50 იმედისმომცემი ფეხბურთელი – როგორ წარიმართა მათი კარიერა 2016 წლის შემდეგ

Goal.com-ი ყოველწლიურად აქვეყნებს 50 იმედისმომცემ ფეხბურთელთა სიას. ამჯერად გაიხსენეს ვინ იყო სიაში 2016 წელს, როგორ წარიმართა მათი კარიერა და მოახერხეს თუ არა იმედის გამართლება.

სია შედგენილი იყო 1997 წელს, ან, შემდგომ წლებში დაბადებული ფეხბურთელებისაგან. ჩვენ 50-ეულიდან გამოვარჩევთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაზე მეტად შეძლეს თავის გამოჩენა.

გამოვიყენებთ 2016 წლის ნუმერაციას.

45. სტივენ ბერგვაინი

რას წერდნენ 2016-ში – ბერგვაინმა აიაქსი დატოვა და პსვ-ში გადავიდა. პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ მემფის დეპაის მემკვიდრედ მიიჩნიეს.

რა მდგომარეობაა ახლა – ნაკრებში ჩატარებული 11 მატჩის შემდეგ ბერგვაინი 25 მილიონ ევროდ ტოტენჰემში გადავიდა. გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა, კონტესთვის ძირითადის წევრად არ მოიაზრება.

41. დომინიკ სოლანკე

2016 – ში: 18 წლის ნიჭიერი თავდამსხმელი ჩელსიში დებიუტისა და ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშის შემდეგ ვიტესში გაანათხოვრეს. სოლანკემ 2014 წელს ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

რა მოხდა მას შემდეგ – დასახელდა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, 2017 წელს. ამავე წელს გადავიდა ლივერპულში და ჰქონდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში. ლივერპულში თამაში არ უწევდა, რის გამოც ბორნმუთში გაყიდეს 19 მილიონ ევროდ.

პრემიერ ლიგაში თავი ვერ გამოიჩინა ისე, როგორც მისგან ელოდნენ, სამაგიეროდ, ჩემპიონშიპში კარგად ითამაშა და ერთ სეზონში 29 გოლის გატანა შეძლო.

37. უსმან დემბელე

2016-ში: 18 წლის ასაკში რენის პირველ გუნდში გამოჩნდა. რვა თამაშში 3 გოლისა და ორი საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

რა მოხდა მას შმდეგ: მოხდა ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში, იყო ძალიან დიდი და სწრაფი პროგრესი. დორტმუნდის ბორუსიამ 17 მილიონ ევროდ იყიდა, დემბელე ვარსკვლავად იქცა და ერთი წლის შემდეგ ბარსელონაში 105 მილიონ ევროდ გადავიდა. (პლუს ბონუსები). ბარსელონური კარიერა კარგად ვერ წარიმართა, ტრავმებისა და დისციპლინარული დარღვევების გამო. ახლოს იყო გუნდის დატოვებასთან, მაგრამ ჩავიმ მისი შენარჩუნება გადაწყვიტა. დემბელემ ჩავისთან კარგად დაიწყო, თუმცა, ტრავმამ ისევ ყველაფერი გააფუჭა.

28. ლუკა იოვიჩი

2016-ში: ცვერნა ზვეზდას ვარსკვლავი, ადარებენ რადამელ ფალკაოს და მისი შეძენით არსენალი და ტოტენჰემი არიან დაინტერესებულნი.

რა მოხდა მას შემდეგ: იყო დაღმავალი და აღმავალი პერიოდები. ჯერ იყო ბენფიკა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა. შემდეგ ფრანკფურტის აინტრახტში გადავიდა და ვარსკვლავური სტატუსიც შეიძინა, თუმცა, ის შეცდომა დაუშვა, რასაც ხშირად უშვებენ ხოლმე ფეხბურთელები – მადრიდის რეალში გადავიდა და ჩათვალა, რომ ბენზემასთან კონკურენცია შეეძლო.

იოვიჩი ჯერ ისევ ფრანკფურტში გაანათხოვრეს, შემდეგ კი ფიორენტინაში გაყიდეს.

17. ვიქტორ ოსიმენი

2016-ში: ვიქტორ ოსიმენი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გადაეცა ოქროს ბუცი და გადავიდა ვოლსფურგში.

მას შემდეგ: ოსიმენმა ვოლსფურგში ვერ გაამართლა და ბელგიაში, კერძოდ შარლერუაში გაანათხოვრეს. შედეგიანი სეზონი ჰქონდა, თვითრწმენაც დაიბრუნა და ლილში გადავიდა, საიდანაც ნაპოლიმ შეიძინა.

კვარაცხელიასთან ერთად მისთვის სულ სხვა რეალობა დაიწყო. ახლა ოსიმენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, მისთვის კი განსაკუთრებით ინგლისური გრანდები იბრძვიან.

13. ვან დე ბეკი

2016-ში: თურმე, დონი ვან დე ბეკს, “მარადონის” ეძახდნენ. ფრანკ დე ბურის გუნდში ფეხი მოიკიდა და ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

მას შემდეგ: ტენ ჰაგის აიაქსში ვარსკვლავად იქცა, დე იონგთან და დე ლიხტთან ერთად. 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა და ოქროს ბურთის სიის 30-ათეულში მოხვდა.

