სარჩევი

  გაჭირდება ამ დღეზე წერა, გავიღვიძე და ზეიმის გარდა არაფერი მახსოვს. ვხარობდით სტადიონზე ქართული დროშის ქვეშ, ყველა როგორც ერთი. ამის მეტი მეხსიერებას ბევრი არაფერი შემორჩა, ეგ კი არა, თამაშიც ძლივს მახსოვს.

ემოცია რომ ჭარბობს ყოველთვის ასეა. მეც მუდმივად ვცდილობ რომ დავთრგუნო ეს ემოცია და რაც შეიძლება პრაგმატულად მივუდგე ყველაფერს, რადგან ეს პროფესია ასე გავალდებულებს, მაგრამ არის დღეები, როცა ეს უბრალოდ შეუძლებელია.

თუმცა, სასტვენის მერე ყველას მოეთხოვება საკუთარ ტყავში და გონში დაბრუნდეს. ყველას გარდა ქომაგისა, მხოლოდ მათ აქვთ უფლება წლის ბოლომდე იზეიმონ, ამიტომაც, ფეხბურთი პირველ რიგში, მათი სპორტია. უზენაესი ძალა ამ სპორტში გულშემატკივარია.

26 რიცხვი დაემთხვა და ცრურწმენების მოყვარულთათვის უკვე დიდი ხელჩასავლები იყო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ივნისია და არა მარტი. 26-ში ხომ ხორვატები დავამარცხეთ, 26-ში ხომ ბერძნებს მოვუგეთ ფინალი და ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ამის მერე ლევან კობიაშვილმა თქვა ახლა შეგიძლიათ დაბადების დღე 26 მარტს მომილოცოთო.

მოვიდა 26 ივნისი და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში გავიდა – უცხოური პრესა შოკშია. ჯერ წერდნენ ამ ჯგუფში შანსი არ ექნებათო, ახლა კი ყველა ქებად იღვრება. ინგლისელი ქომაგები, რა თქმა უნდა, თვითირონიულობით გამოირჩნენ – ქართველებმა ჩვენს დროშას ოთხი ჯვარი მიამატეს და ახლა ფეხბურთსაც უკეთ თამაშობენო.

ახლა ჩვენ ვართ ევროპის მთავარი ჯვაროსნები.

თამაშამდე კი თითქმის სამი საათი წმინდა ავგუსტინეს სახელობის ტაძარში გავატარე. გელზენკირხენში. ესეც ლევან კობიაშვილის ქალაქია. მართალია ლევან ყენიასაც უთამაშია შალკეში, მაგრამ კობიაშვილმა გაცილებით დიდი კვალი დატოვა. დაბრუნდა თავის ქალაქში მისთვის საყვარელ 26 რიცხვში და უბრალოდ არ არსებობს ამ ცრურწმენაზე არ ეფიქრა.

ვზივარ ტაძარში, ვტენი ტელეფონს, ვუღებ სურათს ქართველებს, გარეთ პორტუგალიელებიც მრავლად არიან, ტაძარი კი მხოლოდ ჩვენია. სანთლებს ანთებენ, გარეთ გადიან ლუდს სვამენ, მერე შემოდიან და ლოცულობენ, ღმერთს შესთხოვენ წარმატებას, ბიჭების დახმარებას, პორტუგალიელთა დამარცხებას. ღმერთისთვის ალბათ რა სასაცილოა ეს ყველაფერი, ნეტავ როგორ უყურებს ამ საკითხს ერთი მხარე რომ ითხოვს მეორეს დამარცხებას, მართლმადიდებელი ითხოვს კათოლიკეს დამარცხებას, თანაც, გერმანიაში!  

ვფიქრობ ჩემთვის ამ ჩახლართულ ამბავზე, ეგოისტურად სხვა თხოვნებსაც ვაპარებ სანთლებს, ჩვენები ხომ კარგი, მაგრამ სხვა რაღაცებშიც იქნებ დამეხმარო? რადგან აქ ვარ, რადგან შემოვდგი ფეხი, რამდენი ხანია არ მინახავხარ? რამდენი ხანია არ გვილაპარაკია? თუმცა, ყოველ დღეს მადლობით ვიწყებ და აჰა, მოგაკითხე შენს ერთ-ერთ სახლში მრავალთაგან, და ნეტავ რომელ სახლში უფრო გიყვარს ყოფნა, რომელ სახლში უფრო გიყვარს დასვენება. დასვენებით კი ისვენებ ვიცით, იმიტომ, რომ მეშვიდე დღეს დაისვენე. ახლა კი არ გასვენებთ იმიტომ, რომ პორტუგალია გვყავს ბეჭებზე დასაგდები.

ამ დროს კიდევ დაიწყო ქართული სიმღერა, საქართველოს ფორმაში გამოწყობილი მგალობელი ტაძრის ღრიჭოდან შემოფრენილი ჩიტივით იდგა ასე შუაგულში და გვახსენებდა რომ რაღაცები კარგად შეგვიძლია, არა ვართ მაინცდამაინც ცუდი ხალხი, ლამაზად ვმღერით, ღმერთსაც ხანდახან ლამაზად ვეხვეწებით ხოლმე, ფეხბურთსაც ლამაზად ვთამაშობთ და თუ ამ ყველაფერს ლამაზად ვაკეთებთ, ესე იგი, როგორც პიპინია ერისთავი იტყოდა, არა ვართ მაინცდამაინც მახინჯი ხალხი.

