სარჩევი
ესპანეთი vs ინგლისი - ევროპის ჩემპიონატის ფინალი | Setanta Sports

ესპანეთი vs ინგლისი – ევროპის ჩემპიონობისთვის ნაკრებები ბერლინში იბრძოლებენ. მატჩი თბილისის დროით, 23:00 საათზე, ოლიმპიაშტადიონზე დაიწყება.

ესპანეთი თუ ინგლისი, არგენტინა თუ კოლუმბია – ეს ორი კითხვა დღეს მსოფლიოში ყველაზე აქტუალურია. პირველი წყვილი ევროპის, ხოლო მეორე სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო ტურნირის ტიტულის მფლობელს გაარკვევს.

სად ვუყურო ფინალს – ესპანეთი vs ინგლისი

საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. ფინალიც სწორედ პირველ არხზე იქნება.

ამავდროულად, შემიძლია, კიდევ ერთხელ გირჩიოთ ადგილი, თუ სად შეძლებთ საუკეთესოდ ფინალით ტკბობას.

ეს ეთნოგრაფიული მუზეუმია. ფინალი მუზეუმში – PUB44-ი და Setanta Sports-ი სპეციალურად სპორტის მაყურებელზე მორგებულ და გათვლილ გარემოს გპირდებათ.

კუს ტბის გზაზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მეგობრებთან ერთად, ესპანეთი vs ინგლისი მატჩისთვის თვალ-ყურის მიდევნებას შეძლებთ.

საკვები, სასმელი და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შექმნილი გარემო. მთელი ზაფხულის განმავლობაში PUB44-ი და Setanta Sports-ი სპორტის გულშემატკივრებს საუკეთესოდ მოწყობილ სივრცეს სთავაზობს.

ოქროს ბუცი გიორგი მიქაუტაძეს – რას ვგულშემატკივრობთ

გიორგი მიქაუტაძეს კვლავ აქვს შანსი გახდეს ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი. ამისთვის კი საჭიროა ფინალში ჰარი კეინმა და დანი ოლმომ გოლის გატანა ვერ შეძლონ.

ამ წუთისთვის თანაბარი 3-3 გოლი 6 ფეხბურთელს აქვს.

  • დანი ოლმო 3 გოლი 2 ასისტი – ესპანეთი
  • კოდი ხაკპო 3 გოლი 1 ასისტი – ნიდერლანდები
  • გიორგი მიქაუტაძე 3 გოლი 1 ასისტი – საქართველო
  • ჰარი კეინი 3 გოლი 0 ასისტი – ინგლისი
  • ჯამალ მუსიალა 3 გოლი 0 ასისტი – გერმანია
  • ივან შრანცი 3 გოლი 0 ასისტი – სლოვაკეთი

UEFA-ს ტურნირის დასკვნით მონაკვეთში წესი რომ არ შეეცვალა, დაითვლებოდა ვის რამდენი წუთი აქვს ნათამაშები, ვის რამდენი ასისტი აქვს შესრულებული და ვის რამდენი გოლი აქვს პენალტის გარეშე გატანილი.

ახლა კი ისტორიული შანსია, ევროპის ჩემპიონატის ოქროს ბუცი საქართველოსა და ევროპის კიდევ 5 ქვეყანაში წავიდეს.

იცოდი თუ არა რომ – ევროპის ჩემპიონატის ფინალი

EURO 2024-ი ესპანეთისთვის მე-5 ფინალური მატჩია. ამით ფურია როხამ იტალიასა და ბოროტების იმპერია სსრკ-ს გაასწრო. ორივე მათგანს ევროს ფინალი 4-4-ჯერ უთამაშია. ამ მხრივ, ესპანეთი მხოლოდ გერმანიას ჩამორჩება, რომელიც ფინალში 6-ჯერ ყოფილა.

კიდევ უფრო საინტერესოა ინგლისის გამორჩეული ფაქტი. სამი ლომი პირველი ისეთი ფინალისტია, რომელიც მატჩს მერვედფინალში, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში აგებდა.

ესპანეთი vs ინგლისი – მოკლე მიმოხილვა

თუკი ესპანეთი გაიმარჯვებს, ეს სარეკორდო, რიგით მე-4 ტიტული იქნება. ინგლისის შემთხვევაში კი სამი ლომი ევროპის პირველ, სადებიუტო ჩემპიონობას იზეიმებს.

