სარჩევი

მიუღწეველი უნდა გიყვარდეს და არა მიღწეულიო, მერაბ მამარდაშვილი ამბობდა. ჯაბა კანკავას ოდისეა კი მიუღწევლის დევნა გამოდგა, რომელსაც ბოლოს მაინც მისწვდა. სანაკრებო კარიერის წერტილი დაისვა და ახლა უკვე მიღწეულის სიყვარულიც შეიძლება. ჯერ ნაკრების წევრი გახდა, ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი, მერე ის გააკეთა, რასაც ქართველი ფეხბურთელები, როგორც წესი, ვერ აკეთებენ ხოლმე – მძიმე ტრავმებისა და ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თანაც, უფრო ძლიერი! ბოლოს კი 100 სანაკრებო მატჩს მოუყარა თავი. დიდი მადლობა თქვა და წავიდა. სევდა ახლავს ყოველთვის ასეთ გადაწყვეტილებას, სულ გგონია, რომ ჯერ არ არის ამის დრო, ხანდახან ისე ხდება, რომ გამოგეპარება კიდეც შესაბამისი წუთი, როცა მადლობის თქმისა და წასვლის დროა მოსული. ჯაბაზე უკეთ ალბათ არავინ უწყის ზუსტი წამის შესახებ, რომელიც თავად გკარნახობს ყველაფერს.

იშვიათად იტყვის ხოლმე რამეს, მის სიმშვიდეზე უკვე ლეგენდები დადის, დუმილის ფასი იცის, ამიტომ, მის სიტყვას სულ სხვა წონა აქვს. არც მადლობა ჰგავდა მოვალეობის მოხდის მიზნით ნათქვამს, რა ვიცი, კითხულობ და გრძნობ, რომ მართლა გემადლიერება ნაკრების კაპიტანი:

„ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ, ბევრი რამის თქმა გსურს. ეს, სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემ ცხოვრებაშიც გამორჩეულია, ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა, მადლობა ჩემ ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში“.

საერთოდ, ჩვენი კაპიტნების წასვლა, უფრო სწორად, სამკლავურის გადაბარება მადლობით არასდროს დასრულებულა. პირველი კახა ცხადაძე იყო, რომელსაც კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, დიდად გულნატკენი დარჩა, მაგრამ რა უნდა ექნა?! ასე გადაწყვიტეს. მერე იყო გიორგი ნემსაძე, რომლის ნაკრებიდან წასვლა ნამდვილად არ მახსოვს, რაღაც ისეთი დრო დაემთხვა, რომ თავშიხელწაშენილი ხალხი ნამდვილად არ მინახავს, ნახე, ნემსაძე ნაკრებიდან წავიდაო, პირიქით, იმას უფრო ამბობდნენ, ახლა სხვებიც უნდა მიჰყვნენო.

შემდეგ იყო კალაძე, რომელმაც პარტიულ შეკრებაზე განაცხადა ნაკრებიდან წასვლის შესახებ და ქეცბაიასაც ათქმევინა, იქნებ ჯერ ჩვენთვის ეთქვა, რომ მიდიოდა, ტელევიზორიდან გავიგეო. მერე იყო ლევან კობიაშვილი, რომელიც ასევე გულნატკენი დარჩა იმ ფორმით, რა ფორმითაც ნაკრებს ჩამოაცილეს, შესაძლოა წასვლის დრო მართლაც მოვიდა, მაგრამ მადლობა მაინც გეთქვათო. მოკლედ, მარტივი არასდროს ყოფილა ეს ამბავი და ურთიერთპატივისცემაც ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ გვინახავს.  

ჯაბა სხვანაირად წავიდა. პირველად გამიჩნდა გრძნობა, რომ ნაკრებსა და მის კაპიტანს ეხება საქმე, ასეთი ორმხრივი პატივისცემის შემხედვარე, კაცი იფიქრებ, რომ მხოლოდ ნაკრები კი არა, ჩვენც გავიზარდეთ და რაღაცას დავემსგავსეთ. გაჩნდა ის ნიშნები, რომელიც ადრე მხოლოდ სიტყვაში იყო თავმოყრილი და საქმემდე ვერა და ვერ მიდიოდა, შეიძინა სათანადო ღირსება და მნიშვნელობა ნაკრების ფორმამაც და კაპიტნის სამკლავურმაც.

არის შემთხვევები, როცა ფეხბურთელის გვარის ამოკითხვისას წინასწარ იცი, მოედანზე რა გელის, მხოლოდ განსაკუთრებულ ფეხბურთელებზე თუ იტყვი ამას, ზოგს შეხედავ და იცი, რომ გაიქცევა და არ მოგაწყენს, ზოგს შეხედავ და იცი, რომ მთელი მატჩის მანძილზე ერთ ლამაზ მოძრაობას მაინც გაჩუქებს, კანკავას გვარს თუ მოკრავდი თვალს, უკვე იცოდი, რომ მოედნის ცენტრში დიდი ბრძოლა ატყდებოდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა მეტოქე, სწორედ ამიტომ არ გვიყვარს განსაკუთრებით?! ვიღაც გიბრალტარელსაც ისე თავგანწირვით უვარდებოდა ფეხებში, როგორც ბასტიან შვაინშტაიგერს. ასე ხდება გვარი სიმბოლო, მესხი ფინტის სიმბოლოა, ყიფიანი ინტელექტის, კანკავა კი – თავგანწირვის.