მანჩესტერში გადასვლის შემდეგ მისი დაღმასვლა დაიწყო. სულშერი საკმარის დროს არ აძლევდა, ევერტონში გაანათხოვრეს, ტენ ჰაგის დანიშვნის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ათამაშდებოდა, მაგრამ ტრავმებმა შეუშალეს ხელი.

12. გაბრიელ ჟეზუსი

2016-ში: გაბრიელ ჟეზუსით არსენალი, რომა და იუვენტუსი ინტერესდებიან. 18 წლის ბრაზილიელს ნეიმარს ადარებენ სისწრაფისა და დახვეწილი ტექნიკის გამო.

მას შემდეგ: ჟეზუსი მანჩესტერ სიტიში გადავიდა. ვერ ვიტყვით, რომ ვინმეს იმედი გაუცრუა, ჟეზუსს კარგი თამაშებიც ჰქონდა. თუმცა, ვერც აგუეროს დონის ფორვარდად იქცა და ვერც ჰოლანდს გაუწევდა კონკურენციას, ამიტომ, იმ გუნდში აღმოჩნდა, რომელსაც მისი შეძენა ჯერ კიდევ 2016-ში სურდა.

8. რენატო სანჩესი

2016-ში: სანჩესს პირველ გუნდში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა, თამაშიდან თამაშამდე ვითარდება და პორტუგალიის ჩემპიონატში გამორჩეული ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 18 წლის არის, მეტოქეებს ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით მარტივად ჩაგრავს.

მას შემდეგ: ვერ წავიდა საქმე ისე, როგორც პორტუგალიელებს სურდათ. რენატო სანჩესი ოქროს ბიჭუნა გახდა, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, გადავიდა ბაიერნში და დიდი ფეხბურთიდან გაქრა. არ აღმოჩნდა გერმანია მისი ქვეყანა და ბაიერნი მისი კლუბი.

სუონსიში განათხოვრების შემდეგ ბაიერნმა დაიბრუნა და ლილში გაყიდა სადაც ძველ დონეზე ათამაშდა. ასე აღმოჩნდა პსჟ-ში, თუმცა, ტრავმებმა შეუშალა ხელი ძირითადისთვის ებრძოლა.

5. მარტინ ოდეგორი

2016-ში: მარტინ ოდეგაარი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნორვეგიელი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში შეძლო გოლის გატანა. ოდეგაარი 16 წლისაც კი არ იყო, როცა ნაკრების ფორმით გაიტანა.

მას შემდეგ: მადრიდის რეალმა კონკურენტებს აჯობა და ოდეგაარი გადაიბირა. თუმცა, ნორვეგიელმა მსოფლიო ვარსკვლავებს კონკურენცია ვერ გაუწია. თავად ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ მიუხედავად სათამაშო დროის დეფიციტისა, მაინც კმაყოფილი იყო მადრიდული პერიოდით, რადგან დიდი გამოცდილება და გამარჯვებულის მენტალიტეტი შეიძინა.

ოდეგაარი გაანათხოვრეს გერენვენში, ვიტესში, შემდეგ დაბრუნდა ესპანეთში და რეალ სოსიედადში გაანათხოვრეს, სადაც მაღალ დონეზე ითამაშა და რეალმა მისი დაბრუნება გადაწყვიტა.

მადრიდული კარიერა ისევ ვერ აეწყო, მოდრიჩისა და კროოსის პირობებში ეს ძალიან რთული ამბავი გამოდგა. საბოლოოდ, არსენალში გაანათხოვრეს, ლონდონელებს ნორვეგიელი ძალიან მოეწონათ და გამოისყიდეს.

ამჟამად, ოდეგარი არსენალს პრემიერ ლიგის ჩემპიონობისკენ მიუძღვება.

3. ჯანლუიჯი დონარუმა

2016-ში: სასწაული! დონარუმა მილანის პირველ გუნდში ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დაწინაურდა, ორი წლის მანძილზე აჩვენა, რომ თანამედროვეობის საუკეთესო მეკარე შეუძლია გახდეს და ბუფონის ღირსეულ მემკვიდრედ იქცეს.

მას შემდეგ: დონარუმა ჯერ ვარსკვლავად იქცა, გახდა ევროპის ჩემპიონი, მოიგერია გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი და აღნიშნა ძალიან მშვიდად. შემდეგ კი პსჟ-ში გადავიდა, რის გამოც მილანის ფანებმა იუდა ეძახეს.

დონარუმამ ძირითადი ადგილისათვის ბრძოლა კეილორ ნავასს მოუგო. ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდი ჯერ კიდევ წარუმატებელია.

1 იური ტილემანსი

2016-ში: ტილემანსს დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. მის პროგრესს გრანდები ყურადღებით აკვირდებიან. მის ხელში ჩასაგდებად ყველაზე დიდი შანსი ტურინის იუვენტუსს აქვს.

მას შემდეგ: ტილემანსს ჰქონდა დაღმასვლა და აღმავლობა. დაღმასვლა მონაკოში, აღმავლობა კი ლესტერში, სადაც ტიტულიც მოიგო და პრემიერ ლიგაშიც შეძლო საუკეთესოთა შორის მოხვედრა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოლოდინი გაცილებით დიდი იყო.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე