სარჩევი

ბოსტონ სელტიკსმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. მომდევნო მეტოქე ლოს ანჯელეს ლეიკერსი იქნება. ბოსტონი ამჯერად სახლში დამარცხდა ნიუ იორკ ნიქსთან.

ძირითადი დრო 110:110 დასრულდა, ოვერტაიმში კი ნიქსმა 10:7 მოიგო და საბოლოო ანგარიში 117:120 დააფიქსირა.

თამაშის დასრულებამდე 7 წამით ადრე ჯეილენ ბრაუნს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ საჯარიმო ვერ გამოიყენა და ჯულიუს რენდელმა უსაზღვროდ ბედნიერი სახე შესთავაზა, ეს კადრი უკვე მიმად იქცა ინტერნეტ სივრცეში.

ჯულიუს რენდელმა იფრინა! ალ ჰორფორდს თავზეც გადაატენა, 37 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.

ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 35 ქულა, 14 მოხსნა და 4 ასისტია.

რა თქმა უნდა, არ უთამაშია დერიკ როუზს, იყო საუბარი რომ შეიძლებოდა დალას მავერიქსშიც გვეხილა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

ბრუკლინი vs დეტროიტი

ისევ არ არის კევინ დურანტი, ისევ აგროვებს ქულებს კაირი ირვინგი და ისევ აგებს ბრუკლინ ნეტსი. 122:130 – ასე დასრულდა შეხვედრა დეტროიტთან.

სანამ კაირის მონაგარზე გადავიდოდეთ, კარგი იქნება თუ ბენ სიმონსით დავიწყებთ, რომელსაც აქებდნენ, გუნდში კარგად ჩაეწერა და ბრუკლინისთვის სარგებელი მოაქვსო.

სიმონსის ანგარიშზე 1 მოხსნა, 7 ასისტი და 0 ქულა იყო. 20 წუთში 0 ქულა.

კაირი ირვინგმა 38 წუთში 40 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. 12-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

კარიერის პიკი დააფიქსირა ნიკ კლაქსტონმა, – 27 ქულა, 13 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ბლოკი.

დეტროიტის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა შადიქ ბეიმ დააგროვა, – 25 ქულა, 9 მოხსნა და 3 ასისტი.

ფინიქსი vs დალასი

ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 1 მოხსნაა!

დალასმა ფინიქსი 99:95 დაამარცხა.

საქმე ის არის, რომ ლუკამ მხოლოდ სამი წუთი დაჰყო პარკეტზე, მარცხენა კოჭი დაიზიანა და თამაშში აღარ დაბრუნებულა. ჯერჯერობით უცნობია რამდენს გამოტოვებს და იქნება თუ არა All Star-ზე.

ლიდერობა თავის თავზე სპენსერ დინვიდიმ აიღო და ძალიან დიდი წვლილიც შეიტანა გამარჯვებაში, – 36 ქულა, 6 მოხსნა და 9 ასისტი.

ფინიქსის რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა 37 წლის კრის პოლმა, – 22 ქულა, 6 მოხსნა და 10 ასისტი მიითვალა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

შარლოტი – ჩიკაგო 111:96

ჰიუსტონი – კლივლენდი 95:113

კლიპერსი – სან ანტონიო 138:100