არ მინდოდა გადამეღო, თავისუფლება მსურდა ამ დროს, ვმჯდარიყავი და მესმინა მხოლოდ, არ მეფიქრა იმაზე კარგად მოხვდა თუ არა კადრში, კარგად ისმის თუ არა ხმა, მაგრამ გადამძალა იმაზე ფიქრმა, რომ საქართველოში გაახარებდა ხალხს ეს კადრები, კიდევ ერთხელ აგრძნობინებდა სიამაყეს და კიდევ უფრო მეტად დამუხტავდა, იქნებ ფეხბურთელებამდეც მიეღწია, იმათ კიდევ სულ ცოტა სჭირდებათ მოტივაციისთვის.

ამ თამაშზე კიდევ მოტივაცია არ მოკლებიათ, თამაშის დაწყებამდე მთელი სოციალური ქსელი მოიცვა პატარა დინამოელების ფოტოებმა, ბაზის გახსნის ცერემონიაზე კრიშტიანუ რონალდუს პირდაღებულები მისჩერებიან. წამოიზარდნენ, მის გზას გაჰყვნენ, ის დიდი კაცი ჯერ კიდევ თამაშობს. კვარაცხელიამ თქვა ძალიან დიდი მუხტი მივიღე როცა თამაშის წინ წარმატება მისურვაო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე დადგებოდა, რონალდუ მოვიდოდა და რამეს მეტყოდაო.

Kill your Idol – დიდი სპორტი ხომ ამით ცხოვრობს? ის ვისაც ბავშვობაში აღმერთებ, მოზარდობისას უნდა მოკლა. როგორც ბერძნული მითოსის ღმერთები კლავდნენ მამებს და სათავეს უდებდნენ ღვთაებრივი სამყაროს რენესანსს.

ამჯერად კრონოსმა ვერ შეჭამა შვილები. ამჯერად ზევსმა მოკლა კრონოსი.

იყო ერთი გენიალური კადრი, რომელიც დავიჭირე იმის ხარჯზე, რომ მოედნის ზუსტად ცენტრში ვიჯექი. ფოტოგრაფები კი ამ არეალში, როგორც წესი არ არიან, ამიტომ მეეჭვება ვინმეს ეს კადრი დაეფიქსირებინა.

მსაჯის სასტვენამდე ორივე შვიდიანი ხაზთან დგას, საუბრობენ, სასტვენის მერე კი ორივე ელვისებურად გარბის, ერთი ერთ მხარეს, მეორე მეორე მხარეს. ფოტო კი დაიჭერდა ამ წამს იდეალურად, ალბათ, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდოდა ეს კადრი, გოეთეც დაიჭერდა წამიერი შეყოვნებით.

მე კიდე ვერ გადავიღე იმიტომ, რომ ჩემს ტელეფონს ამდენი არ შეუძლია და არც ზემოდან გამოჩნდებოდა ისეთი, როგორიც ეკადრებოდა ამ სცენას.

მერე გახურდა თამაში და მე გავითიშე. ძალიან მალევე გავითიშე იმიტომ, რომ ხვიჩამ სწრაფადვე შეძლო ანგარიშის გახსნა, უკვე ჩვეული კონტრშეტევის შედეგად, მიქაუტაძის ძალიან კარგი პასი შეირგო და მარცხნიდან შეჭრილმა ნეიმარის სტილში დაასრულა.

ასე დაიწყო, მაგრად გაგრძელდა და ზღაპრულად დასრულდა.

ჩვენს ბიჭებზე უკვე მთელი მსოფლიო წერს და საუბრობს. კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ბოლოს გვითხრა რონალდუმ ფორმაც მომცაო და პატარა ბავშვივით ხარობდა. დრიბლინგებში საუკეთესოა, მიქაუტაძე ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მამარდაშვილი ჯერჯერობით საუკეთესო მეკარეა ჩემპიონატზე, ჩაკვეტაძე თურმე ართმევებშია ლიდერი, არადა, ათიანია ეს ბიჭი. ეს მართლა ძალიან მაგარი ბიჭი. კიტეიშვილმა ტრავმის მერე პირველად ითამაშა და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა, ვილი სანიოლის კომპლიმენტებიც, რომელსაც ათქმევინა აუცილებლად ტოპ ლიგაში უნდა თამაშობდესო. ქოჩორაშვილი მამაცი გულია, ბევრის აზრით მომავალი კაპიტანი, ამჟამინდელი კი ჩემი მოკრძალებული აზრით დამოუკიდებელი საქართელოს ისტორიაში საუკეთესო კაპიტანია. ასეთი კაპიტანი ნაკრებს ნამდვილად არ ჰყოლია, ამდენი ხანი, ასე სტაბილურად, ასე შემართებით ეთამაშოს.

კარგი მატჩი ჰქონდა იუბილარ კაკაბაძეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლოჩოშვილის ეპიზოდიც, რომელიც წაიქცა თუ არა ყველამ დარწმუნებით ვთქვით რომ ეს პენალტია, იმიტომ, რომ ამ კაცმა სიმულაცია არ იცის. და ასე შეუცდომლად იდგენენ გველესიანი და დვალი, კაშიას გვერდში.

აი, გუნდი.

ამას ველოდი, მოვესწარ!

იმ ხალხს კიდევ, რომელსაც დიდი ქართული ფეხბურთი აქვს ნანახი, ალბათ სულ სხვანაირად უხარია. მე და ჩემი ძმა კი მამაზე ვფიქრობთ, ვერ მოესწრო ამას, მაგრამ იქნებ სადმე დაქრის აქეთ-იქით მისი ცნობიერი, რომელსაც გაფანტულ კოსმოსში ჯერ კიდევ ახსოვს, რომ იცხოვრა ამ ქვეყნად როგორც ქართველმა და მაგრად უყვარდა ერთ დროს ფეხბურთი.

წინ კიოლნია. წინ ესპანეთია.