ჩემპიონები სახლში წავიდნენ. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რეგულარულ სეზონს, პლეიოფებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ლებრონი კონფერენციის ფინალშია.
ნიკოლა იოკიჩი ლეიკერსს დახვდება, აღმოსავლეთში კი ჯიმი ბატლერის მაიამი გავიდა ფინალში, ასევე, გუნდი, რომელმაც რეგულარული სეზონი ჩააგდო, ფინალში კი სიქსერსისა და ბოსტონის გამარჯვებულს დაელოდება.
Show Time!
სტრატეგია იგივეა, ლეიკერსმა გასვლით შეხვედრაში ძალები დაზოგა, შეიძლება ითქვას, რომ გოლდენ სტეიტს თამაში მისცა, სახლში კი სრული სიმძლავრით ითამაშა და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.
ლეიკერსი ლამაზად თამაშობს, საჭირო აგრესიაც აქვს და კლასი რომ არ აკლია ისედაც ფაქტია. ლებრონ ჯეიმსმა კი მომენტებში მეჯიქ ჯონსონი გაგვახსენა, შესაძლოა, სერიაში საუკეთესო შეხვედრაც ჩაატარა, თუმცა, ლეიკერსი ამ საპლეიოფო სერიაში მაინც გუნდური თამაშით გამოირჩა.
შეძლებდა თუ არა ასეთი გუნდური სულისკვეთების შენარჩუნებას რას უესტბრუკთან ერთად? დიდი ალბათობით, ვერა.
სწორი ნაბიჯები გადაიდგა, დევისი ჯანმრთელია, ლეიკერსი ფინალშია.
გოლდენ სტეიტს კი ახალი სისხლი სჭირდება. ასე მგონია, ამდენი გამარჯვების შემდეგ სტეფ კარისა და კლეი ტომპსონს აღარ აქვთ ის ცეცხლი რაც ადრე ჰქონდათ, კარგი სეზონი ჩაატარა ჯორდან პულმა, მაგრამ რაღაც სხვა არის კიდევ საჭირო.
ლეიკერსმა 122:101 მოიგო.
ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 30 ქულა, 9 მოხსნა, 9 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი შეასრულა, თანაც როგორ, 17 ქულას 20 მოხსნა მიამატა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი.
სტეფ კარის ანგარიშზე კი 32 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. სტეფმა 14-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
ლეიკერსი ფინალშია!
მაიამი vs ნიქსი
როგორც მოსალოდნელი იყო, ჯიმი ბატლერი საქმეს აღარ გადადებდა, ფინალს ხელიდან არ გაუშვებდა, ჯიმი ყველაფრისთვის მზად არის, ნიქსი უკან მოიტოვა და მეტოქე თავისთავად ძალიან ძლიერი ეყოლება.
გინდ ბოსტონი იყოს.. გინდ ფილადელფია.
თუ ფილადელფია გავა შემდეგ ეტაპზე, ყველაზე დიდი მოთხოვნა, ალბათ ჯოელისა და იოკიჩის სუპერ ფინალზე იქნება, თუ ბოსტონი გავა, მაშინ მთავარი კლასიკის მოლოდინი გაიზრდება – ლეიკერსი vs ბოსტონი.
მოკლედ, ჯიმისა და მაიამის ადგილი თითქოს არსად არ არის. თავად ჯიმი კი აშკარად სხვაგვარად ფიქრობს.
ბატლერის ანგარიშზე 24 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტია. ჯეილენ ბრანსონმა კი 41 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა. 10-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.