (პსჟ): “სტანდარტულ სიტუაციებზე მომზადებას იგივე სერიოზულობით მივუდგებით, როგორც ლივერპულის წინააღმდეგ. ლივერპულს, და შესაბამისად არსენალსაც, უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად, ყველა ასპექტში უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები.”
პსჟ მას შემდეგ, რაც ჯგუფურ ეტაპზე არსენალთან 0:2 დამარცხდა, შესანიშნავ ფორმაში შევიდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე შეთამაშებულ გუნდად მიიჩნევა. თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას არსენალზეც, რომელმაც მადრიდის რეალის დამარცხებით კიდევ უფრო დიდი თვითდაჯერებულობა მოიპოვა.
ამ მდგომარეობით, არსენალი vs პსჟ დაპირისპირება შეიძლება მართლაც გამორჩეულ მატჩად იქცეს, რადგან წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს და თანაც, სასწორზე მართლაც ბევრი რამ დევს.
არსენალი vs პსჟ – ფაქტები
ამ ქვეთავში მხოლოდ ფაქტებს მოვიყვანთ, რომელიც ამ ინგლისურ-ფრანგულ წყვილსა და პირველ ნახევარფინალურ მატჩს ეხება.
- ორივე – არსენალი და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას მეორედ ეცდება; არსენალმა 2006 წელს ბარსელონასთან 1:2 წააგო, პსჟ კი 2020 წელს ბაიერნთან 0:1 დამარცხდა.
- არსენალს ფრანგულ კლუბებთან საშინაო მატჩებში ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლიც არ გაუშვია (14:0 გატანილი ბურთების შეფარდებით).
- არსენალმა ევროასპარეზზე ბოლო 21 საშინაო მატჩიდან 16 მოიგო, მხოლოდ ერთხელ წააგო.
- არსენალი გახდება მეექვსე ინგლისური კლუბი, რომელიც მინიმუმ ორჯერ გავა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ცხადია, თუ პსჟ-ს დაამარცხებს.
- არსენალის ევროპულ ისტორიაში ეს არის ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ მესამე ნახევარფინალი (2005/06 და 2008/09 წლების შემდეგ).
- პსჟ-სთვის ეს იქნება მეოთხე ნახევარფინალი ბოლო ექვს სეზონში.
- პსჟ ინგლისურ კლუბებთან, გასვლაზე, ბოლო 6 მატჩიდან 5-ში დამარცხდა (გამონაკლისი იყო ენფილდზე ლივერპულის დამარცხება).
- პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე შვიდი მატჩიდან ექვსი წაგებული აქვს.
- პსჟ გახდება მესამე ფრანგული კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშებს, თუ არსენალს დაამარცხებს (მარსელისა და მონაკოს შემდეგ).
- არტეტა თამაშობდა პსჟ-ში 2001–2002 წლებში (იჯარით ბარსელონადან).
- ფეხბურთელები, რომელთაც ერთად უთამაშიათ:
- ნეტო და უსმან დემბელე (ბარსელონა, 2019–22)
- მიკელ მერინო და უსმან დემბელე (დორტმუნდი, 2016/17)
- მარტინ ოდეგორი და მარკო ასენსიო (რეალი, 2016–21)
- მარტინ ოდეგორი და აშრაფ ჰაკიმი (რეალი, 2015–17)
- არსენალის ფეხბურთელებს შორის საფრანგეთში ნათამაშები აქვთ:
- ვილიამ სალიბას (სენტ-ეტიენი, ნიცა, მარსელი)
- გაბრიელს (ტრუა, ლილი)
- პსჟ-დან ვიტინია ადრე თამაშობდა ინგლისში (ვულვერჰემპტონში).
- ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელები:
- იტალია: ჟორჟინიო, რიკარდო კალაფიორი და ჯანლუიჯი დონარუმა
- ბრაზილია: გაბრიელ ჟეზუსი, გაბრიელ მარტინელი, გაბრიელ მაგალიაესი, მარკინიოსი, ლუკას ბერალდო
- ესპანეთი: მიკელ მერინო, დავიდ რაია, ფაბიან რუისი, მარკო ასენსიო
- საფრანგეთი: ვილიამ სალიბა, დეზირე დუე, ბრედლი ბარკოლა, უორენ ზაირ-ემერი, ლუკას ერნანდესი, უსმან დემბელე
- არსენალი 12 მატჩია წაუგებელია ყველა ტურნირზე (6 მოგება, 6 ფრე).
- არსენალს პრემიერ ლიგაში სეზონში უკვე 13 ფრე აქვს და 9 შემთხვევაში უპირატესობა დაკარგა.
- პსჟ-ს ლიგა 1-ის ბოლო 30 მატჩში არ წაეგო (24 მოგება, 6 ფრე) სანამ ნიცასთან 1-3 დამარცხდებოდა.
- პსჟ-ის უსმან დემბელემ 2025 წელს 24 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 21 მათგანი ლიგა 1-ში.
ხვიჩა კვარაცხელია vs არსენალი – ანალიზი
ცხადია, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალს ინტრიგა ისედაც არ აკლია, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა ქართული პერსპექტივა. ხვიჩა კვარაცხელია პირველი შემტევია, ვინც ლიგის 1/2-ფინალში ითამაშებს, სულ კი – მეორე.
