NBA-ის რეგულარული სეზონი დასკვნით ფაზაში შედის. ველით საპლეიოფო გუნდებს და სეზონის MVP-ის, რომლისთვისაც იოკიჩი და ემბიდი იბრძოლებენ.
მილუოკი vs ტორონტო
მილუოკი უძლიერესი შემადგენლობით გავიდა პარკეტზე და როგორც მოსალოდნელი იყო გამარჯვებით დაასრულა შეხვედრა. იანისი, მიდლტონი, ლოპესი, ჰოლიდეი, ალენი – ასეთი იყო სასტარტო ხუთეული.
მილუოკმა 118:111 მოიგო.
იანისმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 22 ქულა, 13 მოხსნა, 10 ასისტი და 2 ბლოკი. 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, FG – 9-9.
ტორონტოს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულეს პასკალ სიაკამმა და ფრედ ვანვლიტმა, – პასკალმა 13 ქულა, 12 მოხსნა, 7 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 5-დან მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო.
ვანვლიტმა კი 23 ქულა, 4 მოხსნა, 11 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ფრედმა 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ტორონტო კი მეცხრე ადგილზეა.
პორტლენდი vs კლიპერსი
კლიპერსმა 117:102 მოიგო. უნდა ითქვას, რომ რასელ უესტბრუკი ლოს ანჯელესის მეორე გუნდში უფრო მარტივად ადაპტირდა და იმ სიხშირითაც აღარ აშარჟებენ, როგორც ლეიკერსში.
რას სჭირს დასაცინი?! მშვენივრად თამაშობს.
პორტლენდთან უესტბრუკს ერთი ქულა დააკლდა სამმაგ დუბლამდე – 9 ქულა, 12 მოხსნა, 10 ასისტი რასელის ანგარიშზე. ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო.
კავაის ანგარიშზე 24 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრაა. კავაიმ 40 წუთი დაჰყო პარკეტზე და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
პოლ ჯორჯმა 29 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი, 4 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
აღსანიშნია ზუბაჩის ორმაგი დუბლი – 14 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა.
ასეთი იყო ლოს ანჯელესელების მონაგარი.
პორტლენდის რიგებში კი ლილარდთან ერთად ნურკიჩიც გამოირჩა – 23 ქულა, 11 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ბლოკია ნურკიჩის ანგარიშზე.
ხოლო, ლილარდმა 21 ქულა, 7 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. დიდად კმაყოფილი ვერ იქნებოდა, 8-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო.
დასავლეთ კონფერენციაში კლიპერსი მეხუთე ადგილზეა, პორტლენდი კი მეცამეტეა.
ანგარიშები
- სან ანტონიო – ატლანტა 126:118
- დეტროიტი – მაიამი 100:112
- ჰიუსტონი – პელიკანსი 107:117
- ლეიკერსი – ორლანდო 111:105