მესი-ალვარესის დუეტმა ხორვატიის მწყობრი დაცვა მოშალა. არგენტინამ სანახაობრივი ფეხბურთით მოიგო. მესი 5 გოლით მბაპეს გაუთანაბრდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. არგენტინამ ხორვატიას შანსი არ დაუტოვა და თანაც ლამაზი ფეხბურთით დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ ლეო მესი გახდა, რომელიც მუნდიალზე ჩატარებული 25-ე მატჩით ლოთარ მათეუსს გაუთანაბრდა.
მატჩი
მატჩის სტარტზე სრული პარიტეტი იყო. მათ შორის მესისა და მოდრიჩს შორის წნეხიდან თავის დაღწევაში. ხორვატებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს. ორივე გუნდი პრესინგს ძალიან მაღალ ტემპში თამაშობდა და უბურთოდ გადაადგილება ორივე გუნდს იდეალური ჰქონდა.
პირველი ზუსტი დარტყმა 25-ე წუთზე ვნახეთ. მესიმ შორიდან დაარტყა, თუმცა ლივაკოვიჩმა მოიგერია. იმავე წუთზე მესიმ პირველად დაკარგა ბურთი, ართმევის ავტორი იოშკო გვარდიოლი იყო.
32-ე წუთზე ხორვატიის მწყობრი ხაზები პირველად ჩავარდა. ვერტიკალური პასების შემდეგ ხულიან ალვარესის წინააღმდეგ ლივაკოვიჩმა წესები საჯარიმოში დაარღვია. დანიელე ორსატომ ხორვატების მეკარე გააფრთხილა და პენალტიც დანიშნა.
სტანდარტული გოლად ლეო მესიმ აქცია და ტურნირზე მე-5 გოლი გაიტანა. არგენტინელი კილიან მბაპეს გაუთანაბრდა. ბომბარდირთა დავას სწორედ პსჟ-ის შემტევები ლიდერობენ. ამ გოლით ლეომ გაბრიელ ბატისტუტას გაასწრო და 11 გოლით მუნდიალებზე არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
38-ე წუთზე ხორვატებმა კუთხური კვლავ გაათამაშეს და კვლავ უხეიროდ. კონტრ შეტევაზე არგენტინამ იხეირა. ხულიან ალვარესმა ტურნირზე მე-3 გოლი გაიტანა.
მანჩესტერ სიტის ფორვარდმა ბურთიანად ფაქტობრივად 50 მეტრი დაფარა, თანაგუნდელები კი მას ზონებს უბურთოდ ბრწყინვალედ უთავისუფლებდნენ. ალბისელესტეს გაუმართლა კიდეც. რამდენიმე ასხლეტვის შემდეგ ბორნა სოსამ ბურთი ხეირიად ვერ ამოიტანა, ალვარესმა ლივაკოვიჩის კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია. ეს შტუტგარტის მარცხენა მცველის მესამე შეცდომა და წუნი იყო ამ მატჩში.
მომენტმა ტრიბუნაზე ცხადია ემოციების ზღვა გამოიწვია. მათ შორის მაყურებელმა ლეგენდარული რონალდინიოს აპლოდისმენტებიც იხილა.
43-ე წუთზე ლივაკოვიჩმა კიდევ ერთხელ იხსნა თავისი გუნდი. ალექსის მაკ ალისტერის თაური დარტყით ემუქრებოდა მოწინააღმდეგის კარს. მანამდე დე პოლი ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდა, თუმცა ხელისა და ბურთის კონტაქტის დროს სხეულის ფართობი გაზრდილი არ იყო, ამიტომაც მეორე პენალტი აღარ დანიშნულა.
ხორვატებს 25-ე წუთის შემდეგ შეტევაში ხეირიანი არაფერი გამოსვლიათ. მოდრიჩისა და კოვაჩიჩის ინდივიდუალური გამონათებები ფინალურ მესამედში ხიფათის შექმნას არ ჰყოფნიდა.
მეორე ტაიმის სტარტზე ზლატკო დალიჩმა სამი ცვლილება გააკეთა. ორშიჩი, ვლაშიჩი და პეტკოვიჩი მოედანზე შეტევის გასაძლიერებლად შემოვიდნენ.
პირველი მომენტი მაინც ლიონელ სკალონის გუნდს ჰქონდა. მახვილი კუთხიდან მესის დარტყმული ლივაკოვიჩმა მოიგერია.
მეორე ტაიმის სტარტზე არგენტინის 4-4-1-1 ფორმაცია დაცვისას 4-3-2-1 ხდებოდა. ხორვატების მასობრივი შეტევებისას ხშირად ყველა არგენტინელი საკუთარ მეოთხედში იყო დაწნეხილი. მერე სკალონიმ ლისანდრო მარტინესით ლეანდრო პარედესი შეცვალა. მე-3 ცენტრალურმა მცველმა არგენტინა კიდევ უფრო მტკიცე გახადა.
მესის მაგია
69-ე წუთზე ლეო მესის მორიგი ნაბიჯი ვნახეთ მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობისკენ. ალბისელესტეს კაპიტანმა ხულიან ალვარესს დუბლი შეასრულებინა. მესიმ იოშკო გვარდიოლს, რომელიც მასთან აშკარად პერსონალურად იყო მიმაგრებული, მასტერკლასი ჩაუტარა და ალვარესს გაატანინა 3-0.
ხორვატებს პირველი ზუსტი დარტყმა 73-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც პერიშიჩმა ჯარიმიდან ზუსტად დაარტყა. ემილიანო მარტინესმა დამაჯერებლად ითამაშა. ამ დროისთვის არგენტინის შესაბამის გრაფაში 7 ეწერა.
მატჩში მუნდიალზე პირველი წუთები მიიღო პაულო დიბალამ. ლა ხოიას აქამდე კატარში თამაშის საშუალება არ ეძლეოდა. ამის მიზეზად კი სკალონიმ ტაქტიკური შეუთავსებლობის ფაქტორი დაასახელა.
საბოლოოდ მატჩი აღარაფერი შეცვლილა. არგენტინა ფინალს ითამაშებს, ხოლო ხორვატია მე-3 ადგილისთვის მატჩს. ალბისელესტეს ფინალში მაროკო-საფრანგეთის გამარჯვებული დაუპირისპირდება.
არგენტინის ქომაგებმა ქვეყანაში გამარჯვება მასობრივად აღნიშნეს.