ცხადია, საინტერესოა, რა მოლოდინი არსებობს მატჩის წინ, უშუალოდ, კვარასთან მიმართებაში. ხვიჩაზე რომ ავანსები დიდი რაოდენობითაა გაცემული, აბა, რა ბევრი მტკიცება სჭირდება.
ეს იგრძნობა, უშუალოდ მატჩამდეც, სადაც UEFA-მ ხვიჩა კვარცხელიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, ხოლო პსჟ-მა ქართველ ლეგიონერზე – ჩანახატი, რომელშიც პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც მონაწილეობენ.
წინასწარ შემადგენლობაში ხვიჩას ყველა ავტორიტეტული გამოცემა მოიაზრებს, მათგან უმეტესობა კი კვარასთან ერთად დემბელესა და დუეს აყენებს. ეს კი ნიშნავს, რომ ხვიჩა მარცხნიდან დაიწყებს, მომენტებში შემტევები პოზიციებს გაცვლიან, თუმცა ქართველი გარემარბი მატჩს საკუთარ პოზიციაზე დაიწყებს.
ეს კი ნიშნავს, რომ კვარას მეურვეობა იურიენ ტიმბერს მოუწევს. ტიმბერი საკმაოდ სწრაფია და კარგად ახერხებს დაცვასა და შეტევაში მობილურ გადაადგილებას, თუმცა ხშირად პოზიციურ თამაშში თანაგუნდელების დაზღვევაც სჭირდება ხოლმე.
იდენტური სურათი უნდა ვნახოთ დღესაც – გამომდინარე იქიდან, რომ არსენალი და პსჟ ორივე მეტ-ნაკლებად მსგავსი და კარგად დაბალანსებული გუნდია, რომელსაც სათამაშო გეგმაზე მიყოლა ზედმიწევნით ზუსტად შეუძლია, გადამწყვეტი სიტყვა ფეხბურთელების ძლიერ ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე იქნება.
ცხადია, ასეთ დროს პირველი ხვიჩა კვარაცხელია გაგახსენდება. შესაბამისად, კვარას დაკეტვისთვის, თუკი ტიმბერთან ერთად, პოზიციის მიხედვით, ოდეგორი, საკა, ან სალიბა გახდება საჭირო, მაშინ, პარიზელ ნახევარმცველებს ხელ-ფეხი მეტად გაეხსნებათ, რათა მეტოქის საჯარიმოს წინა ხაზი გადატვირთონ, ან ფლანგი მკვირცხლად შეცვალონ და მეტობა უკვე მარჯვნიდან შექმნან.
ეს ხერხი და თამაშის ეს მანერა კი გადამწყვეტი შეიძლება იყოს ტომას პარტეის არყოფნაში. განელმა ფეხბურთელმა რეალთან საპასუხო მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო, ეს კი მისთვის მესამე გაფრთხილება აღმოჩნდა და წესის გამონაკლისის სახით ის პირველ ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.
47 ჩატარებული მატჩიდან საყრდენმა, რომელსაც მარჯვნივ თამაშიც შეუძლია, 40 ძირითადში დაიწყო. მისი დანაკლისის ფონზე კი ნახევარდაცვაში 10-იანს, მიკელ მერინოს ველით, რომელსაც არტეტა სიმაღლის გამო ცხრიანზე უფრო იყენებდა, ეს კი ცენტრში მეთოფეთა დაცვით უნარებს შეასუსტებს.
მით უმეტეს, შინ, ემირეითსზე უსაქმურად შეტევაში არც არსენალი იქნება. ბუკაიო საკა-ოდეგორი-ტიმბერის განეიტრალებაში ნუნუ მენდეშს ხვიჩა კვარაცხელია დიდი დოზებით უნდა დაეხმაროს.
ცხადია, კვარას დაცვით ფუნქციონალში მომატებული აქვს, თუმცა დღეს მისგან პსჟ-ს საუკეთესო დაცვითი უნარებიც დასჭირდება, იქნება ეს ზონური თუ ინდივიდუალური თამაში.
ფინალში გასასვლელად, ცხადია, ორივე გუნდი ძალიან მოწადინებულია, ლუის ენრიკე პირდაპირ ამბობს “ჩვენი კლუბის ისტორია უნდა გადავწეროთო”, – ეს კი ფინალში გასვლას და იქ, მიუნხენში, 31 მაისს გამარჯვებას მოიაზრებს.
იმავე ამოცანაა მიკელ არტეტას გუნდის მხარესაც, შესაბამისად, Setanta Sports-ის მაყურებელს მინიმუმ 180-წუთიანი უშეღავათო ბრძოლა ელის.
კვარა, ბასტო და ტაბსონა – პარიზში
იმედია, ჩვენი წინასამატჩო ბლოგი მოგეწონათ და წყვილზე ახლა კიდევ უფრო მეტი წინასწარი ინფორმაცია გაქვთ, თუმცა დროის გასაყვანად ახლა უკვე ვლოგის სანახავად შემიძლია დაგპატიჟოთ, რომელშიც ტაბსონა და ბასტო კვარას პარიზში ესტუმრნენ.
შეგახსენებთ, ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ბანერებიდან სასურველზე დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.