ამ დღეს – 2 მაისი სპორტში

ფეხბურთი უკვე საკმარისად ხანდაზმული სპორტია იმისათვის, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანი მოვლენით იყოს შევსებული. დრო და დრო, რამდენიმე მათგანს გავიხსენებთ.

დევიდ ბექემი

1975 წლის 2 მაისს დევიდ ბექემი დაიბადა. მანჩესტერ იუნაიტედის, მადრიდის რეალისა და ლოს ანჯელეს გალაქსის ლეგენდა. უთამაშია მილანსა და პსჟ-ში. დევიდ ბექემი პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტებს შორის მე-10 ადგილზეა. სიაში მის ზემოთ მყოფთაგან მხოლოდ კევინ დე ბრუინს აქვს ბექემზე მცირე რაოდენობის შეხვედრა ჩატარებული.

კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და არგენტინასთან მატჩს უკავშირდება. დევიდ ბექემმა თავი ვერ მოთოკა, სიმეონეს ფეხი მიარტყა და წითელი ბარათი მიიღო. ინგლისელმა გულშემატკივარმა მარცხში დაადანაშაულა და პრემიერ ლიგის შეხვედრებში სტვენითაც ხვდებოდა, თუმცა, ამან საპირისპიროდ იმოქმედა და კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა.

დევიდ ბექემი მანჩესტერის აკადემიის 92 წლის გამოშვების პროდუქტია, ე.წ “ფერგის ბარტყების” წევრი. დროთა განმავლობაში საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ იქცა. 1998/99 წლების სეზონში ვერცხლის ბურთი აიღო, მოიგო სამი მთავარი ტიტული – ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, FA Cup-ი, თუმცა, ოქროს ბურთი რივალდოს დარჩა.

გამორჩეული იყო 2001/02 წლების სეზონიც, პირველ რიგში, უნდა ითქვას საბერძნეთთან მატჩზე. ინგლისის ნაკრები ფრის შემთხვევაშიც პირდაპირ გადიოდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. დამატებით დროში დევიდ ბექემმა საფირმო საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და გმირად იქცა.

სეზონის მეორე მნიშვნელოვანი ეპიზოდი კი ჩემპიონთა ლიგაზე დეპორტივოსთან მატჩებს უკავშირდება. ბექემი სეზონის საუკეთესო მოთამაშის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იყო, რეაზორზე ულამაზესი გოლიც გაიტანა, მაგრამ დიეგო ტრისტანმა ტრავმა მიაყენა. განმეორებით შეხვედრაში მაინც გამოვიდა სათამაშოდ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაუშვა, ოლივიე დუშემ ძალიან უხეშად ითამაშა და ბექემისთვის სეზონი დასრულდა.

ამას მოჰყვა სკანდალური განცხადება – არგენტინელმა დუშემ თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში მისი ნაკრები ბექემის გარეშე დარჩენილ ინგლისს უფრო მარტივად მოუგებდა. ფაქტობრივად, აღიარა, რომ ძალით დაამტვრია.

საბოლოოდ, ბექემის გარეშე იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლევერკუზენთან დამარცხდა, არადა, იმ სეზონში ნამდვილად საფინალო გუნდი იყო. ბექემისთვის არგენტინა მთავარ მეტოქედ იქცა – ჯერ სიმეონეს, შემდეგ კი დუშეს გამო. ტრავმის მოშუშებაც შეძლო, 2002 წლის მუნდიალზე წასვლაც, არგენტინასთან მოედანზე გასვლაც და გამარჯვების გოლის გატანაც.

გახეთქილი წარბი

ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალიც მას უკავშირდება, არსენალთან მატჩის შესვენებისას ფერგიუსონმა სახეში ბუცი გაარტყა და წარბი გაუხეთქა. იწერებოდა, რომ ბექემმა მისკენ გაიწია და თანაგუნდელებმა შეაჩერეს. ასე დასრულდა მისი მანჩესტერული კარიერა, ხელმძღვანელებს ან ის უნდა აერჩიათ, ან ფერგი. დღვანდელი გადმოსახედიდან ყველაფერი მარტივია, თუმცა, მაშინ არჩევანის გაკეთება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მით უმეტეს, რომ ბუცი ფერგიმ ისროლა და არა ბექემმა.

დევიდი მანჩესტერისა და მადრიდის რეალის კლასიკად ქცეულ მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და მომავალ კლუბთან ორი გოლი გაიტანა.

მადრიდული კარიერა წარმატებული ვერ გამოდგა. გალაქტიკოში ცალ-ცალკე ყველა ბრწყინავდა, გუნდურად კი პრობლემები იყო, რაც მწვრთნელთა გაუაზრებელი ცვლილებითა და დაულაგებელი მენეჯმენტით იყო გამოწვეული. ბექემმა თავის გამოჩენა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ფიგუ წავიდა და ინგლისელი თავის პოზიციას დაუბრუნდა.

