სამი ისეთი თამაში ვნახეთ სადაც მოთამაშემ 40 ქულა, ან მეტი დააგროვა. მილუოკ ბაქსმა კიდევ ერთი შეხვედრა წააგო, თანასის ატენტოკუნმპოს წვალების თანხლებით. მთავარი მატჩი კი ფინიქს სანსსა და საკრამენტო კინგსს შორის გაიმართა.
ასევე ითამაშა ორლანდომ, მაგრამ ბითაძეს მხოლოდ ორი წუთი დაუთმეს და სათქმელიც არაფერია.
ფინიქს სანსი vs საკრამენტო კინგსი
დასავლეთ კონფერენციაში გაავებული ბრძოლაა პლეიოფის ზონისთვის და უბრალოდ არ არსებობს რომ ერთი კარგი გუნდი მაინც არ დარჩეს მიღმა. მემფისის ჩაგდებულ სეზონს უკვე შევეგუეთ, მეტწილად ჯა მორანტის პრობლემების გამო. სან ანტონიოს და ვიქტორ ვემბანიამას ჯერ ძალიან დიდი დრო აქვთ იქამდე სანამ საპლეიოფო გუნდად იქცევიან, აი, ზედა ნაწილში უკვე სხვაგვარად არის საქმე – გოლდენ სტეიტი, ლეიკერსი, საკრამენტო, დალასი – ყველა ზონის მიღმაა და თუ ასე გაგრძელდა ფლეი ინი ნამდვილად არ ჩამორჩება ფლეიოფს.
სულ ცოტაც და ლიგა პაუზაზე გავა, მერე All Star-ს ვნახავთ და გადამწყვეტ ეტაპზეც შევაბიჯებთ.
ფინიქსისა და საკრამენტოს შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა, იყო მონაკვეთი როცა საკრამენტოს დიდი უპირატესობის მოპოვება შეეძლო, განსაკუთრებით მეორე მეოთხედში და გაიქცა კიდეც, მაგრამ მიწურულს კევინ დურანტმა და კომპანიამ მაინც შეძლეს ანგარიშის შემცირება, საბოლოოდ, საკრამენტომ მცირედი უპირატესობით მოიგო პირველი ნახევარი – 67:64.
მესამე მეოთხედის ბოლოს ანგარიში 94:92 იყო ფინიქსის სასარგებლოდ. როგორღაც მოახერხეს და დაწინაურდნენ. საკრამენტო გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, თითქოს უფრო სწრაფი და აგრესიული იყო, მაგრამ ფინიქსის მხარეს კლასი აღმოჩნდა ეს კი ასეთ შეხვედრებში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
ბოლო მეოთხედის დასრულებამდე ხუთი წუთთ ადრე ანგარიში ისევ თანაბარი იყო – 108:108. მთავარი ამბებიც ამის შემდეგ დაიწყო.
ბოლო მეოთხედში გადამწყვეტი სიტყვა დევინ ბუკერმა თქვა, საკმარისად ცივსისხლიანი აღმოჩნდა იმისათვის რომ ასეთი თამაში, მათ შორის, ნერვების თამაშიც გამარჯვებამდე მიეყვანა – 130:125.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მალიკ მონკის თამაში. დე’არონ ფოქსთან და საბონისთან ერთად საუკეთესო იყო და თუ ასე გააგრძელა საკრამენტოს პროგრესი გარდაუვალი იქნება.
- მონკის ანგარიშზე 22 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. FG – 9/16. თუმცა, უნდა ითქვას რომ სამქულიანებზე ბევრი სამუშაო აქვს, ხუთი ისროლა პერიმეტრიდან და ვერცერთი ვერ გამოიყენა.
- ეს მონკისგან იყო კარგი თამაში ცოტა მოულოდნელი, თორემ, დე’არონ ფოქსისგან არაფერია გასაკვირი – 40 წუთში 40 ქულა! 9 მოხსნა, 6 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა. 12-დან 5 სამქულიანი ზუსტად ისროლა, FG – 14/31.
- ბრწყინვალე იყო დომანტის საბონისიც, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა – 35 ქულა, 18 მოხსნა, 12 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი. FG – 14/22.
ფინიქსის მთავარი მოთამაშეების სტატისტიკა შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება:
- კევინ დურანტის ანგარიშზე 28 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა. FG – 11/17.
- დევინ ბუკერის ანგარიშზე 25 ქულა, 3 მოხსნა, 9 ასისტი და 3 ჩაჭრაა. FG – 7/17.
ამ შეხვედრის შემდეგ საკრამენტო (30/23) დასავლეთ კონფერენციის მერვე ადგილზე დაქვეითდა. ფინიქს სანსი (32/22) კი მეხუთე ადგილზეა და შედარებით მშვიდად გრძნობს თავს.
ფინიქსი პაუზამდე დეტროიტთან ითამაშებს, საკრამენტო კი დენვერს შეხვდება.
რეგულარული სეზონი
- ბრუკლინი ნეტსი vs ბოსტონ სელტიკსი – 110:118
ჯეისონ ტეიტუმმა 41 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა; - ორლანდო მეჯიქი vs ოკლაჰომა სიტი – 113:127
გილჯეს ალექსანდერმა 32 ქულა ჩააგდო, ჯეილენ უილიამსმა – 33; - მილუოკ ბაქსი vs მაიამი ჰიტი – 97:123
იანისის ანგარიშზე 23 ქულა და 11 მოხსნაა; - პორტლენდ ბლეიზერსი vs მინესოტა თიმბერვულვზი – 109:121
ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 41 ქულაა; - ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs დეტროიტ პისტონსი – 125:111
ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 25 ქულაა;