სარჩევი

26 მაისი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ქვეყნის ცხოვრებაში. ვზეიმობთ და აღვნიშნავთ იმ დღეს, როცა წერტილი დაისვა, თუმცა, წერტილამდე ძალიან დიდი ტექსტია დაწერილი, სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ადამიანების მიერ. უკანასკნელი წერტილის დასმის ბედნიერება კი პირველ პრეზიდენტს ხვდა წილად.

მას მერე ვზეიმობთ ამ დღეს და არ განსხვავდება ეს ზეიმი სხვა ზეიმებისგან, ხმამაღალი სიტყვა და არსისგან დაცლილი ფორმა. ისევე როგორც რელიგიურ დღესასწაულებზე, აზრი ფორმაში იკარგება. დამოუკიდებლობის იდეა კი იმდენად ფაქიზი თემაა, ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება.

ბოლო დროს, გეოპოლიტიკური ძვრების პარალელურად, ჩვენი ქვეყნის პოზიციაც ბუნდოვანია, ხანდახან, იმდენად გაუგებარი, რომ ბევრი კითხვის ნიშანიც ჩნდება, ეს იმის პარალელურად, როცა ჩვენი მეზობელი მთელი ორასი წელი, შემდეგ კი მომდევნო ათწლეულებიც, ცდილობს ჩაუნერგოს ყოველ მომდევნო თაობას რომ მათ გარეშე არსებობას ვერ შევძლებთ. უკვე ჩავლილ და მძიმედ გამოვლილ წლებში, ის ხალხიც კი არ შეეგუა ამ შეგონებას, რომელიც უყველაფროდ დარჩა, არც წყალი და პური დაუტოვეს, ბოლოს მიწაც წაართვეს, მაგრამ მაინც დაიჯერა, რომ თავადვე შეძლებდა თავისივე თავის პატრონობას.

მერე ახალი თაობა მოვიდა, ახალი ცნობიერებით, რომელთაც უფრო მეტად ესმით ამ ყველაფრის ფასი, იმიტომ, რომ თავისუფალ საქართველოში დაიბადნენ, გადამწვარში, მიწასთან გასწორებულში, მაგრამ მაინც, თავისუფალში.

ახლა კი საერთოდ ახალი ტალღა მოდის, რომელსაც საფუძველი წარმატებულმა ქართველებმა ჩაუყარეს. მათ შორის, სპორტსმენებმაც. მაგალითად, შეუძლებელია ახლა იმის ბოლომდე გააზრება რა მასშტაბის ცვლილებას გამოიწვევს ხვიჩა კვარაცხელიას ნახტომი, მოდი დავარქვათ, ალუდას ნახტომი. თითქოს იმ ჩაგრული ცნობიერებიდან გაიქცა, რომელიც რაღაც მხრივ ციხესაც ჰგავდა, „ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები, გავტეხავ შუშას გავიპარები, შენ მე ვერ დამიჭერ! შენ მე ვერ დამიჭერ!“ ასე გაიქცა ყველაფრიდან, რუსეთიდან, დამარცხებულის ფსიქოლოგიიდან, პატარა ქვეყნის კომპლექსისგან, გაექცა ამ ყველაფერს ისე როგორც გაურბის მცველებს, და მიაღწია იმ წერტილს, საიდანაც ყველა ქართველის გახარება შეიძლება. და ამგვარ სირბილს სწავლობს ახალი თაობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ეს საფეხბურთო სასწაული თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი საქართველოს პროდუქტია.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ფენომენთან გვაქვს საქმე, ხვიჩამ გარანტირებული ბედნიერება მოიტანა. ყველა ადამიანი ვინც თვალს ადევნებდა მიმდინარე სეზონს, ყოველი კვირის დასაწყისში იცოდა, რომ კვირის ბოლოს რაღაც ძალიან გაუხარდებოდა, და მიუხედავად წინასწარი ცოდნისა, მაინც ძალიან უხაროდა. მხოლოდ სოციალურ კულტურას შეუძლია წინასწარი ბედნიერების განცდა შეგიქმნას, ისიც წელიწადში ერთხელ, სოციალური კულტურა გკარნახობს, რომ საათის ისარი რომ 12-ს ჩამოკრავს ყირაზე უნდა გადახვიდე, ალკოჰოლი მიიღო და რაღაც ხმაურიანი ისროლო.

ხვიჩას ეს გრძნობა ყოველ კვირას მოჰქონდა, და რაც უფრო მცირე ასაკის ადამიანი იყო ამის თანაზიარი, მით უფრო დიდი ზეგავლენის ქვეშ იქნება მისი ცნობიერება. ასე იბადება ახალი ტალღა, აბსოლუტურად განსხვავებული ცნობიერებით.

აქამდე დაგვიწერია რა გავლენა ჰქონდა სამოქალაქო ომს ჩვენს ფეხბურთზე, როგორ გახლიჩა ყველა სფეროში ხალხი, როგორ შეუძლებლად აქცია საერთო მინიმუმის პოვნა, ამის ირგვლივ გაერთიანება, ანალიზიც გაგვიკეთებია და დასკვნაც გამოგვიტანია.

თუმცა, არ დაგვცალდა აფხაზეთის ომის გავლენაზე რამდენიმე სტატიის მომზადება. ეს ომიც მას მერე დაიწყო, რაც წერტილი დაისვა. სცადეს ამ წერტილის წაშლა, მაგრამ ვერ წაშალეს, მყარი წერტილია. იმპერია ღალატად უთვლის ყველა პატარა სახელმწიფოს მისი საზღვრებიდან გასვლას, ღალატად თვლის, შურისგებით ივსება და მერე სისხლიც იღვრება.