ამ წუთისთვის ესპანეთი და გერმანია 3-3 გამარჯვებით პირველ-მეორე ადგილს იყოფენ. ინგლისი კი ეცდება ფინალში ზედიზედ მეორედ არ წააგოს. EURO 2020-ზე ინგლისი იტალიასთან პენალტებში დამარცხდა.

საინტერესოა, რომ ფინალამდე ორივე გუნდი ნახევარფინალში მარცხდებოდა. ესპანეთმა საფრანგეთს დაუქამბექა, ხოლო ინგლისმა – ნიდერლანდებს.

საინტერესოა, რომ პლეი ოფში ორივე ფინალისტმა ერთის გარდა ყველა მატჩში დააქამბექა. გამონაკლისი, მხოლოდ ესპანეთი – გერმანია იყო.

ესპანეთს ერთადერთი ფინალი აქვს წაგებული. ეს 1984 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ მოხდა.

აქვე, ესპანეთი ერთადერთი ნაკრებია, ვინც ტიტულის შენარჩუნება შეძლო. ეს 2008-2012 წლებში მოხდა.

ჯუდ ბელინგემი, დანი კარვახალი, ხოსელუ და ნაჩო იმ ფეხბურთელთა სიას შეუერთდებიან, ვისაც ერთსა და იმავე სეზონში ევროპის ჩემპიონატიც და ჩემპიონთა ლიგაც აქვთ მოგებული.

თუკი ინგლისი გაიმარჯვებს, სამი ლომი გახდება მე-11 ნაკრები, ვისაც ევროპის ჩემპიონობა თუნდაც ერთხელ მოუგია.

გარეთ საუთგეიტი მესამე მწვრთნელია ისტორიაში, ვისაც ევროს ორ ფინალამდე მიუღწევია. მანამდე ეს ჰელმუტ შიონმა და ბერტი ფოგტსმა მოახერხეს.

ფინალის სტადიონი ოლიმპიაშტადიონი – ვითომ, პანენკა?

ფინალს ოლიმპიაშტადიონი მასპინძლობს. ევროპის ჩემპიონატებზე ბერლინის ჰერტას სტადიონისთვის პირველი ფინალური მატჩია.

თუმცა, ამავე სტადიონზე გაიმართა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. საფრანგეთი – იტალია, ზიდანის გატანილი პანენკა ბუფონის კარში, მატერაცის პროვოკაცია, ზიდანის თავური მკერდში, წითელი და იტალიის ჩემპიონობა პენალტების სერიაში.

საინტერესოა, როგორც წესი, ასეთ დიდებულ ილეთებს სხვა ფეხბურთელებიც იმეორებენ ხოლმე, როგორც მინიმუმ ცდილობენ. ჰოდა, პენალტი თუ დაინიშნა, ან სერია იქნა, ერთ პანენკას როგორ არ ვნახავთ?!

ამავე სტადიონზე 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონამ იუვენტუსი დაამარცხა.

ესპანეთი vs ინგლისი – ურთიერთშეხვედრები

სულ გუნდებს 27 მატჩი უთამაშიათ. აქედან 10 ესპანეთმა მოიგო, 13 – ინგლისმა, ხოლო 4 ფრედ დამთავრდა. ბურთების ბალანსი ინგლისის სასარგებლოდ 45:32-ზეა.

ვინ არის მსაჯი

ფინალს ფრანგი ფრანსუა ლეტისიე იმსაჯებს. მინდვრის ასისტენტები ასევე ფრანგები სირილ მუნიე და მეჰდი რაჰმუნი იქნებიან. მეოთხე მსაჯი პოლონელი შიმონ მარჩინიაკი იქნება.

VAR-ის ოთახში მთავარი ჟერომ ბრიზარია. ასისტენტონბას კი ასევე ფრანგი ვილი დელაჟო და იტალიელი მასიმილიანო ირატი გაუწევენ. მსაჯებს ნიდერლანდელი ბიორნ კუიპერსი დააკვირდება, ხოლო UEFA-ს დელეგატი მაკედონიელი ფილიპ პოპოვსკი იქნება.