NBA-ში პლეიოფების მერე სერია გაიხსნა. ერთი მხრივ პროგნოზირებადი თამაშის, მეორე მხრივ კი დიდი დრამის თვითმხილველნი გავხდით, თუმცა, ყველაფერი ისევ წინ არის.
საკრამენტო vs გოლდენ სტეიტი
მეოთხე მეოთხედში 4 ქულა იყო სხვაობა, როცა ძირს გართხმულმა საბონისმა დრეიმონდ გრინს ფეხში წაავლო ხელი, რაც მეტად სახიფათო საქმეა, ჰოდა, გაცხადდა კიდეც ეს ხიფათი. გრინმა წიხლი ჩააზილა დომანტასს.
აბა, რა გასაკვირია?!
გრინს თამაში დაატოვებინეს, მაგრამ არ დაწყნარებულა, როგორც ხდება ხოლმე, ბევრი იყვირა, ბევრი იჩხუბა, მერე ფანებსაც საქმე ურჩია და კამერის მიღმა რა ხდებოდა ეგ ცალკე კინოა.
ეს მომენტი გადამწყვეტი გამოდგა. კიდევ ძალიან დიდხანს გაიხსენებენ ამ ამბავს და პლეიოფების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდადაც შევა ისტორიაში.
ფოქსმა და საბონისმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს და საკრამენტომ 114:106 მოიგო.
დე’არონ ფოქსის ანგარიშზე 24 ქულა, 5 მოხსნა, 9 ასისტი, 4 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 10-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
საბონისმაც ასევე 24 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა. FG – 8/12 ზე.
სტეფ კარის ანგარიშზე 28 ქულა, 3 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკია. სტეფმა 13-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
საკრამენტოს 2:0 მიჰყავს.
ფილადელფია vs ბრუკლინი
ამ წყვილში კი ოთხით ნულს ველით. თქვენი არ ვიცი, მე ნამდვილად ველი. ლოგიკურად დაიწყო, ფილადელფიას 2:0 მიჰყავს, წინ კი ბრუკლინში თამაშია. რა თქმა უნდა, შესწევთ ძალა, რომ ყველაფერი ბრუკლინშივე დაასრულონ.
ბრწყინვალე იყო ჯოელ ემბიდი, ორმაგ დუბლსაც ხომ გააჩნია, ემბიდმა 20 ქულას 19 მოხსნა მიაყოლა! 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი.
ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 8 ქულა, 5 მოხსნა, 7 ასისტი და 4 ჩაჭრაა. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. პირველი სუპერ მატჩის მერე, ჰარდენი ცოტა მოკრძალებული იყო.
სამაგიეროდ, ტაირის მაქსიმ აიღო 33 ქულა! 13-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.
წინ ბრუკლინური მატჩებია.