წინა სტატიის წერისას, რომელიც ჯაბას 100-მატჩიან ნიშნულს მივუძღვენით, მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ აღნიშნა, – „ჯაბა ის იშვიათი შემთხვევაა, რომელიც ნაკრების ცუდი თამაშის შემთხვევაშიც კი აპლოდისმენტებს იმსახურებსო“. ეს გამოარჩევს, და ნამდვილად დაგვაკლდება, თუმცა, სიამაყით ვაცილებთ.

მისი განცხადების მერე ვუყურებ გამოსამშვიდობებელ წერილებს და Setantasports-ის კომენტატორ, ანდრო ხელაძის წერილში მნიშვნელოვან სიტყვასაც წავაწყდი, – მახსოვს, ქეცბაიას დროს რომ დაბრუნდა ნაკრებში, მისგან ისევ ისეთ თავქარიან, სარისკო თამაშს ველოდი, რასაც ახალგაზრდობაში მიგვაჩვია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ დაღვინებული ჯაბა, რომელიც მთელი წინა დეკადის განმავლობაში, ყველაზე საიმედო ფეხბურთელი იყო ჯვაროსნებში”, – წერს ანდრო, მაგრად ვეთანხმები და ის დიდი კაციც მახსენდება:

„მას ვაქებ ვინცა თავის სიცოცხლე ასე ატარა,

რომ ყოველი დრო შესაფერად მიმოიხმარა“.

იშვიათია, ადამიანი ასე უხდებოდეს თავის ასაკს. გამიკვირდა კიდეც, როცა მისი აღმზრდელი მწვრთნელის, გურამ ჩომახიძის ინტერვიუს ვკითხულობდი, სადაც აღნიშნა, ჯაბა ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყოო, ცოტა წარმოუდგენელიც კი მომეჩვენა, მაგრამ ასე ყოფილა. ის ბავშვობაც შეირგო და ყოველი მომდევნო ნაბიჯის შემდეგ თავის პასუხისმგებლობაც ბოლომდე გაითავისა.

ჩუმი საქმითა და თავდახრილი შრომით იმათზე მეტს მიაღწია, ვისზე ნაკლებად ნიჭიერად მიიჩნეოდა. ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ თავმდაბლურ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ბევრი სამაგალითო ფეხბურთელი ნამდვილად არ გვყავს, ჯაბა კი ერთ-ერთია, რომელსაც შეიძლება მომავალმა თაობამ მიბაძოს.

და მაინც, რა იქნება ჩვენი მადლობა? მეხსიერებაში შემონახული მისი მატჩები, მათ შორის, ყვითელი ბარათებიც, რომელთა მერეც, მაინც ტაში ისმოდა. გოლი ბევრი არ შეუგდია, მაგრამ, რაც შეაგდო, ყველა ლამაზია. მარტო გერმანია რად ღირს?! გაბედვა უნდა ასეთი დარტყმის შესრულებას და კლასი უნდა ასეთი გოლის გატანას, თან მანუ ნოიერის კარში. რამდენჯერაც ნოიერს ვხედავ, იმდენჯერ კანკავა მახსენდება.  

ხშირად რაიმე აქტი, ქმედება, უსიტყვოდაც შთამბეჭდავია, (ზ.კ). ეს სიტყვაც ჯაბას ეხება, შესაძლოა გრძელი და დამმუხტველი სიტყვით არ გამოირჩეოდა, სამაგიეროდ, მისი თამაში ამბობდა ყველაფერს, – „ზღვაზე გადასვლა აუცილებელია, სიცოცხლე არა“, – უდიდესი მთავარსარდლის სიტყვაა, რომელიც მებრძოლებს წინ მიუძღოდა, დიდი რომაელი იყო და კანკავასაც ხშირად გლადიატორად მოიხსენიებდნენ, ზღვაში შესვლა აუცილებელია, ამის გარეშე არ გამოვა, გზა კი ოდესმე დასრულდება, სანაკრებო კარიერაც, ყველაფერს აქვს დასასრული, რასაც აქვს დასაწყისი, მაგრამ, როცა უკან მოიხედავ და თავაწეული იტყვი, რომ იმ კონკრეტულ წუთსა და წამს, როცა კაპიტნის სამკლავურს ატარებდი, გააკეთე ყველაფერი, რაც შეგეძლო და არ შეგეძლო, დასასრულიც ლამაზი და საამაყო გამოდის.