რეალში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ბერნაბეუზე, ბარსელონას წინააღმდეგ ჩაატარა. რეალმა 4:2 მოიგო, ბექემი როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში ბრწყინვალე იყო.

შემდეგ იყო ბევრის აზრით ნაადრევი წასვლა შეერთებულ შტატებში, დაბრუნება მილანში, რომელსაც იმ დროისთვის “მოხუცთა თავშესაფარს” ეძახდნენ, ბოლოს კი პსჟ-ი, რომელსაც უმეტესად მისი სახელი სჭირდებოდა და არა საფეხბურთო შესაძლებლობები.

საერთო ჯამში, გაცილებით დიდი სახელის დატოვება შეეძლო საფეხბურთო სამყაროში. ფეხბურთს მიღმა კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინგლისელია.

ამჟამად ინტერ მაიამის თანამფლობელია და მუდმივად ცდილობს თავის კლუბში ვარსკვლავების გადაყვანას.

ლუის სუარეს მირამონტესი

1935 წლის 2 მაისს დაიბარა ლუის სუარეს მირამონტესი. გვიწევს “მირამონტესის” დამატება, რადგან სხვა ლუის სუარესსაც კარგად ვიცნობთ, ურუგვაული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას. ისეთ დროში მოუწია თამაში, სტადიონზე ყველა სმარტფონითა და კამერით არის შეიარაღებული, მისი გოლები მუდმივად ტრიალებს სოციალურ ქსელებში, გოლები კი მართლაც შთამბეჭდავი აქვს შეგდებული.

აი, მირამონტესს რაც შეეხება, მის დროს ერთი კამერაც საქმე იყო, ამიტომ, ბევრი არც არაფერი შემოგვრჩა, თუმცა, ისტორიამ ტიტულები შემოინახა. ასე და ამგვარად, ლუის სუარესი არის დღემდე ერთადერთი ესპანელი, რომელსაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული. ეს კი ძალიან დიდი ამბავია.

ოქროს ბურთი 1960 წელს მოიგო, ბარსელონაში თამაშის დროს. მომდევნო წელს ვერცხლის ბურთი აიღო, ოქროს ბურთი ომარ სივორის ერგო.

ამის შემდეგ ბარსელონა დატოვა და ინტერში გადაბარგდა, ამ დროს მილანის ინტერის ოქროს ხანა იდგა, სუარესი კი მთავარი შემოქმედი იყო. 1964 და 1965 წლებში ზედიზედ მოიგო მთავარი ევროპული ტიტული – ჩემპიონთა თასი.

64-ში მადრიდის რეალი დაამარცხა ფინალში, 65-ში კი ბენფიკა.

ამავე პერიოდში იყო სანაკრებო პიკიც, 1964 წელს ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, საბჭოთა კავშირი 2:1 დაამარცხეს. ამ წლის ოქროს ბურთი დენის ლოს გადასცეს, სუარესი ისევ ვერცხლის ბურთით დარჩა.

1965 წლის ოქროს ბურთი კი ეუსებიოს ერგო, ვერცხლის ბურთი ფაკეტიმ აიღო, სუარესს კი ბრინჯაო მიაკუთვნეს.

დიდი ფეხბურთელი იყო და სახელიც დიდი დატოვა.

ლესტერი ჩემპიონია!

2015/16 წლების სეზონში პრემიერ ლიგას მოულოდნელი ჩემპიონი ჰყავდა, ლესტერმა რანიერის ხელმძღვანელობით უდიდეს წარმატებას მიაღწია. მთავარი მოქმედი პირები კი ნ’გოლო კანტე, ჯეიმი ვარდი და რიად მაჰრეზი გახდნენ.

სამიდან ორმა დიდ კლუბში გააგრძელა კარიერა, ვარდიმ კი არსენალში გადასვლას ლესტერში დარჩენა ამჯობინა.

ლესტერის ჩემპიონობა 2 მაისს გაოფიციალურდა და ჯეიმი ვარდის სახლში აღინიშნა.

მესის რეკორდი

2012 წლის 2 მაისს ლიონელ მესიმ გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა და ერთ სეზონში 68-ე გოლი გაიტანა. საერთო ჯამში კი 73 გოლზე გაჩერდა.

ასე რომ, მესის ეკუთვნის რეკორდი ერთი კალენდარული წლისა და ერთი სეზონის მიხედვითაც. ორივე შემთხვევაში გერდ მიულერს გადაასწრო.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე