არგენტინამ ავსტრალია დაამარცხა და 1/4 ფინალში ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს. ალბისელესტემ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და კატარის მუნდიალზე მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო. ასეთივე სერიის შანსი ბრაზილიას და პორტუგალიასაც ჰქონდათ, თუმცა ჯგუფის ბოლო მატჩი ორივე ნაკრებმა დათმო.
მატჩში დაძაბულობა მხოლოდ ბოლო წუთებს ახლდა თან. პირველი ტაიმი ლიონელ სკალონის გუნდმა ლიონელ მესის გოლით მოიგო. არგენტინელმა ფლეიოფში მუნდიალებზე პირველად გაიტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ნიკოლას ოტამენდის გადაცემა გამოიყენა.
ეს მესისთვის კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე გატანილი გოლი იყო. პსჟ-ის შემტევს აქტივში ერთი საგოლე გადაცემაც აქვს. ბომბარდირთა დავაში ამ დროისთვის 6 ფეხბურთელი ლიდერობს.
მეორე ტაიმში სამხრეთ ამერიკელთა უპირატესობა ორამდე ხულიან ალვარესმა გაზარდა. მანჩესტერ სიტის ფორვარდმა ავსტრალიელთა მეკარე რაიანის შეცდომით ისარგებლა და ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა.
შემდეგ გრემ არნოლდის ცვლილებებმა იმუშავა. ავსტრალია უფრო თამამად ათამაშდა, რაც 76-ე წუთზე ენცო ფერნანდესის ავტოგოლში აისახა.
დარჩენილ ოც წუთში ორივე კართან არაერთი საგოლე მომენტი შეიქმნა, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა, ემილიანო მარტინესი და მეთიუ რაიანი, დარჩენილ დროში, მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. საბოლოოდ 2-1 და 1/4 ფინალში არგენტინა ნიდერლანდებზე გავიდა.
- არგენტინა და ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსედ შეხვდებიან ერთმანეთს, აქედან მეორედ 1/4 ფინალში.
- ლეო მესიმ მუნდილებზე გატანილი მე-9 გოლით, კრიშტიანუ რონალდუსა და დიეგო მარადონას(8-8) გაასწრო.
- მუნდიალზე, არგენტინის მაისურით, მესიზე მეტი გოლი მხოლოდ გაბრიელ ომარ ბატისტუტას(10) აქვს გატანილი.
- ლეო მესი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მეცხედ დასახელდა, რაც მუნდიალებზე საუკეთესო მაჩვენებელია.
- გრემ არნოლდის ფორმაციის ავსტრალია პირველია, რომელმაც მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე ორი მატჩის მოგება შეძლო.
ნიდერლანდები და არგენტინა 9 დეკემბერს, ლუსაილის სტადიონზე ითამაშებენ. წყვილში გამარჯვებული ბრაზილია-სამხ. კორეა-ხორვატია-იაპონიის კვარტეტიდან ნახევარფინალში გასულს შეხვდება.