აფხაზეთის ომის გავლენა კოლექტიური ტრავმის თვალსაზრისით წარუშლელია. ბევრს აღუნიშავს ჩვენს სპორტსმენებს წარმატების ეშინიათო, შეუმჩნევიათ, რომ რაც უფრო ახლოს მიდიოდნენ წარმატებასთან, მით უფრო იზრდებოდა შიში თუმცა, ვერ მიხვდნენ რატომ ხდება ეს, საიდან მოდის, სად იღებს სათავეს.

საქმე ის არის, რომ ჩვენ ორი ფაქტობრივი ცოდნა შევიძინეთ, – ზუსტად ვიცოდით, რომ გამოჩდნენ გმირები, და ზუტად ვიცოდით, რომ ჩვენი გმირები დამარცხდნენ.

ამ მარცხმა მკვდარი ღმერთების კულტად გვაქცია. დამარცხებული გმირების ქვეყანად. ამ დროს ბზარი გაუჩნდა თავად გამარჯვების განსაზღვრებას. თუ გაიმარჯვა იმ მხარემ, რომელშიც არც სამართლიანობისა და არც სამართლის ნასახიც არ არის, თუ გაიმარჯვა იმ მხარემ, რომელმაც გენოციდი მოგვიწყო და მხოლოდ იმპერიალისტური შურისგება ამოძრავებდა, თუ გამარჯვება არ მოიცავს თავის თავში ღირსებასა და სამართლიანობას, ან, სიკეთესა და სიყვარულს, რომელიც ორ მთავარ საწყისად არის მიჩნეული პლატონურ ფილოსოფიაში და ქრისტიანულ რელიგიაში, მაშინ, დაგვტოვეთ მარტო ჩვენივე მარცხთან, რადგან, ამ მარცხში უფრო დიდი ღირსებაა, ვიდრე თქვენს გამარჯვებაში. ჩვენივე მარცხში უფრო ტკბილად და კომფორტულად ვგრძნობთ თავს, რადგან აქვე ვართ, ჩვენ საყვარელ დამარცხებულ და მოკლულ გმირებთან.

საპირწონედ, გამარჯვებულის ხატი იქცა საძულველად. ამიტომ, გამარჯვებასთან მიახლება ყოველთვის უცნაურ გრძნობას იწვევდა, რომელსაც ახსნას ვერ უძებნიდნენ.

რა თქმა უნდა, ამის გადააზრება რთული იყო ჯერ კიდევ ახალშობილ სახელმწიფოში, ეს ახლა შეგვიძლია რაღაცებს ზემოდან შევხედოთ და გადავიაზროთ, დავინახოთ ისე, როგორც ხელის გულზე სიცოცხლის ნაოჭი.

ჩაიბეჭდა ძალიან ღრმად არაცნობიერში, და მოგეხსენებათ, არაცნობიერს ცნობიერთან საკომუნიკაციოდ მხოლოდ ორი პირდაპირი გზა აქვს – სიზმრები და სხეულის ენა. ჰოდა, როგორ ვლინდება სხეულის ენა საფეხბურთო, საჩოგბურთო თუ სხვა სპორტულ მოედნებზე, ყველას კარგად მოეხსენება.

ასე იყო ჩვენი მუდმივი თანმდევი დამარცხებულის ფსიქოლოგია. ახლა კი გათავისუფლების გზაზე ვართ. დრო და დრო, ახალი გმირები გაჩდნენ ქართულ მიწაზე, გამარჯვებული გმირები. გამარჯვებულის ხატი აღარ არის საძულველი, შესაბამისად, აღარც უხილავი ბარიერია ჩვენს შორის, აღარ არის შიშის თანმდევი, ახლა ეს ბარიერი დაძლეულია, ახალი საქართველოს გმირები კი გაუძღვებიან ახალ ტალღას, ახალ თაობას, გამარჯვებულ თაობას, რომელსაც არათუ სწამს რომ დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია, არათუ იცის ეს ყველაფერი,  არამედ სხვაგავრად ვერც კი წარმოუდგენია.

დამოუკიდებლობა არ არის ის სიხარული, რომელსაც სციალური კულტურა გახსენებს საზეიმოდ ყოველი წლის 26 მაისს. არც ყოველკვირეულ გარანტირებულ სიხარულს ჰგავს, დამოუკიდებლობა ჩვენი ყოველდღიურობაა, სადაც არ შეიძლება არსებობდეს არანაირი ბუნდოვანება.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ახალი გმირები, იმ სამყაროში, იმ კულტურაში აღმოცენდნენ, რომელსაც თავისთავად დაედო საფუძველი ზემოთ ნახსენები ბერძნული დემოკრატიით, ქრისტიანული კულტურითა და ძველი რომის სამართალით.

რა თქმა უნდა, არის რყევები, არის იდეოლოგიური კრიზისი და ახალი სამყაროს დაბადების ნიშნები, მაგრამ ის რისი თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია, არის ის, რომ ჩვენი გმირები შედგნენ ზუსტად ამ სამყაროში. იქ რეალიზდნენ, იქ იპოვეს თავი და ჩვენც განსაკუთრებით გავიხარეთ, რადგან დავიჯერეთ, რომ ამ ოჯახის ნაწილი ვართ და დამოუკიდებლად შეგვიძლია იქამდე მისვლა.

ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც ქართველი გამარჯვებულია. სადაც სიკეთისა და სიყვარულის თანაზიარი შეუძლია იყოს.

აქ ორჭოფობა არ მოსულა. ყველაფერი დღესავით ნათელია.